პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩემი სამადლობელი

დაბადების დღე მქონდა. 10 აპრილს. კედლის კალენდარში გადავაწყდი თავს. არც კი ვიცი, ასეთ კალენდრებს დღეს იყენებს თუ არა ვინმე. ადრე, იმ უცნაურ ოთხმოცდაათიანებში, ნავთისლამპიან ღამეებში, მამაჩემი ჩამოხსნიდა კედლიდან და ერთად ვკითხულობდით. განსაკუთრებით – უკანა გვერდებს. აბა, სხვა რა გასართობი გვქონდა – ეგ, ჭადრაკი და დომინო. და ალბათ ძნელად წარმოიდგენდა, რომ ერთხელაც 10 აპრილის ფურცლის უკანა გვერდზე მე ვიქნებოდი, მით უფრო – მასზე დაწერილი ტექსტით. ამიტომაც რაღაცნაირად გამიხარდა, იმ უამრავ, გადაჭარბებულ და დაუმსახურებელსიტყვებიან მილოცვას შორის, რომლებიც თქვენგან მივიღე. უკან გადამისროლა უკანმოუხედავად.

ჰოდა, ქება ყველას სიამოვნებს, ყალბად მანერული თავმდაბლობა იქნება ახლა ამის ართქმა. მაგრამ ერთიცაა – ცოტა ზედმეტი მგონია ჩემს ასაკში ადამიანისთვის ძეგლის კვარცხლბეკის შენება. არც საამისო გამიკეთებია რამე და არც სასარგებლო საქმე მგონია. მე მოძრაობის ადამიანი ვარ. ვაღიარებ – ამბიციური და დიდ საქმეებს შეჭიდებული. ეს ზოგს ალბათ აღიზიანებს, უფრო მეტს – პირიქით. მაგრამ მცირედი სურვილიც კი არასდროს მქონია, საკუთარ თავში ის პატარა ბიჭი დამეკარგა, მამასთან ერთად კალენდარს რომ ფურცლავდა და ოცნებობდა, ცოტა ხნით დენი მოსულიყო, რომ მეზობელთან „მარიო“ ეთამაშა. ასე უფრო მიადვილდება ცხოვრება და ამიტომ არც დაბლა დანარცხების მეშინია ძალიან, თუ ამას „დაბლა“ ჰქვია, და არც მაღლა ავარდნის, თუ ამას ჰქვია „მაღლა“. მთავარი, რაც ამ წლებმა მომცა – ცვლილების უნარია. ძველი, უვარგისი ტყავის გამოცვლის და ახლის მორგების. ის, რასაც გუშინ ვაკეთებდი თუნდაც შეცდომით, ცხადია, ნიშნავს ჩემს პასუხისმგებლობას, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა არ გულისხმობს იმას, რომ მე, შენ და ისინი არ ვიმსახურებდეთ განახლების შანსს. ბიბლიური ფერისცვალების მთავარი მისტერიაც ეს არის და ადამიანად ყოფნის უმთავრესი ნიშანიც.
სულ ვამბობ: ფრაზა „ყველას უყვარხარ“, რომელსაც ჩემი მისამართით ხშირად გაიგონებთ, ელვის სისწრაფით შეიძლება სხვა ზმნით ჩანაცვლდეს – თუნდაც ერთი უმნიშვნელო ან სულაც დაუდასტურებელი ფეხის წამოკვრის გამო. ჩვენი სამწუხარო ეროვნული სპორტიც ეს არის, ჯერაც მოურჩენელი დაავადება. მშვიდად ვერ, მაგრამ ამასაც ველოდები და დანამდვილებით ვიცი, ადრე თუ გვიან მოხდება. ამიტომაც ჩემი ვნება შედეგებს დიდად არ გულისხმობს, უფრო პროცესისაა. მე მართლა მიყვარს ეს ქვეყანა, ის სოფლები და ადამიანები, ყოველდღე რომ ვხედავ, და მინდა, უკეთესი გახდეს. ამას მეტი შრომა, თავისუფლება და სწავლა სჭირდება. ერთმანეთის გათვალისწინებით. არასდროს მოვალ კლასიკურ პოლიტიკაში, არ მგონია ჩემი საქმე და იმიტომ. აქედან, გვერდიდან უკეთ ვმუშაობ და მგონია, რომ რაღაც გამოვა იმ უამრავ საქმეთაგან, რომლებსაც მოვედე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი