პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ჭკვიანი ბავშვების აღზრდის საიდუმლო

ჯონათანმა სკოლაში სწავლა შესანიშნავად დაიწყო. საშინაო დავალებას დროულად და მარტივად ამზადებდა. ყოველთვის უკვირდა, თუ რატომ წვალობდნენ და წუწუნებდნენ თანაკლასელები. ჯონათანს მშობლები გამუდმებით უმეორებდნენ, რომ განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული. მეშვიდე კლასში რომ გადავიდა, ჩინებულმა მოსწავლემ მოულოდნელად სწავლის მიმართ ინტერესი დაკარგა. უარს ამბობდა მეცადინეობაზე და გამოცდების ჩაბარებაზე. სულ უფრო დაბალ ნიშნებს იღებდა. მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ შვილისთვის მოტივაცია დაებრუნებინათ და უმეორებდნენ, რომ ის შეუდარებლად ჭკვიანი იყო და ყველაფერი გამოუვიდოდა. თუმცა მათი ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ჯონათანისთვის სწავლა საბოლოოდ მოსაბეზრებელი და უმნიშვნელო გახდა. 

საზოგადოება ტალანტს აღმერთებს. ბევრი მიიჩნევს, წარმატების რეცეპტი სხვებისგან გამორჩეული ნიჭისა და გონებრივი შესაძლებლობების ფლობაა. ამ დროს კი, ოცდათხუთმეტწლიანი მეცნიერული დაკვირვებები მოწმობს, რომ გამუდმებული ხაზგასმა მის ნიჭსა და განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე, ადამიანს დაუცველობისა და ნაკლოვანების შეგრძნებას ანიჭებს, ახალი გამოწვევების შეჭიდების სურვილს უკლავს.  

ჯონათანისა და მისი თანატოლების მსგავსად, არასოდეს უნდა შევაფასოთ დაწყებითი კლასის მოსწავლე ვუნდერკინდად, არ უნდა ვაქოთ გამუდმებით მაღალი ნიშნების გამო. ამ შემთხვევაში, ბავშვები რწმუნდებიან, რომ ნიჭი თანდაყოლილია. ეს ფაქტორი ხშირად უბიძგებს მათ იფიქრონ, რომ კარგად სწავლა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის რომ, გამოიყურებოდნენ ჭკვიანებად, გამორჩეულებად. შედეგად, ეს ყველაფერი პატარებს აკარგვინებს მოტივაციას, თვითშეფასებასა და სწავლა მათთვის თანდათან უფრო რთულდება. 

ამ თემაზე მუშაობისას, უპირველესად ადამიანების მოტივაცია ვიკვლიე. მაინტერესებდა, როგორ ხდებოდნენ ადამიანები დაჟინებულები და მებრძოლები წარუმატებლობის შემთხვევაში. ფსიქოლოგი მარტინ სელიგმანი, რომელიც ცხოველებზე ატარებდა ექსპერიმენტებს, ასკვნიდა, რომ რამდენჯერმე განმეორებული მარცხის შემდეგ, ცხოველი პასიური ხდება და მაშინაც კი გულგრილი რჩება, როცა რამის შეცვლა შეუძლია. ამას მარტინმა შეჩვეული უიმედობა უწოდა. ცხოველების მსგავსად, ადამიანებიც სწავლობენ, ეჩვევიან უიმედობას, თუმცა წარუმატებლობის დროს ფარ-ხმალს ყველა არ ყრის. ძალიან მინდოდა გამეგო, რა იყო მიზეზი იმისა, რომ ზოგიერთი სტუდენტი, წარუმატებლობის შემთხვევაში გულს იცრუებდა, როცა სხვები, უფრო ნაკლებად ჭკვიანები, შეუპოვრად აგრძელებენ ბრძოლასა და სწავლას?! ძალიან მალე პასუხს მივაგენი – ამის მიზეზია, შეუქმნა ადამიანს კონკრეტული რწმენა, თუ რატომ გახდა მისი მცდელობა წარუმატებელი.  

ცუდი ნიშნების იმაზე გადაბრალება, რომ მოსწავლე უნიჭოა და მის გონებას არ შეუძლია კარგად სწავლა, საგრძნობლად უკარგავს მოსწავლეს მოტივაციას, ვიდრე ის მიზეზი, რომ მისი ცუდი ნიშნები სკოლაში მისი სიზარმაცის,  ძალისხმევის ნაკლებობის ბრალია.  1972 წელს დაწყებითი კლასის ხელმძღვანელობის დროს, ვხედავდი, რომ დაბალი შედეგების მქონე პატარები, რომლებსაც საყვედურობდნენ, რომ ზარმაცები იყვნენ და მცდელობას აკლებდნენ, დროდადრო უკეთეს შედეგს აღწევდნენ. უფრო იოლად ხსნიდნენ ამოცანებს მათემატიკაში და სხვა სირთულეებსაც იოლად ართმევდნენ თავს. ხოლო, იმ მოსწავლეებს, რომლებსაც მშობლები „წარმატებისათვის დაბადებულად” მიიჩნევდნენ, რამდენიმე წარუმატებლობის შემდეგ, უჭირდათ ფეხზე წამოდგომა და განვითარება. თუნდაც მათემატიკის გართულებული ამოცანების ამოხსნა; ასევე, სხვა პრობლემებთან გამკლავება. 

შემდგომი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე დაჟინებული მოსწავლეები წარუმატებლობას საკუთარ მარცხად არ მიიჩნევენ. ისინი შეცდომებს ჩვეულებრივ პრობლემებად აღიქვამენ და მათ გადაჭრას ცდილობენ.

კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე ჩამოყალიბებული მქონდა თეორია, თუ როგორები იყვნენ მოსწავლეები, როცა ისინი ნიჭსა და შესაძლებლობებს განიხილავდნენ. მე ისინი ორ ჯგუფად დავყავი – უიმედოები და განვითარებაზე ორიენტირებულები. მივხვდი, რომ ეს ორი განსხვავებული ტიპის მოსწავლეები არამხოლოდ სხვადასხვანაირად ხსნიდნენ თავიანთ წარუმატებლობას, არამედ ნიჭის თავისებური „თეორია” ჰქონდათ. 

უიმედოებს სჯეროდათ, რომ ადამიანს კონკრეტული რაოდენობის ნიჭი აქვს და სულ ესაა. ასეთ მოსწავლეებს შეცდომები თვითშეფასებას უკლავს, რადგან ისინი შეცდომებს უნიჭობას აბრალებენ. ეს განცდა მათ ცვლილებების წინაშე უძლურს ხდის, ისინი გაურბიან გამოწვევებს, რადგან გამოწვევებს ხშირად ახალი შეცდომები მოაქვს, რაც მათ კიდევ უფრო ნაკლებად ჭკვიანსა და ინტელექტუალურს აჩენს თანატოლებში. ეს ზუსტად ის მაგალითია, რაც ჯონათანს დაემართა. 

განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეები ფიქრობენ, რომ ბევრი შრომის შედეგად, ნიჭი შესაძლებელია განვითარდეს, ის ადამიანებს განსაზღვრული რაოდენობით არ გააჩნიათ. შესაბამისად, თუ გჯერა, რომ შენი ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესება შეგიძლია, შენ ამას შეძლებ. სწორედ, ამიტომ არ ნებდებიან და სწავლას განაგრძობენ განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეები.  

შენ შეგიძლია განავითარო შენი ტვინი – ესაა საუკეთესო მესიჯი, რომელსაც მშობელი შვილს გადასცემს. ასეთი მშობლებიც არსებობენ. ისინი შვილებს უხსნიან, რომ ტვინი კუნთია და ის უფრო ძლიერი ხდება მუშაობისას. ამ ინსტრუქციის შემდეგ, ბავშვებს სიამოვნებას ანიჭებთ თავიანთი „ტვინი-კუნთის” განვითარება. 

ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მშობლების 85% აუცილებლად მიიჩნევს შვილის გონიერებისა და ნიჭიერების შექებას, როცა ის წარმატებით გაართმევს თავს საშინაო დავალებას. კვლევა კი ამტკიცებს, რომ ნიჭიერების შექებით, მოსწავლეები გულგრილები ხდებიან. 

შექება შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო, თუ ის საჭირო დროს გამოითქმის. შექება აუცილებელია მაშინ, როცა ბავშვი იმაზე რთულ ამოცანას ამოხსნის, ვიდრე აქამდე ამოუხსნია. შექება შესაძლებელია იყოს ასეთი:

რა ლამაზი ნახატი დაგიხატავს. ძალიან მომწონს სახის ნაკვთები;

ნამდვილად კარგად იმუშავე საგამოცდოდ. რამდენჯერმე წაგიკითხავს დავალება და კარგად დაგიმახსოვრებია!

მე მომწონს სტრატეგია, რომელიც მათემატიკის სამეცადინოდ ამოირჩიე. შეხედე, უკვე ყველაზე რთული ამოცანა ამოხსენი!

ხშირად მშობლები და მასწავლებლები მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესს სახალისოდ აქცევენ. ეს საუკეთესო გამოსავალია იმისთვის, რომ ბავშვს სწავლა არ მობეზრდეს და არ დაიღალოს. ამ დროს მნიშვნელოვანია ფრაზები:

რთულია? – რას ამბობ, ძალიან სახალისოა;

ეს ძალიან მარტივია, მოსაბეზრებელი. მოდი სხვა რამე ვისწავლოთ, რაც უფრო გაგვახალისებს;

შეცდომები ისეთი საინტერესოა! 
წყარო: https://www.scientificamerican.com/article/the-secret-to-raising-smart-kids1/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი