პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„სიყვარული ბედნიერებაა, რომელსაც ერთმანეთს სჩუქნიან“

შოპენს მძიმე ხვედრი ერგო. ნამდვილი საბედისწერო დარტყმა მოცარტზე, ბეთჰოვენზე, შუმანზე გაცილებით ადრე, დაახლოებით 19 წლის ასაკში მიიღო. მუსიკოსის სისხლიანი ხველის მიზეზი ტუბერკულოზის მძიმე ფორმა აღმოჩნდა. ექიმების აზრით, შოპენს, დიდი–დიდი, ერთი წლის სიცოცხლე დარჩენოდა, მაგრამ, ყველას გასაკვირად, მან კიდევ ოცი წელი იცოცხლა. შესაძლოა, საიდუმლო შოპენის დანიშნულებაში იმალებოდა: ჟორჟ სანდის დაკვირვებით, კომპოზიტორი მხოლოდ მუსიკის წერის დროს არ ახველებდა… უცნაურია, მაგრამ ფაქტია – „შემოქმედებით ლაბორატორიაში არსებობა“ სრულიად აბათილებდა შოპენის სასიკვდილო დიაგნოზს. უცნაური იყო მისი ფიზიკური მონაცემებიც: 176 სმ სიმაღლისა, სულ 46-48 კილოგრამს იწონიდა. მის სხეულში მხოლოდ „სულის ადგილი თუ რჩებოდა“.

დრამატული კონტრასტებით აღსავსე პარიზულ ცხოვრებას დაუკავშირდა შოპენის შემოქმედებითი მოღვაწეობაც და ბედიც. 1836 წელს კომპოზიტორმა გაიცნო ქალი, რომელმაც სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება.

XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული სასიყვარულო ისტორია სწორედ ამ წყვილზე მოგვითხრობს – პოლონელ კომპოზიტორ ფრიდერიკ შოპენსა და ფრანგ მწერალ ჟორჟ სანდზე.

თავისი დროის მოწინავე ადამიანი, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი მწერალი ავრორა დიუპენი (ქორწინების შემდეგ – დიუდევანი), ლიტერატურული ფსევდონიმით „ჟორჟ სანდი“, ფემინიზმის პირველი მაუწყებელი გახლდათ. მან პირველმა აიმაღლა ხმა ქალების თანასწორუფლებიანობის დასაცავად.

მწერალი ცნობილი იყო „თავისუფალი“ ქცევით, უყვარდა საზოგადოების გაოცება მამაკაცის კოსტიუმითა და სიგარით. სიყვარულის ობიექტსაც ხშირად იცვლიდა. საზოგადოების ნაწილი ჟორჟ სანდს უსინდისო და გარყვნილ ქალად მიიჩნევდა, ნაწილი კი აღფრთოვანებული იყო მისი ნიჭით, ჭკუითა და სითამამით.

ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფრიდერიკ შოპენისა და ჟორჟ სანდის სასიყვარულო კავშირი ოდესმე შესაძლებელი იქნებოდა. ისინი რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან: ავადმყოფურად სუსტი, მოკრძალებული, ნაზი, მაგრამ რაინდული მანერების მქონე შოპენი და მამაკაცის სამოსში გამოწყობილი, კბილებში ჩიბუხგაჩრილი გაბედული ქალბატონი სანდი. მიუხედავად ამისა, მათი შეხვედრა შედგა. ორი გენიალური პიროვნების ათწლიანმა სასიყვარულო ურთიერთობამ კაცობრიობას საუკეთესო მუსიკალური (მაგიური) და ლიტერატურული (თამამი) მემკვიდრეობა დაუტოვა.

ჟორჟ სანდმა და ფრიდერიკ შოპენმა ერთმანეთი ფერენც ლისტთან, წვეულებაზე გაიცნეს. ახალგაზრდა კომპოზიტორი სტუმრებს ფორტეპიანოზე დაკვრით ართობდა. უნდა ითქვას, რომ მათი პირველი შეხვედრა ოდნავაც არ მოასწავებდა მრავალწლიან კავშირს – კომპოზიტორს მწერალი ძალიან არ მოეწონა. მაგრამ თამამი ქალბატონის ინიციატივამ მათ დაახლოებას ხელი შეუწყო. შოპენი გაიტაცა სანდის არა ფანტაზიებმა და მტანჯველმა, კეკლუცმა სასიყვარულო თამაშმა, არამედ გრძნობათა სითამამემ და ძალამ, რაც თანაცხოვრებისთვის ძლიერ საყრდენს აძლევდა.

ამრიგად, სანდთან პირველმა შეხვედრამ შოპენზე არასასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ბედი მათ კიდევ არაერთხელ შეახვედრებს ლიტერატურულ სალონებში. შოპენის დაძაბული და უარყოფითი დამოკიდებულება თანდათან ვნებაში გადაიზრდება. ახლო კონტაქტი ურთიერთსიმპათიას გამოიწვევს და, საიდუმლო შეხვედრების მიუხედავად, 1938 წელს ამ რომანის შესახებ მთელი პარიზი ალაპარაკდება. იმ დროისთვის ჟორჟ სანდს 33 წელი უსრულდებოდა და ერთი უიღბლო ქორწინება უკვე გამოვლილი ჰქონდა. ამასთან, ორი შვილის დედა შოპენზე ექვსი წლით უფროსი იყო.

ბედნიერი წყვილი ზამთარს პარიზში ატარებდა, ზაფხულს – სანდის მამულში. აქ იქმნებოდა მუსიკალური და ლიტერატურული შედევრები. ვარდების არომატსა და ჩიტების ჭიკჭიკთან ერთად შოპენის მუსიკალური აფეთქებები კაბინეტში მომუშავე ჟორჟ სანდის სულამდე აღწევდა.

ჟორჟ სანდთან კავშირი შოპენის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდია. კომპოზიტორის შემოქმედების მწვერვალად აღიარებული ყველა ნაწარმოები 1838-1847 წლებით თარიღდება. ეს შოპენის შემოქმედების მხატვრული სრულყოფის პერიოდია. ნუ დავივიწყებთ, რომ ჟორჟ სანდმა ის პარიზის ყველაზე შემოქმედებით და მოაზროვნე ადამიანებთან დააკავშირა. გარდა ამისა, შოპენმა თანამედროვე სამყაროს იდეები სწორედ სანდისა და მისი გარემოცვის გავლენით შეიმეცნა. ამ პერიოდში შექმნილი ნაწარმოებების მნიშვნელობა და სერიოზულობა შოპენის დიდ ინტელექტუალურ და სულიერ ზრდაზე მიანიშნებს.

შოპენის ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა. ჟორჟ სანდი ცხრა წლის განმავლობაში თავგანწირვით უვლიდა ჭირვეულ საყვარელს, მაგრამ მომვლელი ქალის მოვალეობები ხელს არ უწყობდა მათ მხურვალე გრძნობებს.

სანდისა და შოპენის ურთიერთობა მუდამ საზოგადოების მსჯელობის საგანი იყო. ერთნი მიიჩნევდნენ, რომ სანდი კლავდა შოპენს, მეორენი კი კომპოზიტორს „ბოროტ გენიას“ და ჟორჟ სანდის „ჯვარს“ უწოდებდნენ. თავად მწერალი დაუღალავად ცდილობდა უგონოდ შეყვარებული კომპოზიტორის დახმარებას.

მშფოთვარე ურთიერთობა, სამწუხაროდ, ბედნიერად არ დასრულებულა. ჟორჟ სანდის ვაჟიშვილსა და შოპენს შორის უსიამოვნებამ ცეცხლზე ნავთი დაასხა (სანდის შვილები დედის გატაცებას უარყოფითად აფასებდნენ) და მათი სასიყვარულო კავშირი საბოლოო რღვევამდე მიიყვანა. მწერალსა და კომპოზიტორს შორის მიმოწერა თანდათან შეწყდა.

უნდა ითქვას, რომ სანდისა და შოპენის ურთიერთობა არასდროს ყოფილა მარტივი.

ჟორჟ სანდთან დაშორებამ და პროგრესირებადი ტუბერკულოზით გამოწვეულმა ფიზიკურმა სისუსტემ შოპენის შემოქმედებით მოღვაწეობას მძიმე დაღი დაასვა. უკანასკნელი წლები კომპოზიტორის ცხოვრებაში ყველაზე მწუხარე და უსიცოცხლო იყო. ეჭვგარეშეა, ურთიერთობის გაწყვეტამ ძალზე დააჩქარა მისი გარდაცვალება.

შოპენს უკანაკნელი სიხარული მოუტანა დის ჩამოსვლამ, რომელიც მასთან უკანასკნელ წუთებამდე დარჩა. 1849 წლის 16–17 ოქტომბრის ღამეს ფრიდერიკ შოპენი გარდაიცვალა. დიდი პოლონელი კომპოზიტორისა და ვირტუოზი პიანისტის თხოვნით, მისი გული სამშობლოში დაბრუნდა და დღემდე ვარშავის წმ. ჯვრის ეკლესიაში ინახება.

შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ შოპენს სანდის მიმართ გრძნობები გაუნელდა, რომ არა მისი უკანასკნელი ფრაზა: „ის შემპირდა, რომ სულს მის მკლავებში დავლევდი“. შოპენის გარდაცვალების შემდეგ ფრიდერიკის უბის წიგნაკში ჟორჟ სანდის კულული იპოვეს. ცხადია, შოპენი უკანასკნელ წუთამდე აღმერთებდა ქალს. ის იყო მისი გადია, კომპანიონი, მუზა და სიყვარული.

სანდმა შოპენის გარდაცვალების შემდეგ კიდევ 27 წელი იცოცხლა. კითხვაზე, დაავიწყდა თუ არა შოპენი, გიპასუხებდათ: „ცხოვრება ღრმა ჭრილობაა, რომელიც არასდროს ხორცდება“.

 

„ბახის „კარგად ტემპერირებული კლავირის“ მსგავსად, შოპენის ეტიუდები, პრელუდიები, ბალადები და სონატები ყოველი პიანისტისთვის სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს“.

 

ხანმოკლე (39 წელი) სიცოცხლის მიუხედავად, შოპენმა ბევრი რამ მოასწრო: განავითარა რომანტიზმის ესთეტიკაზე დაფუძნებული პრელუდია, შექმნა საფორტეპიანო ბალადა; მაზურკას, პოლონეზსა და ვალსს პოეტურობა და დრამატიზმი შესძინა, ხოლო სკერცო დამოუკიდებელ ნაწარმოებად აქცია, გაამდიდრა ჰარმონია და საფორტეპიანო ფაქტურა.

პრელუდიის ჟანრისადმი შოპენის ინტერესი იმპროვიზაციის შესაძლებლობამ, თვითგამოხატვის თავისუფალმა ფორმამ განაპირობა. შოპენის პრელუდიებში ვხვდებით არა მხოლოდ სხვადასხვა ჟანრის ნიშნებს, არამედ მათ შეხამებასაც. იმ დროისთვის შოპენის პრელუდიები ჟანრთა ერთგვარ ენციკლოპედიას წარმოადგენდა. სინამდვილეში მან შექმნა პრელუდიების ციკლი, რომელიც აღიქმება როგორც დღიური. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ შოპენი ნაწარმოებებს პროგრამულ დასახელებებს არ აძლევდა. მათში ასახული ფიქრები, განცდები და მოვლენები ერთადერთ იმედს იძლევა – თავად გავიკვლიოთ გზა კომპოზიტორის იმდროინდელ ვნებათა ღელვაში.
პრელუდია, რომლის შესახებაც მსურს გესაუბროთ, წყვილის ლეგენდებით მოცულ მოგზაურობასთან არის დაკავშირებული. მითქმა-მოთქმა სათავეს იღებს შოპენის წერილებიდან და ჟორჟ სანდის მოგონებებიდან „ჩემი ცხოვრების ისტორია“.

ვინაიდან ტუბერკულოზით დაავადებულ შოპენს პარიზის ჰაერი არ უხდებოდა, ახალშექმნილმა „ოჯახმა“ (სანდი, მისი ორი შვილი და შოპენი) ბინა მცხუნვარე მაიორკაზე დაიდო.

მოგონებებიდან ვიგებთ, რომ, მოსახლეობის გასაკვირად, მზიან კუნძულს მოულოდნელად წვიმები დაატყდა თავს. გამოჯანსაღების იმედად მყოფ შოპენს ნესტის გამო დაავადება გაურთულდა. ერთ-ერთ ცივ დღეს მან გასეირნებას შინ დარჩენა და მუსიცირება ამჯობინა. როდესაც სანდი შვილებთან ერთად დაბრუნდა, ჰალუცინაციებით შეპყრობილი შოპენი ფორტეპიანოსთან გულწასული დახვდა. გონზე მოსული კომპოზიტორი თურმე განწირული ხმით ყვიროდა: „ცოცხლები ხართ?! მეგონა, ტბაში დაიხრჩეთ! ცოცხლები ხართ!“ მოგვიანებით გაირკვა, რომ შეუძლოდ მყოფი კომპოზიტორი რე ბემოლ მაჟორულ პრელუდიას წერდა.

შეიძლება ითქვას, რომ პრელუდია №15 („წვიმის წვეთები“) შოპენის შინაგან მდგომარეობას მთელი სიზუსტით აღწერს. ის სამი ნაწილისგან შედგება. პრელუდიების ციკლიდან Des-dur ერთადერთია, რომელიც აგებულია კონტრასტული სახეების განვითარებაზე, განაპირა ნაწილებში ნათელი ლირიკული მელოდიით და შუა ნაწილის პირქუში, მოქუფრული განწყობით. სწორედ კონტრასტულ შუა ნაწილში იცვლება თემა, ფაქტურა, ტონალობა და დინამიკა.

I ნაწილი ნოკტიურნია, ჩაფიქრებული, მომხიბლავი მელოდიით, რომელშიც ჩაქსოვილია ლუწი რიტმული დაყოფა იმპროვიზაციული სეპტოლებით. მაჟორს ერთხანს მელანქოლიური მინორი ენაცვლება. წვიმის წვეთების მშვიდი კაკუნი სასიამოვნო ოცნებებს აღძრავს, თუმცა პირველი ნაწილი მაინც მწუხარედ სრულდება.

II ნაწილი სიცარიელის შთაბეჭდილებას ქმნის. მელოდია თითქოს ქრება. ბანში „ნაფლეთ-ნაფლეთ ნისლიანი“ ინტერვალური ხმოვანება „ცურავს“ და სივრცეს პიანისიმოდან ფორტისიმომდე ნაბიჯ-ნაბიჯ ფეთქებით ავსებს.

როგორც სასიამოვნო მოულოდნელობა, III ნაწილში სინათლის სხივივით იჭრება I ნაწილის მელოდია. რეპრიზა უკიდურესად შემცირებულია: გაელვებულმა სიხარულმა თითქოს „ნისლის ბორკილები“ გაარღვია და ყველაფერი განიმუხტა, მიჩუმდა.

ფრიდერიკ შოპენის ნაწარმოებები დღემდე რჩება მსოფლიოში ცნობილი პიანისტების რეპერტუარში – არა მხოლოდ განსაკუთრებული ვირტუოზულობის, არამედ პოეტური სილამაზის, გამომსახველობითი ხერხების სიმდიდრის, დახვეწილობის გამოც.

ფრანგი პიანისტისა და პედაგოგ მარგერიტ ლონგის რეკომენდაციით, შოპენის შესრულება მხოლოდ შემდეგი პუნქტების გათვალისწინებით არის შესაძლებელი: 1. აგოგიკურ ნიუანსთა ბუნებრიობა; 2. აქცენტების სამეტყველო ლოგიკა; 3. ყველა ფრაზა უნდა მღეროდეს; 4. ტემპის თავშეკავებულობა გამომსახველობითი ორნამენტიკით ნაკარნახევი; 5. დაკვრის სიმსუბუქე, გამოხატული ძალდაუტანებელი, თავისუფალი პიანისტური აპარატით.

შოპენის რჩევა, რომლითაც მასწავლებლები დღემდე ხელმძღვანელობენ: იმისთვის, რომ საკრავზე ბგერა ლამაზად გაჟღერდეს, საჭიროა შესრულებამდე ფრაზის გამღერება. თურმე შოპენი ერთსა და იმავე ბგერას ოცი განსხვავებული ჟღერადობით უკრავდა, იმდენად ვირტუოზულად შეეძლო ენერგიის, ტონალობისა და ბგერის სიძლიერის ცვლა. სწორედ ამის ჩვენებისკენ ისწრაფვის მსოფლიოს ყოველი გამოჩენილი პიანისტი.

გთავაზობთ ფრიდერიკ შოპენის ცხოვრების შესახებ გადაღებულ ფილმს „სიყვარულის სურვილი“:

https://w1.zona.plus/movies/shopen-zhelanie-lyubvi

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი