შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პრობლემის მოგვარება მიზეზების გარკვევით უნდა დავიწყოთ

ცნობილი ფაქტია, რომ პრობლემის მოგვარება აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზების გარკვევით უნდა დავიწყოთ და ამ მიზეზების დაძლევაზე  ვიმუშაოთ. ჩვენს რეალობაში კი პრობლემის მოგვარებას შედეგებთან ბრძოლით ვიწყებთ. ასეთი ქმედება, პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მის „მიძინებას” იწვევს და გარკვეული დროის შემდეგ ის ისევ შემაწუხებელი ხდება ჩვენთვის. ასე მაგ. სასკოლო წესებისათვის მიუღებელ ბავშვის ქცევას ხშირად ვებრძვით იმით, რომ ვუბარებთ მშობელს, ვსაყვედურობთ, ვკიცხავთ, ვუტარებთ საუბრებს და ა.შ. თუმცა ჩვენი ასეთი ქმედებები, არცთუ იშვიათად, მხოლოდ დროებითი ეფექტის მომტანი ხდება ხოლმე, თუ არ იქნება წინასწარ გარკვეული ბავშვის ამგვარი ქცევის მიზეზები. საკმაოდ ხშირად, ჩვენთვის მიუღებელი ქცევა მოზარდისთვის თანატოლთა შორის თვითდამკვიდრების კარგი საშუალებაა. ამიტომ, თუ ასეთ შემთხვევაში, ჩვენ პრობლემის მოგვარება გვინდა, ჯგუფში საკუთარი ადგილის პოვნაში უნდა დავეხმაროთ ბავშვს. პრაქტიკა ადასტურებს, რომ გაცილებით უფრო ადვილია პრობლემის თავიდან აცილება, ვიდრე უკვე არსებული პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა. ამასთან ერთად, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სკოლის პერიოდში მოზარდთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზები არცთუ ისე იშვიათად ბავშვის განვითარების ადრეულ  პერიოდს უკავშირდება, ალბათ მიზანშეწონილი იქნება სკოლამდელი ასაკის ბავშვის იმ თავისებურებების მოკლე მიმოხილვა, რომლებიც შეიძლება სასკოლო პერიოდში პრობლემების გამომწვევ მიზეზთა რიგში მოხვდეს. ეს, რასაკვირველია, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ განვითარების კონკრეტულ ეტაპზე, ბავშვთან ურთიერთობაში,  ამ პერიოდისთვის მნიშვნელოვანი ასაკობრივი თავისებურებები არ იქნება გათვალისწინებული. გარკვეული ხნის წინ ერთმა შეწუხებულმა მშობელმა მოგვმართა. მისი წუხილის მიზეზი იყო მისივე შვილი, მე-10 კლასელი ნიკა, რომელიც, როგორც მშობელი აცხადებდა, ზედმეტად დამოკიდებული იყო ოჯახის უფროს წევრებზე. „დილით ჩაის, რომ გავუმზადებთ და ფინჯანში შაქარს ჩავუყრით, თუ ჩვენ არ მოვურიეთ, შეიძლება უშაქრო ჩაი დალიოს. ჩვენ უნდა შევახსენოთ სად არის წასასვლელი, რა აქვს გასაკეთებელი და ა.შ. უჩვენოდ ის ნამდვილად დაიღუპება”, – შეშფოთებას  ვერ მალავდა ნიკას დედა. ჩვენ შევეცადეთ გვეპოვა მოზარდის ამგვარი ქცევის მიზეზები განვითარების განვლილი პერიოდების გაანალიზების გზით. ცნობილია, რომ ბავშვის განვითარება სწორხაზობრივად არ მიმდინარეობს. ამ პროცესში გვხვდება პერიოდები, როცა ბავშვთან ურთიერთობა საკმაოდ რთულდება, მისი ქცევა ერთგვარად უმართავიც კი ხდება, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის აღმზრდელებს. პირველ სერიოზულ  სირთულეებს უფროსები 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან ურთიერთობაში ხვდებიან. შემთხვევითი არ არის, რომ განვითარების ეს მონაკვეთი პირველი კრიტიკული პერიოდის სახელით არის ცნობილი. რა თქმა უნდა, ამ პერიოდის საზღვრები ასე მკაცრად დადგენილი არ არის და ის შეიძლება 3 წლამდეც დაიწყოს. დაწყების ერთ-ერთი პირველი სიმპტომი ხშირ შემთხვევაში ბავშვის მეტყველებაში პირის ნაცვალსახელის „მე”-ს აქტიური მოხმარება ხდება ხოლმე. გარკვეულ პერიოდამდე გარშემომყოფებთან ურთიერთობაში ბავშვი საკუთარ თავს მესამე პირში მოიხსენებს – მაგ. „გიორგის შია”, „გიორგის თამაში უნდა”, „გიორგის ეძინება” და ასე შემდეგ. ასეთი წინადადებების წარმოთქმის დროს ის საკუთარ თავზე საუბრობს. თუმცა მალე დგება მომენტი, როცა ბავშვი თითქმის ყოველი წინადადების წარმოთქმის დროს იყენებს ნაცვალსახელს „მე”-ს – „მე თვითონ”, „მე ასე მინდა”, „მე ამის ჩაცმა მინდა”, „მე ეს არ მინდა” და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აძლევენ იმის გაკეთების უფლებას, რაც სურს, ის იწყებს ჭირვეულობას, ჯიუტობას და ამ გზით თავისი სიტყვის გატანას. ალბათ ყველა გავმხდარვართ ისეთი სცენის მოწმე, როდესაც ბავშვი ჭირვეულობს, ტირის, ეწინააღმდეგება დედას და არ მიჰყვება სახლში, თუ არ უყიდის იმას, რაც მას სურს. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი დედა ხშირ შემთხვევაში უძლური ხდება. ასეთ სიტუაციაში ის ან ჩხუბს იწყებს გაჯიუტებულ ბავშვთან, ან დაყვება მის ნებას და ყველა სურვილს უსრულებს. უმრავლეს შემთხვევაში არც პირველი და არც მეორე მცდელობა სასურველი შედეგის მიღწევის საშუალებას არ იძლევა. ალბათ ნებისმიერი მშობლისთვის საინტერესოა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბავშვი დაჟინებით და ჯიუტად მოითხოვს ჩვენთვის მიუღებელი რამის გაკეთებას. რასაკვირველია, ბავშვის სწორად აღზრდისთვის მზამზარეული რეცეპტების მოძიება ძალიან ძნელია. თუმცა, ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში არსებობს ზოგადი კანონზომიერებები, რომელთა გათვალისწინება ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარებოდა:

·უპირველეს ყოვლისა, ვეცადოთ ვიყოთ თანამიმდევრული. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ რასაც ვუკრძალავთ და რაზეც ვსაყვედურობთ, მიუღებელია ყოველთვის და ყველგან და არა მხოლოდ ამ წუთას და ამ სიტუაციაში. ერთ ოჯახში 3 წლის ბიჭუნას „ცუდი” სიტყვების წარმოთქმას ასწავლიდნენ და ოჯახის ყველა წევრი ძალიან ხალისობდა, როცა პატარა თავისი ჯერ კიდევ დაუხვეწავი მეტყველებით აღნიშნულ სიტყვებს სასაცილოდ იმეორებდა. მაგრამ, როცა იგივე სიტყვების წარმოთქმა ბავშვმა ტრანსპორტში, უცხო ადამიანების თანდასწრებით დაიწყო, დედა, რომელიც თან ახლდა ბავშვს, ძალიან შეწუხდა და ცდილობდა პირზე ხელის აფარებით გაეჩერებინა პატარა. ბავშვი კი ჯიუტად დედის ხელს იცილებდა და აგრძელებდა იმ სიტყვების ხმამაღლა წარმოთქმას, რომელიც დედას უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა. ძნელია 3 წლის ბავშვს აუხსნა რატომ შეშფოთდა დედა მის ასეთ ქმედებაზე ახლა, მაშინ როცა ოჯახის ყველა წევრი და მათ შორის დედაც სხვა დროს და სხვა სიტუაციაში მის ასეთ ქმედებას ყოველთვის სიცილით ხვდებოდა;

·ყველაზე მარტივი ქმედება, რასაც შეიძლება მიმართოს უფროსმა გაჯიუტებულ ბავშვთან ურთიერთობისას, არის მისი ყურადღების სხვა მიმართულებით გადართვა. თუმცა, საკმაოდ ბევრ ბავშვთან ამის გაკეთება არც ისე ადვილია;

·გაჯიუტებულ ბავშვთან ურთიერთობისას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ხმის ტონს, მიმიკას, ჟესტიკულაციას, ვიდრე ნათქვამის შინაარსს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბავშვებს ვერბალურთან შედარებით, არავერბალური კომუნიკაციის უნარი ბევრად უკეთესად აქვთ განვითარებული. თუ ბავშვს რაიმეს ვუკრძალავთ, სახეზე კი სასოწარკვეთილება და შიში  გვაქვს გამოხატული და ამასთან ხმაშიც მერყეობა იგრძნობა, გაჯიუტებული პატარა ჩვენს ასეთ მდგომარეობას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და მიაღწევს იმას, რისი გაკეთებაც სურს;

·აუცილებელია, რომ ოჯახის წევრები ბავშვთან ურთიერთობაში შეთანხმებულად მოქმედებდნენ, მაშინაც კი, თუ მათ განსხვავებული აზრი აქვთ ბავშვის აღზრდის ამა თუ იმ საკითხზე. არ არის სასურველი მათ პატარის თანდასწრებით გამართონ დისკუსია აღზრდის ამა თუ იმ სტრატეგიის ვარგისიანობის შესახებ. თუ ოჯახის რომელიმე უფროსი წევრი არ ეთანხმება მეორეს ბავშვის მიმართ გატარებული ღონისძიების  სამართლიანობასა და ვარგისიანობაში, უმჯობესი იქნება ცოტა ხნით განერიდოს სიტუაციას და მხოლოდ ერთი ერთზე საუბრისას აუხსნას და დაუმტკიცოს თავისი პოზიცია ბავშვის „უსამართლოდ დამჩაგვრელს”. ერთი პატარა გოგონა, რომელსაც დედა გარკვეულ აკრძალვას უწესებდა, უკმაყოფილო ტონით და მკაცრი გამომეტყველებით „დაემუქრა”  მას: „მოვიდეს ჯერ მამიკო! ვუთხრა, რომ ამის გაკეთების უფლებას არ მაძლევ!” მას დიდი იმედი ჰქონდა, რომ მამიკო დედიკოს გაუწყრებოდა, ეტყოდა რატომ მიჩაგრავ ბავშვსო და ისიც თავისას მიაღწევდა, რაც არა ერთხელ მომხდარა;

      დაბოლოს, ჯიუტობა არც ისეთი სახიფათო და საგანგაშოა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. პირიქით, ჯიუტობა ადრეულ ასაკში შესაძლებელია მომავალში ძლიერი, პრინციპული და დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბების ხელშემწყობი გახდეს. ამდენად კარგი იქნება, თუ გარკვეულ საზღვრებში ჯიუტობას გასაქანს მივცემთ. თუ ბავშვის სასიცოცხლო ინტერესებს ზიანს არ აყენებს ის, რის გაკეთებასაც პატარა დაჟინებით მოითხოვს, მივცეთ საშუალება თავისი გაიტანოს. მაგ. ხშირია შემთხვევა, როცა სიტყვებით „მე თვითონ”, ბავშვი ხელიდან სტაცებს კოვზს დედას და ცდილობს  დამოუკიდებლად ჭამოს, ან დამოუკიდებლად ჩაიცვას ფეხსაცმელი, ტანსაცმელი. უფროსს ურჩევნია თვითონ აჭამოს, თვითონ  ჩააცვას პატარას, რადგან ხედავს, რომ ეს მოქმედებები მას კარგად არ გამოსდის, პირის მაგივრად ცხვირთან, თვალთან, ყურთან მიაქვს კოვზი და ითხუპნება; მარჯვენა ფეხსაცმელს მარცხენა ფეხზე იცვამს ან – პირიქით. ასევე უჭირს ტანსაცმლის სწორად ჩაცმა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი მოძრაობები, ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ჯერ ისეთი დახვეწილი და კოორდინირებული არ არის, როგორც მოზრდილი ადამიანის. მაგრამ, თუ ჩვენ ადრეულ ასაკში, როცა უკვე საფუძველი ეყრება პიროვნების ჩამოყალიბებას, ყველანაირად ჩავახშობთ ბავშვში დამოუკიდებლად მოქმედების სურვილს, მოზრდილობაში მივიღებთ ინფანტილურ, უინციატივო, უპრინციპო, მუდმივად სხვებზე დამოკიდებულ პიროვნებას, დაახლოებით ისეთს, როგორიც ზემოთ მოხსენიებული ნიკაა, რომლის დედაც დღეს ასეთი შეწუხებულია მოზარდის პასიურობით, უინციატივობით, სხვებზე ზედმეტად დამოკიდებულებით, მაშინ როცა, ადრეულ ასაკში, როგორც თვითონ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ბავშვის დამოუკიდებლად მოქმედების მცდელობას გასაქანს არ აძლევდა და ყველანაირად ახშობდა მის ჯიუტ გამოვლინებებს. სასურველია, რომ არ დავაგვიანოთ და ბავშვის განვითარების ყოველ ასაკობრივ საფეხურზე დროულად ვიმუშაოთ იმ უნარების განვითარებაზე, რომელთაც სწორედ ამ ეტაპზე აქვთ კარგი „ნიადაგი”  მომზადებული. დაგვიანებული მცდელობები ძალიან ხშირად სასურველ შედეგს არ იძლევა. უკვე ჩამოყალიბებულის შეცვლა, კორექცია ბევრად უფრო რთული პროცესია, ვიდრე სწორად ჩამოყალიბება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი