„მეფე-ირემი“: ცხოვრება სხვის სხეულში

„მეფე-ირემი“ მე-18 საუკუნის იტალიელი დრამატურგის, კარლო გოცის ის ზღაპარი-პიესაა, რომლის დადგმისას მრავალ მოწადინებულ რეჟისორს მოეცარა ხელი. სად აღარ დგამენ, რა თანამედროვე საშუალებას აღარ მიმართავენ დაუვიწყარი სანახაობის შესაქმნელად, მაგრამ კრიტიკოსები ყველაზე ხშირად მაინც იმას წერენ, ზედმეტად მორალისტური, გარეგნულ ეფექტებზე გათვლილი, იაფფასიანი ხუმრობებით სავსე გამოვიდა, მოზარდებით სავსე დარბაზს კი კინაღამ ჩამოეძინაო. ცხადია, სახელდახელოდ, რამდენიმე სიტყვით გადმოვეცი ის შეფასებები, რომლების წაკითხვამ დიდი დრო წამართვა. ჰო, არ დავიზარე და „მეფე-ირემის“ დადგმის ისტორიას გადავხედე. შთამბეჭდავი თეატრები, შთამბეჭდავი დეკორაციები და კოსტიუმები, ქორეოგრაფია… ბოლოს კი მაინც ერთგვარი უკმაყოფილების განცდა: ის არასდროს გამოდის, რაც უნდა გამოსულიყო.

ამ გადმოსახედიდან, ერთგვარ გამბედაობად შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ მარჯანიშვილის თეატრმა სწორედ კარლო გოცის ამ ზღაპარ-პიესაზე შეაჩერა არჩევანი. სპექტაკლის პრემიერა, სულ ცოტა ხნის წინ, 23 მარტს გაიმართა. ცხადია, კარგი ამბავია, როდესაც თეატრი რეპერტუარის შედგენისას მოზარდებისთვის განსაზღვრულ წარმოდგენებსაც ითვალისწინებს. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ „მეფე-ირემი“ დიდების ზღაპარიცაა; ან პირიქით: ჯერ დიდებისაა და მერე – მოზარდების. ასეა თუ ისე, 3 აპრილს, როცა მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლის სანახავად მივედი, უამრავი ახმაურებული ბავშვი და ჩვეულებრივი ალიაქოთი დამხვდა: სელფები,  სარკეებთან ტრიალი, ჯგუფური ფოტოების გადაღება, სკოლის ამბების გარჩევა, მასწავლებლების ბოლო გაფრთხილებები…

– ამ სპექტაკლზე სულ ეს ამბავი იქნება, ბავშვები, ბავშვები… – გადაულაპარაკა შუა ხნის ერთმა მაყურებელმა მეორეს.

თავად „მეფე-ირემზე“ რისი თქმა შეიძლება? თუ ხელოვნებას ასწავლით და „კომედია დელ არტეზე“ საუბრის დაწყებას აპირებთ, მაშინ შესანიშნავი საშუალება გეძლევათ, წარმოდგენა შეუქმნათ მოსწავლეებს ნიღბების თეატრსა და მის ზოგიერთ პერსონაჟზე; გააცნოთ პანტალონე, ტარტალია, ბრიგელა, სმერალდინა… დეკორაციის სისადავე, კოსტიუმების ფერადოვნება უდავოდ მოგხიბლავთ. ზღაპარს შესწევს იმის ძალა, რომ მაყურებელს ორიოდე წუთით მაინც დაავიწყოს საკუთარი თავი, საზღვრები გააუქმოს, დრო-სივრცე სრულ პირობითობად აქციოს, თვალსაჩინო გახადოს ის, რაც ყველაზე მთავარია…

მოგეწონებათ პაატა ინაური დერამოს როლში. დერამო ის მეფეა, რომლის სულიც ირმის სხეულში უნდა ჩასახლდეს. მან გრძელი გზა უნდა გაიაროს საკუთარ თავთან, ცოლთან, სამეფოსთან დაბრუნებამდე.

კიდევ ერთი რამ, რაც უნდა აღინიშნოს: საბედნიეროდ, სპექტაკლი თავისუფალია მორალისტური შეგონებებისგან, არ ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ მთავარი სულია და არა – სხეული. სხეულის შესაძლებლობების კვლევისთვის, სხვადასხვა ცოცხალ არსებად ქცევის გამოცდილებითვის – ამ უპირობო უპირატესობისთვის ალბათ უფრო მეტი ყურადღების დათმობაც შეიძლებოდა, მაგრამ ამ ჯერზე ისიც კარგია, რომ სცენიდან გაკვეთილს არ გვიტარებენ.

ახლა კი იმის თაობაზე, რითაც ჰგავს მარჯანიშვილის თეატრის ეს სპექტაკლი ზემოთ ნახსენებ იმ წარმოდგენებს, კრიტიკოსები რომ მაღალ შეფასებას არ აძლევენ: ზედმეტად ბევრია ისეთი ხუმრობა, იუმორისტულ ტელეშოუებს რომ მოუხდებოდა; ერთგვარი იაფფასიანი სვლები, განსაკუთრებით წარმოდგენის დასაწყისსა და დასასრულს; გაუმართლებელი მცდელობები სცენასა და დარბაზს შორის ზღვარის წასაშლელად. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ უკანასკნელმა ტენდენციამ მეტ-ნაკლებად საინტერესო ზოგიერთ სხვა სპეტაკლსაც დაუკარგა სახე – ერთგვარ თვითმიზნად იქცა, იმთავითვე განწირულ ჩანაფიქრად.

ეპოქებს შორის შორის ხილული ძაფების გაბმა ამჯერად არ გამოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ ამის აუცილებლობა არც იყო.

და მაინც, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მოზარდები გულიანად იცინოდნენ. წარმოდგენის მიმართ ინტერესი ბოლო წუთებამდე არ განელებულა, არც სიუჟეტური ხაზი გამხდარა იმდენად ბუნდოვანი, რომ ვინმეს აზრის გამოტანა გასძნელებოდა (არადა, საფრთხე ნამდვილად იყო: „მოიცა, ახლა ვისი სულია ამ სხეულში?“, „რომელიმე სული უსხეულოდ ხომ არ დარჩა?“, „ტარტალიას სხეულს თუ დაკრძალავენ, სულს როგორღა უნდა გაუსწორდნენ?“, „მეფე უნდა მოკვდეს იმისთვის, რომ იცოცხლოს?“…)

და ბოლოს, რჩევები მშობლებისა და მასწავლებლებისთვის:

ნუ წაიყვანთ 7-8 წლის ბავშვებს ამ სპექტაკლზე. მართალია, „მეფე-ირემი“ ზღაპარია, მაგრამ არა უმცროსკლასელთათვის დაწერილი და დადგმული. მოსწყინდებათ, დაიღლებიან – წარმოდგენა ორსაათნახევარს გრძელდება.

თეატრში წასვლამდე ესაუბრეთ ბავშვებს – ცოტა უფროსებს – „კომედია დელ არტეს“ პრინციპებზე, პერსონაჟებზე… ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად საჭირო ინფორმაციის მოძებნას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება. განწყობა, მოლოდინი, მერე – წარმოსახულისა და სცენაზე ნანახის შედარება… ასე უფრო დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი გახდება ის, რაც სხვა შემთხვევაში შესაძლოა უკვალოდ გამქრალიყო, ან მხოლოდღა ცარიელ ნიღბებად შემორჩენოდა მეხსიერებას.

 

 

 

 

კომენტარები

comments