სწავლა-სწავლება დღეს – შებრუნებული საკლასო ოთახი

წინამდებარე სტატიით შევეცდები დავასაბუთო შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელისა და ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურობა. განვსაზღვრო მისი მნიშვნელოვანი როლი სასკოლო განათლების მიზნების განხორციელებაში. ამგვარი მოდელით სწავლება, პირველ რიგში, მოსწავლეების ჩართულობის ზრდასა და სწავლისადმი ინტერესის გაღრმავებაზე აისახება. ერთი გაკვეთილის მაგალითზე განვიხილავ, როგორ უწყობს ხელს აღნიშნული მოდელის გამოყენება სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებას, რა შედეგების მიღწევაა შესაძლებელი, როგორ უზრუნველყოფს მეთოდების კომბინირება მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენასა და განვითარებას, როგორია მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა.

 

საკვანძო სიტყვები: მეთოდი, ტექნოლოგია, შებრუნებული საკლასო ოთახი.

ისმის შეკითხვა: როგორი იქნება სწავლება მომავალში?

დღევანდელი მსოფლიო ვითარდება და გამუდმებით იცვლება. დღეს სამუშაოების დიდ ნაწილს კომპიუტერები ასრულებენ, კომპიუტერებს ადამიანები მართავენ. იმისთვის, რომ საქმე გააკეთონ აღარაა საჭირო ზეპირი ანგარიში, ლამაზი კალიგრაფია, თუმცა აუცილებელია გააზრებული კითხვის უნარის ფლობა.

,,არ ვიცით, როგორი იქნება მომავლის სამსახური, თუმცა ვიცით, რომ საიდანაც გვინდა იქიდან შევძლებთ მუშაობას, როგორც გვინდა და რა ფორმითაც გვინდა. როგორ უწყობს დღევანდელი სკოლა ხელს ასეთი სამყაროსთვის მზადებას? – წახალისება გადამწყვეტი ელემენტია. უნდა შევხედოთ სწავლას, როგორც საგანმანათლებლო თვითორგანიზაციის პროდუქტს. ჩემი მიზანია შევქმნა ისეთი თვითორგანიზებული სწავლების გარემო, რომელიც ძირითადად შედგება ინტერნეტის, კოლაბორაციისა და წახალისების შერწყმით”. (სუგატა მიტრა – ,,ააშენე სკოლა ღრუბლებში).

ცვლილებები თანამედროვე სასკოლო ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად ხდება. სიახლის მიმართ დადებითი განწყობა ცვლილების უკეთესად გათავისებისა და პრაქტიკაში დანერგვის საშუალებას იძლევა. მიზნის მისაღწევად მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს მრავალფეროვანი მეთოდები, რესურსები და აქტივობები. ერთ-ერთი ასეთი მოდელია შებრუნებული საკლასო ოთახი.

ისმის შეკითხვა: რა განსხვავებაა ტრადიციულსა და შებრუნებულ საკლასო ოთახს შორის, რა შედეგებს გვაძლევს შებრუნებული საკლასო ოთახის დანერგვა?

როგორც ვიცით ტრადიციული საკლასო ოთახები თითქმის ყველგან ერთნაირად გამოიყურება. ყველა მოსწავლე ერთსა და იმავე დროში ზუსტად ერთსა და იმავე ინფორმაციას იღებს. ზოგი მოსწავლე ყველაფერს იგებს და აკეთებს, ზოგი კი ამას ვერ ახერხებს, უჭირს საშინაო დავალების შესრულება. მასწავლებელი აცნობიერებს, რომ ყველა მოსწავლეს განსხვავებული მიდგომა სჭირდება, ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა ,,შებრუნებული საკლასო ოთახია’’, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება. მოსწავლეები სხდებიან სახლში და უყურებენ იმ ვიდეოგაკვეთილს, რაც მათ მასწავლებელმა დავალებად მისცა. ზოგი მოსწავლე ჩვეული ტემპით მუშაობს, ზოგი დაინტერესებულია, ვინაიდან მას შეუძლია გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიები, წინ გადაახვიოს ვიდეომასალა, მისთვის ადვილი საკითხები გამოტოვოს და საინტერესო საკითხებზე გადავიდეს, ზოგი კი აღარაა სასოწარკვეთილი, ვინაიდან ახლა მას შეუძლია გადაახვიოს მასალა უკან და განმეორებით უყუროს იმას, რაც მისთვის ბუნდოვანი იყო. მოსწავლეებს შეუძლიათ დახმარებისთვის მიმართონ თანაკლასელებს ონლაინში ისეთი ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, როგორიცაა ,,ედმოდო’’. [2]

შ.ს.ო-ის შემთხვევაში საკლასო გარემოც განსხვავებულია ისევე, როგორც საშინაო დავალების მომზადების პროცესი. მასწავლებელი მთელი გაკვეთილის განმავლობაში მერხებს შორის დადის და ამოწმებს მოსწავლეები თანამშრომლობენ თუ არა ერთმანეთთან. ზოგ მოსწავლეს შედარებით რთულ დავალებას აძლევს კლასში შესასრულებლად, ზოგს ეხმარება იმ საკითხების უკეთესად გაგებაში, რაც მისთვის ბუნდოვანი იყო ან ვერ გაიგო.

შ.ს.ო-ის შემთხვევაში მოსწავლე თავად იღებს ცოდნას, მასწავლებელი ეხმარება მას ცოდნასთან წვდომაში. ხდება ტექნოლოგიების მიზანმიმართული გამოყენება ისე, რომ მოსწავლე და მასწავლებელი მაქსიმალურად იყენებენ თავიანთ დროსა და ძალისხმევას. ამგვარი სწავლებისას მოსწავლეები სახლში აკეთებენ იმ სამუშაოებს, რასაც ტრადიციულის შემთხვევაში კლასში ასრულებენ, ხოლო კლასში აკეთებენ იმ დავალებებს, რასაც ჩვეულებრივ სახლში აკეთებდნენ. შებრუნებული საკლასო ოთახის შემთხვევაში სახლში ეცნობიან ახალ მასალას, ხოლო კლასში ახდენენ მის გამტკიცებას მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით.

გთავაზობთ გაკვეთილს, რომელიც ჩატარდა შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელის შესაბამისად და რომელიც მრავალმხრივი უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

გაკვეთილის თემა: ცოცხალი ორგანიზმების მოძრაობა

საგანი ბუნებისმეტყველება

კლასი: მესამე

მიზანი:

ახალი ცოდნის სიღრმისეულად გააზრება-განმტკიცება, ინფორმაციისგან ზოგადის, მონაცემთა კლასიფიკაციის, დაკვირვების, აღწერის, დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. ისეთი უნარ-ჩვევებისა და პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, როგორიცაა: თანამშრომლობა, კომუნიკაცია, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, წიგნიერება, მედიაწიგნიერება, ციფრული წიგნიერება, რაოდენობრივი წიგნიერება.

შედეგები

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ცოცხალი ორგანიზმების გადაადგილების თავისებურებებზე საუბარი, ორგანიზმებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების გაცნობიერება, ცხოველების გადაადგილების საშუალებების მსგავსება-განსხვავების დადგენა, მოძრაობის საშუალებებზე დაკვირვება, აღწერა, ცხოველთა დაჯგუფება მოძრაობის სახეების მიხედვით, ნამუშევრის წარდგენა, დასკვნების გამოტანა, შეფასება და შეჯამება.

გაკვეთილის მსვლელობა

წინა დღით მოსწავლეებს ბუკებში კლასის მართვის პროგრამის ფაილის გადაგზავნის რეჟიმით ვაწოდებ ჩემ მიერ პროგრამა ,,movie maker”-ში შექმნილ დამხმარე რესურსს ვიდეოგაკვეთილს ,,ორგანიზმების მოძრაობა” და კორნელის გრაფას (https://www.youtube.com/watch?v=yKIMEQJgA-k&feature=share). ვაძლევ მითითებას, რომ ყურადღებით გაეცნონ გადაგზავნილ ფაილს, მითითებული ინსტრუქციების შესაბამისად შეავსონ ცხრილები. შესრულებული სამუშაო მოიტანონ შემდეგ გაკვეთილზე და ერთმანეთს გაუზიარონ.

კორნელის მეთოდი ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, საკითხის უკეთესად დამახსოვრებას, ამარტივებს მონაცემების დახარისხებასა და დამუშავებას. მოსწავლეებს უვითარდებათ დავალებაზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, წერითი მეტყველების კულტურა.

მოსწავლეებს გაკვეთილის გამოწვევისა და წვდომის ფაზები სახლში აქვთ გასავლელი. ვიდეოგაკვეთილი მოსწავლეს დახმარებას გაუწევს თავად შეიმეცნოს ახალი მასალა სახლში მუშაობის პროცესში. მას საშუალება ეძლევა ვიდეოს მოუსმინოს იმდენჯერ რამდენიც საჭიროა მისთვის ინფორმაციის გასაგებად, გასაანალიზებლად და სამუშაოს სწორად შესასრულებლად. მომდევნო გაკვეთილზე რეფლექსიის ფაზა გრძელდება საკლასო ოთახში ერთ გაკვეთილზე წარმოდგენილი აქტივობების საშუალებით.

აქტივობა-1

ვიდეოგაკვეთილის განხილვა ჯგუფებში – დავალება მთელი კლასისთვის

მოსწავლეები ჯგუფებში აკეთებენ დასკვნებს და პასუხობენ კითხვებს:

რა არის ცოცხალი ორგანიზმი?

როგორ მოძრაობენ ისინი?

როგორი ფეხები აქვთ მორბენალ ცხოველებს?

რის საშუალებით გადაადგილდებიან თევზები? ფრინველები?

აქტივობა 2 – მუშაობენ მოსწავლის რვეულში

რომელი ცხოველი სხეულის რა ნაწილით გადაადგილდება?

მოცემული ორგანიზმების ფოტოები და გადაადგილების საშუალებების წარწერები. მათ მოცემული ფოტოები შესაბამის წარწერებს უნდა დაუკავშირონ.

აქტივობა 3 – ვორდის სავარჯიშო

ეძლევათ დავალება: გადაადგილებისას რა სახის მოძრაობების შესრულება შეუძლიათ ფოტოზე გამოსახულ ცხოველებს? მათ უნდა ამოიცნონ ცხოველის სახელი და დაბეჭდონ შესაბამის სვეტში.

 

აქტივობა 4 – ნაკლული ტექსტის შევსება

ვურიგებ ტექსტს. გამოტოვებული სიტყვებით მათ უნდა გაიხსენონ ეს სიტყვები და ჩაწერონ შესაბამის ადგილას.

 

აქტივობა 5 – გამოიცანი გამოცანა

დაფაზე ვაკრავ ფორმატის ფურცელზე დაწერილ გამოცანას, რომელზეც ცხოველია აღწერილი. მათ უნდა გამოიცნონ, რომელი ცხოველია აღწერილი, დაწერონ ცხოველის სახელი ბარათზე და ბარათის აწევით დააფიქსირონ სწორი პასუხი.

აქტივობა 6- გამოცანის შებრუნებული სავარჯიშო

დაფაზე ვაკრავ ფორმატის ფურცელს ცხოველის სახელწოდებით. მოსწავლეებს ვურიგებ ფურცლებს, მათ მოკლედ უნდა აღწერონ მოცემული ცხოველი.

აქტივობა 7 – ჯგუფური მუშაობა

ელ.პრეზენტაციის გაკეთება საპრეზენტაციო პროგრამა ,,power point’’-ში. კლასი გააიყოფა სამ ჯგუფად. ჯგუფების დავალებაა გააკეთონ 5-6 სლაიდიანი პრეზენტაცია თემაზე ,,როგორ მოძრაობენ ცოცხალი ორგანიზმები”. ყველა მოსწავლეს წინასწარ აქვს გადაგზავნილი საქაღალდე ცხოველების ფოტოსურათებით. მათ უნდა დააჯგუფონ ისინი სლაიდებზე მოძრაობის ტიპების მიხედვით. თითოეული ჯგუფის პრეზენტაციის დათვალიერება მოხდება კლასის მართვის პროგრამაში მოსწავლის ეკრანის ჩვენების საშუალებით.

აქტივობა- 8 – ელ.ტესტირება ბუკებში – გთავაზობთ ტესტის ნიმუშს

1.როგორი ფეხები აქვთ მორბენალ ცხოველებს?

ა) მოკლე. ბ) ძლიერი. გ) სუსტი.

2.სხეულის რა ნაწილები ეხმარება თევზს ცურვაში?

ა) ფრთა. ბ) ფარფლი. გ)ფეხი.

3.რამდენ ფეხს იყენებს კალია ხტომის დროს?

ა)სამი. ბ)ოთხი. გ)ორი4.

მოხტუნავე სხეულებს უკანა კიდურები უფრო კარგად აქვთ განვითარებული ვიდრე წინა

ა)ჭეშმარიტი ბ)მცდარი

5რა ეხმარება გველს ხოხვაში?

აქტივობა 9 – საშინაო დავალება

ბუკის ვებკამერის გამოყენებით გადაიღონ, როგორ მოძრაობენ შინაური ცხოველები და ფრინველები.

შეფასება

მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას დაკვირვების საფუძველზე.

·როგორ შეავსეს კორნელის ჩანაწერების გრაფა და როგორ იმსჯელეს ვიდეოგაკვეთილის საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის შესახებ;

·როგორ იპოვეს დაკარგული სიტყვები (ემთხვევა თუ არა კონტექსტს);

·როგორ იმუშავეს ვორდის სავარჯიშოს შესრულებაზე;

·რამდენად ორიგინალური იყო პრეზენტაცია;

·როგორ იმუშავეს ელტესტებზე;

·რამდენად გაითვალისწინეს დროის ლიმიტი.

ამრიგად: ახლებური მიდგომების დანერგვა, პირველ რიგში, აისახება მოსწავლეების აქტიურობის ზრდასა და სწავლისადმი ინტერესის გაღრმავებაზე. მეთოდების კომბინირება უზრუნველყოფს მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენასა და განვითარებას. შებრუნებული სწავლებისას მოსწავლეები თვითონ სწავლობენ მასალას ვიდეოგაკვეთილების დახმარებით. სწავლების პროცესი კლასშია გადატანილი. ასეთი სწავლებისას მოსწავლე ბუნებრივი ტემპით სწავლობს, იზრდება მოსწავლეებს შორის ინტერაქცია, ისინი უფრო მეტად ეხმარებიან ერთმანეთს. იზრდება მშობელთა ჩართულობა, მათ საშუალება ეძლევათ უყურონ ვიდეოგაკვეთილებს და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ შვილებს. მაღალია, როგორც მოსწავლის ასევე მასწავლებლის მოტივაცია. მასწავლებელს აქვს დრო იმისათვის, რომ ყურადღება მიაქციოს მთლიან კლასს და დაინახოს თითოეული მოსწავლის ჩართულობა და სამუშაოს შესრულების ხარისხი.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.ეროვნული სასწავლო გეგმა (2011- 20016)

2.ტრენინგმოდულის ,,შებრუნებული საკლასო ოთახი” მასალები – მარიკა ჩიტაძე

3.Sugata mitra-https://www.youtube.com/watch?v=y3jYVe1RGaU

4.ვიდეოგაკვეთილი ,,ცოცხალი ორგანიზმების მოძრაობა”https://www.youtube.com/watch?v=yKIMEQJgA-k&feature=share

5.ინტერაქტიული გაკვეთილის ელემენტები(I-II 2006 )

 

ლელა გოგინაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

 

კომენტარები

comments