სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

თამაში და ინსცენირება სასწავლო პრაქტიკაში

განათლების მეცნიერებაში აღიარებულია, რომ ნამდვილი ცოდნა მხოლოდ აქტიური სწავლებით მიიღება, როცა იგი არა მარტო დამახსოვრებით, არამედ საკუთარი გონების დაძაბვითაა შეძენილი. ამის შესაბამისად, ჰუმანისტური სწავლება ისეთ მიდგომებს გვთავაზობს, რომელთა დროსაც სწავლების მთავარ მიზანს განსაზღვრავს განათლებული პიროვნების აღზრდის ძირეული ამოცანა, მოსწავლის ცნობიერება და მისი ბუნებრივი ინტერესები, რითაც სასწავლო პროცესი გამოდის ვიწრო საგნობრივი ხედვიდან და განვითარების ფართო პერსპექტივას სახავს.

ჰუმანისტური პედაგოგიკის მეთოდები მოზარდს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად გამოიყენოს შემოქმედებითი უნარები, თანაც ისე, რომ თვითგამოხატვისას მარტო თვითონ კი არ მიიღოს სიამოვნება, არამედ გარშემო მყოფებსაც მიანიჭოს. ამავე დროს, შემოქმედებითი საქმიანობა ზრდის მოსწავლის თვალსაწიერს – იგი გარე სამყაროს აღიქვამს არა მხოლოდ ინტერესის საგნად, არამედ შემოქმედების ობიექტადაც. შემოქმედებითი ზრდა კიდევ უფრო მეტია, როდესაც გამოიყენება ყველა ის სასწავლო აქტივობა (მაგალითად, მიღებული პროდუქტის პრეზენტაცია), რომელიც ამა თუ იმ შემთხვევაში შემოქმედებითობისკენ არის მიმართული. ასეთ დროს გავარჯიშებული უნარები მოსწავლეს გამოადგება შემდგომშიც, სასკოლო სივრცის გარეთ, ყველა იმ სიტუაციაში, რომელიც მისგან ხარისხიან განათლებას მოითხოვს.
ჰუმანისტური პედაგოგიკის შედეგები კიდევ უფრო უმჯობესდება, როდესაც სწავლებაში ერთვება თამაში.
ყველა თამაში, პირობითად, ორ ჯგუფად იყოფა: ზოგადგანმავითარებელ თამაშებად და სპეციალურ თეატრალურ თამაშებად.
თეატრალურ თამაშებს ფანტაზიისა და ინტერესების გაფართოების დიდი შესაძლებლობა აქვს. ასეთი თამაშები ხელს უწყობს შეცდომების აღმოჩენას და საკუთარი ქმედების შეფასებას. ბავშვები თავიანთ გმირებთან ერთად მოქმედებენ, განიცდიან, თანაგანცდა კი ხელს უწყობს სოციალური უნარების განვითარებას. ამიტომ არის, რომ ბოლო ხანს დასავლეთის ქვეყნებში თეატრალურ პედაგოგიკას და მის უმთავრეს საყრდენს, თეატრალურ თამაშებს, აქტიურად იყენებენ სწავლა-სწავლების პროცესში.

საზოგადოდ, თეატრალური პედაგოგიკა – ესაა მხატვრულ-ესთეტიკური პრაქტიკა, რომელიც კონცენტრირებულია ინდივიდზე, მისი იდეებისა და შესაძლებლობების გამოხატვაზე თეატრალური კუთხით. იგი მიმართულია ერუდიციის ფორმირებისკენ, პიროვნული ზრდისა და თვითრეალიზაციისკენ. საჭიროა მხოლოდ მოსწავლეთა „ანთება”, მათთვის შემოქმედებითი ბიძგის მიცემა, დანარჩენს კი თავად გააკეთებენ, მასწავლებლის განსაკუთრებული ჩარევის გარეშე.

ამ ასპექტების გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია სწავლის ეფექტურობის ამაღლება თეატრალური და ჰუმანისტური პედაგოგიკის მიდგომების შეერთებით.

განვიხილოთ მაგალითი.
საგანი: ისტორია
გაკვეთილი: ძველი ეგვიპტის რელიგია
მიზანი: სასწავლო მასალის განმტკიცება და განზოგადება: სამყაროს შექმნის შესახებ ძველეგვიპტელთა ცოდნის გააზრება და მისი შედარება სხვადასხვა ქვეყნის ისტორიასთან, კულტურასა და ტრადიციებთან

გაკვეთილის სასწავლო შედეგი:

● მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცება ძველ ეგვიპტელთა რელიგიის, ბუნების ძალებსა და ღმერთებზე რწმენა-წარმოდგენების შესახებ
● ძველეგვიპტური ხელოვნების თავისებურებათა წარმოჩენა
● მოსწავლეთა მიერ ძველი სამყაროს ისტორიისა და კულტურის მიმართ დადებითი დამოკიდებულების გამოწვევა
გაკვეთილის მსვლელობისას გამოყენებულია ჰუმანისტური და თეატრალური პედაგოგიკის მიდგომები:
● ჯგუფებში მუშაობა;
● ატრიბუცია;
● შემოქმედებითი საქმიანობის შედეგების დემონსტრაცია;
● დეკორატიული და სხვა სახის სამუშაოები;
● მოხსენების/პრეზენტაციის მომზადება.
 
წინასწარი მომზადება:
1. ჩასატარებელი გაკვეთილის არსისა და მიზნების განსაზღვრა/გადმოცემა;
2. მოსწავლეთა მიერ პრეზენტაციის, რეფერატის, მოხსენების, დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ხასიათის სამუშაოების შესრულება;
3. მოსწავლეთათვის სათამაშო საშუალებების გაცნობა: ჯგუფებში მუშაობა, გონებრივი იერიში, თეატრალიზებული ელემენტების გამოყენება, რეფლექსია;
4. მოსწავლეთა და მასწავლებელთა ერთობლივი საქმიანობა: როლების განაწილება, რეპეტიციები, დეკორაციებისა და ატრიბუტიკის დამზადება (მათ შორის – ფოტოაპარატისა და ვიდეოკამერის დამონტაჟება).

რესურსები:
1. პლაკატები;
2. პოსტერები;
3. სუვენირები;
4. მოცემულ თემაზე წიგნების გამოფენა;
5. მოხსენებები და რეფერატები;
6. პრეზენტაციები.
გაკვეთილის გეგმა

1. მასწავლებლის შესავალი სიტყვა/პრეზენტაცია გაკვეთილის თემის შესახებ, რომელშიც დახასიათებული იქნება ძველი ეგვიპტის ეპოქა;
2. გაკვეთილის სტრუქტურირება და ორგანიზება;
3. ჟიურის წარდგენა, ჯგუფისთვის შეფასების კრიტერიუმების გაცნობა;
4. ძველეგვიპტური მისტერიების ინსცენირება;
5. ვიქტორინა;
6. შემოქმედებითი დავალება: „ბარელიეფი” და „ექსკურსია მუზეუმში”;
7. შედეგების შეჯამება, გამარჯვებულის დასახელება;
8. განზოგადება; რეფლექსია.

კლასი წინასწარ იყოფა ორ გუნდად, რომლის წევრებსაც დაასახელებენ კაპიტნები. თითოეული გუნდი მიიღებს ტექსტს, ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც წინასწარ მოამზადებენ ძველგევიპტური მისტერიების შესაბამის ვიზუალურ მასალას და თეატრალურ დეკორაციებს (დანართი 1).

გაკვეთილის მიმდინარეობა

1. მისალმება, სტუმრებისა და ჟიურის წარდგენა; თითოეული ეტაპის კრიტერიუმების განსაზღვრა; სამოგზაურო მარშრუტისთვის ფლეერების დარიგება (დანართი 2);
2. ჯგუფების მიერ საკუთარი ნამუშევრების დემონსტრირება;
3. ვიქტორინა – ყოველი ჯგუფი უპასუხებს 5 შეკითხვას (დანართი 3);
4. დავალება „ბარელიეფი” – ჯგუფის წევრები წარადგენენ მიცემული ინფორმაციის შესაბამისად დამზადებულ ბარელიეფს. კაპიტნები აღწერენ ექსპონატს ისე, თითქოს მუზეუმში იმყოფებოდნენ. მეორე ჯგუფი და მოწვეული სტუმრები დაუსვამენ კითხვებს;
5. შედეგების შეჯამება და გამარჯვებულის დაჯილდოება.
მიღებული შედეგები:
vთეატრალიზებული ილუსტრაციების დამზადებამ საშუალება მისცა მოსწავლეებს, შეესრულებინათ სხვადასხვაგვარი სამუშაო და ამ გზით მიეღწიათ მიღებული ცოდნის აქტუალიზაციისა და განმტკიცებისთვის.
vმოსწავლეებმა ეგვიტური კულტურა შეისწავლეს შემოქმედებითი კვლევების გამოყენებით.
v მასალის შესწავლა მოხდა „პრაქტიკული” მიზნით: ეგვიპტური მითოლოგიის პრობლემატიკის წარმოსაჩენად და მასალის ვიზუალიზაციისთვის საჭირო თეატრალური ინსცენირების განსახორცილებლად.
v აღნიშნულმა პრობლემამ მოითხოვა მასალის დაგროვება და ცოდნის გაღრმავება.
vეგვიპტური ხელოვნების თავისებურებებმა დააინტერესა მოსწავლეები, ხოლო შესაბამისი ატრიბუტიკის, დეკორაციებისა და კოსტიუმების დამზადებამ მეტი ცოდნა შესძინა მათ ეგვიპტური წეს-ჩვეულებების შესახებ.
vქურუმების ლაპარაკის მანერამ, საზეიმო მისალმებამ, რელიგიური მსახურების სხვა ნიუანსების ინსცენირებამ, როლურმა თამაშმა, კოსტიუმირებულმა წარმოდგენამ დამოუკიდებლად აზროვნების, ცოდნის დამოუკიდებლად შეძენის, კრეატივის, საკუთარი თავის წარმოჩენის, თამაშით რეკონსტრუქციის დიდი გამოცდილება შესძინა მოსწავლეეებს.
vამგვარი გამოცდილების შემდეგ ისინი უფრო მეტად დაინტერესდებიან მათთვის საინტერესო კულტურებისა და ცივილიზაციების შესწავლით, უკვე დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებითა და განვითარებით, შემოქმედებითი უნარების განვითარებით.
გაკვეთილის სასწავლო შედეგი:
● მოსწავლეებმა განიმტკიცეს ცოდნა ძველ ეგვიპტელთა რელიგიის, ბუნების ძალებსა და ღმერთებზე მათი წარმოდგენების შესახებ;
● აჩვენეს ძველეგვიპტური ხელოვნების თავისებურებები;
● გაიზარდა ძველი მსოფლიოს ისტორიისა და კულტურის (მათ შორის – თეატრის ისტორიის) მიმართ მოსწავლეთა დადებითი დამოკიდებულება;
● მოხდა მოსწავლეთა ინტელექტუალური ზრდა: თამაშმა და ვარჯიშმა განუვითარა მათ მეხსიერება, ყურადღება, დაკვირვების უნარი, ფანტაზია და ა.შ.; განივითარეს აგრეთვე მასალის შერჩევის, დამუშავებისა და სათანადოდ გამოყენების უნარები.
მიღებული შედეგების გათვალისწინებით, ჰუმანისტური და თეატრალური პედაგოგიკის თეორიების შეერთება სწავლის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს და სასიამოვნოს, კრეატიულს და სახალისოს ხდის, ამიტომ სასწავლო პრაქტიკაში მათი გამოყენება მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

დანართი 1.
ტექსტი
ძველად ეგვიპტეში ღმერთების, ადამიანებისა და ყოველი ცოცხალი არსების მამად ღმერთი რა მიიჩნეოდა. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ღმერთები მან თავისი პირისგან შექმნა, ხოლო ადამიანები – თვალებისგან. ეგვიპტელები რას არწივისთავიან და ადამიანისტანიან არსებად გამოსახავდნენ, რომელსაც მზის სხივებიანი დისკო ამშვენებდა.
სწამდათ, რომ ყოველ დილით რა აღმოსავლეთის მთებიდან დასავლეთამდე ოქროს ნავით გადაცურავდა ცას და მზის დისკო, რომელიც მას თავზე ადგა, სინათლესა და სითბოს ჰფენდა დედამიწას. მერე კი დგებოდა საღამო და ოქროს ნავი დასავლეთით მდებარე მთებს მიეფარებოდა. ამ მთებში ერთი გამოქვაბული იყო, რომლითაც რა მიწისქვეშეთში ჩადიოდა და იქაური მდინარით აღმოსავლეთისკენ გამოცურავდა. მაგრამ მიწის ქვეშ მას სდარაჯობდა სიბნელის ღმერთი აპოპი, რომელსაც ეგვიპტელები გველად გამოსახავდნენ. აპოპს არ სურდა დედამიწაზე მზის დაბრუნება და ემტერებოდა მას, მაგამ რა შეებრძოლა აპოპს და დაამარცხა იგი (იხ. ილუსტრაციები ინსცენირებისათვის, სურ. 1).
შემდგომ ეგვიპტის მმართველი ღვთაება რას შვილი, კეთილი და ბრძენი ღმერთი ოსირისი გახდა. მან ასწავლა ეგვიპტელებს მევენახეობა, მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ღმერთების თაყვანისცემა. ოსირისის მეუღლე იყო მისი და – ქალღმერთი ისიდა. ოსირისს ჰყავდა ძმაც – ბოროტებისა და გრძნეულების ღმერთი სეთი. ის უდაბნოში ცხოვრობდა და შურდა ძმის, რომელსაც მდიდარი და აყვავებული ქვეყანა ხვდა წილად. სეთმა მოკლა ძმა და მისი ცხედარი ნილოსში გადააგდო. ისიდამ იპოვა მეუღლის ცხედარი, რომელიც მდინარის ტალღებმა ნაპირზე გამორიყა და დამარხა. მალე მას შეეძინა ვაჟი ჰორი, რომელსაც ეგვიპტელები ადამიანის სხეულითა და არწივის თავით გამოსახავდნენ. როდესაც ჰორი გაიზარდა, მან გადაწყვიტა, შური ეძია მამის სიკვდილისთვის. მან სეთი ორთაბრძოლაში გამოიწვია და მოკლა. ამის შემდეგ ჰორმა გააცოცხლა მამა, მაგრამ ოსირისმა აღარ ისურვა დედამიწაზე ცხოვრება. ის გახდა მბრძანებელი მიწისქვეშეთისა, სადაც ხვდებიან ადამიანები სიკვდილის შემდეგ. ჰორი მამის ტახტზე ავიდა და ეგვიპტის პირველი ფარაონი გახდა. მას შემდეგ ის თითოეულ ფარაონში უხილავად განაგრძობდა არსებობას (იხ. ილუსტრაციები ინსცენირებისთვის, სურ. 2).
 
ისიდა და ოსირისი ჰორი
დანართი 2.

გუნდი ___________________________________________ V კლასი

გუნდის დასახელება

კრიტერიუმები

ქულების რაოდენობა

1.

გუნდის სიმბოლო (ემბლემა)-VII

2.

გუნდში (V) მუშაობის გამოცდილება (მაქსიმალურად თითოეული პუნქტის მიხედვით):

ყველა ჩართულია;

ესმით ერთმანეთის;

ეხმარებიან ერთმანეთს;

ესმით და ასრულებენ კაპიტნის/გუნდის განკარგულებებს.

3.

საშინაო დავალება (შემოქმედება) VIIგუნდისთვის:

Øრეფერატები;

Øშეტყობინებები;

Øგამოყენებითი ხელოვნება;

Øნახატები.

4.

მითის ვიზუალიზაცია – თეატრალიზებული წარმოდგენა (VIIკლასი):

. მკითხველის გამოსვლა;

. დადგმა;

. როლის გათამაშება;

. კოსტიუმების ელემენტების გაფორმება.

5.

ვიქტორინა:

დამატებითი ქულები:

1. 1.

2. 2.

3. 3.

4. 4.

5. 5.

6.

ბარელიეფი: VII

. ექსკურსიამძღოლის გამოსვლა;

. თემის შესაბამისობა;

. ვიზუალური მხარე.

7.

გუნდის წევრთა ქცევა – V

 

8.

შთაბეჭდილებები X:

9.

სხვა დანარჩენი – X:

დანართი 3
ვიქტორინა „გასეირნება ძველ მსოფლიოში”

1. რა ხერხს მიმართავდნენ ეგვიპტის მმართველები პირამიდების მძარცველების დასაბნევად?
(მმართველები აგებდნენ „ცრუ სამარხებს”, რომლებშიც არაფერი იყო, გარდა ცარიელი სარკოფაგისა, მუმიასა და განძეულობას კი საიდუმლოდ მალავდნენ)

2. იყენებდნენ თუ არა ეგვიპტელები ქვას?

(დიახ, ეგვიპტელები აფასებდნენ ქვის თვისებებს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ გრანიტს, ბაზალტს, დიორიტს. ნაკეთობას დეკორს თითქმის არ უკეთებდნენ, მხატვრული გაფორმების ანუ ვიზუალურ ეფექტს თავად ქვის ფაქტურა ქმნიდა)

3. ეგვიპტელების აზრით, სად ცხოვრობდნენ ღმერთები?

(ცაში. ეგვიპტელებისთვის ცა ასოცირდებოდა მყარ, მტკიცე მატერიასთან და წარმოსახავდნენ წყლის ცისფერ შხეფებად, რომლებიც დედამიწაზე მოედინებოდა. ფართოდ გაშლილი ცის ქვეშ კი ადამიანები ცხოვრობდნენ)

4. დაასახელეთ ძველეგვიპტური კულტურის ძეგლი, რომელიც მსოფლიოს საოცრებათა შვიდეულში შედის.

(გიზის სამი გიგანტური პირამიდა: ხეოფსის, ხეფრენისა და მიკერენის)

5. ეგვიპტელებიდან ვის ჰქონდა იმქვეყნად ცხოვრების გაგარძელების უფლება?

(ყველა ადამიანს, განურჩევლად ქონებრივი მდგომარეობისა)

6. რა სახის ხსნარს იყენებდნენ ეგვიპტელები მშენებლობისას?

(სამშენებლო სხნარს ეგვიპტელები არ იყენებდნენ, ისინი მშრალი ქვის წყობას მისდევდნენ. ქვის უზარმაზარ კვადრებს წინასწარ ხეხავდნენ და ისე ალაგებდნენ)

7. რატომ გაძლო მუმიებმა დღემდე?

(ამის მიზეზი ეგვიპტის მშრალ, ცხელ კლიმატსა და ბალზამირების ხელოვნებაში უნდა ვეძიოთ)
8. რაზე წერდნენ ძველი ეგვიპტელები?

(„ქაღალადის” ფუნქციას ასრულებდა პაპირუსი, რომელიც ნილოსის ნაპირებზე იზრდებოდა)

9. დაასახელეთ ეგვიპტური ქალური სილამაზის ეტალონი

(ნეფერტიტის ცნობილი პორტრეტი, რომელიც მსოფლიო მხატვრობაში ქალის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გამოსახულებად მიიჩნევა)

10. იპოვეს თუ არა ტუტანხამონის განძი?

(დიახ. ტუტანხამონის საფლავი ერთ-ერთი სამეფო საძვალეა, რომელმაც თითქმის ხელუხლებლად შემოინახა ადგილობრივი სიმდიდრე, თუმცა, საზოგადოდ, ასეთი რამ ხშირად ხდებოდა)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი