პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დრო

სანამ თხუთმეტი წლის გავხდებოდი, დრო იდგა. ჰო, არაფრით იძვროდა წინ. არა და არ მოვიდა სანატრელი 15 წელი. რას ველოდებოდი? ვერ გეტყვით. უბრალოდ, როგორც ყველა მერწყული, მეც თავისებურად აღვიქვამდი სამყაროს, ფერებს და ეტყობა რიცხვებსაც… მომწონდა 15 და მორჩა.

შემდეგ, დრომ ზნე იცვალა და დატრიალდა, მაგრამ რა დატრიალდა. ისე მიჰქროდა, თვალს ვეღარ ვაწვდენდი. ერთი თავისებურებაც შევამჩნიე, როდესაც რაღაცას ელოდები, დრო ჭირვეულობს, სვლას ანელებს. ელოდები და აღარ მოდის ის დღე და თარიღი. თუ გინდა, რომ ნელა გავიდეს, მაშინაც ჯიუტობს და გარბის, მიფრინავს.

ზოგჯერ, გაიგებ რაღაც პერიოდის გასვლას და გაოცდები… ნუთუ ამდენი დრო გავიდა? ახლაც, სწორედ ასე მოხდა. ჟურნალ „მასწავლებლის“ გამოსვლის დღიდან  10 წელი გასულა… წარმოგიდგენიათ? მთელი ათი წელი… მე კიდევ, მგონია გუშინ იყო…

10 წელი გავიდა და „მასწავლებელი“ უფრო და უფრო მოთხოვნადი გახდა. ფიქრობთ იოლია? დღეს „ქანცის გაწყვეტამდე უნდა ირბინო, რომ ადგილზე დარჩე. აი, თუ სადმე, წინ  გინდა მოხვედრა, მინიმუმ ორჯერ უნდა მოუმატო ტემპს“. (ლუის კეროლი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“).

„მასწავლებელი“ კი ამ  ათ წელიწადში უფრო გაიზარდა, თავდაჯერებული გახდა და ერთი თავისებურება შეიძინა, თითქმის ყველანაირი გემოვნების მკითხველი მასში რაღაც თავისას პოულობს. თითქმის ყველა მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს და უკვე თავისი მკითხველებიც ჰყავს, ყოველდღე მოუთმენლად, რომ ელოდებიან ახალი სტატიის გამოქვეყნებას.

„მასწავლებლისთვის“ წერისას სულ ვფიქრობ, შემდეგი რა დავწერო? რა თემა იქნება საინტერესო და არამოსაწყენი. ქიმიური თემატიკა ქიმიის წიგნებში ხომ ისედაც წერია? აქ საქმე სხვაგვარად დგას, ქიმიური თემატიკა საინტერესოდ და სახალისოდ უნდა გადმოიცეს, ქიმიის არმოყვარულ მკითხველს რომ შემოეკითხოს. ზოგჯერ, რაღაც ამბავს სპეციალურად ვაზვიადებ ან სულაც ვაშარჟებ, მხოლოდ იმიტომ, რომ „მასწავლებლის“ მკითხველი გავამხიარულო და ღიმილის გუნებაზე დავაყენო, რადგან სწორედ  კარგი განწყობიდან  იწყება  სიმხნევისკენ მიმავალი გზა.

ხანდახან, დასაწერი ქიმიური თემა ვიცი და ამბავს მის გარშემო ვეძებ ან ვთხზავ. ზოგჯერ, ისტორიული ან სახალისო ამბავი ვიცი და მის შესაფერის თემას ვეძებ გამალებით. ზოგჯერ ქუჩაში ფეხით ან ტრანსპორტით მიმავალი ვინმეს ან რამეს მოვკრავ თვალს და უკვე ვიცი, რომ პასაჟი მის შესახებ სტატიის ფრაგმენტი იქნება.

ასე აღმოჩნდნენ სტატიებში „ბლის გამყიდველი“, „მეზობლის ბიჭი ბებოს სოფლიდან“, „თვითმფრინავის აბეზარი მგზავრი“, „თურქი ბურაქი“ ან უბრალოდ „ქუჩაში მიმავალი კაცი“, რომელიც… რა ვქნა, პარაცელსს ჰგავდა საოცრად.

ახლაც ვფიქრობ, რაზე დავწერო? დასაწერის მეტი რა არის, მაგრამ მაინცდამაინც ახლა რაზე დავწერო?

მოდი, რეიტინგს შევადგენ… „ყველაზე, ყველაზე“…

„ყველაზე, ყველაზე“… ბევრ რამეს მოერგება.

ყველაზე, ყველაზე… ლამაზი; ყველაზე, ყველაზე… სურნელოვანი; ყველაზე, ყველაზე… გემრიელი; ყველაზე, ყველაზე… ცივი; ყველაზე, ყველაზე… ცხელი და რა ვიცი, ათასი რამ შეიძლება იყოს…“ ყველაზე, ყველაზე“…

ჩემი „ყველაზე, ყველაზე“ რეიტინგი ჩემივე აზრითაა შედგენილი და სხვამ შეიძლება სხვა თავისი „ყველაზე, ყველაზე“ რეიტინგი მოიფიქროს, ასევე „ყველაზე, ყველაზე“ სხვა თვისებებით.

  1. ყველაზე წვადი ნივთიერება… ClF3 ქლორის (III) ფტორიდია, რომელიც ძლიერ მჟანგავს წარმოადგენს და თითქმის ყველა ქიმიურ ელემენტთან შედის რეაქციაში. მას შეუძლია ბეტონის გამოწვა, მინა კი მის არეში  იოლად  აალდება.  სწრაფი აალებადობის გამო, მისი პრაქტიკულად გამოყენება ძალიან რთულია.  მასთან მომუშავე ადამიანს უსაფრთხოების განსაკუთრებული დაცვა სჭირდება.
  2. ყველაზე შხამიანი ნივთიერება… ბოტულოტოქსინია, ჩვენ მას ბოტოქსად ვიცნობთ. სწორედ ასე უწოდებენ მას კოსმეტოლოგიაში, სადაც ძირითადად გამოიყენება. ბოტულოტოქსინი ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც ქატერია Clostridium botulinum გამოყოფს. ეს ტოკსინი ყველაზე შხამიანია და ცილებს შორის, ყველაზე დიდი მოლეკულური მასაც აქვს. საკმარისია 0, 00002მგ/ლ. ბოტულოტოქსინი, რომ სიკვდილის დიდი საფრთხე შეიქმნას.
  3. ყველაზე კოროზიული ნივთიერება… ფტორ-სტიბიუმის მჟავაა H[SbF6]. გოგირდმჟავას კოროზიულობით 2X1016 აღემატება.  ძალიან აქტიური ნივთიერებაა და წყლის მცირე რაოდენობის დამატებითაც კი შეიძლება აფეთქდეს. მისი ორთქლი ძალიან მომწამლავია.
  4. ყველაზე ფეთქებადი ნივთიერება… ჰეპტანიტროკუბანია C8HN7O14. ძალიან ძვირადღირებულია და მხოლოდ განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევებისთვის იყენებენ. შედარებით ნაკლებად ფეთქებადი ოქტოგენი კი გეოლოგიური ჭაბურღილების გათხრებისას გამოიყენება.
  5. ყველაზე რადიოაქტიური ნივთიერება… „პოლონიუმ-210“-ია, რომელიც პოლონიუმის იზოტოპია და ბუნებრივი სახით არ გვხვდება, რადგან ხელოვნურად მიიღება. მინიატურული, თუმცა მძლავრი ენერგიის მომცემი წყაროს შესაქმნელად გამოიყენება. ნახევრად დაშლის მოკლე პერიოდი აქვს და მძიმე სხივურ დაავადებას იწვევს.
  6. ყველაზე მძიმე ნივთიერება… ფულერიტია. მისი სიმაგრე ორჯერ აღემატება ბუნებრივი ალმასის სიმაგრეს. ფულერიტი კრისტალია, რომელიც შედგება მოლეკულებისგან და არა ცალკეული ატომებისგან. მისი სიმაგრის კოეფიციენტია – 310.
  7. ყველაზე ზედენადი ნივთიერება… ჰელიუმ II-ია, რომელსაც აბსოლუტურ ნულთან მიახლოვებულ ტემპერატურაზე არ აქვს სიბლანტე. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ნებისმიერი მყარი მასალისგან დამზადებული ჭურჭლიდან  გადმოდინება შეუძლია. მომავალში, ის შესაძლოა იდეალური თერმოგამტარი იყოს, რომელშიც სითბო არ განიბნევა.

  1. ყველაზე შავი    ნივთიერება… ვანტაბლექია (Vantablack-vertically aligned nanotube arrays), რომელიც ნახშირბადის ნანომილაკების ერთობლიობისგან შედგება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ის შედგება უამრავი რაოდენობის „ღეროსგან“, მათში მოხვედრილი შუქი კი ერთი ღეროდან მეორეში გადაინაცვლებს. ამგვარად, შთაინთქმება შუქის ნაკადის 99,965% და ძალიან მცირე ნაწილი აირეკლება გარეთ. ამ მასალის გამოყენებას დიდი პერსპექტივები აქვს ასტრონომიაში, ელექტრონიკასა და ოპტიკაში.

  1. ყველაზე ცხელი    ნივთიერება… ე.წ. კვარკ-გლუონის პლაზმაა. ნივთიერება შეიქმნა ოქროს ატომების ძალიან სწრაფი შეჯახებით. ამ პლაზმის ტემპერატურა ოთხი ტრილიონი გრადუსია. უფრო თვალსაჩინო, რომ გახდეს, მზეზე არსებულ ტემპერატურას 250000-ჯერ აღემატება. ნივთიერების არსებობის დრო წამის ერთი ტრილიონედია.

  1. ყველაზე ძვირფასი მეტალი… პლატინაა. რა თქმა უნდა, ოქროც ძვირია, მაგრამ პლატინა ჯაბნის. მის აღმოჩენას უდიდეს გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქას უკავშირებენ. პირველად პლატინა ესპანელებმა აღმოაჩინეს და ევროპაში ჩამოიტანეს. მანამდე, ის მხოლოდ ამერიკელი აბორიგენების მიერ გამოიყენებოდა. ევროპაში მეტალი არ დააფასეს. გარეგნულად ვერცხლს ჰგავდა, თუმცა მისი დამუშავება უფრო რთული იყო. ამიტომ, ოქროსთან შედარებით, არაფრად ითვლებოდა. თუმცა, ყალბი მონეტების შემქნელებმა მისი გამოყენება მაინც შეძლეს და ოქროსთან შერევა დაიწყეს. ცოტა ხნის შემდეგ ესპანეთის მთავრობა ეშმაკობას მიუხვდა და ქვეყანაში პლატინის შეტანა აიკრძალა. პლატინის უკვე არსებული მარაგი კი ზღვაში ჩაძირეს. დღეს პლატინა ფართოდ გამოიყენება სამრეწველო, საიუველირო და სამედიცინო საქმეში.
  2. შემდეგი ყველაზე ძვირფასი მეტალი… როდიუმია. გარეგნულად და თვისებებით პლატინას ემსგავსება, თუმცა ქიმიური და ფიზიკური ზემოქმედების მიმართ გაცილებით მედეგია. სახელწოდება ბერძნული ენიდან მომდინარეობს და ვარდს ნიშნავს. როდიუმის დაჟანგვა ძნელია, მისი ლღობის ტემპერატურა კი პლატინასთან შედარებით გაცილებით მაღალია. გამოიყენება მანქანათმშენებლობასა და ტექნოლოგიებში. საიუველირო საქმეში სიძვირის გამო იშვიათად შეხვდებით. მხოლოდ ნაქლიბის სახით იყენებენ, შედეგად კი გვაქვს-როდირებული ვერცხლი, რომელიც არ იჟანგება და არ შავდება.
  3. კიდევ ერთი ყველაზე ძვირფასი მეტალი… ოსმიუმ-187-ია. მისი ერთი გრამი ათი ათასი დოლარიდან ფასდება. ოქროს ფასით ჩამორჩება, თუმცა სამრეწველო პირობებში ოსმიუმისგან მიიღეს გაცილებით ძვირფასი იზოტოპი ოსმიუმ-187. სახელს თავისსავე სურნელს უნდა უმადლოდეს, ქლორისა და ნივრის შეზავებული სურნელი აქვს. ნახევარლიტრიან ქილაში მოთავსებული ოსმიუმის წონა ერთი სათლი წყლის წონას აღემატება. ოსმიუმ-187 წარმოებისთვის ცხრა თვეა საჭირო. პროცესი სპეციალურ ცენტრიფუგაში მიმდინარეობს. საწყისი სახით იყენებენ მედიცინაში; ასევე, მდგრადი შენადნობების დასამზადებლად.
  4. დაბოლოსკიდევ ერთი ყველაზე ძვირფასი მეტალი…კალიფორნიუმ-252-ია. ის 1960 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში მიიღეს. ერთი გრამი 10 მილიონ დოლარზე მეტი ღირს. ეს იმას უკავშირდება, რომ ბუნებრივი სახით არ მოიპოვება, პლანეტაზე კი მხოლოდ ათიოდე გრამი კალიფორნიუმ-252-ია. მნიშვნელოვანია მედიცინისთვის. რეაქტორის გრამი გამოიმუშავებს ნეიტრონების იმ რაოდენობას, რასაც ბირთვული რეაქტორი აწარმოებს. მედიცინაში მისი მეშვეობით კიბოს უჯრედებს ამუშავებენ და ამისთვის რამდენიმე მიკროგრამია საკმარისი. ასევე იყენებენ კოსმოსურ ტექნოლოგიებშიც.

 

„- რა გინდა?

– დრო მინდა მოვკლა.

– ჰმ, დროს ძალიან არ უყვარს, როცა კლავენ…“. (ლუის კეროლი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“).

თუმცა, თუ დროის მოკვლა მაინც გადაწყვიტეთ, მაშინ მხოლოდ ჟურნალ „მასწავლებელის“ კითხვით მოკალით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი