სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ შევუნარჩუნოთ ბავშვს სკოლისა და სწავლისადმი ინტერესი

მას შემდეგ, რაც ადამიანმა მოზარდი თაობის სწავლა-განათლებაზე დაიწყო ზრუნვა, სასწავლო პროცესით ბავშვის დაინტერესება კაცობრიობის განვითარების ნებისმიერ საფეხურზე ერთ-ერთი აქტუალური საკითხი უნდა ყოფილიყო. ასეთი ვარაუდის გამოთქმის საფუძველს გვაძლევს სწავლის როგორც ქცევის საკმაოდ რთული ბუნება. როგორც დ. უზნაძე აღნიშნავს, სწავლა ქცევის სპეციფიკური ფორმაა. ის არც თამაშია და არც შრომა, თუმცა მოიცავს როგორც ერთის, ისე მეორის ელემენტებს. ამასთან ერთად, სწავლის პროცესი ყველაზე მაღალი დონის მოთხოვნილებათა (შემეცნების, თვითაქტუალიზაციის) დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა. თუმცა, როგორც მასლოუ მიგვანიშნებს, იმისთვის, რომ ადამიანს თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება გაუჩნდეს, მან ჯერ გაცილებით დაბალი დონის მოთხოვნილებები უნდა დაიკმაყოფილოს. ბიოლოგიურ მოთხოვნილებებზე რომ არაფერი ვთქვათ, უსაფრთხოების მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სწავლის სურვილი და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების მოთხოვნილება ბავშვს ვერ გაუჩნდება. უსაფრთხოების მოთხოვნილება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სოციალური უსაფრთხოების მოთხოვნილებასაც მოიაზრებს. სოციალური უსაფრთხოების მოთხოვნილება მოზარდისთვის ხშირად უფრო მნიშვნელოვანიც კია, ვიდრე ფიზიკური უსაფრთხოებისა. რამდენიმე წლის წინ ვიცნობდი პატარა ბიჭუნას, სახელად გიოს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტუალური განვითარებით არათუ არ ჩამორჩებოდა თანაკლასელებს, არამედ მრავალ მათგანზე მაღლაც კი იდგა, ვერასოდეს ამჟღავნებდა კლასში საკუთარ შესაძლებლობებს და ერთ-ერთ სუსტ მოსწავლედ ითვლებოდა. ამას ერთვოდა სასკოლო წესებისადმი დაუმორჩილებლობა, რაც მასწავლებელს ბავშვის ხშირად გაკიცხვის საფუძველს აძლევდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ უმცროს სასკოლო ასაკში ჯგუფში ბავშვის ადგილს და მისდამი თანაკლასელების დამოკიდებულებას თითქმის მთლიანად მასწავლებლის დამოკიდებულება განსაზღვრავს, ადვილი წარმოსადგენია, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო გიოს მდგომარეობა. ის ხშირად ხდებოდა თანაკლასელთა დაცინვის ობიექტი და ისიც, გაღიზიანებული, თავის დასაცავად ისე იქცეოდა, რომ უფრო მეტ საყვედურსა და სასჯელს იმსახურებდა. ასეთ ვითარებაში გიო, ბუნებრივია, სწავლაზე ვერ იფიქრებდა. საბედნიეროდ, სიტუაციის გაანალიზების შემდეგ პედაგოგმა სრულიად შეცვალა მასთან ურთიერთობა – ორიენტაცია აიღო არა შენიშვნებსა და საყვედურებზე, არამედ ქებაზე თუნდაც მცირე წარმატებისთვის. პედაგოგის მიერ დადებითის და არა უარყოფითის ხაზგასმამ ბავშვისადმი თანაკლასელების დამოკიდებულებაც შეცვალა – გაცილებით კეთილგანწყობილი გახდნენ მის მიმართ, მათ თვალებში აღარ ჩანდა დაცინვა, რომელიც ასე აღიზიანებდა გიოს. მას სოციალური კომფორტის განცდა დაეუფლა და სწავლაში თავის გამოჩენასა და წარმატებაზე დაიწყო ფიქრი. შედეგმაც არ დააყოვნა და მალე გიო კლასში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე გახდა.
თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ უსაფრთხოების მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ ბავშვისთვის სხვა, უფრო მაღალი დონის, ე.წ. სოციალური მოთხოვნილებების: ყურადღების, პატივისცემის, აღიარების მოთხოვნილებათა, – დაკმაყოფილება ხდება აქტუალური. მათი დაუკმაყოფილებლობა შესაძლოა არანაკლები პრობლემების წყაროდ იქცეს. ერთ დილით, სამსახურში მიმავალი, ტრანსპორტში საყურადღებო დიალოგს შევესწარი. როცა ერთ-ერთი სკოლის შენობას გავცდით, ჩემ გვერდით მჯდომმა ქალბატონმა გაოცება ვერ დაფარა და იქვე მდგომ 12-13 წლის ბიჭუნას მიმართა: „დათუნა, რატომ არ ჩახვედი? შენ ხომ ამ სკოლაში სწავლობ, გაკვეთილებს აცდენ?” მოზარდმა დაირცხვინა, მაგრამ სიმართლე არ დაუმალავს: „ამ სკოლაში კი ვსწავლობ, მაგრამ ახლა შატალოზე მივდივარ”. „როგორ, მარტო მიდიხარ შატალოზე?” – არ ეშვებოდა ქალბატონი, რომელიც მისი მეზობელი აღმოჩნდა. „მარტო არა, სხვა სკოლის ბავშვებს უნდა შევხვდე, ჩემს სკოლაში მეგობარი არ მყავს”, – სინანულით მიუგო დათუნამ. ალბათ დამეთანხმებით, რომ ძნელია იმ საზოგადოებაში ყოფნა, სადაც ვერ გვამჩნევენ, ყურადღებას არ გვაქცევენ, პატივს არ გვცემენ. კიდევ უფრო მტკივნეულია ეს 12-13 წლის მოზარდისთვის, ვინაიდან ამ ასაკში თანატოლებთან ურთიერთობა, მათი აღიარება გაცილებით ფასეულია, ვიდრე უფროსებთან ურთიერთობა. ერთხელ ერთ მეშვიდეკლასელს, რომელსაც რამდენიმე წელი იყო ვიცნობდი, ვკითხე, რა შეიცვალა მასში ბოლო ხანს. მან გულახდილად მიპასუხა: „სანამ პატარა ვიყავი, ვცდილობდი ისე მოვქცეულიყავი, როგორც მშობლებს და მასწავლებლებს მოეწონებოდათ, ახლა კი იმაზე ვფიქრობ, რა მოეწონებათ ჩემს თანაკლასელებს და ვცდილობ ისე მოვიქცე, რომ მათ მაღიარონ, მათთვის მისაღები გავხდე, თუნდაც ჩემი ქცევა უფროსებისთვის მოსაწონი არ იყოს”. თანატოლთა აღიარების მოსაპოვებლად მოზარდი ყოველგვარ ხერხს მიმართავს, ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხშირად არც უფროსების (მშობლებისა და მასწავლებლების) განაწყენებას ერიდება და არც მათ საყვედურებს უფრთხის. ცალკეულ შემთხვევებში უფროსებისთვის მიუღებელი ქცევით მოზარდები ახერხებენ თანატოლთა წრეში თვითდამკვიდრებას. ერთმა მეექვსეკლასელმა ბიჭუნამ, რომელსაც გამუდმებით საყვედურობდნენ მოსწავლისთვის „შეუფერებელი” საქციელის გამო და მშობლებსაც იბარებდნენ, რომ საქმის კურსში ჩაეყენებინათ მათი შვილის „უსაქციელობის” შესახებ, თავისი ქცევის მიზეზები ასე ამიხსნა: „იცით, ამით ძალიან პოპულარული გავხდი სკოლაში. ადრე თანაკლასელებიც ვერ მამჩნევდნენ, ახლა კი მეათეკლასელებსაც სურთ ჩემთან მეგობრობა და როცა დერეფანში ჩავივლი, სიხარულით მხვდებიან”. 

მოზარდი, დიდი მცდელობის მიუხედავად, ყოველთვის ვერ ახერხებს გარშემო მყოფთა ყურადღების, პატივისცემის, აღიარების მოპოვებას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მე-6, მე-7 გაკვეთილზე მასწავლებელი რომელიმე ბავშვის სკოლაში ყოფნის, წინა გაკვეთილებზე მისი დასწრების შესახებ მისი თანაკლასელებისგან ცდილობს ინფორმაციის მიღებას, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ იხსენებს, იყო თუ არა ეს მოსწავლე პირველ ან მეორე გაკვეთილზე. მოზარდს ძალიან უჭირს იმ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება, სადაც მის ყოფნა-არყოფნასაც კი ვერ ამჩნევენ. ამიტომაც გაურბის სკოლას და ეძებს ისეთ წრეს, სადაც მას აღიარებენ და პატივს სცემენ. ამ წრეს ის ხშირად ქუჩაში პოულობს.

ამრიგად, თუ გვსურს, მოსწავლე აქტიურად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და სკოლამ მისთვის მიმზიდველობა არ დაკარგოს, უნდა ვეცადოთ, შევუქმნათ მას სოციალურად კომფორტული გარემო, დავეხმაროთ იმ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, რომლებიც მნიშვნელოვანია სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გამოსამუშავებლად. მართალია, ადვილი არ არის, მაგრამ სავსებით შესაძლებელია. ამ შემთხვევაში სასწავლო პროცესი ბავშვისთვისაც და ჩვენთვისაც გაცილებით საინტერესო და მიმზიდველი გახდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი