პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ქართველი მოსწავლეები ივლისში ფრაიბურგში გაემგზავრებიან

სკოლის დამთავრების შემდეგ ანა სწავლას გერმანიაში გააგრძელებს. მან იცის, რომ ამ ქვეყანაში სწავლა უფასოა, სწავლის დონე კი – მაღალი. ანა ბიოლოგობაზე ოცნებობს. მას კვლევები და აღმოჩენები იზიდავს. ის შესანიშნავად ფლობს გერმანულ ენას, მოსწონს მისი  რთული ჟღერადობა და გრამატიკა. გასული წლიდან ანა გოეთეს ინსტიტუტის პროგრამაში „ხიდი განათლებისკენაა“ ჩართული. ანას აზრით, სადაც არ უნდა წავიდეს, საყვარელი ენის ცოდნა ყველგან გამოადგება, განსაკუთრებით კი გერმანიაში, პროფესიული ურთიერთობების დამყარებაში.

ანა თოიძე გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის წლევანდელი გამარჯვებულია. ის თბილისის №6 სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. გერმანულის გარდა, ინგლისურსაც კარგად ფლობს. „ინგლისურის სწავლა ხუთი წლიდან დავიწყე, გერმანული ენის – ცხრა წლიდან. თუმცა გერმანულმა მეტად დამაკავშირა ევროპასთან, სადაც ბავშვობიდანვე ვოცნებობდი სწავლის გაგრძელებას,“ – გვიყვება ანა.

გერმანული ენის ეროვნულ ოლიმპიადიაში გამარჯვებისთვის ანამ მთავარ პრიზად სტიპენდია მიიღო, რომლის ფარგლებში 15-28 ივლისს ფრაიბურგში, საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრება.

ანასთან ერთად გერმანიაში საქართველოს კიდევ ერთი ეროვნული ფინალისტი, ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის №1 სკოლის მოსწავლე, ანანო ბაკარნაძე წარადგენს. ქართველი ახალგაზრდები საერთაშორისო ოლიმპიადაზე მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 100 მოსწავლეს შეუერთდებიან და ერთმანეთს ენის ცოდნაში, ჯგუფურ მუშაობასა და კომუნიკაციის უნარებში გაეჯიბრებიან.

„დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ფინალში გავიდოდი. ამიტომ ჩემს ემოციებს ვერც კი აღვწერ! ძალიან ვღელავდი და ცოტა გვიან გავაცნობიერე არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ ის მაღალი პასუხისმგებლობაც, რომელიც დამეკისრა – მე გერმანიაში საქართველოს სახელით წარვსდგები, უამრავ ახალ ადამიანს გავიცნობ და ახალ გამოცდილებას მივიღებ,“ – ამბობს ანა და იმედოვნებს, რომ გერმანული ენის სრულყოფა განვითარების სხვა ეტაპზე გადაიყვანს.

გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადა საქართველოში მერვე წელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება. ფინალურ ტურში 100-მდე მოსწავლე ხვდება. ამ მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებაში გოეთეს ინსტიტუტი მესამე ტურზე, ყოველ მეორე წელს ერთვება, რადგან გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა გერმანიაში ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

გოეთეს ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორ ანა მშვილდაძეს განმარტებით, ეროვნული ოლიმპიადის ფინალი ყოველთვის დაძაბული, მაგრამ საზეიმო განწყობით არის შეზავებული. ინსტიტუტის სივრცეში მოსწავლეებს ჯერ ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი წერილობითი ტესტი უტარდებათ. ნამუშევრები დაჩქარებული წესით მოწმდება და გამორჩეული 20 მოსწავლე შემდეგ ეტაპზე, ზეპირი ნაწილზე გადადის, საიდანაც ორი საუკეთესო ახალგაზრდა შეირჩევა.

ზეპირი გამოცდის პრინციპი ასეთია: მოსწავლეები ჯგუფურად ამზადებენ მოცემულ თემას და პრეზენტაციის სახით წარადგენენ. წლევანდელი თემა ჯანმრთელი ცხოვრების წესს ეხებოდა. მოსწავლეებს მოსამზადებლად ერთი საათი მიეცათ, პრეზენტაციის წარდგენისთვის კი – 10 წუთი. ბევრმა პრეზენტაციის მოსამზადებლად ვიზულიზაციის საშუალებები გამოიყენა – პლაკატები, თოქშოუ, ინტერვიუ, სპექტაკლი. ეს ყველაფერი საჯაროდ, დიდ დარბაზში ჩატარდა. კომპეტენტურმა ჟიურიმ არა ჯგუფი, არამედ თითოეული მონაწილე შეაფასა. ენობრივ დონესთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება კრიტიკულ აზროვნებაზე, ჯგუფური მუშაობის, შემოქმედებითობის და თანამშრომლობის უნარზე გაამახვილა.

ეროვნული ოლიმპიადის ფინალური ეტაპის ჟიური საკმაოდ კომპეტენტური იყო – ის გოეთეს ინსტიტუტის, გერმანიის საელჩოს, საქართველოს განათლების სამინისტროს, გერმანული საერთაშორისო სკოლისა და გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენლებისგან შედგებოდა.

გოეთეს ინსტიტუტში დაწესებული პრიზების მოსაპოვებლად გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობდნენ თბილისისა და რეგიონების გერმანულენოვანი საჯარო სკოლების საუკეთესო მოსწავლეები. საფინალო ეტაპზე მათ მონაწილეობა მიიღეს გამოცდაში, რომელიც ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს B2 საფეხურს შეესაბამებოდა.

გოეთეს ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში უცხო ენებს შორის უპირატესობას ინგლისურს ანიჭებენ, სხვა ენების შემსწავლელთა რაოდენობა კი იკლებს. ამის მანიშნებელია წლევანდელი გერმანული ენის ოლიმპიადაც, რომელშიც ტრადიციული 100 მოსწავლის ნაცვლად, 56-მა მიიღო მონაწილეობა. თუმცა, საგრძნობლად გაიზარდა გერმანული ენის სწავლების დონე, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში – დღეს გოეთეს ინსტიტუტის  ძალისხმევით, ბევრ სკოლას საშუალება აქვს გაძლიერებულად ასწავლოს გერმანული ენა.

2018 წლის ეროვნული ოლიმპიადის შედეგად, ფინალურ ეტაპზე გადასულ 20 მოსწავლეს გოეთეს ინსტიტუტმა და პროექტის პარტნიორმა „არვატო ბერთელსმანმა“ გული არ დაწყვიტა და სპეციალური პრიზით ისინიც დააჯილდოვა – 21-28 ივლისს ახალგაზრდები  გერმანულენოვანი საზაფხულო აკადემიის საგზურებით რუსთავში, სკაუტების საერთაშორისო ბანაკში დაისვენებენ.

ცნობისათვის: გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივით, გერმანიის მასწავლებელთა ასოციაციასთან ერთად, მეექვსედ ჩატარდება. ის მსოფლიო მასშტაბით გერმანულ ენაში ყველაზე დიდი კონკურსია. ოლიმპიადის მიზანია ახალგაზრდებში გერმანული ენისადმი ინტერესისა და ტოლერანტობის გაღრმავება, გერმანული კულტურული მრავალფეროვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაცნობა.

„გერმანიაში ხუთივე კონტინენტიდან იკრიბებიან მოსწავლეები, ერთად ცხოვრობენ, აქვთ ვორქშოპები, სემინარები, ექსკურსიები, ამზადებენ თემებს და კონკურსის პრინციპით შეჯიბრს აგრძელებენ. შემდეგ გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელიც გოეთეს ინსტიტუტში ერთთვიანი ენის კურსს გაივლის. თუმცა, გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ ოლიმპიადის ხიბლი არის გერმანიაში გატარებული ორი კვირა, უცხოელ თანატოლებთან ურთიერთობა და ერთმანეთის კულტურის გაზიარება,“ – აზუსტებს ანა მშვილდაძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი