კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, სასწავლო მიდგომები და მეთოდები

ევროპაში მიმდინარე განათლების რეფორმის პარალელურად, საქართველოშიც დაიწყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიდგომების ცვლილების პროცესი. ჩვენს ქვეყანაში 2004 წლიდან შემუშავდა და დაინერგა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელშიც დიდი ადგილი უჭირავს მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომებსა და კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას (ესგ, 2005). საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებას საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება. მისი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებში გაიზარდოს მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ ინტერესი,  ჩამოყალიბდეს მათში კვლევითი პროცესების განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.

კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ეფექტურად განხორციელებისათვის, შესაბამისად ორგანიზებულ საკლასო გარემოში, მნიშვნელოვანია, მაღალი კომპეტენციების მქონე მასწავლებელი სასწავლო პროცესში იყენებდეს სწავლების სხვადასხვა თეორიებზე დაფუძნებულ და კვლევით აქტივობებზე მორგებულ,   მრავალფეროვან სასწავლო მეთოდებსა და მიდგომებს.

ბერძენიშვილის (2015) მიხედვით, სწავლების თეორიებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კონსტრუქტივიზმი. კონსტრუქტივისტული შეხედულებები ეყრდნობა პიაჟესა და ვიგოტსკის ფსიქოლოგიას, ბატლერისა და ბრუნერის კვლევებსა და ჯონ დიუის ფილოსოფიას. კონსტრუქტივისტები იზიარებენ ორ  ძირითად თვალსაზრისს:

  1. შემსწავლელები აქტიურნი არიან საკუთარი ცოდნის აგებაში;
  2. სოციალური ინტერაქციები მნიშვნელოვანია ცოდნის კონსტრუირებისათვის.

კონსტრუქტივისტული შეხედულების მიხედვით სწავლა არ არის მასწავლებლის ან სახელმძღვანელოს საშუალებით მიღებული ინფორმაციის გადამუშავება, არამედ სწავლა არის ცოდნის აქტიური და პიროვნული კონსტრუირება. კონსტრუქტივიზმის ფარგლებში ჩამოყალიბდა 5 E  სასწავლო ციკლის მოდელი  და კვლევითი ციკლის მოდელი.

5 E  სასწავლო ციკლის მოდელი  ჩამოყალიბდა ატკინისა და კარპლუსის (Atkin & Karplus, 1962) მიერ დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის. ბოლო ათწლეულების მანძილზე ეს მოდელი გადამუშავდა ბარუფალდის (Barufaldi, 2002) მიერ, რომელსაც დღესდღეობით აქტიურად იყენებენ აშშ-სა და ევროპის ქვეყნების საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლები. 5E სწავლების მოდელი შედგება ხუთი საფეხურისგან:

  1. Explore – კვლევა-ძიება
  2. Explane – ახსნა-განმარტებები
  3. Elaborate – ანალიზი-განვრცობა
  4. Evaluate – შეფასება

                                                                                        

 

   სქემა 1.   5 E  სასწავლო ციკლის მოდელი

ჩართულობის საფეხურზე მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს და უზიარებს, თუ რა უნდა იცოდნენ და რისი გაკეთება უნდა შეეძლოთ გაკვეთილის ბოლოს. ამით მასწავლებელი ცდილობს, მოსწავლეები ჩართოს სასწავლო პროცესში.

კვლევა-ძიებითი სტადია შესანიშნავია იმისათვის, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ მასწავლებლის მიერ ინიცირებულ კვლევით სამუშაოებში. ამ სტადიაში მოსწავლეები აყალიბებენ კვლევით კითხვებსა და ჰიპოთეზებს, ჯგუფებში მუშაობენ მასწავლებლის ინსტრუქციების გარეშე, აგროვებენ მონაცემებსა და ინფორმაციას, ერთმანეთს უზიარებენ დაკვირვების შედეგებს. ეს სტადია შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა დონის მოსწავლეებს გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება.

ახსნა-განმარტებითი სტადიის დროს მასწავლებელი მითითებას აძლევს ჯგუფებს, თუ როგორ უნდა გადაამუშავონ უკვე არსებული ინფორმაცია და მონაცემები. ის გასაგები ენით უხსნის მოსწავლეებს სამეცნიერო კონცეფციებს, რომლის შესახებაც ჩაატარეს კვლევა. შედეგად, მოსწავლეები ნასწავლ მასალას ადვილად უკავშირებენ ყოველდღიურ ცხოვრებას და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ პრაქტიკაში. ამ სტადიას ხშირად კონცეფციის განმავითარებელ სტადიასაც უწოდებენ.

განვრცობითი სტადიის დროს მასწავლებელი ეხმარება კონცეფციების განმტკიცებაში, არგებს ყოველდღიურ ცხოვრებას მაგალითებით და ამის შემდეგ, შესაძლოა, ახალი საკვლევი კითხვა ჩამოყალიბდეს მოსწავლეებში.

შეფასების სტადიაში მასწავლებელი აჯამებს, თავს უყრის მოსწავლეთა ცოდნას, სვამს მრავალმხრივ შეკითხვებს, რათა მოსწავლეებმა შეაფასონ და გააანალიზონ თავიანთი ცოდნა. ამავდროულად, მასწავლებელი ადარებს ჩართულობის ფაზაში არსებულ ცოდნას საბოლოო ცოდნასთან.

ლეველინი (Llewellyn, 2002) კიდევ უფრო აზუსტებს 5E სასწავლო ციკლის კვლევის ფაზის ეტაპებს და აყალიბებს კვლევითი ციკლის მოდელს, რომელიც კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ასპექტებს ასახავს, დეტალურად გამოყოფს მათ და ორიენტირებულია კვლევის შედეგების გაზიარებაზე. კვლევითი ციკლის მოდელი 6 რგოლისგან შედგება:

  1. Acquisition – აღქმადობაInquisition – ძიება
  2. Supposition – ვარაუდების გამოთქმა
  3. Implementation – განხორციელება
  4. Summation – შეჯამება
  5. Exhibition – წარდგენა

                                                                                       

        სქემა 2.     კვლევითი ციკლის მოდელი

ძიების ფაზის განმავლობაში წარმოიშობა ღია დაბოლოებიანი კითხვები. ისინი უმეტესად ასე იწყება „რა იქნება თუ…?“

აღქმადობის ფაზის მიმდინარეობისას, მასწავლებლის მიერ განხორციელებული გონებრივი იერიშის დროს, მოსწავლეები ეყრდნობიან წინარე ცოდნასა და გამოცდილებას, ებადებათ ახალი იდეები პრობლემის გადასაჭრელად. ამ ფაზის დროს მოსწავლეების კითხვა ძირითადად არის – „რა ვიცი იმისათვის, რომ ამ საკითხს პასუხი გავცე?“

ვარაუდების ფაზაში მოსწავლეებს თავიანთ ცოდნაზე დაფუძნებით შემოაქვთ წინადადებები, ვარაუდები და ძირითადად იყენებენ ტერმინებს, „მე ვფიქრობ…“, „სავარაუდოდ….“, „როგორც ჩანს…“ ეს ფაზა ძირითადად ექსპერიმენტის ჩასატარებლად ჰიპოთეზების ფორმირებას მოიცავს.

განხორციელების ფაზაში მოსწავლეები ადგენენ კვლევის გეგმასა და დიზაინს, გეგმის მიხედვით ატარებენ კვლევას და ამოწმებენ თავიანთ ვარაუდებს.

შეჯამების ფაზაში მოსწავლეები აგროვებენ მონაცემებსა და მტკიცებულებებს, აკეთებენ ჩანაწერებს და აანალიზებენ საკუთარ ქმედებებს, ადარებენ თავდაპირველ, „რა იქნება, თუ…“ გამოთქმას შედეგებთან და აკეთებენ დასკვნებს.

წარდგენის ფაზაში მოსწავლეები აზიარებენ შედეგებს. საკუთარ აღმოჩენებსა და ახალ ინფორმაციას აქვეყნებენ სტატიის, პოსტერის ან ელექტრონულად მომზადებული პრეზენტაციის სახით.

განხილული სტრატეგიები დაეხმარება საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა საბუნებისმეტყველო საგნისა და განსხვავებულ საფეხურზე სწავლების დროს. ამასთანავე, გაიზრდება შემსწავლელთა ინტერესი და მოტივაცია, განვითარდება მათი შემეცნებითი, კვლევითი და სოციალური სფეროები.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ბერძენიშვილი, ც. (2015, სექტემბერი 21). კონსტრუქტივისტული შეხედულებები სწავლაზე.
  2. ეროვნული სასწავლო გეგმა, 2005
  3. Atkin, J. M., & Karplus, R. (1962). Discovery or invention?. The Science Teacher29(2), 121-143.
  4. Barufaldi, J. (2002, July). Based on the 5E Instructional Model. In Eisenhower Science Collaborative Conference in Austin, Texas.
  5. Llewellyn, D. (2002). Teaching high school science through inquiry: A case study approach. Corwin Press. USA

 

კომენტარები

comments