პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რას ნიშნავს „ებგური?!“

ერთ საახალწლო ღონისძიებაზე, სადაც საზოგადოება სამომავლო სურვილებს გამოთქვამდა, ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალის შექმნის იდეაც გაჩნდა. ეს სურვილიც და იდეაც კი ათასჯერ მეტ ფასს შეიძენს, როცა ვიტყვით, რომ საახალწლო ღონისძიება ზუგდიდის ბიბლიოთეკაში ჩატარდა და საქმე სწორედ ქალაქის ლიტერატურული პერიოდიკის შექმნას ეხებოდა.

იდეა თავისი საქმის ერთგული და პროფესიონალი ადამიანების ხელში აღმოჩნდა, ამიტომ მალევე და, რაც მთავარია, ხარისხიანად განხორციელდა – დღეს ზუგდიდს თავისი ჟურნალი აქვს და სამომავლოდ ის რეგიონის მასშტაბით მნიშვნელოვან გამოცემად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

ჟურნალი „ებგური“.

პირველი ნომრის პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ თბილისშიც – მწერალთა სახლში – გაიმართა.

ჟურნალის შესახებ მისი რედკოლეგიის წევრები – ნიკა ლაშხია, ხათუნა გოგია, ზეინაბ სარია და ზაალ ჯალაღონია გვესაუბრებიან.

ხათუნა გოგია: ზუგდიდში ლიტერატურულ პერიოდულ ორგანოს არასოდეს უარსებია. შემთხვევიდან შემთხვევამდე, დროის დიდი შუალედით იბეჭდებოდა ალმანახები და ინტენსიურად არც თბილისიდან შემოდის მხატვრული ჟურნალ-გაზეთები. პერიფერიაში დარჩენილ ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც არცთუ ცოტანი არიან, არ აქვთ საშუალება, საზოგადოებას გააცნონ თავიანთი შემოქმედება. დედაქალაქისგან მოშორებული მკითხველი მოწყვეტილია თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს. ქალბატონმა ზეინაბ სარიამ მიუთითა, რომ ხარისხიანი პერიოდული ჟურნალი შესამჩნევად შეავსებდა ამ ვაკუუმს.

მოგეხსენებათ, ჟურნალი უნდა ესაუბროს არა მხოლოდ თანამედროვე მკითხველს, არამედ მომავალსაც, რადგან ნაბეჭდი სიტყვა რჩება როგორც მატიანე, რომელმაც უნდა ასახოს ეპოქის მსოფლმხედველობა, პრობლემები, სულისკვეთება… ყველაზე მკაფიო წარმოდგენას წარსულის ესთეტიკასა და ადამიანთა სულიერ სწრაფვებზე ხომ ლიტერატურა და ხელოვნება იძლევა! სრულფასოვნებისთვის და იმისთვის, რომ ეს მისია შეასრულოს, აუცილებელია, ჟურნალი თავისუფალი იყოს ყოველგვარი დიქტატისა და ცენზურისგან, სტერეოტიპისა თუ დაკანონებული სტანდარტისგან. მას უნდა ჰქონდეს მკვეთრად ჩამოყალიბებული და განსაზღვრული ესთეტიკური მრწამსი და ნიშა, რის გარეშეც ღირებულებას დაკარგავს. სხვადასხვა ეპოქაში ლიტერატურას სხვადასხვა საზომით აფასებდნენ. ხან მის ფუნქციად მხოლოდ მშვენიერების ასახვა მიაჩნდათ, ხანაც ტრიბუნად მიიჩნევდნენ ზნეობისა და მორალის ან ეპოქალური იდეოლოგიის საქადაგებლად… დღეს შემოქმედი თვითონ ირჩევს, რა გამოსახოს – მშვენიერი სასახლე ვარდებით, თუ კომბოსტო ქოხებთან. თანამედროვე ლიტერატურული პროცესები დიდი ხანია გასცდა ამ კლიშეებს და ახლა უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ ადამიანის სულის უფსკრულებისა და შრეების გადმოსაცემად არავითარი ჩარჩო, წითელი ხაზი, სტანდარტი და დოგმა არ შეიძლება არსებობდეს. ნამდვილი ლიტერატურა არის ცოცხალი პროცესი, რომელიც მოედინება როგორც მდინარე და მასავით ხან კამკამაა, ხანაც – ამღვრეული. მას ვერასოდეს შეაკავებს გუბერნიის მაღალი სამსახურიდან საყვედურით დაქნეული თითი.

ჟურნალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა. როცა ფინანსური საკითხები მოგვარდა, დაიწყო პირველ ნომერზე მუშაობა, რედკოლეგია წარმომადგენლობითი აღმოჩნდა: ნიკა ლაშხია, ხათუნა გოგია, ზამირა ღადუა,ზეინაბ სარია, ზაალ ჯალაღონია და ზურაბ ცხონდია, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო ჟურნალის გამოსვლას. პირველი ნომერი მის ხსოვნას ეძღვნება. პირველ ნომერზე სამუშაოდ მიიწვიეს ასევე მწერალი გური ოტობაია და პოეტი შუკო ჯიქია.

ნიკა ლაშხია: ვფიქრობ, დიდი პასუხისმგებლობით შევუდექით საქმეს, გვინდოდა, ჟურნალი მრავალფეროვანი ყოფილიყო. მასში შევიდა: პროზა, პოეზია, თარგმანები, დოკუმენტური პროზა, მეცნიერება, მეგრული პოეზია, თეატრი, ესე, ფერწერა, ერთი ლექსის ორი თარგმანი, ინტერვიუ, დავიწყების ფერფლწაყრილი სახე, დებიუტი…

პირველივე ნომერს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ერთი სრულიად უწყინარი ლექსი აიკვიატეს – ზურა ლოგუას „საახალწლო განწყობა“, რომელიც შეულამაზებლად, მძაფრად გადმოსცემს დღევანდელ სოციალურ მდგომარეობას. ადგილობრივი სახელისუფლებო ეშელონებიდან, შეიძლება ითქვას, იყო ცენზურის დაწესების მცდელობა, რის გამოც რედკოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ გამოვედით მერიის დაფინანსებიდან, ჟურნალი დამოუკიდებლად გააგრძელებს საქმიანობას.

 

კითხვაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს „ებგურს“ რეგიონისთვის, ვრცლად გვიპასუხეს და იქ არსებული მდგომარეობის შესახებაც გვიამბეს.

ზაალ ჯალაღონია: სალიტერატურო ჟურნალის არსებობას ნებისმიერი რეგიონისთვის განუზომელი მნიშვნელობა აქვს. თანაც გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სამეგრელოს რეგიონი ფრონტისპირა ხაზია, აქ მცხოვრებ ადამიანთა ნერვული სისტემა საგრძნობლად აწეწილია. მოსახლეობა მუდმივ შიშსა და ეკონომიკურ გაჭირვებას განიცდის.

სამეგრელოს ფსიქიკურად ჯერ კიდევ ვერ გადაუხარშავს 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დამთრგუნველი შედეგები, აფხაზეთის ტრაგედია, სხვა წვრილმანი თუ მსხვილმანი პოლიტიკური საკითხები, რომლებიც შეგნებულად თუ შეუგნებლად მუდმივად ამ მგრძნობიარე რეგიონს უკავშირდებოდა. ისტორიულად აქ კულტურის დონე ყოველთვის მაღალი იყო. სამეგრელო მუდამ მიისწრაფოდა ევროპული ღირებულებებისკენ, აქაური ხალხის ეთნოფსიქოლოგია ყოველთვის ევროპული გახლდათ. ამას ხელს უწყობდა სამეგრელოს ადგილმდებარეობა და ხელსაყრელი გასასვლელი ზღვისკენ.

ზემოთ ჩამოთვლილმა პოლიტიკურმა პროცესებმა კი ამ რეგიონს უმძიმესი დაღი დაასვა. დაქვეითდა ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა. ამ რიგში აღმოჩნდნენ კულტურისთვის დამახასიათებელი სხვა უმთავრესი ფორმაციებიც. მსგავსი პრობლემები მეტ-ნაკლებად საქართველოს ყველა რეგიონს აწუხებს, თუმცა, სამეგრელო ამ მხრივ, სამწუხაროდ, „მოწინავეთა“ შორისაა.

დღეს ქალაქ ზუგდიდში არ ფუნქციონირებს თეატრი, არ გვაქვს მწერალთა სახლი, სადაც შეიძლება ხელოვანებმა სულიერი შიმშილი მოიკლან. თითებზე ჩამოსათვლელ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, ქალაქი სრულ კულტურულ სტაგნაციას განიცდის. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ალღოს ვერ უღებს ნოვატორულ პროექტებს. მიმდინარეობს ენთუზიაზმის დონეზე მუშაობა, რასაც რამდენიმე ადამიანი წარმატებით ახერხებს, თუმცა ეს მთლიანობაში საქმეს ვერ შველის.

ჩვენი ჯგუფის მიზანია, ეს ვაკუუმი შეძლებისდაგვარად აღმოფხვრას, ახალგაზრდობას ჩამოუყალიბოს თანამედროვე ტექსტების თანამედროვე კრიტერიუმებით წაკითხვის ჩვევა, დაუსახოს სწორი ორიენტირები, არ მოსწყვიტოს მკითხველი სადღეისო პრობლემებს.

 

მერიის მხრიდან დაფინანსების შემთხვევაში ჟურნალი წელიწადში ერთხელ უნდა გამოსულიყო ალმანახის სახით, მაგრამ ვინაიდან „ებგურმა“ დამოუკიდებლად არსებობა გადაწყვიტა, რედკოლეგია ცდილობს, დაფინანსების სხვა წყაროები მოიპოვოს.

ნიკა ლაშხია: ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ჟურნალი წელიწადში ოთხჯერ გამოვცეთ. რედკოლეგიის სურვილია, ის ყოველთვიური გახდეს, მაგრამ ამისთვის დიდი ფინანსებია საჭირო, ამიტომ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმია. თუ პირველი ნომერი 250–გვერდიანი და ალმანახის ფორმატისა იყო, მეორე და დანარჩენი ნომრები 100–გვერდიანი იქნება და ჟურნალის სახეს მიიღებს.

 

რას გეგმავენ სამომავლოდ, რა პერსპექტივა აქვს „ებგურს“ ზუგდიდში და, საზოგადოდ, რეგიონში? – ეს საკითხიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტში განიხილება.

ზეინაბ სარია: უპირველესად, ჟურნალი უნდა დავიცვათ დიქტატისგან. მთავარი სიახლე იქნება რედკოლეგიის წევრების ურთიერთშეთანხმებული პრინციპებით მუშაობა. არავის სახელისუფლებო დიქტატს არ დავემორჩილებით. რედკოლეგიაში არიან ისეთი კომპეტენტური პირები, რომლებსაც არ შეეშლებათ, ვინ დაბეჭდონ და ვისი სახელობის პრემია დააარსონ.

ავტორთა სპექტრი ნამდვილად გაფართოვდება და რეგიონის შემოქმედთა გვერდით იხილავთ ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტულ თუ ახალბედა პოეტებს, პროზაიკოსებს, მთარგმნელებს… „ებგური“ ქართული ჟურნალი იქნება თავისი სულისკვეთებით.

ჟურნალი პრიორიტეტად დაისახავს მიჩქმალული ნიჭიერების ქომაგობას, მივიწყებული სახელების გახსენებას, ნოვაციების დაფასებას. შეეცდება წარმოაჩინოს, რომ დრო კარნახობს შემოქმედს ფორმას, გამომსახველობით საშუალებებს, მხატვრული განსახოვნების თავისებურებებს. დღეს შექმნილი ნაწარმოები უნდა შეფასდეს ადეკვატური კრიტერიუმებით და არა წინა საუკუნეების ესთეტიკური სისტემით.

ნურავის გაუკვირდება ისიც, რომ ჟურნალმა დააწესოს პრესტიჟული ლიტერატურული პრემია და ჩაატაროს კონკურსი ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო ლიტერატურისმცოდნეთა მონაწილეობით.

„ებგური“ ძველქართული სიტყვაა და „ზემოდან მოდარაჯეს“ ნიშნავს. ვუსურვოთ ახალ საზოგადოებრივ-სალიტერატურო ჟურნალს, ღირსეულად ატაროს თავისი სახელი და იქცეს მხატვრულ-სააზროვნო სივრცეების, კარგი ლიტერატურის და საზოგადოებრივი ფასეულობების მოდარაჯედ და მნიშვნელოვან პლაცდარმად, სადაც დაბეჭდვა ნებისმიერი ავტორისთვის პრესტიჟული იქნება, მკითხველი კი მოუთმენლად დაელოდება ახალ ნომრებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი