პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ ვასწავლ(ი)ოთ, სიმდიდრე კარგია თუ ცუდი?

ვიცი, სათაური გულუბრყვილოდ მოგეჩვენებათ. სიმდიდრეს რა სჯობსო ბრძანებთ. თქვენს პასუხს ოდნავ დავაზუსტებ: კანონიერი გზით მოპოვებული სიმდიდრე ადამიანის ღირსებაზე, მის უნარებზე მეტყველებს და კარგია, ხოლო უკანონოდ მოპოვებული – პირიქით.

გასაკვირი ის გახლავთ, რომ მიუხედავად ამ  ჭეშმარიტების ერთსულოვნად აღიარებისა, საგანმანათლებლო სივრცეში მეტ-ნაკლებად განსხვავებული დამოკიდებულებები იჩენს თავს. 

ამ თემაზე თქვენი ყურადღების შეჩერება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ტრენინგებზე, სადაც პედაგოგებს ვხვდები, მათგან ხშირად  მიგრძნია აგრესია სიმდიდრისადმი და მდიდარი ადამიანებისადმი. მუშაობს სტერეოტიპი “მდიდარი ადამიანი არის გაუნათლებელი, უკულტურო,  გულქვა, კრიმინალი, ეშმაკი…” პედაგოგების ეს დამოკიდებულება სავარაუდოდ (ცნობიერადაც და არაცნობიერადაც) გადაეცემათ მოსწავლეებს. ანუ კეთილდღეობისადმი აგრესიულ დამოკიდებულებას სიცოცხლე უხანგრძლივდება.

ასეთ დამოკიდებულებას აქვს თავისი საფუძველი, რომელიც საბჭოთა წარსულში ჩამოყალიბდა.  მაშინ, როცა სიმდიდრისა და კეთილდღეობის მოპოვების კანონიერი გზები პრაქტიკულად მოჭრილი იყო და სიმდიდრესა და უკანონობას შორის ტოლობის ნიშანიც საკამათო არ იყო. სკოლაში მომავლის მოქალაქე იზრდება. დღეს ძნელი, თუმცა უკვე შესაძლებელია ადამიანმა კანონიერი გზით შექმნას საკუთარი კაპიტალი და უზრუნველყოს კეთილდღეობა. იმედია, მომავალში ეს შესაძლებლობა უფრო მოიმატებს. მაშ, რატომ უნდა დავაკომპლექსოთ ბავშვები ძველი წარმოდგენებით? რატომ უნდა ვაქციოთ მათ იდეალად ღარიბი, მაგრამ წესიერი და არა – მდიდარი და წესიერი მოქალაქე? 

ადამიანი მუდამ ისწრაფის  კეთილდღეობისკენ. სწავლის მოტივაციის ერთ-ერთი მასტიმულირებელიც ეს არის. ამიტომ, როცა მოსწავლეები პირად სამომავლო გეგმებს ისახავენ, პროფესიას თუ ღირებულებებს ირჩევენ,  ფინანსური წარმატება არ უნდა გამოტოვონ   სტერეოტიპების გავლენით, მით უფრო, პედაგოგის სტერეოტიპების გავლენით. რატომ არის ჩვენი პედაგოგიური საზოგადოება გაღიზიანებული, გულგატეხილი, მოტივაციადაკარგული? ძირითადად იმიტომ, რომ არის გაჭირვებული, არ აქვს ფული და ხელფასსაც იმდენსაც ვერ იღებს, რომ აუცილებელი ხარჯები გადაფაროს. ფული რომ  ჰქონდეს, სულ სხვანაირი იქნებოდა. ფული აძლევს ადამიანს შესაძლებლობას, უზრუნველყოს საკუთარი თუ სხვათა კეთილდღეობა, ამ სიტყვის პირადული გაგებისა და შესაძლებლობათა მასშტაბების მიხედვით. სიმდიდრისკენ სწრაფვას დაბრკოლება არ უნდა შევახვედროთ, პირიქით, წავაქეზოთ კიდეც (თაობის იდეალის  მარკ ცუკერბერგის და კიდევ ბევრის მაგალითით) და თან შევახსენოთ, რომ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ცოდნითა  და შრომით შეიძლება.

კაპიტალის დაგროვება  ცოდნას ითხოვს, უნარ-ჩვევებსაც, კრეატიულობასაც, შრომისმოყვარეობასაც და რისკების გათვლა-გაწევის უნარსაც. სწორედ ამ უნარების განვითარებას უნდა ემსახურებოდეს საგანმანათლებლო სისტემა.
ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმა მოსწავლეზე და შედეგზეა ორიენტირებული. მისი ვექტორიც ფუნქციური ცოდნისკენ არის მიმართული. პროექტული სწავლება ის გამოცდილებაა, რომელიც  მოსწავლეებს ცხოვრებასთან გასამკლავებლად ამზადებს. ამ თემაზე პედაგოგებთან ხშირად მისაუბრია,  მაგრამ ერთ-ერთ რუსულ ვებგვერდზე (,,вокруг света”) წაკითხულმა სტატიამ, რომელიც მოსწავლეთა ფინანსურ განათლებას ეხება, დაგვანახა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის (მოგვწონს ეს მსგავსება თუ არა) ეს საერთო პრობლემაა. ფულზე, მის თვისებებზე ჩვენმა სკოლადამთავრებულებმა ნაკლებად იციან. სკოლადამთავრებულები კი არა, უკვე თავის პროფესიაში წარმატებული ადამიანებიც კი იბნევიან, როცა საუბარი ფინანსებზე და მათ მართვაზე მიდგება.

სამოქალაქო ეკონომიკა, რომელიც სკოლებში არჩევით საგანს წარმოადგენს, კარგი იქნება, რომ სავალდებულო საგანთა შორის იყოს და მაღალი ხარისხით ისწავლებოდეს.

ამერიკელი (ეთნიკურად იაპონელი) მეწარმე, ინვესტორი, მწერალი და მასწავლებელი რობერტ კიიოსაკი წერს: როცა მეკითხებიან, თუ რომელ საგანს დავამატებდი სასკოლო პროგრამაში, თუ განათლების სისტემას ვუხელმძღვანელებდი, ვპასუხობ: ისეთ საგანს დავამატებდი, რომელიც მოსწავლეებს  გადასახადების, ვალებისა და ინფლაციის  ურთიერთკავშირში გაარკვევდა, რადგან თუ  ამაში გაერკვევიან, მათ საიმედო მომავალი ექნებათ. თქვენ მდიდრებად ოქრო, ვერცხლი და უძრავი ქონება კი არ გაქცევთ, არამედ ის, რაც ოქროზე, ვერცხლზე და უძრავ ქონებაზე იცით.

ანუ პიროვნების  ფინანსური წარმატების წინაპირობა ცოდნაა. საქმე ის გახლავთ, რომ ცოდნა ინფორმაციის ფლობას ნიშნავს და დღეს მუდმივად განახლებადი ინფორმაციული ნაკადების პირობებში წარმატებაზე ორიენტირებულმა ადამიანმა სიახლეს თვალი კი არ უნდა მოუხუჭოს, არამედ კვალში უნდა ჩაუდგეს.

ამ მიმართებით მნიშვნელოვანია საბაზისო ცოდნის მიცემა და  სიახლისადმი მუდმივი სწრაფვის დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რომ მომავალმა მოქალაქეებმა კეთილდღეობას მიაღწიონ.  თუ ასეთი ადამიანს სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობებიც ექნება შეთვისებული, ის სიმდიდრესთან ერთად თანამგრძნობიც იქნება, ქველმოქმედიც, კეთილიც და ასე შემდეგ. თორემ შეიძლება ადამიანი ძალიან კეთილი და სათნოებით აღსავსე იყოს, მაგრამ საკუთარ გაჭირვებაში ჩაძირულს აღარ შერჩეს ძალა და განწყობა სხვებზე ზრუნვისთვის.

საქართველოშიც უკვე ჩნდებიან წარმატებული ადამიანები, რომელთა კაპიტალი ეჭვს არ იწვევს და მათი მაგალითი ახალგაზრდებისთვის დიდი სტიმულია. წინა სემესტრში დუშეთის #2 საჯარო სკოლაში ასეთმა ახალგაზრდა ქართულმა ბიზნესმა, სკოლის მოსწავლეებს კარგი პროექტი დაუფინანსა და სკოლის ბიბლიოთეკა  ახალი წიგნებით შეივსო. პროექტის პრეზენტაციაზე ერთ-ერთმა მოსწავლემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და დასძინა – მე არასდროს დამავიწყდება, რომ თქვენ მომეცით საშუალება წამეკითხა წიგნები, რომლებსაც  ვერ ვყიდულობდი და ვეცდები, ცხოვრებაში მეც მივაღწიო იმდენს, რომ ასეთი სიხარული სხვებს განვაცდევინოო. ქველმოქმედება, როგორც ყველანაირი სიკეთე, ახალ ქველმოქმედებას აღძრავს.

წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრები, მათთან საუბრები და დისკუსიები სააღმზრდელო პროცესის თანამდევ აქტივობას უნდა წარმოადგენდეს.  ჩვენ ყველანი კი გამოვიდეთ საბჭოთა სტერეოტიპებიდან და გამოვუტყდეთ საკუთარ თავსა და ჩვენს მოსწავლეებს იმაში, რომ ფული და კეთილდღეობა ძალიან კარგი რამ არის და ყველას მოსწონს,  იმიტომ, რომ ხელი ეხსნება აკეთოს კარგი საქმეები საკუთარი თავისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ჩვენ ძალიან გვჭირდება გვყავდეს, რაც შეიძლება მეტი მდიდარი მოქალაქე, ისინი ახლა სკოლის მერხებთან სხედან და თავის დასამკვიდრებლად ემზადებიან. გადავყაროთ გამოუსადეგარი სტერეოტიპები და დავუდასტუროთ, რომ სიმდიდრეც კარგია და  თავის დროზე და თავის ადგილზე ფულზე ლაპარაკი უხერხული კი არა, აუცილებელიც კია.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი