პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ანა და საიდუმლო წარწერები

ორი მეფის, ერეკლესა და გიორგის მრჩეველი იყო ეგნატე თუმანიშვილი, გავლენიანი, ჭკვიანი, ცბიერი კაცი.  როცა გიორგი მეფემ რუსეთის იმპერატორს ტრაქტატის ახალი პირობები შესთავაზა, ისიც მის გვერდით იყო. გარდაცვლილი პატარა კახის ნაიარევი სახე სიზმარშიც არ ასვენებდა, მაგრამ მაინც თვლიდა, რომ ერთადერთი გამოსავალი პატარა ქვეყნისთვის რუსეთის სრული მორჩილება იყო, ამიტომაც  მეფის გადაწყვეტილებას არც შეწინააღმდეგებია,  პირიქით, იქნებ დიდმა ქვეყანამ უფრო დიდი ფრთებიც გაგვაშლევინოსო.

ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა და ახალი, სხვაგვარი ცხოვრება დაიწყო დიდი სახელწიფოს წესებით. ეგნატეც პოლიტიკულ საქმიანობას შეეშვა და თავისი ძველი, საყვარელი საქმე-მწიგნობრობა გაიხსენა.

შვილები უკვე მოიზარდნენ, ყველა განსაკუთრებული ხელოვანი იყო გადაწერის, კალიგრაფიის, მწიგნობრობის საქმეში, ზოგიერთი – პოეზიასაც ეპარებოდა, მათ შორის, საკმაო წარმატებითაც. შტატსკი სოვეტნიკი – გიორგი რუსულ მედალსა და მეფის გამოცხადებულ მადლობებს შორის ლექსების წერასაც ახერხებდა, თანაც, თავისი განსაკუთრებული მუზის, ულამაზესი მაია ორბელიანით შთაგონებული, დასეირნობდა ტფილისის ქუჩებში დროშკით და ხან რუსთაველის, ხანაც ჩახრუხაძის კიდობნიდან ამოცლილი რითმა-მაჯამებით ლექსებს წერდა. დავითი – კალოგრაფობდა, იესეც, ანა ხომ დღესა და ღამეს ლამაზ-ლამაზი წინადადებების ამოგვირისტებაში ატარებდა. ახლაც კიდევ ერთი წიგნის  გადაწერა ჰქონდა დაწყებული, მამას ხშირად ეკითხებოდა რჩევას, მელნის ფერსა და ფურცლის ხაოს უთანხმებდა.

დიდი თავისნათქვამა გოგო იყო ანა,  მამის ნებიერა, ყველაზე საყვარელი შვილებს შორის.  იშვიათად იცლიდა მისთვის ეგნატე, ამიტომაც, ყოველი მათი შეხვედრა კიდევ უფრო ძვირფასი იყო ანასთვის. რაზე აღარ საუბრობდნენ, „ვისრამიანსა“ და “ბარამიანზე”,  საქართველოს მომავალსა და წარსულზე, ანა ფიქრობდა, რომ რუსეთის ქვეშევრდომობა არასწორი გადაწყვეტილება იყო, ეგნატე ორი ცუდი არჩევანიდან ნაკლებად უარესზე მიუთითებდა, საერთო აზრამდე კი ვერ მიდიოდნენ.

სამაგიეროდ, როცა „ვეფხისტყაოსანსა“ და ლიტერატურას, გადაწერილ თუ გადასაწერ წიგნებს მიადგებოდნენ, მამა-შვილის თანამოაზრეობა ცხადი ხდებოდა.

ლექსებსაც წერდა ანა, თუმცა მამას არ აკითხებდა, ამისთვის მეგობარი, ისიც კარგი პოეტი და მწიგნობარი პეტრე ლარაძე ჰყავდა, ანდა ძმა – გიორგი თუმანიშვილი. ერთხანს მიმოწერისათვის სრულიად ახალი, საიდუმლო დამწერლობა მოიფიქრეს, დაშიფრული სიტყვებითა და მარცვლებით, რომელსაც სხვა ვერავინ გაიგებდა. ასეთივე მინაწერებს ტოვებდა ანა თავის გადაწერილ წიგნებზეც, ეს მისი საკუთარი საიდუმლო იყო, მისი სულისა და ფიქრის გამოხატულება.

ერთგვარი ლიტერატურული სამეგობრო ჰქონდათ, ორდენის მსგავსი, იკრიბებოდნენ, ჩაის სვამდნენ, ლექსებს კითხულობდნენ, ზოგს სხვისას, ზოგსაც – თავიანთს, ახალს. ცოტა ხანს ანას ძმა-დავითიც მათთან იყო, შემდეგ ოჯახსა და სამსახურს მოეკიდა და წიგნებისთვის ვეღარ იცლიდა.

ლექსებსაც ბევრს უძღვნიდნენ, მეგობარ პოეტებსაც ჩუმ-ჩუმად უყვარდათ, თუმცა დიდი მრჩევლის შვილსა და გიორგი თუმანიშვილის დას ვერაფერს უბედავდნენ. „«ან ამან მომკლა ანა მან“ – მაჯამურ ლექსებს წერდა პეტრე ლარაძე და ხმამაღლა არაფერს ეუბნებოდა. რომ ეთქვა, იქნებ თანაგრძნობაც მიეღო, მაგრამ ვერასდროს სცადა, მერე კი დაგვიანდა.

დიდხანს სწერდნენ ერთმანეთს საიდუმლო წერილებს, აკროსტიხებს, მაჯამებს,

მერე ანაც გათხოვდა და ყველა პოეტსა და აშიკს გული დასწყვიტა, სამაგიეროდ, ავთანდილ ამილახვარი გააბედნიერა და ორი შვილიც გაუჩინა.

„ვეფხისტყაოსანი“  უკვე ოჯახს მოკიდებულმა, შვილების აღზრდით დაკავებულმა კნეინა ანამ გადაწერა,  მუყაოს ყდიანი ხელნაწერი, ლამაზად გამოყვანილი სინგურის ასოები, თავსამკაულით,  ანამ თავისი შვილის, ალექსანდრეს მიუძღვნა, როგორც ხელნაწერიდან ვიგებთ.

მოგვიანებით ამ ხელნაწერის მინაწერებში კიდევ ერთ ქალს – ბარბარე ჯორჯაძეს ვპოულობთ, რომელიც წლების მერე თავის პოეტ ბებიას ეხმიანება.

ხელნაწერის მინაწერებში კიდევ ერთი ქალისა და ოჯახის ამბავი ცოცხლდება, პოეტის, კალიგრაფის, მკითხველისა და საინტერესო ლიტერატორის. „მე ვარ უმოყვრო მოყვარე“ – როგორც ის თავის ერთ-ერთ მინაწერში ამბობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი