პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მასწავლებლის მოლოდინები

„შენ იმას ხედავ, რის დანახვასაც ელი, სევერუს!” – ასე უპასუხა ჰოგვორთსის სკოლის დირექტორმა ალბუს დამბლდორმა მავანი მასწავლებლის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მოსწავლე „არაფრით გამორჩეული, მამასავით ქედმაღალი, წესების დამრღვევი, პოპულარობით გაყოყლოჩინებული, ყურადღების მოყვარული, თავხედი” ბიჭი იყო. თან დაამატა: „მასწავლებლები კი ამბობენ, მორიდებული, მომხიბლავი და საკმაოდ ნიჭიერიაო. მე თუ მკითხავ, საყვარელი ბავშვია”. („ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები”, ჯოან როულინგი, ციცო ხოცუაშვილის თარგმანი).

ჩვენ განსაზღვრული მოლოდინი გვაქვს საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მიმართ. ხანდახან ეს მოლოდინი იმდენად დიდია, მთელ ძალისხმევას იმისკენ მივმართავთ, რომ ის შედეგი მივიღოთ, რასაც ველით. ფსიქოლოგები ამას თვითაღსრულებად წინასწარმეტყველებას (self-fulfilling prophecy) უწოდებენ. სოციალურ-კოგნიტური თეორიის წარმომადგენლის ალბერტ ბანდურას თეორიაში განხილულია თვითეფექტურობის ცნება – „ინდივიდის რწმენა, რომ მას შეუძლია მოცემული მიმართულების მქონე ისეთი ქმედების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც საჭიროა მომავალ სიტუაციებთან გასამკლავებლად” (სოციალური დასწავლა და კულტურა, ლილი ხეჩუაშვილი). მნიშვნელოვანია, დაგეგმვის დროს თავს იმდენად კომპეტენტურად ვგრძნობდეთ, რომ შეგვეძლოს, ბოლომდე მივიყვანოთ დაგეგმილი საქმე. ამაში შესაძლოა დაგვეხმაროს სხვა ადამიანების ჩვენთან დაკავშირებული მოლოდინებიც. „ფენომენს, რომლის დროსაც ერთი ადამიანის მოლოდინი მეორის ქცევის მიმართ მოქმედებს როგორც თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველება”, რობერტ როზენტალმა პიგმალიონის ეფექტი უწოდა.

როზენტალის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მასწავლებლის მოლოდინი დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ თუ სხვა უნარებზე. კერძოდ, თუ მასწავლებელი პროგნოზირებს, რომ ერთ-ერთი მოსწავლე მაღალ ქულას მიიღებს მათემატიკის ტესტში, ამ მოსწავლეს უმაღლდება თვითეფექტურობის განცდა და ის უფრო მეტ ძალისხმევას გაიღებს, რათა მაღალი ქულა მიიღოს. კვლევების მიხედვით, დამამთავრებელი კლასის ის მოსწავლეები, რომელთა მომავლის თაობაზეც მასწავლებლები პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებენ, მეტი წარმატებით დაამთავრებენ კოლეჯს, ვიდრე ისინი, რომელთა მიმართ უფრო ნეგატიური მოლოდინები აქვთ.

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მოსწავლის ქცევაში ცვლილებები შეინიშნება, მაგრამ არ იცვლება მასწავლებლის მოლოდინი. მაგალითად, მან შესაძლოა ვერ შეამჩნიოს, რომ ფრიადოსანმა ბავშვმა მოუკლო სწავლას ან ბოლო მერხზე მჯდომმა ბიჭმა, რომელსაც „მთელი წელი ხმა არ ამოუღია”, სწორად უპასუხა დასმულ კითხვას. ეს იმიტომ, რომ მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს იმ ინფორმაციაზე, რომელიც შეესაბამება მის საწყის მოლოდინს და მოულოდნელ შედეგს მიაწერს ისეთ მიზეზს, რომელსაც მოსწავლე ვერ აკონტროლებს. მაგალითად, პირველ შემთხვევაში, შესაძლოა იფიქროს, რომ ბავშვს უბრალოდ რთული პერიოდი უდგას, მეორე შემთხვევაში კი მოსწავლემ ითაღლითა. კვლევების მიხედვით, პიგმალიონის ეფექტი უფრო აშკარაა უმცროსკლასელებსა და იმ უფროსკლასელებთან, რომლებსაც საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შესახებ უფრო ნაკლები ინფორმაცია აქვთ.

მასწავლებლის მოლოდინს სხვადასხვა საფუძველი აქვს, მაგალითად, მოსწავლის პირადი საქმე, მისი სქესი, ეთნიკური წარმომავლობა, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, ფსიქოლოგის დასკვნა, სამედიცინო დიაგნოზი, მის და-ძმებთან ურთიერთობის გამოცდილება, კოლეგების შეხედულება ამ მოსწავლეზე… დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის გენდერულ წამოდგენებს. კერძოდ, კვლევები ადასტურებს, რომ გოგონებისგან მოელიან მაღალ აკადემიურ მიღწევებს, ოღონდ უფრო ჰუმანიტარულ საგნებში და არა მათემატიკაში ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ამავე დროს, ბიჭებისგან ელიან დისციპლინის პრობლემებს. „განტევების ვაცად” ხშირად იქცევა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე.

თუ მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ ზოგიერთი მოსწავლე უუნაროა და მათთან მუშაობისას ნაკლებად ეფექტური სტრატეგია გამოიყენა, ეს მოსწავლეები ორმაგი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან: ერთი მხრივ – დაბალი მოლოდინის, მეორე მხრივ კი არაადეკვატური სწავლებისა (Good & Brophy, 2003). სწავლება უეფექტო ხდება მაშინ, როცა ბავშვს მეტი შეუძლია, მაგრამ მასწავლებელს მის მიმართ დაბალი მოლოდინი აქვს და ამის გამო უფრო ადვილ მასალას სთავაზობს. ერთი და იმავე სწორი პასუხისთვის დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეებმა შესაძლოა უფრო ნაკლები ქება დაიმსახურონ, ვიდრე მაღალი მოსწრებისამ. შეფასების გაუგებარი სისტემა აქვეითებს მათ მოტივაციას.

გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლებიც მასწავლებლებს მოლოდინის ნეგატიური ეფექტის თავიდან აცილებაში დაეხმარება:

◦ გაითვალისწინეთ, რომ „ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობია” და დაუჯერეთ „აქ და ამჟამად” მყოფი მოსწავლის შესაძლებლობებს, უნარებს და არა პირად საქმეს ან მისი ყოფილი მასწავლებლის მასთან დაკავშირებულ გამოცდილებას.

◦ მოსწავლეებთან შეთანხმებით შემოიღეთ კლასის საერთო წესები და ეცადეთ, წახალისებაც და სასჯელიც ყველას დამსახურებისამებრ შეეხოს, რათა რომელიმეს არ გაუჩნდეს უსამართლობის განცდა.

◦ დაბალი მიღწევის მოსწავლეებსაც ისეთივე სიხშირით დაუსვით კითხვები, როგორითაც იმ მოსწავლეებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ. შეფასების სისტემა და კომენტარები უნდა იყოს მკაფიო და გასაგები, რათა ბავშვმა იცოდეს, რაში მიიღო ესა თუ ის ქულა.

◦ გამოიყენეთ ისეთი მასალა, რომელიც წარმოგვიდგენს მრავალ ეთნიკურ ჯგუფს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი