შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

თაობა, რომელსაც ლიტერატურა არცთუ ძლიერ უყვარს

სადავო არ უნდა იყოს, რომ წიგნი ადამიანის გაკეთილშობილების ერთგვარი საშუალებაა. თუ ამ მოსაზრებას დავეყრდნობით, თანამედროვე საზოგადოებისკეთილშობილების ხარისხი არცთუ სახარბიელო აღმოჩნდება. დღეს,ინტერნეტსივრცით აქტიური სარგებლობის ეპოქაში, კიდევ უფრო გაძვირდა ღირებული მხატვრული ტექსტის კითხვისას დაბადებული ნამდვილი ემოცია. საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას მასწავლებელს ყველა ბერკეტის გამოყენება მართებს, რათა მოზარდს ემოცია გაუღვიძოს. მეტიც – ბავშვები ეწინააღმდეგებიან გრძნობას, რომელსაც ტექსტი იწვევს, იმიტომ რომ ასე გაცილებით ადვილია. იმიტომ რომ ზედმეტი ფიქრი ართულებს ცხოვრებას (ეს მათეული ხედვის ჩემეული ფორმულირებაა)…

 

რა თქმა უნდა, ზემოთქმული ყველა მოსწავლეს არ ეხება, უმრავლესობას კი – ნამდვილად. ჩვენს დროში აქტუალური ძალადობის საკითხებიც ნაწილობრივ (თუ სრულად არა) მაშინ მოგვარდება, როცა წიგნი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში კუთვნილ როლს დაიბრუნებს. ნუ ჩამითვლით ნათქვამს პათეტიკად, რადგან შეუძლებელია, ინანიშვილის, ჩოხელის, რჩეულიშვილის, ლეონიძის ტექსტებზე აღზარდო ბავშვი და ხილულ შუქად არ გაატანო ის დიდი სიკეთე, რომელიც თავისთავად გამორიცხავს ყოველგვარ ნეგატიურ ქცევას, მათ შორის – ძალადობასაც.

პრობლემის მთელ სირთულეს რომ გაიაზრებ, იწყებ გზების ძებნას, რომლებიც ამ ჩიხიდან გამოგვიყვანს. მე თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი გახლავართ და სკოლის ბაზაზე არსებული რესურსებისა თუ უნარების გათვალისწინებით ვცდილობ, მცირედი მაინც გავაკეთო ამ საკითხის მოსაგვარებლად: გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში ვმართავთ შეხვედრებს თანამედროვე მწერლებსა და პოეტებთან, კლასების ბაზაზე ვაყალიბებთ ლიტერატურულ-თეატრალურ დასებს, სამომავლოდ ვგეგმავთ ლექციური ტიპის შეხვედრებს ლიტერატორებსა და მეცნიერ თანამშრომლებთან…

პროექტი „თანამედროვე ლიტერატურული პროცესების კვალდაკვალ” თითქმის სამი წელია მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში ბევრი საინტერესო შეხვედრის ჩანაწერი დაგვიგროვდა. ცოცხალ ავტორებთან შეხვედრა, ერთი მხრივ, ზრდის კითხვის მოტივაციას, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს თანამედროვე ავტორთა პოპულარიზაციას. ბუნებრივია, პრობლემა ამით ძირეულად არ აღმოიფხვრება, მაგრამ ნაწილობრივ ნამდვილად მოგვარდება.

ლიტერატურულ-თეატრალური დასის ჩამოყალიბებით მოსწავლეებს გავუჩინე წიგნთან მისვლის დამატებითი მოტივაცია, რადგან რეჟისორებიც, მსახიობებიც და მხატვრული გამფორმებლებიც თავად არიან. მინდა გაგიზიაროთ ჩემი პრაქტიკული გამოცდილება ლიტერატურულ-თეატრალური დასის მუშაობის შესახებ.

პირველი ეტაპი – მეშვიდეკლასელებისთვის შევარჩიე გიორგი ლეონიძის მოთხრობები კრებულიდან „ნატვრის ხე”.

მეორე ეტაპი – მოსწავლეთა მონაწილეობით დავაკომპლექტე ჯგუფები: სცენარისტებისა, რეჟისორებისა, მხატვრებისა, მუსიკალური გამფორმებლებისა, მსახიობებისა.

მესამე ეტაპი – ტექსტის დაზუსტების შემდეგ ჯგუფებს მივეცი დეტალური დავალება, ექციათ ლიტერატურული ტექსტი სცენარად. მათ შექმნეს გიორგი ლეონიძის მოთხრობების კოლაჟი და ინსცენირებისთვის მოამზადეს შერჩეული ტექსტი. შემდეგ რეჟისორმა ჯგუფის წევრთა შესაძლებლობების მიხედვით გააანაწილა როლები.

მეოთხე ეტაპი – სცენარის მიხედვით რეჟისორი და დასი მართავდნენ რეპეტიციებს. რეპეტიციების დასრულების შემდეგ, როცა მინისპექტაკლმა სრულყოფილი სახე მიიღო (მუსიკალური და მხატვრული დეტალების ჩათვლით), ის კლასს წარუდგინეს.

ასეთი მიდგომით ვმუშაობთ ორ ან სამ ნაწარმოებზე. წლის განმავლობაში ვაგროვებთ საუკეთესო თეატრალურ სიმულაციებს და სასწავლო წლის დასასრულს სკოლის ფართო აუდიტორიის წინაშე წარვადგენთ. ლიტერატურულ-თეატრალური დასი წიგნთან შემოქმედებითი მუშაობის თავისებურ განწყობას ქმნის.

მომდევნო სასწავლო წელს ამ კლასში ვგეგმავ ლექციური ტიპის შეხვედრებს მწერლებთან, მეცნიერ თანამშრომლებთან და, ვფიქრობ, ეს მეტ აკადემიურობას შესძენს მოზარდის ცოდნას ამა თუ იმ ლიტერატურულ საკითხზე.

დაბოლოს, არ ვცხოვრობ ილუზიებით და ვხვდები, რომ 21-ე საუკუნე იმ სასათბურე პირობებში ვერ ამყოფებს ლიტერატურას, რომლებითაც ის რამდენიმე ათეული წლის წინ სარგებლობდა, ვხვდები, რომ დოჩანაშვილის მოთხრობას „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” მთლად მარცხენა ხელის მაჯიდან იდაყვამდე დაბურძგვლით ვერ წაიკითხავენ (თუმცა გამონაკლისების იმედს აქაც ვიტოვებ), მაგრამ ჭეშმარიტი ლიტერატურისა და ნამდვილი ავტორების სიდიადეს უდავოდ გაიაზრებენ; გაიაზრებენ და გამოთქვამენ ისე, როგორც თავიანთი გონება და გრძნობა უკარნახებთ. ჩემმა შვილმა, როცა 11 წლის იყო, ვაჟა ასე შეაფასა: რა აწერინებდა ამ კაცს ასეთ მოთხრობებს, რომ მოსვენება დამაკარგვინა – არ მინდა კითხვა, მაგრამ მაინც ვკითხულობო.

დაე, იყოს ასე: ზოგმა – მშობლის მცდელობით, ზოგმა – მასწავლებლის რჩევით, ზოგმა – კრეატიული და საინტერესო პროექტის წყალობით აიღოს წიგნი ხელში და მერე ნაგრძნობი თუნდაც ისე გამოთქვას, ჩემს შვილს რომ გამოუვიდა – წიგნის პროტესტითა და წიგნისავე აღიარებით…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი