ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კროსენსის გამოყენება  გეოგრაფიის სწავლებისას

რა არის კროსენსი?

კროსენსი  ასოციაციური თავსატეხია, რომელიც   რამდენიმე ინტელექტუალური გასართობს  ამოცანებს, რებუსს, თავსატეხს აერთიანებს.

სიტყვა „კროსენსი“ ნიშნავს აზრების გადაკვეთას. ამ მეთოდის ავტორებია მწერალი და

პედაგოგი  სერგეი ფედინი  და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მხატვარი და

ფილოსოფოსი ვლადიმერ ბუსლენკო.  სიტყვა „კროსენსი“ ამ ავტორების მიერაა მოგონილი  სიტყვა „კროსვორდის“ ანალოგიურად, რომელიც ინგლიუსრიდან თარგმანში „სიტყვების გადაკვეთას ნიშნავს. კროსენსი პირველად 2002 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში „Наука и жизнь“.

კროსენსის საფუძველია სამ რიგად განლაგებული კვადრატები ანუ ჯამში 9 კვადრატი. თითოეულ კვადრატში თითო სურათია (ილუსტრაცია) მოთავსებული  და ეს  ცხრა სურათი  გარკვეულ ასოციციურ ჯაჭვს წარმოადგენს. კროსენსში სურათები ისეა განლაგებული, რომ  თითოეული სურათი დაკავშირებულია წინა და შემდგომ სურათებთან, ხოლო ცენტრალური სურათი აზრობრივად ერთდროულად ყველა სურათს აერთიანებს.  კროსენსის ამომხსნელის  ამოცანაა იპოვოს ასოციაციური კავშირი  მეზობელ სურათებს შორის. ეს კავშირი კი თავსატეხში შესაძლოა იყოს, როგორც ზედაპირული, ისე სიღრმითი. კროსენსის წაკითხვა ხდება ზემოდან ქვემოთ ან მარცხნიდან მარჯვნივ, შემდეგ წინ და მთავრდება ცენტრალურ ანუ მე-9 კვადრატში.

როგორ ამოვხსნათ კროსენსი?

დაწყება შეიძლება როგორც პირველი, ასევე ნებისმიერი  ნაცნობი სურათით. ცენტრალურია კვადრატი N5.  ავტორის სურვილის მიხედვით ის შეიძლება აზრობრივად იყოს დაკავშირებული კროსენსის ყველა სურათთან. ასევე  კროსენსის ავტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია სურათს თან დაურთოს მინიშნება ტექსტის სახით – ვინ ან რა არის გამოსახული თითოეულ სურათზე, ხოლო დავალებაა – დაადგინოს კავშირი მეზობელ გამოსახულებებს შორის ან დაასათაუროს კროსენსი.

როგორ შევადგინოთ კროსენსი?

კროსენსის შედგენისას ავტორმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ალგორითმები:

1) განსაზღვროს თემატიკა (საერთო იდეა);

2) შეარჩიოს თემასთან დაკავშირებული 9 ელემენტი (რა უნდა გამოსახოს);

3) იპოვოს კავშირები ამ ელემენტებს შორის;

4) დაადგინოს ელემენტების  თანმიმდევრობა  კავშირის მიხედვით „ჯვარი“ და „საფუძველი“.

5) მოახდინოს აზრის კონცენტრირება  ცენტრალურ ელემენტში;

6) შეარჩიოს სურათები,  რომელთა საშუალებით მოხდება შერჩეული ელემენტების

ილუსტრირება;

7) შეცვალოს შერჩეული ელმენტები სურათებით.

როგორ გამოვიყენოთ კროსენსი?

რადგან კროსენსის ძირითადი აზრი გარკვეულწილად გამოცანას, რებუსს, თავსატეხს წარმოადგენს,  შესაბამისად, ის მოსწავლეთა ცოდნის შემოწმების კარგი და, ამავე დროს, არატრადიციული ფორმაა. გაკვეთილზე კროსენსის გამოყენება  ბევრი დანიშნულებით შეიძლება. ის შეიძლება გამოვიყენოთ, როგორ საშინაო დავალების შემოწმების საშუალება – მოსწავლე კროსენსის დახმარებით საუბრობს  გავლილი მასალის შესახებ. გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობისას – მოსწავლეები პოულობენ კავშირს გამოსახულებებს შორის და განსაზღვრავენ გაკვეთილის თემას, შესასწავლ საკითხებს;  წინარე ცოდნის გასააქტიურებლად – მოსწავლეები კროსენსის დახმარებით იხსენებენ,    რა იციან ამა თუ ამ კონკრეტული საკითხის, თემის შესახებ; თემას ხსნიან ინფორმაციულ ბლოკს და ახდენენ პრობლემის განსაზღვრას – სურათებისა და სიმბოლოების  მიხედვით ადგენენ ობიექტის, მოვლენის, პროცესის სახეებს, მიზეზებს, შედეგებს. ნასწავლი მასალის  განზოგადებისა და განმტკიცებისათვის – კროსენსი შედგება იმ  სურათებისგან, რომლებიც  გამოყენებული იყო გაკვეთილზე, მოსწავლეები კი მათი საშუალებით განაზოგადებენ მასალას და გამოაქვთ დასკვნები; შემოქმედებითი ხასიათის  საშინაო დავალების შესასრულებლად – მოსწავლეები თავად ქმნიან კროსენსს ბეჭდური ან ელექტრონული სახით,  ან მასწავლებლის მიერ მიცემულ თემაზე ან თავისუფალ თემატიკაზე.

რას გვაძლევს კროსენსის გამოყენება?

კროსენსის  გამოიყენება შეიძლება  სხვადასხვა საგნის სწავლებისას სწავლების ყველა საფეხურზე, ასევე სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. ეს მეთოდი  ეფექტურია, როგორც ჯგუფური, ისე  წყვილური და ინდივიდუალური მუშაობის დროს.  კროსენსის გამოყენება საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ რამდენად ღრმად და საფუძვლიანად ესმით მოსწავლეებს  შესასწავლი საკითხები.  ამასთანავე იგი ხელს უწყობს ლოგიკური, წარმოსახვითი და ასოციაციური აზროვნების განვითარებას; ასევე, კრეატიულობისა და არასტანდარტული აზროვნების  ფორმირებას; ეხმარება მოსწავლეებს თვითგამოხატვაში. კროსენსის ამოხსნისას მოსწავლეებს უვითარდებათ კომუნიკაციური და რეგულაციური უნარები, ინფორმაციასთან მუშაობის უნარ-ჩვევები; იზრდება მათი ცნობისმოყვარეობა და მოტივაცია საგნისადმი. ანუ კროსენსი მოსწავლეს ასწავლის ფიქრს, საკუთარი აზრის გამოთქმას, ინფორმაციის დამუშავებას და  უვითარებს მხედველობით მეხსიერებას,  ლოგიკურ აზროვნებას და უმაღლებს მოტივაციას.

ნიმუშად გთავაზობთ  კროსენსის ორ  მაგალითს გეოგრაფიაში:

კროსენსი თემაზე:  „დედამიწის ბიოგრაფია“.

კროსენსი თემაზე:  „ავსტრალიის აღმოჩენა და გეოგრაფიული მდებარეობა“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი