კლასი, როგორც კოლექტივი და მისი ღირებულებათა სისტემა

მე დამრიგებელი ვარ. თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩამაბარეს ერთ-ერთი მეხუთე კლასი და უკვე მესამე სასწავლო წელია, მაქვს პატივი, მათი დამრიგებელი ვიყო. საქართველოს საჯარო სკოლებში ძირითადად ასეთი პრაქტიკაა. დაწყებითი საფეხურის მეოთხე კლასის ჩათვლით კლასს ერთი დამრიგებელი ჰყავს, ხოლო მეხუთედან ბოლომდე – მეორე. არსებობს გამონაკლისები, რომელთა გამოც დამრიგებელი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ტრადიცია ასეთია და ოპტიმალურ ვარიანტადაც ეს მიიჩნევა – მეხუთე კლასიდან ბოლომდე კლასთან ერთი მასწავლებლის მუშაობა.

კლასი! ვისაც მასწავლებლად არ უმუშავია, სკოლაში ხომ უსწავლია? თითქოს ყველამ იცის, რა არის კლასი… მაგრამ არა, კლასი, როგორც ფენომენი, როგორც უნივერსალური კოლექტივი, როგორც მიკროკოსმოსი, რომელიც მაკროკოსმოსის პროექციაა თავისი უღრმესი და ურთულესი იმანენტური კანონებით, მხოლოდ დამრიგებელმა შეიძლება იცოდეს. ზოგადი განათლების შესახებ კანონში წერია, რომ კლასი არის „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა დროებითი, სულ მცირე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შენარჩუნებული ერთიანობა, რომელიც შედგენილია ეროვნულ სასწავლო გეგმებში მოცემული რეკომენდაციებისა და ამ დაწესებულების წესდების  მიხედვით და რომელში გაერთიანებული მოსწავლეებიც ძირითადად ერთად სწავლობენ ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს”. კლასში მოსწავლეთა რაოდენობა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, 25 მოსწავლით განისაზღვრება, მაგრამ გამონაკლისების დაშვებაზე უფლებამოსილი უწყებების წყალობით თბილისის საჯარო სკოლების უმრავლესობაში კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა ხშირად 30-ს აჭარბებს. ჩემს კლასში 35 მოსწავლეა. კლასის გაყოფა ხდება რამდენიმე საგანში. კლასიკურ გიმნაზიაში მხოლოდ უცხო ენასა და ისტ-ში. კლასში მოსწავლეთა მიმოსვლა ხშირად ხდება, მაგრამ ძირითადი შემადგენლობა მაინც უცვლელია და ახლად მიღებული მოსწავლე მალევე ახერხებს ადაპტაციას კლასის გარემოსთან. გამოცდილი მასწავლებლები ამბობენ, რომ წინა წლებში 45 და მეტი მოსწავლეც კი ყოფილა დედაქალაქის საჯარო სკოლების კლასებში, მაგრამ კლასების მართვა არ იყო ისე რთული, როგორც ახლაა.

სწავლა-სწავლების აქტორების: სკოლის პედკოლექტივის, მოსწავლისა და მშობლის ურთიერთობების სიჯანსაღის, ნდობისა და ურთიერთპატივისცემის  პირდაპირპროპორციულია კლასის წარმატებულად მართვისა და ხარისხიანი განათლების შესაძლებლობაც. არსებობს დოკუმენტი, რომელსაც „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები” ეწოდება, ასევე ყოველ სკოლას შემუშავებული აქვს საკუთარი მისია განათლების კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც გაწერილია საგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი ორიენტირები. სკოლის მისიის უმთავრესი მიმართულებაა თანამედროვე ცივილიზაციის მოთხოვნების ადეკვატური მოქალაქის აღზრდა, რაც წარმოუდგენელია კულტურის ღირებულებათა სისტემების კლასებში იმპლემენტაციის გარეშე.

ღრმად მწამს, რომ ყოველი კოლექტივი თავისი არსით უნივერსალურია, წევრების მრავალფეროვნებასთან ერთად მას აქვს თავისი ერთსახოვნების კანონებიც და მისი მართვა არანაკლებ რთულ საქმედ მიმაჩნია, ვიდრე თუნდაც სახელმწიფოს მართვა. შესაძლოა, ჩემი ეს განაცხადი ცოტა ეპატაჟურადაც ჟღერდეს, მაგრამ ვინაიდან სკოლაში მუშაობის საკმაოზე მეტი გამოცდილება დამიგროვდა, თავს უფლებას მივცემ განვაცხადო, რომ კლასის მართვა და მისთვის ფასეულობების სწორად მიწოდება, ახალი თაობის ჯანსაღ ნიადაგზე აღზრდა დიდი საქვეყნო-საკაცობრიო საქმეა.

ვინაიდან ფილოლოგი გახლავართ და, დილეტანტური ცოდნის გარდა, არ ვფლობ სოციოლოგიის, კულტუროლოგიისა და ფსიქოლოგიის დარგებში ფუნდამენტურ მეცნიერულ ცოდნას, ჩემი პედაგოგიური დაკვირვებების რეფლექსიად წარმოგიდგენთ ღირებულებათა იმ სისტემას, რომელიც კლასის ჯანსაღი განვითარებისა და სრულფასოვანი მოქალაქის აღზრდისთვის აუცილებლად მიმაჩნია:

Ø  გამოხატვის თავისუფლება;

Ø  თვითრეალიზაცია, პასუხისმგებლობა, მოტივაცია;

Ø  შემოქმედებითობა;

Ø  სოლიდარობა და თანამშრომლობა;

Ø  ტოლერანტობა, თანასწორობა, მიმღებლობა-გამტარობა;

Ø  ზრუნვა სასკოლო გარემოს ოპტიმიზაციაზე;

Ø  ეფექტური კომუნიკაცია და გარემოსადმი კეთილგანწყობა;

Ø  სოციალური თანალმობა.

საქართველოს საზოგადოებრივი პროცესების მეტ-ნაკლებად მცოდნე ადამიანებს მოეხსენებათ ჩვენი სოციუმის საზოგადო პრობლემების შესახებ. ჩვენ ამჟამად სკოლებში ვზრდით გასული საუკუნის ავბედითი 90-იანი წლების კოშმარში აღზრდილი თაობების შვილებს. მშობლების ფსიქოემოციური ფონი კი რამდენად მნიშვნელოვანია ჰარმონიული ადამიანის ფორმირების გზაზე, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია. სამოქალაქო და ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპულთა ოჯახები, დამსხვრეული კეთილდღეობის, ნარკო- და ალკოჰოლდამოკიდებულების, პატიმართა და მძიმე სნეულებებით დაავადებულთა ოჯახებიდან გამოსული თაობები და პლუს ეს გაუსაძლისი, დაუმარცხებელი სიღატაკე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის უმთავრესი სატკივარია, მაგრამ ვერა და ვერ დავძლიეთ… ყოველივე ეს მძიმე კვალს ტოვებს ახალი თაობების მენტალურ და კოგნიტურ განვითარებაზე. საქართველოს ბევრ სკოლაში კურსდამთავრებულები უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ ტრადიციული გამოსამშვიდობებელი ღონისძიებების ორგანიზებას. უამრავი საჭირო და აუცილებელი რესურსი ხელმიუწვდომელია მოსწავლისთვის, მშობლისთვის და მასწავლებლისთვის. ვინაიდან სკოლის სახელმწიფო დაფინანსება გამორიცხავს გასვლითი, შემეცნებითი, კლასგარეშე სასწავლო აქტივობების დაფინანსებას, ხშირად მშობლები თავს იკავებენ დამრიგებლის მიერ შეთავაზებული ერთობლივი ინიციატივების ხორცშესხმაზე, რადგან საამისო სახსრების მოძიება ყველასთვის შესაძლებელი არ არის. ძნელია კლასის დაინტერესება საგაკვეთილო პროცესში, ვინაიდან მასწავლებელი მოკლებულია რესურსებს. ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების ეფექტურად სასწავლებლად სკოლების უმრავლესობაში არ მოიპოვება შესაბამისი ლაბორატორიები და ინსტრუმენტები, ჰუმანიტარული საგნების მასწავლებლებს ხელი არ მიუწვდებათ მასალის ბეჭდვასა და საგაკვეთილო პროცესში ისტ-ის ჩართვაზე, უცხო ენების მასწავლებლებს, მოსაწყენი სახელმძღვანელოს გარდა, სხვა რესურსების მოძიება და შეთავაზება უძნელდებათ. ამ დროს მოსწავლეს ხელთ უპყრია მობილური ტელეფონი, სადაც უამრავი თამაში, გასართობი პროგრამა, ინტერნეტში ნავიგაცია, სოციალურ ქსელში ვირტუალური კომუნიკაციებით საინტერესო თავგადასავლებში გადაშვება შეუძლია. ცხადია, რომ ის უარს ამბობს დამღლელ და მოსაწყენ სწავლაზე და ირჩევს ტელეფონით თვითგანვითარებას, რასაც უამრავი ხარვეზი და პრობლემა ახლავს და მასწავლებელი ხშირად უძლურია მასთან გასამკლავებლად. ამბობენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გასულ წელს თავის საპრეზიდენტო პროგრამაში ჰქონდა შეტანილი სკოლებში სასწავლო პროცესიდან მობილური ტელეფონების ამოღება. არ ვიცი, ეს რამდენად რთულად განსახორციელებელია, მაგრამ თუ ამას ჩვენს საჯარო სკოლებში ვერ მივხედეთ, სულ უფრო და უფრო გაძნელდება ნაყოფიერი და შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარება.

სასწავლო წლის დასაწყისში სადამრიგებლო პროგრამებში დამრიგებლები უამრავ აქტივობას გავწერთ ხოლმე, მაგრამ ზოგი მათგანის აღსრულება გვიძნელდება. აი, კლასის საათებს კი უსათუოდ ვატარებთ ხოლმე, რომ სააღმზრდელო ნაწილში ჩავარდნები არ გვქონდეს, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი სასურველი ღირებულებების მოსწავლეთათვის ორგანულ ფასეულობებად ქცევა კი მაინც პრობლემაა.

აი, სოციალურ ქსელში პორტალ „დეილი სოუშელის” (DailySocial) მიერ გავრცელებული ვიდეოს ბმული (https://www.facebook.com/DailySocial7/videos/467619073627500/), სადაც იაპონური სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობაა ასახული. როცა მოსწავლისთვის სკოლა იქცევა მშობლიურ გარემოდ, სახლად, რომელზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება, ის ჰარმონიულად გამოიმუშავებს მრავალმხრივ უნარებს: სუფთა გარემოს ორგანიზება, სკოლის, როგორც პატივსაცემი ინსტიტუციის ქონების გაფრთხილება, სახელმწიფოებრივი აზროვნება, შრომისმოყვარეობა, ხელმარჯვეობა და მოქნილობა, თანამშრომლობა. დასანანია, რომ მშობელთა ნაწილი სასკოლო გარემოზე მოსწავლის ზრუნვის ვალდებულებას აპროტესტებს. როცა მოგვითხოვია საკლასო ოთახის მოწესრიგება გაკვეთილების შემდეგ, ხშირად მსმენია მშობლის პროტესტი: „ჩემი შვილი აქ დამლაგებელი რატომ უნდა იყოს?” „სახლში არ ვაკეთებინებ არაფერს!” „სკოლას დამლაგებლები არ ჰყავს?” – ამგვარი მიდგომის შედეგია ის, რომ ჩვენი შენობების კედლები, მიწისქვეშა გადასასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სავარძლები ასე დაზიანებული, დაფლეთილ-დაჯღაბნილი და ამორტიზებულია, ქუჩები და სკვერები – დაბინძურებული. მეზობელი აზერბაიჯანის დედაქალაქში ამ რამდენიმე თვის წინ ვიზიტისას ამ მხრივ საქართველოსგან რადიკალურად განსხვავებულმა ვითარებამ, ცოტა არ იყოს, შურით ამავსო, მაგრამ ხომ შეიძლება, სასიკეთო გამოცდილება ოდესმე მაინც გავიზიაროთ და ჩვენც დავნერგოთ?

რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლების, თვითრეალიზაციის, ჯანსაღი კოგნიტური განვითარებისა და მოტივაციის ღირებულებებს, ისინი სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლესთან მიმართებაში. შემოქმედებითობა და თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობის პროდუქტებად უნდა მივიჩნიოთ, ხოლო ტოლერანტობა, მიმღებლობა, თანასწორობა, პასუხისმგებლობა, კეთილგანწყობა, სოციალური თანალმობის უნარები, რასაკვირველია, სკოლაშიც გამოუმუშავდება კლასს, მაგრამ აქ გადამწყვეტია ოჯახის როლი და მოსწავლის პიროვნული ფსიქოემოციური ფონიც.

ჩვენს სკოლებში (კერძო სექტორშიც და საჯაროშიც) ხშირად ვხვდებით ხოლმე სამწუხარო რეალობას, რომ კლასი გვევლინება, როგორც არშემდგარი კოლექტივი. საკმარისია, სათითაოდ მიუახლოვდეთ მოსწავლეს, ყველაში დაინახავთ უნიკალურ, ნიჭიერ, გონიერ, საინტერესო ადამიანს, მაგრამ რატომღაც კლასი მოწყვეტილია ჯანსაღი განვითარების მიმართულებებს, რაც გამოწვეულია ღირებულებათა დევალვაციით. თავის დროზე სწავლა-სწავლების აქტორებმა – სკოლამ, ოჯახმა და სოციუმმა არ იზრუნეს ამ დეკლარირებული ღირებულებების საკლასო გარემოში იმპლემენტაციაზე, რის გარეშეც შეუძლებელია ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბება და განვითარება. ამიტომ ვხვდებით საკლასო გარემოში დამსხვრეულ პერსონებს, ვისაც გაქცევა და გარიდება უნდა საკლასო სიტუაციიდან, მოსწავლე პასიურია ყველა ახალ აქტივობაში, წლების მანძილზე ვერ ხერხდება ერთობლივი საკლასო ღონისძიებების ორგანიზება. ბავშვებს ნდობა აქვთ დაკარგული სკოლის, მასწავლებლებისა და ერთმანეთისადმი, ხოლო სკოლის ადმინისტრაცია და პედკოლექტივი ხშირად მათ სტიგმატიზებას მიმართავს. „ცუდი კლასი”, „აუტანელი კლასი”, „იქ ვერ ვატარებ გაკვეთილს”, „ყველა უვიცია და არავის არაფრის გაკეთება არ უნდა”, „არ უნდათ სწავლა და მასწავლებელი უძლურია”, – იშვიათად, მაგრამ მაინც მოჰკრავთ ყურს ჩვენს სკოლებში მსგავს სიტუაციებს. თავის მართლება, რომ ამდენნაირი ფსიქოლოგიური პრობლემა მოსწავლეებში ადრე არ იყო და შეუძლებელია ამასთან გამკლავება, ვერ გვიშველის.

გამოსავალი ერთ რამეშია: დამრიგებლის პასუხისმგებლობა მძიმე და დამღლელია, ანაზღაურება – დაბალი, მაგრამ ღირებულებათა გარშემო კლასის გაერთიანებით და სწორად შერჩეული საკლასო-სადამრიგებლო აქტივობებით თავისუფლად შეიძლება ჩვენი კლასების იმად ქცევა, რასაც კანონები, მისიები და დეკლარირებული დოკუმენტები სასურველ რეალობად ან მისაღწევ შედეგად გვიხატავენ.

 

კომენტარები

comments