სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

სკოლები ოცდამეერთე საუკუნის გარეშე

ალბათ თქვენც იცით სკოლები, სადაც კომპიუტერულ კლასებს ძირითადად საატესტატო გამოცდების დროს იყენებენ. კომპიუტერები მოშლილია, გაფუჭებული, ან იმდენად ძველი, რომ თითქმის უფუნქციოდ დევს და მატერიალურ რესურსს ფორმალურად დოკუმენტებშიღა წარმოადგენს.

სოფლად, დაბებში მცხოვრებ მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, რომ სახლში კომპიუტერული ტექნიკა ჰქონდეთ. ამ მხრივ, მათ სკოლებს უკეთ შეუძლიათ გამოიყენონ ეს სამწუხარო რეალობა. მოსწავლეები, რომელთაც ოჯახში ნაკლები შეძლება და რესურსები აქვთ, უფრო მოტივირებული არიან სკოლაში, სადაც ტექნიკური პრობლემები არაა. მატერიალურად უზრუნველყოფილ მოსწავლეებზე კი ეს ფაქტორი ნაკლებ გავლენას ახდენს. მათ სახლებში აქვთ ყველა ის რესურსი, რომელიც საგაკვეთილო პროცესის დროს შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა.

დროებით შევეშვათ შედარებით ძვირადღირებულ ლაბორატორიებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, აქ საუბარია რამდენიმე კომპიუტერზე, პრინტერსა და ერთ პროექტორზე მაინც. სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომლებიც პერმანენტულად, ან გრძელვადიანად ხორციელდებოდა და ხორციელდება, სკოლები იღებენ ტექნიკას, თუმცა ეს ან უკვე მოძველებული, ან მოცემულ კონკრეტულ ვითარებაში გამოუსადეგარი ერთეულებია.

პრობლემაა ისიც, თუ რა სიხშირით, როგორ უნდა მოხდეს მათი გამოყენება სასწავლო პროცესში. რამდენიმე ღონისძიებაზე, სადაც სკოლები ერთმანეთს ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდნენ, დამეგობრდნენ, საერთო პროექტები წარადგინეს და გააკეთეს, გამიჩნდა აზრი, რომ ამ ელემენტარულ, მაგრამ ძალიან საჭირო სიკეთეს მოკლებულია ბევრი სასწავლო დაწესებულება.

კარგი იქნება, თუ მუნიციპალიტეტები, მერიები, გამგეობები, რესურსცენტრები და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც ამ საკითხს მეტ ყურადღებას მიაქცევენ. ხშირად გვინახავს არაეფექტურ პროექტებსა და სფეროებში დახარჯული იმ ოდენობის თანხები, რომლითაც რამდენიმე ათეული სკოლა ამ პრობლემას მოიხსნიდა.

არც კი უნდა განვიხილავდეთ იმ საკითხს, რომ ოცდამეერთე საუკუნე ტექნიკის საუკუნეა და, ამ მხრივ, უნარების ნაკლებობა, მოსწავლეებში მედიაწიგნიერების არარსებობა, არანაკლები პრობლემაა, ვიდრე ის ტრადიციული საკითხები – იცის თუ არა მოსწავლემ წილადები, ათწილადები, ვინ იყო შუშანიკის მამა, სად ჩატარდა რუის-ურბნისის კრება და ა.შ. იქნებ, პირველი უკვე ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანიცაა.

სკოლების ბიუჯეტის გახარჯვის მონაცემებს რომ შევხედოთ, ვნახავთ, რომ თითქის არცერთ სკოლას ქვეყნის მასშტაბით ლარიც კი არ აქვს დახარჯული ტექნიკის შეძენა-განახლებაზე, ლაბორატორიების შექმნა-მოწყობაზე. თითქოს ხმელეთზე ვდგავართ და ცურვას ვსწავლობთ და ვიცით თეორიები იმ ოკეანის შესახებ, რომელშიც მსოფლიო სასკოლო საზოგადოებების ნაწილი დიდი ხანია შევიდა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი