სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

რა გავითვალისწინოთ ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” საკონკურსო განაცხადის შევსებისას

2017 წელს საქართველოში პირველად ჩატარდა ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” კონკურსი. ჩვენი ქვეყანა შეუერთდა გლობალურ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციასა და პრესტიჟის ზრდას, წარმატებული პედაგოგების გამოვლენასა და საზოგადოებისთვის მათ გაცნობას.

2018 წლის 1 მარტს კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო. მასწავლებლებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგიერთი აპირებს კონკურსში ჩართვას, ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯერ მზად არ არის ან, უბრალოდ, ამჟამად არ აქვს ამის სურვილი.

ჩემი შეხედულებით, თითოეული მასწავლებლის მონაწილეობა ამ კონკურსში ძალიან მნიშვნელოვანია მთავარი მიზნის მისაღწევად – ხელი შევუწყოთ ჩვენი პროფესიის პოპულარიზაციას. მე ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” კონკურსის მონაწილე ვიყავი. ძალიან საინტერესო გზა გავიარე მასთან ერთად და მინდა გიამბოთ ჩემს გამოცდილებაზე.

პირველად ამ სიახლის შესახებ ვიდეორგოლიდან შევიტყვე. მაშინ არ მიფიქრია, რომ კონკურსანტი გავხდებოდი, ერთადერთი, რაც კარგად მახსოვს – ძალიან გამიხარდა, რადგანაც მასწავლებლებისთვის საჭირო პროექტი იწყებოდა. მეტიც – გული მიჩქარდებოდა, როდესაც ვისმენდი, რას ფიქრობდა საზოგადოების ესა თუ ის წევრი ზოგადად მასწავლებელზე, მის როლზე პიროვნების განვითარებაში.

კონკურსში მონაწილეობაზე ფიქრი მოგვიანებით დავიწყე. მზად ვარ ამისთვის? ბევრი წარმატებული პედაგოგი ჰყავს საქართველოს, ღირს კი, ჩავერთო? – ვეკითხებოდი საკუთარ თავს. რჩევისთვის რამდენიმე ადამიანს მივმართე და ვთხოვე, დაესაბუთებინათ თავიანთი შეხედულებები. მათი მოსმენის შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე, შემევსო სააპლიკაციო ფორმა. ერთმა მეგობარმა მირჩია, რომ მიმეღო ეს კონკურსი, როგორც გამოწვევა და მართლაც ასე მოვიქეცი. აქამდე არაერთი კონკურსის მონაწილე ვყოფილვარ და ამ პროცესში ბევრი რამ ვისწავლე. სწორედ ასე ვფიქრობდი ამჯერადაც – ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” კონკურსში ჩართვა იმიტომ არ გადამიწყვეტია, რომ თავს საუკეთესო მასწავლებლად მივიჩნევდი, მოვისურვე, მონაწილეობაც გამოცდილებად მექცია და შესარჩევი კრიტერიუმების მიხედვით შემეფასებინა საკუთარი პრაქტიკა.

მე მაქვს ჩემი ხედვა, თუ როგორ ვასწავლი, მაგრამ მაინტერესებდა საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე ექსპერტების, კომპეტენტური ადამიანების აზრი ჩემს საქმიანობაზე. წინასწარ ასე შევუთანხმდი საკუთარ თავს – მშვიდად შევხვედროდი ნებისმიერ შედეგს – თუ ჩემი სააპლიკაციო ფორმით დაინტერესდებოდნენ, ე. ი. სწორ გზას ვადგავარ, თუ არა – ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო, ორივე შემთხვევას მოტივაციის ასამაღლებლად გამოვიყენებდი – ასეთი იყო ჩემი მაშინდელი განწყობა. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო – კონკურსის წესი ასეთია,  უნდა შეირჩეს წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი, შენდეგ 5 ფინალისტი და ბოლოს – 1 გამარჯვებული, მაგრამ ამგვარი მოცემულობა არანაირად არ აკნინებს ნებისმიერ სხვა კონკურსანტს და ეს თავიდანვე გააზრებული უნდა გვქონდეს.

,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” საკონკურსო განაცხადის (https://www.tprize.ge/application/)  შევსებისას ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. წლევანდელი ცვლილება ისაა, რომ შესაძლებელია ნომინირება, სკოლას აქვს უფლება, წარადგინოს მასწავლებელი/მასწავლებლები კონკურსში და ამის შემდეგ თავად პედაგოგმა უნდა შეავსოს  სააპლიკაციო ფორმა. ეს არის ერთ-ერთი გზა, დაინტერესებულ და მსურველ მასწავლებელს დამოუკიდებლადაც შეუძლია მონაწილეობის მიღება, მთავარია, იგი ასწავლიდეს საჯარო ან კერძო ზოგადსაგანმანათლებლო ავტორიზებულ სკოლაში.

ჩემი აზრით, ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” კონკურსანტობაც კი დიდი პასუხისმგებლობაა. მონაწილეს ბევრ საკითხზე უწევს ფიქრი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებელია, ამ გეგმას მიჰყვეთ.

  • დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ საკონკურსო ვადებს. სასურველია, სააპლიკაციო ფორმის შევსება დროულად დავიწყოთ და არ მივიყვანოთ ბოლო დღემდე (20 აპრილამდე).
  • მას შემდეგ, რაც კონკურსში მონაწილეობას გადავწყვეტთ, უნდა შევარჩიოთ რეკომენდატორები. გვჭირდება სამი სარეკომენდაციო წერილი. ჩემი აზრით, სასურველია, ისეთ ადამიანებს ვთხოვოთ ჩვენ შესახებ და ჩვენს საქმიანობაზე საუბარი, რომლებიც სხვადასხვა კუთხიდან გვიცნობენ. არ დაგვავიწყდეს ის, რომ სარეკომენდაციო წერილი აუცილებლად ხელმოწერილი უნდა იყოს.
  • საკონკურსო განაცხადს უნდა დავურთოთ სხვადასხვა ინფორმაცია, ამასთანავე, ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაღებული 2 ფოტოსურათი – ერთი ფორმალური (საპასპორტო) და მეორე – ბუნებრივი. აჯობებს, თადარიგი დავიჭიროთ და სურათებიც წინასწარვე გვქონდეს მზად.
  • ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების მოწესრიგების შემდეგ კიდევ ერთხელ ყურადღებით გავეცნოთ კონკურსის შერჩევის კრიტერიუმებს:
  1. მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა (გაუმჯობესება);
  2. სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება;
  3. ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება;
  4. საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა;
  5. პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.

დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, რას გულისხმობს თითოეული და რამდენად შეესაბამება ჩვენი პრაქტიკა მოცემულ მიმართულებებს.

  • ამის შემდეგ დავიწყებთ ყველაზე მთავარს – საკონკურსო განაცხადის შევსებას.

კონკურსანტის შერჩევის პირველი და მეორე ეტაპი გულისხმობს:

ა) სააპლიკაციო ფორმების ტექნიკურ გადარჩევას (ამიტომაც ყურადღება უნდა  მივაქციოთ, ჩვენი განაცხადი იყოს ტექნიკურად გამართული);

ბ) ჟიურის წევრთა მიერ აპლიკაციების შეფასებას.

მოვახერხებთ თუ არა კონკურსის შემდეგ  ეტაპზე გადასვლას, დამოკიდებულია ჩვენს    საკონკურსო განაცხადზე, ამიტომაც მთავარია, რომ ტექსტი, რომელშიც აღვწერთ საკუთარ პრაქტიკას, ენობრივად გამართული, ლაკონიური და დასაბუთებული, აზრი კი ნათლად ჩამოყალიბებული იყოს.

  • სააპლიკაციო ფორმა შედგება 8 მთავარი ნაწილისაგან. ესენია:
  1. ჩემი მასწავლებლობის ისტორია;
  2. სწავლის შედეგების დინამიკა;
  3. ინოვაცია;
  4. ღირებულებებზე დაფუძნებული პრინციპების სწავლება;
  5. საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა;
  6. პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება;
  7. სამომავლო გეგმები;
  8. დამატებითი ინფორმაცია;

თითოეული ველის შევსებისას გვახსოვდეს, რომ არ გადავაჭარბოთ 300 სიტყვას   (სისტემა არც მოგვცემს მეტის დაწერის საშუალებას). მხოლოდ მერვე – დამატებითი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს 150 ლექსიკურ ერთეულს.

ჩვენს განაცხადში უნდა იკითხებოდეს, რა გაგვიკეთებია და როგორ მოვახერხეთ ეს, ყველაზე მთავარი – შედეგად რა მოჰყოლია ჩვენს ქმედებას, ძალისხმევას. სააპლიკაციო ფორმაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ის, რასაც დავწერთ, უნდა იყოს არგუმენტირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული.

ძალიან მნიშვნელოვანია, ვწეროთ გულწრფელად და შევინარჩუნოთ ინდივიდუალიზმი. ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისგან და სწორედ ამით ვართ საინტერესონი.

  • გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვიდრე ჟიურის წევრები წლის საუკეთესო მასწავლებელთა ათეულს გამოავლენენ, მაღალი ქულის მქონე აპლიკანტებს დასჭირდებათ ვიდეორგოლის მომზადება. მათ უნდა ისაუბრონ იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტეს კონკურსში მონაწილეობა და რის გამო უნდა მოხვდნენ ათეულში.

 

მართალია, ძალიან საპასუხისმგებლოა ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” საკონკურსო განაცხადის შევსება, მაგრამ, ამავდროულად, ბევრ რამეზე გვაფიქრებს და ადეკვატურ თვითშეფასებაში გვეხმარება.

ჩემს შემთხვევაში მართლაც ასე მოხდა, სააპლიკაციო ფორმის შევსება რომ დავასრულე, ერთგვარად შევაჯამე კიდეც ჩემი პრაქტიკა, მივხვდი, რა გამიკეთებია, ისიც დავინახე, რამდენი რამ მქონდა სამომავლოდ განსახორციელებელი და გეგმებიც დავსახე.

შესაძლოა, დღეს ფიქრობთ, რომ არ ხართ  მზად ამ კონკურსისთვის, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ შეავსოთ განაცხადი და საქართველოს საუკეთესო პედაგოგთა შორის აღმოჩნდეთ. ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება, გაიცნოს საინტერესო, წარმატებული მასწავლებლები, რომლებსაც უყვართ თავიანთი მოსწავლეები და პროფესია, მუდმივად ვითარდებიან, ცდილობენ, უკეთესობისკენ შეცვალონ გარემო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი