ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რჩევები მშობლებისთვის და შვილებისთვის

მშობლებს შვილებისთვის ყველაფერი საუკეთესო გვემეტება: გამოსადეგი სპეციალობა, პრესტიჟული სამსახური, მყარი ოჯახი. ჩვენ თავს უფლებას ვაძლევთ, განუწყვეტლივ რაღაც ვურჩიოთ ბავშვებს, მივცეთ მზა ინსტრუქციები, გავუზიაროთ პირადი გამოცდილება. თუმცა, მსგავსი რამ, ყოველთვის არ მუშაობს, რჩევებიც არცთუ გონივრული გვაქვს. სტენფორდში, თანაგრძნობისა და ალტრუიზმის ცენტრის დირექტორმა, ემა სტოპოლმა, მშობელთა ყველაზე საშიშ რეკომენდაციებს მოუყარა თავი  და გვირჩია შეგვეცვალა ისინი. ჩამონათვალი გამომცემლობა Psychology Today-ში გამოქვეყნდა.

 

იცხოვრე ახლა და ამ წამს!“ და არა დაფიქრდი მომავალზე!“

 

ადამიანი, რომელიც ყოველთვის ფიქრობს მომავალზე (მაგალითად, თუ როგორ უნდა მიიღოს კარგი ქულები და ჩაირიცხოს უნივერსიტეტში), დიდ სტრესს განიცდის. თუ ის  გამუდმებით სტრესშია, ეს უარყოფითად აისახება მის ჯანმრთელობასა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე (ირღვევა ყურადღებისა და მეხსიერების ფუნქციები). გამოდის რომ, ზედმეტი კონცენტრირება მომავალზე აუარესებს ჩვენივე შრომისუნარიანობას.

 

ბავშვები, რომლებსაც რეალური ცხოვრებით ცხოვრება ასწავლეს, უფრო მეტად გრძნობენ თავს ბედნიერად. ბედნიერი ადამიანები კი გაცილებით სწრაფად სწავლობენ, ითვისებენ და დასახულ მიზნებს აღწევენ. პოზიტიური ემოციების ხშირი განცდა გვიცავს სტრესისგან, გვიიოლებს პრობლემების გადაჭრას, არ გვაყრევინებს ფარ-ხმალს.

 

ცხადია, ბავშვებმა უნდა იცოდნენ მიზნის დასახვა და მათი მიღწევა, მაგრამ გამუდმებით იმის შეხსენება, რომელი პუნქტი რის მერე აქვთ შესასრულებელი, უარეს შედეგს გვაძლევს. უმჯობესია, დავეხმაროთ ბავშვებს მიზნის მიღწევაში.

 

„დასვენება მნიშვნელოვანია! წავიდეთ კინოში“ და არა „ყველა იღლება! თუ გინდა, რომ  გქონდეს მეტი, მეტი იმუშავე“

 

სკოლის ასაკში ბავშვები ბევრს განიცდიან. ისინი ნერვიულობენ ნიშნებზე, არიან მშობლების მუდმივი დაკვირვებისა და გარკვეულწილად ზეწოლის ქვეშ. ასეთი სახის სტრესი სუიციდის მიზეზიც ხდება.

 

მოზარდებზე აირეკლება უფროსების ცხოვრება: ბავშვები იწყებენ ფიქრს, რომ სტრესი წარმატებული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყოველდღიურად ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, ბოლომდე ვიტვირთავთ თავს. ღამით კი ისეთი აღგზნებული ვართ, რომ დაძაბულობის მოსახსნელად ალკოჰოლს, საძილე და დამამშვიდებელ აბებს ვიღებთ. ეს ბავშვებისთვის ცუდი მაგალითია.

 

ბავშვებს უნდა ვასწავლოთ არა სტრესულ გარემოში ცხოვრება, არამედ სტრესთან გამკლავება და მისი თავიდან აცილება. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ შევცვლით ჩვენი ცხოვრების პირობებს, ვერც სამუშაო მოთხოვნებს, მაგრამ შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ სტრესულ ზეწოლას. ბავშვებს უნდა შეეძლოთ პარასიმპათიკური ნერვული სისტემის გადაყვანა რეჟიმზე „დაისვენე და გადახარშე“ (და არა „ებრძოლე ან გაიქეცი“).

 

„სიზარმაცე სამარცხვინო არ არის“ და არა „არ დაჯდე უსაქმოდ”

 

რატომღაც დადებით, მკვეთრად გამოხატულ ემოციებს უფრო ვაღიარებთ, ვიდრე თავშეკავებასა და სიმშვიდეს. გამუდმებით რაღაცის კეთება, რათა გარდავქმნათ ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრება, იქცევა ხოლმე დამქანცველ მარათონად. ჩვენი შვილების თავისუფალი დრო ბოლომდეა გახარჯული კლასგარეშე აქტივობებით, ნათესავებთან სტუმრიანობით. ბავშვებს საკუთარ ჭკუაზე დასვენების დრო არ რჩებათ.

 

არადა, ბრწყინვალე იდეები უფრო მაშინ იბადება, როდესაც ჩვენი ყურადღება ნაკლებად კონცენტრირებულია. გენიალური აზრები მარტივი საქმიანობის დროს მოგვდის – ჭურჭლის რეცხვის ან აბაზანის მიღების დროს.

 

მიეცით ბავშვებს საკუთარ თავთან დარჩენის შესაძლებლობა. დაე, თვითონ გადაწყვიტონ რით სურთ/არ სურთ დაკავდნენ. ბავშვები ნებისმიერ სიტუაციაში გამონახავენ თამაშის შანსს: ექიმთან ვიზიტის დროს ან სკოლიდან მომავალ გზაზე. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ წიგნის კითხვის, ძაღლის გასეირნების და თოვლში კოტრიალის დრო. ეს ხელს შეუწყობს მშვიდად შეაფასონ ცხოვრებისეული მოვლენები.

 

ასწავლეთ ბავშვებს განმუხტვა.

 

რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის რთული ამოცანები და გადაჭრის გზებიც უნდა დავსახოთ, მაგრამ ნუ წავართმევთ დამოუკიდებლობას, საკუთარ თავთან დარჩენისა და ოცნების შესაძლებლობას. ბავშვებმა უნდა გაიგონ არა მხოლოდ დასახული მიზნების მიღწევა, არამედ ეს ცხოვრება თავისთავად არის უკვე ბედნიერება.

 

„თუ შეგეშალა, ნორმალურია“ და არა „იყავი საუკეთესო!“

 

მშობლები ხშირად აფასებენ შვილებს იმის მიხედვით, რა ეადვილებათ მათ ყველაზე მეტად.  ისინი თავად „აკერებენ“ იარლიყებს: მათი შვილი ნამდვილი მათემატიკოსია, მხატვარი, ბიოლოგი და სხვ. ეს მიდგომა ბავშვებს ჩარჩოში ამწყდევს. შედეგად უყალიბდებათ სხვა რაღაცის მცდელობის შიში. ვთქვათ, თუ ჩავჩიჩინებთ შვილს, რომ ის დაბადებიდან სპორტსმენია, მას ნაკლებად მოუნდება კომფორტის ზონიდან გასვლა და თეატრალურ სტუდიაში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა. ასე იბადება ბავშვის სტრესი და შიში, რომ სპორტის გარდა, სხვა ვერაფერი გამოუვა.

 

ჩვენი ტვინი ისეა ამოწყობილი, რომ ახალ-ახალი რამ უნდა აითისოს. ვიდრე ადამიანი ახალგაზრდაა, საკუთარ შეცდომებზე სწავლა მისთვის ორმაგად სასარგებლოა. ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ ბავშვის ძლიერ მხარეებზე მუდმივად ხაზგასმით ვისაუბროთ, უნდა დავაჯეროთ ის, რომ ბევრ სფეროში შეუძლია წარმატების მიღწევა! უნდა განვუმარტოთ, რომ წარუმატებლობა დროებითია, აუცილებელია ცდა, თანაც არაერთხელ. ამგვარად „დაპროგრამირებულ“ ბავშვს არ შეეშინდება შეცდომების დაშვება და თუ რამე შეეშალა, დროებით წარუმატებლობად აღიქვამს.

„მიიღე შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ“ და არა „ეს კაბა შენს ფიგურას არ უხდება“

ხშირად გვჯერა, რომ კრიტიკა სასარგებლოა თვით სრულყოფისთვის, მაგრამ როდესაც მშობლები სულ აკრიტიკებენ შვილებს, ისინი ზედმეტად თვითკრიტიკული იზრდებიან.

კვლევები ცხადყოფს, რომ თვითკრიტიკა, ფაქტობრივად, თვითდაზიანების ტოლფასია. თვითკრტიკის გამო ჩვენ განსაკუთრებით ბევრ ყურადღებას ვუთმობთ იმაზე დარდს, რას ფიქრობენ ჩვენზე სხვები და ეს გვაიძულებს ვიყოთ ნაკლებად თავდაჯერებული. ჩვენ გვაშინებს წარუმატებლობა, რის გამოც ჩვენი სამუშაო შესაძლებლობები უარესდება: უფრო ხშირად ვიხევთ უკან და არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. თუ ძალიან თვითკრიტიკულნი ვართ, სირთულეების დროს უფრო დეპრესიულნი ვხდებით.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვები საკუთარ თავზე შეყვარებული უნდა იყვნენ და მიიჩნევდნენ, რომ ყოველთვის და ყველაფერში მართლები არიან. უბრალოდ, ბავშვი ძალიან მტკივნეულად არ უნდა განიცდიდეს იმას, რომ მორცხვია, სრულია, ტანდაბალია ან ცუდად ესმის მათემატიკა.

„დაეხმარე სხვებს და არაფერს ელოდო სანაცვლოდ“ და არა „სამყარო სასტიკია – იფიქრე მხოლოდ საკუთარ თავზე“

მშობლებმა უნდა ასწავლონ ბავშვებს თანაგრძნობა. ბავშვმა მეგობრის პრობლემა საკუთარ პრობლემად უნდა მიიღოს.

ჩვენი სოციალური კავშირები ბავშვებთან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ბედნიერებაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ჩვენი კეთილდღეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კარგი და მჭიდრო ურთიერთობები სხვა ადამიანებთან. ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები და წარმატება პირდაპირ კავშირშია ჩვენს კეთილდღეობასთან.

ადამ გრანტის წიგნში „მოდი და აიღე“ არის ასეთი თეზისი: თუ მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებ და იზრუნებ, არ გამოიჩენ სხვების მიმართ თანაგრძნობას და მათთან მჭიდრო ურთიერთობას არ დაამყარებ, საბოლოოდ, ნაკლებად წარმატებული იქნები.

თავისი ბუნებით ბავშვი სავსეა თანაგრძნობითა და სიკეთით. თუმცა ჯიგ ტუენგე თავის წიგნში „თაობა „მე“ მიუთითებს, რომ თანამედროვე ახალგაზრდების უმეტესობა საკუთარ თავშია ჩაკეტილი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ბავშვების  ბუნებრივ სურვილებს – იზრუნონ სხვაზე.

ჩვენი სამყარო მართლაც მკაცრია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უკეთესი გავხადოთ. ასწავლეთ ბავშვებს ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა და არა კონკურენცია მხოლოდ იმისათვის, რომ ქება დაიმსახურონ და თავდაჯერებული იყვნენ.

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი