პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ბრაზი და კომპრომისი

ამერიკელი მწერალი ლაფაიეტ რონ ჰაბარდი თავის წიგნში „საბავშვო დიანეტიკა” წერს: „თუკი ბავშვი ძალიან ბრაზობს, მიეცით საშუალება. თუნდაც, ეს ის შემთხვევა იყოს, როდესაც თქვენ მსხვერპლი ხართ. მიეცით ბავშვს ბრაზის გამოხატვის საშუალება და ის მალევე დამშვიდდება. ბრაზი გაქრება. თუ მის დათრგუნვას ეცდებით, ბრაზი უფრო გაძლიერდება და დროში გახანგრძლივდება. ბავშვს უნდა ჰქონდეს რეაქცია. ბრაზის ენერგია აუცილებლად უნდა დაიწვას. არასოდეს უთხრათ სიბრაზის მომენტში – „შეწყვიტე! შენი თავი გააკონტროლე”.

რთულია, როდესაც ბავშვი ბრაზობს, კაპრიზობს, ისტერიკაში ფეხებს აბაკუნებს, ურჩი მოზარდი კი ხმამაღლა აბრახუნებს სახლის კარს და გაურკვეველი მიმართულებით უჩინარდება. ასეთი სიტუაციის მომსწრე თითქმის ყველა მშობელია. ამ დროს დედ-მამამ არ იციან რა მოიმოქმედონ. უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგები გვირჩევენ ჩავეძიოთ ბავშვის გაბრაზების მიზეზს. გავარკვიოთ, რის გამოა უკმაყოფილო და რას აპროტესტებს. თითოეული ბავშვი სხვადასხვაგვარად რეაგირებს გარე გამღიზიანებლებზე. ზოგი ამას ტირილით გამოხატავს, ზოგი კაპრიზობს, ზოგი უშვერ სიტყვებზე გადადის და ზოგიც ჩუმდება.

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ უმჯობესია ბავშვმა გამოხატოს ემოცია. უფროსმა თაობამ კი ამ ემოციის გამოხატვის ფორმას მიაქციოს ყურადღება. როდესაც მცირე ასაკის ბავშვი ან გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდი წუხს, ეს ნორმალურია. წუხილი და ბრაზი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.

მას შემდეგ, რაც მშობელი ბავშვის გაღიზიანების მიზეზს დაადგენს, მკვეთრად უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან ბრაზი და აგრესია. ბრაზი დროებითი მოვლენაა, აგრესიას კი ფიზიკური და მორალური მსხვერპლი მოჰყვება. მშობლების უმრავლესობა გაბრაზებულ და აგრესიულ ბავშვს სჯის. დასჯილი ბავშვი უფრო ღიზიანდება და ბრაზის გამოხატვის რადიკალურ ფორმებს მიმართავს.

თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვი სასარგებლო საქმით დაკავდა, აუცილებლად შეაქეთ და გააქეზეთ. დააფიქსირეთ ის, რომ მისი ქცევა თქვენთვის მისაღებია, მნიშვნელოვანი. ასეთი გზით მას მიახვედრებთ, რა არის  „კარგი” და რა – „ცუდი”. აგრესიულ/ბრაზიან ბავშვებთან ურთიერთობის დროს იშვიათად მიუთითეთ იმაზე, რა არ მოგწონთ. ამით ბავშვს დააზღვევთ ცრუ შეგრძნებისგან, თითქოსდა ის თქვენს მოსაწონს ვერაფერს აკეთებს.

ბავშვის ბრაზის მიზეზი შეიძლება მოზღვავებული ენერგია იყოს. მშობლები ცდილობენ ენერგიული ბავშვი „მოთოკონ”. სინამდვილეში კი, უმჯობესია ბავშვმა ენერგია დახარჯოს და ბრაზის ენერგიაც თან გააყოლოს.

ყველაზე მთავარი და უნივერსალური რჩევა კი ასეთია: ყოველთვის აგრძნობინეთ შვილს, რომ გიყვართ. ბევრი ესაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, ეხუმრეთ, იყავით თვითირონიული, მოიპოვეთ ბავშვის ნდობა, გახდით მისი მესაიდუმლე, უახლოესი მეგობარი.

მსოფლიოში არ არსებობს კვლევა, რომელზე დაყრდნობით დაზუსტებით  ვიტყვით – ბრაზიანი ბავშვი ნერვიულ, ფსიქოპატ ადამიანად ყალიბდება. ბევრი რამ მშობელზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ დედა შვილს არ უშლის, რომ მან უყვიროს, ფეხები უბაკუნოს, სცემოს და შეურაცხყოს, ბავშვი ამას ნორმად მიიჩნევს, ამ მიმართულებით უფრო განავითარებს ნეგატიურ ემოციას და სიბრაზის ჟამს ყოველთვის მოიხმობს მას.

უფროსს შეუძლია ბავშვში ნეგატიური ემოცია ერთჯერადად ჩაახშოს, მაგრამ სიმშვიდის გარანტია არასდროს ექნება. ამიტომაა მნიშვნელოვანი ბავშვის სწორედ ჩვილობიდან აღზრდა. კარგად აღზრდილ ბავშვს არ ჭირდება „ჩახშობა”. მისი ბრაზიც იოლად მართვადია, ხოლო თუ ის შენიშვნას იმსახურებს, ადეკვატურად აფასებს. რასაკვირველია, ადრე თუ გვიან, ყველა ბავშვი, ცუდად თუ კარგად აღზრდილი, ბრაზდება. გაბრაზებული თავის ოთახს მიაშურებს და ემოციას იქ გამოუშვებს, გარკვეული დროის მერე კი მზად იქნება მშობლებთან სალაპარაკოდ. ბავშვს უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი აზრი, ინტერესი, რომელსაც ემოციებით თუ უემოციოდ დაიცავს.

ცნობილი ავსტრიელი მეცნიერი ლორენცი – რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ცხოველთა და ადამიანთა აგრესიული ქცევების შესწავლაში – მიიჩნევდა, რომ აგრესიას ბიოლოგიური საფუძველი აქვს, მეტიც, ხშირად ის გენეტიკურია. აგრესიის მიზანი არა ნგრევა, არამედ ამ ფორმით გარემოსთან ადაპტაციაა. მეცნიერთა უმრავლესობა კი ამტკიცებდა, რომ აგრესია პირდაპირ კავშირშია ბრაზთან, მიზნის მიღწევის დაუოკებელ სურვილთან.

ნამდვილი ბრაზის ნიშნებს ბავშვი ერთი წლის ასაკიდან წარმოაჩენს. უმეტესად ამ ასაკის პატარები უსულო საგნებზე ბრაზობენ: სკამზე, რომელსაც ფეხი წამოკრეს, კარზე, რომელშიც თითი მოყვათ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ხანმოკლეა სიბრაზის ფაზა. ბავშვის დამშვიდებაც უფრო ადვილია.

ორი წლის ასაკიდან ბავშვებში პროტესტის გრძნობა იღვიძებს. ისინი ბრაზობენ მშობლებზე, რომლებიც სათამაშოს არ ყიდულობენ. ბრაზობენ, როცა ჭამას აძალებენ, მულტფილმებს უთიშავენ. ბავშვების „საპროტესტო აქციები” შოკში აგდებს მშობლებს. ბავშვს შეუძლია საჯარო სივრცეში წარმოუდგენელი ისტერიკა მოაწყოს. დარცხვენილი დედ-მამა იძულებულია შეასრულოს ბავშვის კაპრიზი ან რამენაირად დასაჯოს ის. ორივე მიდგომა არამართებულია.

ბევრი ბავშვებისთვის „სპექტაკლის დადგმა” პრობლემას არ წარმოადგენს. ეს არის ბრძოლა იმ ხელისუფლებისა და გავლენისთვის, რომელიც ჯერჯერობით მშობლის ხელშია.

ბავშვის დასჯას შედეგი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ბავშვის დანაშაულს მომენტალურად მოჰყვება. სასჯელი დანაშაულის ადეკვატური უნდა იყოს. არ შეიძლება ბავშვის დასჯა ისე, რომ მან თავი დამცირებულად იგრძნოს.

ზოგჯერ მშობლებისთვის დამაბნეველია ბავშვის ქცევა – ის ყვირის, იკბინება, ნივთებს ყრის, იჩენს ფიზიკურ აგრესიას უფროსების მიმართ, ჩუმ-ჩუმად ჩაგრავს უმცროს და-ძმას. ასეთი ქცევა სამი წლის ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი. ამ გზით ისინი ავტორიტარულ აღზრდას აპროტესტებენ. მათ კრიზისი მაშინ ეწყებათ, როდესაც მათ მშობლები ვერ ამჩნევენ – ბავშვებს დამოუკიდებლობა სურთ, აღარ საჭიროებენ მშობლების ზემზრუნველობას. ამ პერიოდში მშობლებმა ბავშვების მიმართ დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეცვალონ.

ბავშვის აგრესიულ ქცევაზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ოჯახური ურთიერთობები. თუ მშობლები ხშირად ჩხუბობენ, ბავშვიც ფეთქებადი და გაღიზიანებულია. მცირეწლოვანი ბავშვი მშობლის სარკეა. თუ დედ-მამა ბრაზიანია, ბავშვიც სწავლობს გაბრაზებას, დედ-მამა კეთილია და ბავშვიც სიკეთით ივსება.

ბავშვების ბრაზის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი ეჭვიანობაა. ბავშვისთვის სულაც არ არის აუცილებელი ჰყავდეს ეჭვიანობის კონკრეტული ობიექტი. ბავშვი ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობს. ეჩვენება, რომ მშობლებს მის გარდა ყველა უყვარს. ეჭვიან ბავშვს შეუძლია დაჩხაპნოს ახალგაკრული შპალერი, დაჭეჭყოს მაცივრის კარი ან ტელევიზორის პულტი. ამას მხოლოდ იმიტომ გააკეთებს, რომ მშობლები აფრთხილებდნენ – ასე არ მოქცეულიყო. მათ ხომ საოჯახო ტექნიკაში ძალიან დიდი ფული გადაიხადეს. დიახ, ბავშვი შპალერზე, ტელევიზორზე და პულტზე ეჭვიანობს. მშობლები ამ ნივთებზე გაცილებით მეტს საუბრობენ, ვიდრე პლასტელინის ძაღლსა და ფისოზე, რომელიც ბავშვმა საკუთარი ხელით გამოძერწა…

მშობლები ყოველთვის უნდა დაფიქრდნენ: ხომ არ არის ბავშვის ბრაზი საპასუხო რეაქცია რამეზე? იქნებ ბავშვი სხვაზე ბრაზობს, მაგრამ ჯავრს მშობლებზე იყრის? მსგავსი რამ ბავშვებს ხშირად მოსდით. მათ ჩაგრავენ. ამის აღიარება მშობლებთან არ სურთ, მაგრამ აგრესიის ადრესატები სწორედ მშობლები ხდებიან. მოზარდულ ასაკში მშობლებს არ ესმით, რატომ გაუხეშდა მათი შვილი, გახდა უპასუხისმგებლო, თავხედურად ეპასუხება და სხვ.  მშობლების საპასუხო რეაქციაც არ აყოვნებს – ისინიც ბრაზობენ და კონფლიქტში შედიან.

კონფლიქტები ღრმავდება. მოზარდთა აზრით, „მშობლები ცხვირს ყოფენ მათ საქმეებში”. ამ შემთხვევაში სიტუაცია მშობლებმა უნდა გამოასწორონ და კომპრომისზე წავიდნენ. კონფლიქტი ცხელ გულზე არ უნდა გადაიჭრას. ახსნა-განმარტებებსაც თავისი დრო აქვს. თხუთმეტი წლის მოზარდი ვალდებული არ არის ყოველსაათობრივად ჩააყენოს საქმის კურსში დედ-მამა სად და ვისთან არის, მაგრამ თუ მოზარდს ვთხოვთ, უბრალოდ შეგვატყობინოს რომელ საათზე დაბრუნდება შინ, არა მგონია წინააღმდეგობა გაგვიწიოს. მას უნდა განუმარტოთ, რომ ცნობისმოყვარეობა კი არა, სიფრთხილე გვამოძრავებს. უნდა დააჯეროთ მოზარდი იმაში, რომ ვენდობით და პატივს ვცემთ. ბოლოსდაბოლოს, ბრაზში კატასტროფული არაფერია, მაგრამ თუ ბავშვი/მოზარდი მუდმივად ამ მდგომარეობაშია, მაშინ ფსიქოლოგის დახმარება არ გვაწყენდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი