რატომ აჩუმებენ მასწავლებლები მოსწავლეებს

ნუ მისცემ უფლებას სხვისი აზრების ხმაურს თაქვენი შინაგანი ხმა დაჯაბნოს!

სტივ ჯობსი

სტივ ჯობსი წერდა, რომ მან კოლეჯში სწავლა მიატოვა იმიტომ, რომ იქ ვერ იპოვა პასუხები თავის მთავარ კითხვებზე და დაიწყო დამოუკიდებელი ძიება. როდესაც გვგონია, რომ საუნივერსიტეტო განათლება მხოლოდ სარფიანი სამსახურის პერსპექტივაა, ალბათ სწორედ ამ დროს ვცდებით. ცოდნა, პირველ რიგში, ცნობიერების გაფართოებაა და ამ გაფართოებულ ცნობიერებაში საკუთარი უნარების აღმოჩენისა და რეალიზების გზების ძიება. ჩვენ კი რას ვაკეთებთ…? დაბადებისთანავე უკვე გამზადებულ გზას მივყვებით. ჩვენზე ზრუნავს: ოჯახი, სახელმწიფო, ნათესავები და მეზობლებიც კი… ურთიერთზრუნვის ამ მაგიურ წრეში ჩვენი შინაგანი ადამიანი ან საბოლოოდ იძინებს, ან კვდება, ან თვლემს და ძალიან იშვიათად იღვიძებს და უფრო იშვიათად აღარ უბრუნდება თვლემის პროცესს. ასეთ პერსპექტივაში ადამიანი წარმოგვიდგება, როგორც შინაგანი და გარეგანი ადამიანის ერთობა, თუმცა ამ შინაგანი ადამიანის გამუდმებული შევიწროების გამო ცხოვრებას მხოლოდ გარეგანი ადამიანი აგრძელებს. და ვინ არის გარეგანი ადამიანი? რომლის გზა უკვე განსაზღვრულია: რომელიც ამთავრებს სკოლას, სადაც ასწავლიან ყველაფერს, ცხოვრების გარდა, შემდეგ ასრულებს უნივერსიტეტს, სადაც აძლევენ თეორიულ ცოდნას, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში, ცხოვრებაში ვერ გამოიყენებს… შემდეგ ეძებ და პოულობ სამსახურს, სადაც ფულს შოულობ, მაგრამ სამსახური არ მოგწონს (თუმცა რა უნდა ჰქნა? ოჯახი გყავს უკვე სარჩენი), შემდეგ ზრდი შვილებს და იწყებ მათ დამოძღვრას და ემგვანები მშობლებს… ბოლოს აუცილებლად მოკვდები უსიხარულოდ, რადგან ყველაფერი აქციე მოვალეობად, დაივიწყე შინაგანი ადამიანი, იქეცი ბიოლოგიურ რობოტად – დაპროგრამებული ტანჯვით, სევდით, გამარჯვებებით და დამარცხებებით და არასდროს არ ყოფილხარ ნამდვილი…

აი, ამ მდგომარეობაზე წერს სწორედ Manuel Vicent-ი:  როგორც კი ადამიანმა პალეოლითს გადააბიჯა, კეფაში მოვალეობა გაეჭედა: უნდა ადგეს 8-ზე, წავიდეს სამსახურში, უნდა გაიჩინოს შეყვარებული, გახდეს წარმატებული, უნდა მისწვდეს ცას, უნდა დაემორჩილოს კანონებსა და წესებს. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ უნდა გააკეთოს, რომ უბრალოდ, მოვალეა
კატეგორიული იმპერატივი სახიფათო დაავადებააროგორ შეიძლება მისგან განკურნება?”

და მაინც ვინ არის ეს უჩინარი, ჩვენი „შინაგანი ადამიანი“? აი, ლექსიკაშიც ხომ შემოიჭრა – გარეგანი და შინაგანი… გარეგანი ენა და შინაგანი ენა… ზედაპირი და სიღრმე, სარჩული და პირი… განსხვავებული მეტაფორებით შეგვიძლია გამოვხატოთ ისინი. როდის ვაჩუმებთ ჩვენს შინაგან ადამიანს და არ ვაძლევთ საშუალებას, რომ გამოიხატოს? – როცა ვხდებით სხვებზე დამოკიდებული, როდესაც ანგარიშს ვუწევთ ყველას, საკუთარი შინაგანი ადამიანის გარდა.

რამდენჯერ გაუჩუმებიხართ მასწავლებელს სიტყვებით: „რა სისულელეს ლაპარაკობ?“, „თავში როგორ მოგდის ასეთი აზრები?“, „შენ მეტი ვინ იქცევა ასე…?“ „ხმა ჩაიწყვიტე“, „შენი ხმა არ გავიგონო“, „ენა დაიმოკლე“, და  სხვა და სხვა. და რატომ აჩუმებენ მასწავლებლები მოსწავლეებს ასეთ შემთხვევაში? – რადგან მისი ნათქვამი არ დაემთხვა სახელმძღვანელოს ავტორის მიერ გამოთქმულ აზრს, ან არ დაემთხვა მასწავლებლის აზრს, ან საყოველთაოდ მიღებულ აზრს, მაგალითად, რომელიმე ლიტერატურულ პერსონაჟზე, რომელიმე მეტაფორის (გ)ახსნსისას… ასეთი მოსწავლეების საპირწონედ მასწავლებელს ყოველთვიის ჰყავს კლასში მისაბაძი, წინა მერხზე მჯდომი მოსწავლე და ხშირად ისმის კლასში ხმა: მიბაძე დათოს, მიბაძე თეკლეს, მიბაძე პეტრეს… ისინი კარგად იქცევიან, გაკვეთილებს სწავლობენ, მასწავლებელსაც თვალებში შესციცინებენ, მოწესრიგებულები არიან, წესებს ემორჩილებიან, ზარის დარეკვამდე კლასიდან არ გადიან და დარეკვისთანავე კლასში შერბიან… ჰო და, უნდა მიბაძო მათ. შენ კი სხვა ადამიანი ხარ, სხვა ნიჭი გაქვს, სხვა უნარი… დაზუთხვაშიც ვერ დახელოვნდი, აზრის გამოთქმისას სახელმძღვანელოში არ იყურები და არც მასწავლებელს უყურებ თვალებში… ჰო და, როგორ უნდა მიბაძო სხვას? იმ სხვას სხვა უნარები აქვს. თუმცა ამაზე ვინ ფიქრობს? თუ კლასში ზიხარ, შენც ყველასნაირი ხარ და მასწავლებელიც ყველას ერთნაირად ექცევა (აბა, ხომ არ გაარჩევს?), ასეთია კოლექტივის წესები. სინამდვილეში კი, ყველა განსხვავებულია, მაგრამ ვის შეუძლია დაინახოს და აღმოაჩინოს მათში ეს განსხვავებულობა? მაგალითად, შენ ვერ იზუთხავ ლექსებს, მაგრამ შეგიძლია წაიკითხო და ისაუბრო იმ ემოციაზე, რომელიც ლექსმა დაგიტოვა, მაგრამ ეს არავის აინტერესებს, რადგან ყველაფერი სტანდარტულ წესებს უნდა დაემორჩილოს, მასწავლებელსაც ტყუილად კი არ დაუწერია გაკვეთილის გეგმა-კონსპექტი, რომელშიც ყველაფერი წინასწარ გაწერილია და კითხვებზე სავარაუდო პასუხების ნუსხაც…

აი, ასე იჩქმალება და იკარგება შინაგანი ადამიანი… მერე სწავლობ არა მარტო გაკვეთილებს, არამედ იმასაც, როგორ ისწავლო ისე, რომ მასწავლებელს (მშობელს, ნათესავს, მეზობელს) მოეწონოს და აღარასდროს ფიქრობ იმის გამოთქმაზე, სინამდვილეში შენ რას განიცდიდი გალაკტონის რომელიმე ლექსის წაკითხვის დროს ან განიცდიდი თუ არა საერთოდ რამეს, არამედ ფიქრობ იმაზე, „მასწავლებელს როგორი პასუხი გაეხარდება“. მოსწავლეების ამ „შედეგს“ კარგად ვამოწმებ პირველკურსელებთან ლექციის დროს, როდესაც კითხვაზე პასუხისას სკოლიდან გამოყოლილი ჩვევით ისინი თვალებში გიყურებენ და გამოწმებენ, როგორი პასუხი მოეწონება პროფესორს…

აი, ასე იკარგება კავშირი საკუთარ თავთან; ამ კავშირის გაწყვეტაში აქტიურად მონაწილეობენ: მშობლები, მასწავლებლები, მღვდლები, მეზობლები, ნათესავები… ყველამ შენზე უკეთ იცის, როგორ უნდა მოიქცე, რომ ცხოვრებაში კაცი (ქალი) დადგე და ქვეყანა შენ შემოგნატროდეს, როგორ უნდა ასახელო სკოლა, ოჯახი, ნათესაობა… როგორ უნდა გახდე სანიმუშო… ანუ როგორ გახდე კარგი „პროგრამა“, რობოტი; ამ პროგრამაზე ხომ შენი დაბადებიდან მუშაობდნენ…? ჰოდა, ნუ ჩაუყრი წყალში ამაგს.

მერე კი… ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე დადგება დრო, როცა ვიღაც გკითხავს: შენ რას ფიქრობ…? მართლა რას ფიქრობ და არა მოჩვენებითად, როგორც მიჩვეული იყავი, რომ გეპასუხა… შენ კი პასუხს ვერ გაიხსენებ, რადგან უკვე აღარ იცი, სინამდვილეში რას ფიქრობ ან სინამდვილე რა არის საერთოდ? იქნებ გალაკტიონის ეს ლექსიც გაგახსენდეს (თუ წაკითხული გაქვს, რა თქმა უნდა):

„არ ვემდური სინამდვილეს,

არ ყოფილა თითქმის,

არყოფილზე სამდურავი

არასოდეს ითქმის…“

არც სინამდვილე ყოფილა, არც შენ ყოფილხარ ნამდვილი, რადგან მეტაფორულადაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც ყოველთვის იმას აკეთებდი, „რაც მამას უნდოდა“. ჰოდა, გალაკტიონი თუ არა, ერეკლე დეისაძე მაინც გაგონილი/მოსმენილი  გექნება, აი, ის, გახსოვს…? დიახ, დიახ…  „რაც მამას უნდა…“ ტექსტს გაგახსენებ, თუ გინდა:

„შენ დგახარ იქ,

სადაც მამას უნდა;

თანდათან ხვდები,

რაც მამას უნდა;

შენ აღებ პირს,

როცა მამას უნდა;

უსიტყვოდ ხვდები,

რაც მამას უნდა….“

დანარჩენი შეგიძლიათ ამ ლინკზე მოისმინოთ და გაბრაზდეთ: https://www.youtube.com/watch?v=22mVZ4oewao

 

ამის შემდეგ კი რეკომენდირებულია ჩარლზ ბერნშტეინის ლექსი „აჯანყდი“ წაიკითხოთ (ნუ დაიზეპირებთ):

აჯანყდი,რადგან მამა ძალიან ბევრს გატყუებდა ბავშვობაში
აჯანყდი,რადგან გულს გირევს დაპირებები და გადაგდებები
აჯანყდი,რადგან იმედი იმედგაცრუებით იწყება
აჯანყდი,რადგან მხოლოდ კოლექტიური ქმედებები გვაშორებენ ბოროტოკრატიას
აჯანყდი ,რადგან შენი გაყიდვა არ შეიძლება
აჯანყდი,რადგან თავი დაკარგე
ერთიდაიგივე კოშმარების წრეზე სიარულში
აჯანყდი ,რადგან შვილები ამტკიცებენ რომ ეს არაფერს მოიტანს
ხოლო მშობლები ამტკიცებენ რომ ამის დრო ჯერ არ დამდგარა

აჯანყდი,რადგან დემონებიც მოკვდავნი არიან
აჯანყდი,რადგან ტკივილი აუტანელია, სამუშაო ძალიან ბევრი
ხოლო ჯილდო ზედმეტად ძუნწი
აჯანყდი,რადგან ლაპარაკს არ გაცლიან
აჯანყდი ,რადგან ეს ასე არ უნდა ყოფილიყო
აჯანყდი,რადგან უნდა მოიგერიო ყველა შემოტევა
და უპასუხო ყველა შეურაცხყოფას
აჯანყდი,რადგან შენი ღირსება მეტია მათ ორპირობაზე
აჯანყდი,რადგან ხელები მოგვეცა რათა შევქმნათ
და არა იმისთვის, რომ უკანასკნელი წვეთი გამოვადინოთ
სასოწარკვეთილ ადამიანებს
აჯანყდი,რადგან ხელისუფლება ესაა ქუჩა ორმხრივი მოძრაობით,
შესახვევებით, გადასვლელებით და შეუსწაველი გვირაბებით
აჯანყდი, რადგან შენი შიშველი ხელები შენი ერთადერთი ჰეჯ-ფონდია
აჯანყდი,რადგან ნახშირის მტვერი ახრჩობს
ხოლო შახტა ცოცხალთა სასაფლაოა

აჯანყდი, რადგან გულს გირევს ყველაფერი,რასაც ახალს ეძახიან
შენ კი სასოწარკევეთილი ხარ იმით, რომ არაფერი იცვლება
აჯანყდი, იმიტომ რომ შენ მიგატოვეს
აჯანყდი, იმიტომ რომ ასე ცხოვრება აღარ შეგიძლია
აჯანყდი, იმიტომ რომ ყველა უსმენს და არავინ ლაპარაკობს
აჯანყდი, იმიტომ რომ ამის სხვაგვარად გამოხატვა არ შეგიძლია

აჯანყდი, იმიტომ რომ აზრი უნდა შექმნა, მისი სწავლა შეუძლებელია
აჯანყდი, რადგან ცხოვრება მოთხრობაა, ხოლო შენ მთხრობელი ხარ
აჯანყდი, რადგან ეს მე გითხარი
აჯანყდი, რადგან მე არასდროს გიღალატებ,
აჯანყდი, რადგან მე ერთი გითხარი, მეორე კი გავაკეთე
აჯანყდი, რადგან მე იმედი გაგიცრუე
აჯანყდი, რადგან მე გაგასულელე და გაიძულე გეყვირა
აჯანყდი, რადგან არ აქვს მნიშვნელობა მოიგებ, თუ წააგებ,
მთავარია რაღაც ქნა

აჯანყდი, იმიტომ რომ შოუზე დასასწრები ბილეთები ვერ იშოვე
აჯანყდი, რადგან საკუთარი აზრი არასდროს გქონია
აჯანყდი, რადგან შენ შეგიძლია, ან გგონია რომ შეგიძლია
ან გეგონა რომ შეგეძლო
აჯანყდი, რადგან ეს შესაძლოა შენი ბოლო შანსი იყოს
აჯანყდი, რადგან წინააღმდეგობა დამცირებაზე უკეთესია
აჯანყდი, რადგან ბნელ რესტორანში ასანთის ღერიც კი საკმარისია
მენიუს წასაკითხად
აჯანყდი, რადგან შენ არ მოგწონს როგორც გადააკეთეს სამყარო
აჯანყდი, რადგან შენი ჩადენილი ბოროტება მათ ბოროტებასთან ვერ მივა
აჯანყდი, რადგან ზარები რეკენ, შენ კი თითქმის ყრუ ხარ
აჯანყდი, რადგან თვითდამშვიდება დროის ფუჭად კარგვაა

შენ არ აჯანყდი, როცა შეგეძლო, ახლა კი ძლიერ გვიანაა.
აჯანყდი, რადგან ხმაურია
აჯანყდი, რადგან შენს ცხოვრებაში არასაკმარისია პოეზია,
ან ეს ის პოეზია არ არის
აჯანყდი, რადგან ყველაფერი მოგბეზრდა
აჯანყდი, რადგან შეყვარებული ხარ, ან გადაიყვარე,
ან აღმართში ხარ, ან დაღმართში, ან ჩიხში,
თავი ცარიელი გაქვს, თუ იდეებით სავსე,
კრიზისში ხარ, თუ მშვენიერ სპორტულ ფორმაში.

აჯანყდი, რადგან მდიდრებს ურჩევნიათ შენ ჩაძაღლდე,
ვიდრე, გადასახადები სრულად გადაიხადონ
აჯანყდი, რადგან სიღარიბე კანონს მიღმა დააყენეს,
ხოლო კორპორაციების მძარცველობა დააკანონეს
აჯანყდი, რადგან ტანგოს მარტო ცეკვა უხალისოა
აჯანყდი, რადგან ეს აუცილებელია
აჯანყდი, რადგან ზოგჯერ უნდა ადგე, რათა ჯდომისგან სიამოვნება მიიღო
აჯანყდი, რადგან შენ ვერ წარმოგედგინა რომ ეს შეგეძლო
აჯანყდი, რადგან შენ ამის ტრაკი არ გაქვს
აჯანყდი, რადგან შენ გამოტოვე რევოლუცია
აჯანყდი, რადგან რევოლუცია ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ ხდება
აჯანყდი, რადგან შენს აპათიას შენთვის უსაზღვრო სიხარული მოაქვს
აჯანყდი, რადგან შენი ხმა დაკარგე
აჯანყდი, იმიტომ რომ შენ გაქვს არჩევანი
აჯანყდი, რადგან გუნდში სიმღერა გინდა
აჯანყდი, რადგან სულ გინდოდა სოლისტი ყოფილიყავი,
აჯანყდი, ეს დიდხანს იწელება
აჯანყდი, რადგან გინდა იმღერო ეს სიმღერა.

თარგმანი : გიორგი ხასაია

 

კომენტარები

comments