პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

წერილი 1: როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლეების წერითი კომუნიკაციის უნარი – სახელდახელო ნაწერები

გქონიათ ასეთი შემთხვევა, რომ კითხულობთ მოსწავლეების ნაწერებს და ამ ნაწერებში ვერ ხედავთ თქვენს მოსწავლეებს და თქვენი მოსწავლეების ხმის ნაცვლად უცნობის ხმა გესმით? ანდა ასწორებთ ნაწერს და ზუსტად იცით, რომ ის, რაც თქვენს ხელშია, ის რაც ამ ნაწერში წერია, იმის მეათედიც არ არის, რაც რეალურად იცის მოსწავლემ? სიტყვების რახარუხი დალაგებული აზრების ნაცვლად, ერთმანეთთან  დაუკავშირებელი წინადადებები – კითხულობ და გიპყრობს გაოცება, გაბრაზება, უსუსურობის განცდა, კარგავ იმედს, ყრი ფარხმალს. ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენც გქონიათ არაერთი ამგვარი შემთხვევა და თქვენც გეუფლებათ ასეთ დროს აქ ჩამოთვლილ ემოციათა სპექტრიდან რომელიმე მაინც. არ გიკვირთ, სად აორთქლდა ის ცოდნა, რომელიც მოსწავლეს აქვს, სად გაქრა ის აზრები, რომელთაც ზეპირი განხილვების დროს დაუზარებლად გიზიარებდათ მოსწავლე გაკვეთილზე, რატომ ვერ ახერხებს გამოამჟღავნოს ეს ყველაფერი წერისას და თავისთვის არ დაიტოვოს სათქმელი? არადა, დანამდვილებით იცით, რომ ახლა ამას არ უნდა კითხულობდეთ, ახლა სხვა ნაწერი უნდა გეჭიროთ ხელში. რომ მეორე დღეს, როცა გამოჰკითხავ მოსწავლეს, პასუხებს სწორად გაძლევს, ჩაეძიები, რა დაემართა, რატომ დაეზარა და არ ასახა მისმა ნაწერმა ეს პასუხები და პასუხად მხოლოდ მხრების აჩეჩვას იღებთ.

რეალობა მწარეა, განსაკუთრებით, როცა დამწყები მასწავლებელი ხარ. მერე და მერე კი ეგუები, იცი, რომ მოლოდინები უფრო დიდია ხოლმე, რეალობა კი სხვა, მაგრამ მაინც გიჭირს, ამ რეალობას უბრძოლველად დანებდე. საგამოცდო ნაწერების გამომზეურება აჩვენებს, რომ ბევრი მასწავლებელი ნებდება. ალბათ ბევრი იმიტომაც ნებდება, რომ იმასაც ხედავს, როგორც აგრძელებენ ამ უვარგისი ნაწერების ავტორები სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში. აი იქ კი ნამდვილად აღარაა არც იმის ადგილი და არც იმის დრო, ვინმემ მათი წერითი უნარების განვითარებაზე იზრუნოს.

ვაღიაროთ: სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობას, ზეპირი მეტყველებისგან განსხვავებით, ძალიან უჭირს წერა. წერის სწავლება ალბათ ყველაზე რთული ამოცანაა, რომლისთვის თავის გართმევაც ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს უჭირთ, ხოლო როგორ ვასწავლოთ კარგად წერა ალბათ ყველაზე რთულად გასაცემი შეკითხვაა. ერთია გამართულად წერა, როდესაც ენის კანონებს იცავ და მეორეა აზრის გამართულად კომუნიკაციის უნარი. პირველის სწავლება ბევრ რამეს უკავშირდება, მათ შორის, გრამატიკის – სინტაქსის თუ მორფოლოგიის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის ცოდნას. მეორეს სწავლება კი წარმოუდგენელია, თუკი მოსწავლეები, დაწყებითი კლასებიდან დამამთავრებელი კლასების ჩათვლით, ხშირად არ შეასრულებენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს: წაკითხულის შინაარსის გადმოცემის უნარი, დასმული შეკითხვის გააზრებისა და მასზე ამომწურავი პასუხის გაცემის უნარი, თავისუფალ თემაზე წერილი დავალებების შესრულების უნარი – ეს ყველაფერი ნელ-ნელა უვითარებს ბავშვს წერით უნარებს. ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს თავის სამუშაოს ის მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლე უნდა დააყენოს სწორ გზაზე. დამამთავრებელ კლასებში ხშირად ვაწყდებით პრობლემას, რომ მოსწავლეებს არათუ რთულად გადმოსაცემი აზრის ჩამოყალიბება უჭირთ წერით, არამედ ელემენტარულ უმარტივეს დავალებასაც ვერ ასრულებენ. პრობლემას თვალი უნდა გავუსწოროთ, მივიღოთ როგორც მოცემულობა და თავის მართლების ნაცვლად, რომ ეს ჩვენი დანაშაული არაა, მის დროულად აღმოფხვრას უნდა შევეცადოთ. ძალიან ძნელია, როცა მასწავლებელს ერთდროულად ერთმანეთისგან დაშორებული საქმეების გაკეთება გიხდება: თან ნაწარმოებების ესთეტიკურ ტკბობაზე, მწერლის სათქმელის ამოცნობაზე, ტექსტის ფარულ შრეებზე ესაუბრებოდე მოსწავლეებს, ცდილობდე, მისი ლიტერატურული გემოვნების განვითარებაზე იზრუნო, ლიტერატურული პარალელების დაძებნით იყო დაკავებული და თან უმარტივეს წერით დავალებებს აძლევდე, რომ მერე იმის გადმოცემაც შეძლონ მოსწავლეებმა წერისას, რომელიც ნამდვილად იციან, მაგრამ უნარი არა აქვთ, წესიერად ასახონ ნაწერში. რას ვიზამთ? ელემენტარულით უნდა დავიწყოთ და ნელ-ნელა გადავიდეთ რთულ დავალებებზე.

ერთ-ერთი და არა ერთადერთი დავალება, რომელიც ხშირად უნდა მოვთხოვოთ მოსწავლეებს, ეს არის „სახელდახელოების“(prompt) დაწერა (პრომპტების შესახებ ერთ-ერთ საიტზე წავიკითხე, რომელზე წვდომაც შეზღუდულია). პრომპტი ითარგმნება, როგორც ჩქარი, დაუყოვნებელი, ხოლო, თუკი ზმნის ფუნქცია აქვს, მაშინ ის წაქეზებას აღნიშნავს. გადავწყვიტე, მეთარგმნა როგორც „სახელდახელო“, რადგან მათ მართლაც სახელდახელოდ ვაწერინებ ხოლმე მოსწავლეებს. ნუ დაგეზარებათ, აწერინეთ თქვენს მოსწავლეებს სახელდახელოები და, დამიჯერეთ, ეს მეთოდი ძალიან დაეხმარება მათ ისწავლონ, როგორ დაალაგონ სათქმელი, როგორ გადმოსცენ მარტივად ის, რაც მთავარია, არ მიედ-მოედონ ზედმეტს. ხშირად მოსწავლეები იმ დავალებებს არც ასრულებენ სახლში, მასწავლებელი რომ აძლევს მათ. ამიტომ სახელდახელოების დასაწერად გაკვეთილის ბოლო წუთები უნდა გამოიყენოთ. ყველაზე კარგია, თუკი მოსწავლეები ერთ სამუშაო რვეულს კლასში დატოვებენ. მათ შეეძლებათ, რომ რაღაცები ჩაინიშნონ გაკვეთილზე, რომელსაც მერე სახელდახელოების წერისას გამოიყენებენ. არ შეგეშინდეთ, რომ ამ რვეულს სხვა მიზნითაც გამოიყენებენ მოსწავლეები, მაგალითად, სახატავად, „კრესტიკი-ნოლიკის“ სათამაშოდ. თუკი ეტყვით, რომ ეს რვეული კლასში რჩება და მას დროდადრო მასწავლებელი წაიკითხავს, მაშინ რვეულს დანიშნულებისამებრ გამოიყენებენ. თუმცა, თუკი სხვა ჩანაწერებს და ნახატებს წააწყდებით რვეულში, ამისთვის მოსწავლეს კი ნუ უსაყვედურებთ, დაფიქრდით, ხომ არ იყო თქვენი ჩატარებული გაკვეთილი უინტერესო ბავშვისთვის და შეეცადეთ, უფრო საინტერესო გახადოთ ის. არაა საჭირო, სახელდახელოებს ყოველ ჯერზე კითხულობდეთ და უსწორებდეთ მოსწავლეებს. სახელდახელო იმიტომაცაა სახელდახელო, რომ მარტო მათ წერას კი არ უნდა ეთმობოდეს მცირე დრო, მათმა კითხვამაც არ უნდა წაიღოს თქვენი საქმიანობის დიდი დრო. დაასრულეთ ნაწარმოებზე მუშაობა? აი მაშინ რომ გადაავლოთ თვალი სახელდახელოებს, ესეც საკმარისია. აუცილებელი პირობაა, სახელდახელოებში მოსწავლეს ნიშანი არ დაუწერთ. სახელდახელო ნაწერები ნიშნით არ უნდა ფასდებოდეს. ამიტომ არც ისაა საჭირო, მოსწავლემ რედაქტირება გაუკეთოს სახელდახელოებს და არც ის, მასწავლებელმა გაასწოროს ისინი. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ ეს სახელდახელოები სემესტრის ბოლოს დაეხმარება მასწავლებელს, განსაზღვროს, სწორად გაიგო თუ არა მოსწავლემ ამა თუ იმ გაკვეთილზე განხილული მასალა, გაიაზრა თუ არა მთავარი სათქმელი, შეძლო თუ არა დასკვნის გამოტანა. არც ის არის საჭირო, ზედმეტად გაგიტაცოთ სახელდახელოებმა და ყველა გაკვეთილის ბოლოს სახელდახელოები აწერინოთ მოსწავლეს. თითო ტექსტზე სამის დაწერა სავსებით საკმარისი იქნება. თავიდან მოსწავლეების დაწერილი სახელდახელოები არ მოგეწონებათ. ამიტომ თავიდან ცოტა ხშირად მოგიწევთ მათი წაკითხვა და მითითებების მიცემა. ნელ-ნელა მოსწავლე ისწავლის ლაკონიურად წერას, მნიშვნელოვანის გამორჩევას, თანმიმდევრულ და მწყობრად წერას, ამიტომ მათი ხშირად წაკითხვაც აღარ იქნება აუცილებელი. სახელდახელოებისთვის განკუთვნილი სპეციალური რვეული იმითიცაა კარგი, რომ ეს შესანიშნავი მტკიცებულებაა, ნებისმიერმა მსურველმა ნახოს, რას აკეთებდით და როგორ აკეთებდით გაკვეთილებზე; მოსწავლისთვის კი საუკეთესო გზაა, ასათვისებელ მასალასთან ერთად ისწავლოს, წერით გამოხატოს სათქმელი.

სახელდახელოებისთვის თქვენს მოსწავლეებს რამდენიმე შეკითხვა გაუმზადეთ და ჩამოაწერინეთ რვეულის თავში ან ბოლოში. ეს შეკითხვები მათი გზამკვლევი იქნება წერის პროცესში. თითო სახელდახელო ერთ რომელიმე შეკითხვაზე გაცემული პასუხი უნდა იყოს. მოსწავლე თავისუფალი უნდა იყოს შეკითხვის არჩევისას. ეს შეკითხვები თქვენც დაგეხმარებათ სწორად დაგეგმოთ გაკვეთილი. თუკი მიხვდებით, რომ მოსწავლე ჩამოთვლილი შეკითხვებიდან ვერცერთს პასუხობს, ეს იმას ნიშნავს, რომ გაკვეთილს რაღაც მოაკელით. ამიტომ მოიფიქრეთ თქვენ თვითონ თქვენთვის სასურველი შეკითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი საქმიანობის გასაანალიზებლად. გთავაზობთ რამდენიმე შეკითხვას, რომელსაც მე ვიყენებ გაკვეთილებზე. ეს შეკითხვები საიტიდან მაქვს აღებული:

  1. რისი გაგება გაგიჭირდათ და რისი გაგება გაგიადვილდათ ტექსტზე მუშაობისას?
  2. რა კავშირები დაინახეთ ნაწარმოებში ასახულ საკითხებსა და თქვენს გამოცდილებას შორის? ან: როგორ დაუკავშირებთ ნაწარმოებში ასახულ საკითხებს თქვენს კულტურულ გამოცდილებას?
  3. მწერლის მიერ გამოყენებული მხატვრული ოსტატობის რომელი ასპექტი იყო განსაკუთრებით საინტერესო თქვენთვის?
  4. რა როლი ეკისრება მეორეხარისხოვან პერსონაჟებს შესწავლილ ნაწარმოებში?
  5. რამდენად მნიშვნელოვანი იყო დრო და ადგილი ნაწარმოებისთვის (სიუჟეტისთვის, მწერლის სათქმელის უკეთ გამოსახატად)?
  6. ამოიცანით რომელიმე სიმბოლო, მოტივი ან გამომსახველობითი საშუალება და იმსჯელეთ მასზე.
  7. რომელი პერსონაჟია ნაწარმოებში ისეთი, რომლის ფუნქციაც კულტურული ღირებულებების დაცვაა?

სახელდახელოს წერისას თხოვეთ მოსწავლეებს გაითვალისწინონ და, სანამ წერას დაიწყებენ მიუთითონ, რომელ ნაწარმოებს განიხილავენ და რომელ ეპიზოდს შეეხებიან. ასე რვეული უფრო მოწესრიგებულად გამოიყურება. მაგ.:

ნაწარმოების დასახელება: „ჯაყოს ხიზნები“

განხილული ეპიზოდი: თეიმურაზის და ნახუცარი ივანეს საუბარი

შეკითხვა 4

ანდა:

ნაწარმოების დასახელება: „ჰაკი აძბა“

განხილული ეპიზოდი: ფინალური სცენა

შეკითხვა 7

ანდა:

ნაწარმოების დასახელება: „სტუმარ-მასპინძელი“

განხილული ეპიზოდი: ჯოყოლას დაპირისპირება თემთან

შეკითხვა 7

თუკი გაკვეთილზე პოეზიას განიხილავდით, მაშინ მოსწავლეები მეორეს გამოტოვებენ და მიუთითებენ მხოლოდ ლექსის სათაურს და შეკითხვის რიგით ნომერს (ცხადია, ლექსის განხილვისას მხოლოდ მესამე და მეექვსე შეკითხვები გამოდგება). ამის შემდეგ მოსწავლეებმა პასუხი გასცენ შეკითხვას.

არ დაგავიწყდეთ რჩევები, რომლებიც უნდა მისცეთ მოსწავლეებს, სანამ სახელდახელოების წერას დაიწყებენ:

სათქმელი მოკლედ გადმოეცით, წერეთ მოკლე წინადადებებით!

ნუ გამოიყენებთ მაღალფარდოვან სიტყვებს (თუ დარწმუნებული არა ხართ მნიშვნელობაში) და ჟარგონს!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი