ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

კარგი ესეს დასაწერად საჭიროა თქვენი გზავნილი იყოს ნათელი

კარგი ესეის დასაწერად ნათელი უნდა გახადოთ თქვენი გზავნილი. ეს ნიშნავს მნიშვნელოვანი პუნქტების ჩამოყალიბებას მტკიცებულებებზე დამყარებული არგუმენტებით და ამ ყველაფრის ისე „შეფუთვას”, რომ მკითხველი მიხვდეს, რა ისწავლა. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოახერხოთ, თქვენ მკითხველის პერსპექტივა უნდა დაიკავოთ. თუ თქვენ შეძლებთ იმის დანახვას, სად „წაიბორძიკებს” მკითხველი თქვენი ნაშრომის კითხვისას, შეგეძლებათ თავი აარიდოთ „მახეებს”, რაც დამაბნეველი ან მოსაწყენი იქნება მათთვის. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ ზემოთ თქმულისთვის თავის არიდებაში.
1. თქვენი პირველი აბზაცი ნათლად უნდა აღწერდეს, თუ რის განხილვას აპირებთ ესეიში. არსებითია სამი რამ: რა არის თეზისი, რატომ არის ის მნიშვნელოვანი და როგორ მიუდგებით თქვენ მას. თუ ეს ყველაფერი პირველ აბზაცშია თავმოყრილი, თქვენს მკითხველს ეცოდინება, რას კითხულობს, რატომ კითხულობს და რის მიღებას უნდა ელოდეს მისგან.

2. მოახდინეთ ესეის ორგანიზება ისე, რომ ყველა ქვეთემა ასაბუთებდეს მთავარ თეზისს. თუ ესეი გრძელია, სასურველია მისი სათაურ(ებ)იან სექციებად დაყოფა, რომლებიც სპეციფიკურ ქვეთემაზეა ორიენტირებული. წარმოადგინეთ ეს თემები ესეის პირველ აბზაცში (იხ. 1-ლი პუნქტი ზემოთ). თქვენ ისე უნდა დაალაგოთ ინფორმაცია, რომ ადვილად გასაგები და დასამახსოვრებელი იყოს.

  1. ყველა აბზაცის პირველ წინადადებაში ახსენით, რაზე აპირებთ საუბარს. შემდეგ დაწერეთ წინადადებები, რომლებიც ერთმანეთიდან გამომდინარეობს და ადვილად წასაკითხია. ერიდეთ აბზაცებს, რომლებიც ძალიან გრძელია, სიებივით იკითხება, ან არ აქვს ძირითადი თეზისი. რთული აბზაცები შეაჯამეთ მოკლე წინადადებებით, რომლებიც განმარტავენ, რა ითქვა ამ აბზაცში.
  2. აბზაცები ისე დაალაგეთ, რომ ერთი მეორისგან გამომდინარეობდეს. უნდა ეცადოთ, რომ ყველაფერი ადვილად გასაგები გახადოთ მკითხველისათვის. რაც უფრო მეტად ორგანიზებულია თქვენი ნაწერი, უფრო ნათლად შეძლებთ საკუთარი იდეების გაგებასა და მათთან ურთიერთობას.
  3. მოერიდეთ გრძელ წინადადებებს. თუ რაიმე გაეჭვებთ, დაყავით გრძელი წინადადებები უფრო მოკლე წინადადებებად. მოერიდეთ წინადადებებს, რომლებიც განმეორებადია და არ შეიცავს ახალ ინფორმაციას. მოიშორეთ სუსტი და ცარიელი წინადადებები („ანგიოპლასტიკა მნიშვნელოვანი პროცედურაა”, „ემოციები ადამიანების ცხოვრების ცენტრალური ელემენტია”). წინადადებები ასევე კრისტალურად ნათელი უნდა იყოს. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ რამდენად ნათელია წინადადება. წაიკითხეთ ისინი ხმამაღლა ან წააკითხეთ სხვას.
  4. ახსენით ახალი ტერმინები, როდესაც პირველად იყენებთ მათ. ნუ ივარაუდებთ, რომ თქვენმა მკითხველმა იცის, რას ნიშნავს ეს ტერმინი. მოერიდეთ პროფესიულ ჟარგონს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მნიშვნელოვან ცნებებს ეხება. წარმოიდგინეთ, რომ მკითხველმა გაცილებით ნაკლები იცის ამ თემის შესახებ, ვიდრე თქვენ.

    7. სამეცნიერო ნაწერში შეგიძლიათ გამოიყენოთ სინონიმები მნიშვნელოვანი ცნებებისთვის მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველად ხსნით (განმარტავთ) მათ. ამის შემდეგ, ყოველთვის გამოიყენეთ ერთი და იგივე სიტყვა იდეასთან მიმართებაში. მაგალითად, თქვენ შეიძლება გსურდეთ დაწეროთ „აფექტი”, შემდეგ „ემოციები”, შემდეგ „გრძნობები”. თუ ყოველთვის სხვადასხვა სიტყვას გამოიყენებთ იდეასთან მიმართებაში, თქვენი მკითხველი დაიბნევა. განმარტეთ ტერმინი, შემდეგ კი მუდმივად გამოიყენეთ ის.

  5. ფრთხილად იყავით ისეთი სიტყვების გამოყენებისას, როგორიცაა „ეს”, „ის”, „ესენი”, „ისინი”, „მათი” და სხვ. ეს სიტყვები ხშირად არც ისე მჭიდრო კავშირშია იმასთან, რასაც ეხებიან, როგორც თქვენ ფიქრობთ. შეამოწმეთ თითოეული მათგანი და ნახეთ, შეგიძლიათ თუ არა მათი სხვაგვარად, უფრო ნათლად დაწერა. თქვენ თუ დაუდევრად იყენებთ ამ  სიტყვებს, თქვენს მკითხველს მეტი დაფიქრება დასჭირდება იმის გასაგებად, თუ რაზე საუბრობთ. ეს დაარღვევს აზრის მდინარებას და გაართულებს იმის გაგებას, რისი თქმაც გსურთ. ისინი  (მკითხველები) ვერ გაიგებენ, რაზე საუბრობთ. მარტივად განმარტეთ, რაზე საუბრობთ და თქვენს ნაწერს უფრო ნათელს გახდით. უკეთესია გაიმეოროთ, ვიდრე ვერ გაგიგონ.

    9. გამოიყენეთ კონკრეტული ინფორმაცია. კონკრეტული ინფორმაციას შეუძლია გავლენის მოხდენა, მიმზიდველია, უფრო ადვილად გასაგებია და უკეთ დასამახსოვრებელი, შეიცავს მაგალითებს, სტატისტიკას, ციტატებს, ფაქტებსა და სხვა დეტალებს. რაც უფრო მეტი წინადადება ავითარებს თქვენს თეზისს ახალი ინფორმაციის ან იდეების გარეშე, მით მეტია შესაძლებლობა, რომ თქვენი მკითხველი მოიწყენს.

  6. თუ გაქვთ საინტერესო იდეა, შეამოწმეთ, ვინმეს უკვე ხომ არ ჰქონია მსგავსი და თუ ასეა – მოიყვანეთ ციტატა. შესაძლებელია, სხვამ სულ მცირე, მიანიშნა თქვენს იდეაზე და თქვენ შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ როგორც ტრამპლინი რაიმე უფრო საინტერესოს სათქმელად. ეს წარმოაჩენს თქვენს განსწავლულობასა და უფრო ფართო კონტექსტს.

    11. დარწმუნდით, რომ ყველაფერი რელევანტურია. ნუ ჩაურთავთ შეუსაბამო შემთხვევით ფაქტებს. ნუ გამოიყენებთ არასაჭირო, ზედმეტ სიტყვებს. ნუ ჩაურთავთ აბზაცებს, რომლებიც ბევრ საინტერესო ფაქტს შეიცავს, მაგრამ კავშირში არ არის თქვენს ცენტრალურ თეზისთან. ეს აბრკოლებს მკითხველს და აბნევს მას, რადგანაც ელიან იმის წაკითხვას, რაც თქვენს თემასთანაა კავშირში. პირველადი მონახაზის შემდეგ (სადაც უბრალოდ ცდილობთ იდეების ჩაწერას ფურცელზე), ნახეთ, რისი ამოღება შეგიძლიათ, რათა თქვენი მსჯელობა მნიშვნელოვანზე იყოს ფოკუსირებული.

  7. საუკეთესო ესეები არ გამორიცხავს საკუთარ კრიტიკას. საბოლოო შეჯამებამდე შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი მნიშვნელოვანი პუნქტების  სათანადოდ დამოწმებული კრიტიკა, შემდეგ კი – კრიტიკის კრიტიკა (ასევე სათანადოდ დამოწმებული). თუ თქვენ შეძლებთ ამის კარგად გაკეთებას, მოახდენთ პრობლემების დაწვრილებითი გაგების დემონსტრირებას. ამის შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ დასკვნაზე.
  8. დასკვნაში შეარჩიეთ პოზიცია, გააკეთეთ პროგნოზი ან შესთავაზეთ მკითხველს მომავალი მოქმედებები (ექსპერიმენტი, თანამშრომლობა, ახალი საკითხი და სხვ.). მოკლედ შეაჯამეთ თქვენი თეზისი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/statistical-life/201803/13-rules-writing-good-essays-0

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი