პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ მოვიპოვოთ ბავშვის ნდობა და სიყვარული

ნდობა და სიყვარული ადამიანთა შორის ნებისმიერ საქმეში წარმატების მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს, მაგრამ როცა საქმე ბავშვთან ურთიერთობას ეხება, მათი როლი ფასდაუდებელია. ალბათ დამეთანხმებით, რომ ბავშვის ნდობისა და სიყვარულის მოპოვება ადვილიც არის და საკმაოდ ძნელიც. ადვილია მაშინ, როცა ვითვალისწინებთ მათ მოთხოვნებს, ხოლო ძნელია მაშინ, როცა მათ კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებთ და, ამასთან, მათგან უსიტყვო მორჩილებას მოვითხოვთ. გასათვალისწინებელია, რომ როგორც უფროსებს გვაქვს ბავშვის ქცევისა და მისი პიროვნების შეფასების კრიტერიუმები, ასევე აქვთ ბავშვებსაც კრიტერიუმები ჩვენი მოქმედების შესაფასებლად, რომელთა გათვალისწინება ძალიან დაგვეხმარებოდა ბავშვთან ურთიერთობაში, მისი ნდობისა და სიყვარულის მოპოვებაში.
მაინც რა არის ის, რასაც ასე აფასებენ პატარები, რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ, რომ ბავშვი ჩვენდამი ნდობითა და სიყვარულით განიმსჭვალოს? პირველი აუცილებელი პირობაა სამართლიანობაა. ბავშვები ყველაზე მტკივნეულად უსამართლობაზე რეაგირებენ. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკმარისი არ არის, ჩვენი ქმედება ობიექტურად იყოს სამართლიანი – ის ბავშვის თვალითაც, სუბიექტურადაც სამართლიანად უნდა აღიქმებოდეს. რამდენიმე დღის წინ ტრანსპორტში, ჩემდა უნებურად, დედა-შვილის საინტერესო საუბრის მოწმე გავხდი. 7-8 წლის ბიჭუნა დედას თავის გულისტკივილს უზიარებდა: „ვერ გავიგე, რა ხდება; როცა ვინმეს ვეჩხუბები, მასწავლებელი მსჯის, მაგრამ როცა სხვა მეჩხუბება, მაინც მე მსჯის”. არცთუ იშვიათად ბავშვს სასკოლო ცხოვრების დასაწყისშივე მიეკერება ესა თუ ის იარლიყი და ბოლომდე ამ იარლიყით უწევს თანატოლებთან ურთიერთობა, და როდესაც კლასში რაიმე ხდება, ხშირად საქმეში გაურკვევლად ისჯება ის, ვისაც „რთული” ბავშვის იარლიყი აქვს მიკერებული, მაშინაც კი, როცა თავადაა დაზარალებული. „შენ გამოიწვევდი, თორემ ის ამას არ იზამდა”, – ამ სიტყვებით უფროსი ხშირად თავისი ქცევის გამართლებას უფრო ცდილობს, ვიდრე სასჯელის სამართლიანობაში ბავშვის დარწმუნებას. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ასეთი ბავშვები ეგუებიან იმ როლს, რომელიც მათ „დააკისრეს”, ირგებენ შესაბამის ნიღაბს, რომ უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი და „რთული მოზარდის” როლის თამაშს იწყებენ. ამ შემთხვევაში უფროსები უფრო მეტი თავდაჯერებით ამტკიცებენ საკუთარი პოზიციისა და ქმედების სამართლიანობას: „გახსოვთ, ჯერ კიდევ როდის გეუბნებოდით, რომ ამისგან კარგი არაფერი გამოვიდოდა; კოჭებში ეტყობოდა, რაც დადგებოდა”. სტერეოტიპული აზროვნებისგან გათავისუფლება და იარლიყების მიკერებისგან თავის შეკავება ბავშვის ნდობისა და სიყვარულის მოპოვების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

მეორე, ასევე მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც ბავშვის ნდობისა და სიყვარულის მოპოვებაში დაგვეხმარება, თანატოლებთან მისი შედარებისგან თავის შეკავებაა. ბავშვებს არ მოსწონთ, როცა უფროსი რომელიმე მათგანს სანიმუშოდ წარმოაჩენს და ყველას მოუწოდებს, მას დაემსგავსონ. „როგორ მინდა, ჩემს კლასში ყველა გიოს ჰგავდეს; შეხედეთ, როგორი წესიერი, ზრდილობიანი, ნაკითხი და ბეჯითია!” – მასწავლებლის ეს სიტყვები შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს თანაკლასელებს შორის ურთიერთობის გასაფუჭებლად. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და როცა მისგან მოითხოვენ, სხვას მიბაძოს, მას სამართლიანად უჩნდება პროტესტის გრძნობა და აგრესიული ხდება. ინდივიდუალურობა განვითარების პიროვნულ დონეზე მდგომი ადამიანის უმნიშვნელოვანესი ნიშან-თვისებაა და როცა პიროვნული განვითარების პროცესში მყოფი ბავშვისგან ინდივიდუალურობაზე უარის თქმას მოვითხოვთ, გამოუსწორებელ შეცდომას ვუშვებთ, რადგან ამით შესაძლოა ისეთი პიროვნების ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი, რომელიც მომავალში თვითონაც აღარ მოგვეწონება. ალბათ დამეთანხმებით, რომ საზოგადოებაში არცთუ დიდი მოწონებით სარგებლობს ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი აზრი, საკუთარი პრინციპები, ღირებულებები და მუდამ სხვებს ბაძავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შედარება ვნებს არა მხოლოდ იმ ბავშვს, ვისგანაც მოითხოვენ, „სანიმუშო” თანატოლს მიბაძოს, არამედ მასაც, ვინც, უფროსის აზრით, ყველასთვის მისაბაძი მაგალითი უნდა გახდეს. სასკოლო პრაქტიკა მოწმობს, რომ არახელსაყრელი სოციალური სტატუსის მატარებლები და ჯგუფისგან გარიყულები ხდებიან არა მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც გამუდმებით კიცხავს მასწავლებელი, არამედ ისინიც, რომლებსაც სხვებს ეტალონებად უსახავენ.

ბავშვები ვერც მშობლების შედარებებს ხვდებიან მშვიდად. წლების წინ ორ პატარა გოგონასთან მქონდა ურთიერთობა – 7 წლის ნინიკოსა და 6 წლის ნატუკასთან. ისინი ტყუპი არ ყოფილან, მაგრამ დედამ მაინც ერთად შემოიყვანა სკოლაში. ნინიკო ადვილად შეეგუა სკოლას და მალე სანიმუშო მოსწავლე გახდა, ნატუკას კი ძალიან უჭირდა სასკოლო წესების დაცვა და სწავლა, რის გამოც ხშირად იმსახურებდა საყვედურებს. კარგად მახსოვს, როგორ გამაცნო დედამ გოგონები: „ეს ნინიკოა, ჩემი სიამაყე, ჩემი სასახელო შვილი”, – ამაყად გამომიცხადა მან და კმაყოფილი ღიმილით გადახედა გოგონას, რომელიც სიამოვნებით ისმენდა ამ სიტყვებს, მერე კი შეწუხებულმა შეავლო თვალი ნატუკას და თქვა: „აი, ეს კი ბოლოს მომიღებს, ამან მომკლა, ამან გამაჭაღარავა”. ნატუკა წარბშეჭმუხნილი ისმენდა დედის სიტყვებს. როგორც შემდეგ გავიგე, „ურჩი შვილი” ყოველ დილით უცნაურ სცენებს აწყობდა – ადრე ამდგარი, ტანსაცმელს უმალავდა თავის „სანიმუშო” დაიკოს, თავად კი სწრაფად ემზადებოდა და, ჩანთით ხელში, მშვიდად ელოდა კართან, როდის წაიყვანდნენ სკოლაში. მას იმედი ჰქონდა, რომ „მოწესრიგებულობისთვის” შეაქებდნენ, მაგრამ ეშმაკობას მიუხვდნენ, მკაცრად უსაყვედურეს და დასაჯეს… ბევრ სირთულეს ავიცილებთ თავიდან, თუ ბავშვს მივიღებთ ისეთს, როგორიც არის. ყველა ბავშვი განსაკუთრებულია და ეს განსაკუთრებულობა მათდამი ჩვენს დამოკიდებულებაშიც უნდა ჩანდეს. მოზარდები განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავიანთი შესაძლებლობებით, პიროვნული თავისებურებებით. თუ მათ ქცევასა და უნარებში რამის შეცვლა გვსურს, მათი დღევანდელი მდგომარეობა უნდა შევადაროთ მათსავე ადრინდელ მდგომარეობას და არა მათი თანატოლების ახლანდელ ან წარსულ მიღწევებს.

ყოველივე ამასთან ერთად, ნდობისა და სიყვარულის მოსაპოვებლად საჭიროა ვაგრძნობინოთ ბავშვს, რომ ის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. უცნაურია, მაგრამ ბავშვებს უყვართ ავად გახდომა. ეს იმიტომ, რომ ავადმყოფობის დროს მათ მიმართ ყველა განსაკუთრებულ ყურადღებას, მზრუნველობას, სითბოსა და სიყვარულს ამჟღავნებს. ერთხელ მეორეკლასელმა ნანუკამ, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში აცდენდა სკოლას, კითხვაზე, რატომ არ დადიოდა, მიპასუხა, ავად ვიყავიო და თან ამაყად მამცნო, რომ მთელი ავადმყოფობის განმავლობაში დედა გვერდიდან არ მოსცილებია. „წარმოგიდგენიათ?! სამსახურიც კი გააცდინა, რომ ჩემთან ყოფილიყო. თანაც დირექტორია თავის სამსახურში. არ მეგონა, თუ არ წავიდოდა”, – გაოცებას ვერ მალავდა ნანუკა. დღეს ბევრი მშობელი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ცხოვრების დღევანდელი რიტმის გამო დრო ბავშვთან ურთიერთობისთვის ვეღარ იცლის. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს და შესაძლოა, მომავალში კიდევ უფრო მეტი სიმწვავით დადგეს ჩვენ წინაშე. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვისთვის დროის ხანგრძლივობაზე მნიშვნელოვანი მისი შინაარსობრივი დატვირთვაა, ალბათ ძნელი არ იქნება მისი გულის მოგება. ვეცადოთ, შინაარსიანად გავატაროთ ბავშვთან თუნდაც მოკლე ხანი, მოვუსმინოთ მას. თუ ასე არ მოვიქცევით, ახლო მომავალში ჩვენ შორის გაუცხოება დაისადგურებს და როცა თავად მოვინდომებთ მასთან საუბარს, იმის გაგებას, რა აწუხებს, რა უხარია, მას ამის სურვილი უკვე აღარ ექნება.

ხშირად ბავშვთან ურთიერთობისას პრობლემები იმის გამო იჩენს თავს, რომ არ ვითვალისწინებთ მის ასაკს და მისგან ჩამოყალიბებული, ზრდასრული პიროვნების საკადრის ქცევას მოვითხოვთ, მაგრამ თავად ვეპყრობით როგორც პატარა, ჯერ კიდევ შეზღუდული უფლებების მქონე არსებას.

დაბოლოს, ის, რის გარეშეც ბავშვის ნდობისა და სიყვარულის მოპოვება თითქმის შეუძლებელია, ღიმილი და კეთილგანწყობაა. ნურასოდეს დავივიწყებთ, რომ ღიმილი და კეთილგანწყობა ნებისმიერი ბავშვის სულთან მისასვლელი უმოკლესი გზაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი