ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სკოლა და თემი

მოზარდის სრულფასოვან პიროვნებად და მოქალაქედ ჩამოყალიბებაში სკოლას გადამწყვეტი როლი აკისრია და ამაზე საზოგადოება კარგა ხანია შეთანხმდა. საინტერესოა, რა როლს ასრულებს სკოლა თავის ირგვლივ არსებული გარემოსა და ადგილობრივი თემის განვითარებაში, ეკისრება თუ არა რაიმე პასუხისმგებლობა ან შეუძლია თუ არა გავლენის მოხდენა თემში მიმდინარე პროცესებზე.

ამ საკითხის უკეთ გაგებისთვის, უპირველესად, შევთანხმდეთ, რას გულისხმობს თემი. აქ ამ ცნებით იგულისხმება სკოლის ირგვლივ მცხოვრები (სოფელი, ქალაქის რაიონი და ა.შ) განსხვავებული შესაძლებლობების, ეთნიკური წარმომავლობის, სქესისა და სხვა მახასიათებლების მქონე ისეთი ადამიანების ერთობა, რომლებიც აქტიურად არიან დაკავშირებული მათ საცხოვრებელ ტერიტორიაზე არსებულ სკოლასთან. ისევე როგორც ყველა სკოლა, თემიც ინდივიდუალურია და ქმნის ადგილობრივი გარემოსთვის დამახასიათებელ მიკროკლიმატს. მაგალითად, ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება დიდი ქალაქებისა და პატარა სოფლების თემები. განსხვავებულია მათი ღირებულებათა სისტემა, მსოფლმხედველობა და გარემო, რომელშიც მის წევრებს უწევთ არსებობა. შესაბამისად, სკოლა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას – იზრუნოს არა მხოლოდ მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე, არამედ გაითვალისწინოს და უპასუხოს თავის ირგვლივ მცცხოვრებ ადამიანთა ერთობის ინტერესებსაც.

მოსწავლეთა განვითარებაში სკოლის როლი უმნიშვნელოვანესია. იგი ქმნის უნიკალურ და თვითმყოფად გარემოს, სადაც ბავშვი თავისი ცხოვრების 12 წელს ატარებს, ვითარდება, უყალიბდება ღირებულებათა სისტემა და სწავლისა და ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. ვინაიდან სკოლა საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, მასზე არსებითად აისახება საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები. როგორც ჯონ დიუი აღნიშნავს, სკოლა, უპირველეს ყოვლისა, სოციალური ინსტიტუტია. ვინაიდან განათლება სოციალურ პროცესს წარმოადგენს, სკოლა უბრალოდ საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმაა, სადაც ყველა ის საშუალება იყრის თავს, რომელიც კი ბავშვს ყველაზე ეფექტური გზებით შეაძლებინებს კაცობრიობის მიერ დანატოვარი რესურსის ათვისებას და საკუთარი ძალების საზოგადო მიზნებისთვის გამოყენების საშუალებას მისცემს. შესაბამისად, სასკოლო ცხოვრება მოზარდისთვის შინ, სამეზობლოსა თუ სათამაშო მოედანზე ცხოვრების ერთგვარი რეპეტიციაა.

დღეს საქართველოში ქალაქისა და სოფლის სკოლებს განსხვავებული რეალობა აქვთ. სოფლის თემის საჭიროებები სკოლათა უმრავლესობისთვის კარგადაა ცნობილი. უფრო რთულია ქალაქის სკოლების მდგომარეობა. მიგრაციის პროცესის გამო თემის მიკროკლიმატი დროის განსაზღვრულ პერიოდში შესაძლოა არსებითად შეიცვალოს და სასკოლო საზოგადოებასაც გაუჭირდეს პროცესებისთვის თვალის მიდევნება. მნიშვნელოვანია სკოლებში ვიზიტების განხორციელება არა მხოლოდ შესამოწმებლად და სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად, არამედ ადგილობრივი გარემოსა და კლიმატის შესასწავლადაც, რადგან რეგიონში ყველა სკოლის რეალობა სხვადასხვაგვარია და სხვადასხვა მოთხოვნები აქვს თემსაც. კონკრეტული კვლევის გარეშე რთულია იმის განსაზღვრა, მუშაობს თუ არა სკოლა ადგილობრივი თემის განვითარებაზე, პასუხობს თუ არა მათ საჭიროებებს. თუმცა ვიცით კონკრეტული მაგალითები – სკოლები, რომლებიც საკუთარი თემის საჭიროებებს მორგებულ საგანმანათლებლო გარემოს ქმნიან.

ევროპის მრავალ ქვეყანას კარგად აქვს გაცნობიერებული სკოლის უდიდესი მნიშვნელობა ადილობრივი თემის განვითარებაში. შვეიცარიის სოფლებში სკოლები კულტურული ცენტრის დანიშნულებასაც ასრულებენ. სკოლის ბიბლიოთეკაში იმართება სოფლის კულტურულ ცხოვრებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, პრეზენტაციები, შეხვედრები. გერმანიაში არსებობს მთელი სასკოლო ქსელი, რომლის მიზანია სხვა სკოლებთან დამეგობრება სწავლების მეთოდოლოგიის დახვეწისა და თემის განვითარების მიზნით. ინგლისში სკოლის წარმატების შეფასების ინდიკატორებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სკოლის კავშირს თემთან, მშობლებთან, სხვა სკოლებთან, დამსაქმებლებსა და საზოგადოებასთან. 

დღეს სკოლებში სათემო და თემისგარე პროექტებით უმთავრესად სამოქალაქო განათლების დისციპლინაა დაკავებული. თემში პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული აქტივობებით მოსწავლეები მხოლოდ კვლევის, პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის აუცილებელ უნარებს კი არ იძენენ, არამედ იყალიბებენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ ღირებულებებსაც.

სათემო და თემისგარე პროექტების განხორციელების საინტერესო გამოცდილება აქვს ველისციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ნანა ნიკოლაშვილს. ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ საგნის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ განხორციელებული აქტივობები მიმართულია ადგილობრივი და რეგიონული თემის განვითარებისკენ. ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები მრავალ საინტერესო ღონისძიებას უწევენ ორგანიზებას. რეგიონული პროექტების ფარგლებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით, მათ გამართეს მასშტაბური აქცია, რომლის მიზანი იყო ქალაქ გურჯაანში საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოგროვება და გატანა. რაც შეეხება ადგილობრივი თემის განვითარებას, მოსწავლეებმა ორგანიზება გაუწიეს სოფელში საზაფხულო სკოლის დაარსებას, რათა სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს საშუალება ჰქონოდათ, ზაფხულის არდადეგები ნაყოფიერად და ხალისიანად გაეტარებინათ მეგობრებთან ერთად. როგორც პედაგოგი აღნიშნავს, ეს იყო ემპათიისა და ერთმანეთზე ზრუნვის გამოხატულება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა ასეთ პროექტს ფინანსური მხარდაჭერაც სჭირდება, რასაც უმთავრესად ადგილობრივი თვითმმართველობა ან საერთაშორისო პროექტები უზრუნველყოფენ.

განათლების გზით საზოგადოებას შეუძლია საკუთარი მიზნების ფორმულირება და, ამის კვალობაზე, საკუთარი კურსის ზუსტად და გონივრულად განსაზღვრა იმ მიმართულებით, საითაც სურს მოძრაობა. ვინაიდან სკოლა თემის ორგანული ნაწილია, მათი ურთიერთგავლენა და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე ორმხრივი უნდა იყოს. არ შეიძლება, მხოლოდ სასკოლო საზოგადოებას დავაკისროთ ცალმხრივი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები. მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა თემმაც გაიაზროს სკოლის როლი მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. სკოლების უმრავლესობაში მოსწავლეები ადგილობრივი თემიდან დადიან, შესაბამისად, სასკოლო ცხოვრებაში თემის ჩართულობის გამო პასუხისმგებლობაც უპირველესად მშობელს ეკისრება. რა მდგომარეობაა საქართველოს სკოლებში მშობელთა ჩართულობის კუთხით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას სტატიის მომდევნო ნაწილში შევეცდებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი