შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პროექტი-როგორც სწავლების საუკეთესო მეთოდი

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს ინტეგრირებულ სწავლებას. დაწყებული რამდენიმედღიანი სასწავლო პროექტიდან, რომელიც ერთი რომელიმე თემის გარშემო კონცენტრირდება და დამთავრებული პროექტებით, რომლებიც შეიძლება მთელი წლის სასწავლო გეგმას ფარავდეს.

ის მოსწავლეებს მნიშვნელოვანი პრობლემების გამოძიებისკენ უბიძგებს. პროექტები, რომლებიც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებენ, შეიძლება განსხვავდებოდეს: თემატიკისა და მასშტაბის, შესასრულებელი დროის და კლასის მიხედვით. პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებს ააქტიურებს

·პრობლემის გადაჭრის;
·გადაწყვეტილების მიღების;
·ძიების;
·დოკუმენტირების;
·ინტერვიუს აღების;
·მკვლევარის;
·შემოქმედებით
და სხვა კუთხით.

პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა მოიცავს მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებსა და მაღალ სააზროვნო დონეს ცხოვრებისეულ მიზნებთან. მოსწავლეებს უწევთ რეალური, ცხოვრებისეული როლების თამაში და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება.

ჩემი მოსწავლეები პირველი კლასიდანვე მყავს ჩართული სხვადასხვა სახის პროექტებში. მიმაჩნია, რომ სწორედ დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ვიზრუნოთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარებისა და კომპეტენციების განვითარებაზე.

მინდა გაგაცნოთ ჩემ მიერ განხორცილებული ერთ-ერთი პროექტი: „ვიცხოვროთ სუფთა გარემოში”. აღვნიშნავ, რომ ამ პროექტში მოსწავლეებმა იმუშავეს ხალისით, მონდომებით, განივითარეს ჯგუფური მუშაობის, კვლევითი, შემოქმედებითი და პრობლემის გადაჭრის უნარები.

პროექტში ჩართული იყვნენ მეორე და მეოთხე კლასის მოსწავლეები. მოხდა ინტეგრირება: ბუნებისმეტყველებას, ხელოვნებას, მათემატიკასა და ისტ-ს შორის. ჩემთან ერთად მუშაობდა პროექტის თანაავტორი, ხელოვნების პედაგოგი. მოხდა კოლაბორაცია ადგილობრივ თემთან.

როდესაც გაჩნდა პროექტის განხორციელების იდეა, მოვიწვიეთ მშობელთა კრება და მშობლებს გავაცანით პროექტის მიზანი, აქტივობები, მისაღწევი შედეგები. დავბეჭდეთ პროექტის ბროშურა, რომელიც დავურიგეთ მშობლებს და დირექციის წარმომადგენლებს. განისაზღვრა პროექტში მშობელთა, მოსწავლეთა და მასწავლებლის როლი. აქტივობები დროში გავწერეთ, დავგეგმეთ პრეზენტაციის დრო და შევუდექით მუშაობას.
პროექტის მთავარი მიზანი ასე განისაზღვრა – ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში და ადგილობრივ თემში. პირველ რიგში, მოვახდინეთ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა, რისთვისაც გამოვიყენეთ სტრატეგია: „ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე”. გაირკვა რისი გაგება სურდათ მოსწავლეებს გარემოს დაბინძურების შესახებ.

აქტივობები:

1. ინფორმაციის მოძიება და დახარისხება;
2.ლოკალურ გარემოზე დაკვირვება და აღწერა;
3. ფოტოსურათების გადაღება და ინტერვიუების ჩაწერა;
4. კითხვარის საშუალებით სოფლის მოსახლეობის გამოკითხვა;
5.პრობლემის დანახვა და გადაჭრის გზების ძიება;
6.გამოფენის მოწყობა;
7.პროექტის პრეზენტაცია.

გამოვიყენეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ზოგადი კითხვა – რას ფიქრობს ხალხი? თემატური კითხვები: რატომ იწვევს გარემოს დაბინძურება დაავადებებს? თქვენი აზრით, რით შეიძლება შევამციროთ ჰაერის დაბინძურება? თქვენი აზრით, რით შეიძლება მოხდეს მდინარის წყლის დაბინძურება? რატომ არის ჩვენი ქუჩები დაბინძურებული, მაშინ როდესაც ქუჩაში დგას სანაგვე ურნები? შინაარსობრივი კითხვები: რა არის გარემო? იწვევს თუ არა პოლიეთილენის პარკები გარემოს დაბინძურებას? იწვევს თუ არა ნიადაგის დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ნაგავი? რით ბინძურდება გარემო?

მოსწავლეებმა იმუშავეს ოთხი მიმართულებით.
პირველმა ჯგუფმა იმუშავა ჰაერის დაბინძურებაზე,
მეორემ – წყლის დაბინძურებაზე,
მესამემ – ნიადაგების დაბინძურებაზე და
მეოთხემ – საყოფაცხოვრებო ნაგვით დაბინძურებაზე.
ეს არის კითხვარი, რითაც მეოთხეკლასელებმა კვლევა აწარმოეს.
რა ვიცი გარემოს დაბინძურების შესახებ
რესპოდენტის (სახელი, გვარი) —————————–
გადაგიგდიათ თუ არა ქუჩაში ნაგავი?
ა. დიახ
ბ. არა
გიფიქრიათ, რა შედეგი შიძლება მოყვეს ქუჩაში დაყრილ ნაგავს?
ა. დიახ
ბ. არა
თქვენი აზრით აზიანებს თუ არა ჩვენს ჯანმრთელობას გარემოში გადაყრილი ნაგავი?
ა. დიახ
ბ. არა
გსმენიათ თუ არა პოლიეთილენის პარკების მავნებლობაზე?
ა. დიახ
ბ. არა
თქვენ მონაწილეობა მიიღეთ მეოთხე კლასის მიერ განხორციელებულ კვლევაში, გარემოს დაბინძურების შესახებ.
ა. დიახ
ბ. არა
გმადლობთ.
შეფასების ეტაპები – შეფასება მოხდა პროექტის სამივე ეტაპზე.

პირველ ეტაპზე შევაფასეთ მათი წინარე ცოდნა და ინტერესები. მეორე ეტაპზე შევაფასეთ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, თანამშრომლობის, ინტერვიუს აღების, რაოდენობრივი კვლევის წარმოების უნარები. მესამეზე – მათი შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარები.

შეფასების ფორმად გამოვიყენეთ: განმავითარებელი კომენტარები.

პროექტის სარგებელი სხვებისთვის: ბავშვების მიერ შექმნილი გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებით, რომლებიც შეიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, დასაჩუქრდნენ პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრები. გამოფენის სურათები, მოსწავლეთა მიერ მომზადებული პრეზენტაციები. მოძიებული მასალები ავტვირთეთ ბლოგზე, რაც სხვებისთვისაც ახალი იდეების მაპროვოცირებელია. ეს კი ჩვენი პროექტის ბლოგის მისამართია: https://intelekologia.blogspot.com/

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ პროექტზე მუშაობის შემდეგ ჩემს მოსწავლეებს აღარ უჭირთ უპასუხონ კითხვას:

რას ფიქრობს ხალხი?

მათ ამ საკითხის გასარკვევად თავად აწარმოეს კვლევა ადგილობრივ თემში. გააკეთეს კვლევის ანალიზი და გამოიტანეს დასკვნები. პროექტზე მუშაობის დროს ბავშვებმა ერთდროულად იმუშავეს ეროვნული სასწავლო გეგმის 5 საკვანძო კომპეტენციაზე. ესენია:

1. წიგნიერება;
2. ციფრული წიგნიერება;
3.რაოდენობრივი წიგნიერება;
4.ეკოლოგიური წიგნიერება;
5. სოციალური და სამოქალაქო წიგნიერება.

პროექტში ჩართული იყო ადგილობრივი თემიც. მივაღწიეთ დასახულ მიზანს, მოვახერხეთ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება ჩვენი სკოლის მოსწავლეებში, მშობლებსა და მოსახლეობაში. პროექტის პრეზენტაციაზე მათ გადავეცით საინფორმაციო ბუკლეტები, გავაცანით ნარჩენების დაშლის ხანგრძლივობა ბუნებაში და დავასაჩუქრეთ მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებით. უფროსი კლასები კი დავასაჩუქრეთ პატარების მიერ გაკეთებული ულამაზესი ნაგვის ურნებით. პატარა მეგობრებმა უფროსებს სისუფთავის დაცვისაკენ მოუწოდეს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.ინტერნეტსახელმძღვანელო- „პროექტებით სწავლება”. Intel® Education Viewer.
2. პროექტი – როგორც სწავლებისა საუკეთესო მეთოდი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი