ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კლასგარეშე საკითხავი გოგოებისთვის, ბიჭებისთვისაც

პირველად როდის იწყებ ფიქრს, რომ რაღაც დააშავე, რადგან გოგოდ გაჩნდი?  ვიღაც, მაგალითად, ამ პოსტის ავტორი, შესაძლოა 9 წლის ყოფილიყო, როცა პირველად იფიქრა, რომ ბიჭად დაბადება ჯობდა.

თბილისისთვის უჩვეულო თოვლი, ყველა გარეთაა, მეზობლები, და-ძმა, ბავშვები, დიდები, თოვლის კაცს დგამენ, გუნდაობენ,  გზაზე მანქანები აღარ დადიან, ახლა მოლიპულია და მხოლოდ გოგო-ბიჭები სრიალებენ ჟივილ-ხივილით. საოცარი ღამეა, მერე რა, რომ ოთხმოცდაათიანებია, გარეგანათება არაა და თითქმის ყველა სახლის ფანჯრიდან ჟანგიანი მილია გამოჩრილი, ღუმლის.

დღემდე მახსოვს ის ხელთათმანები, თეთრი, ულამაზესი ნაქარგებით, სიფრიფანა, ვიღაცამ მაჩუქა, აბა, იმ ზამთარში  რას მიშველიდა, ამიტომ მალევე დასველდა და სახლში ასვლა დავაპირე, რომ გამეშრო და სხვა, უფრო ნაცრისფერი და ულამაზო, სამაგიეროდ თბილი ხელთათმანი ჩამომეტანა.

ჩემი სახლის სადარბაზო არაფრით განსხვავდება გარეუბნის ცხრასართულიანი კორპუსების ჭუჭყიანი და ბნელი სადარბაზოებისგან, არც კიბე, პრინციპში.

ზურგს უკან მესმოდა ადამიანის სუნთქვა, კიბეებზე უკან მომყვებოდა, იმ დღის მერე თუ ჩემს ზურგს უკან ნაბიჯების ხმას ვგრძნობ, მოსვენებას ვკარგავ, დღესაც ასეა, დღემდე მომყვება ეს შეგრძნება.

მოკლედ, დეტალები არაა საჭირო, მე მაშინ გადავრჩი – ორი მეზობლის ხმამაღალი საუბარი გავიგონე თუ არა სადარბაზოში, ძალი და ღონე მოვიკრიბე და კიბეებზე შეშლილივით ავვარდი.

ის ბოლო არ ყოფილა. მთელი ჩემი ბავშვობა, მოზარდობა და სტუდენტობა სავსე იყო ამ საშიში აჩრდილებით, ჩემი სახლის კიბეებს ახსოვს ჩემი ბათინკების ბრახაბრუხი, მეოთხე სართულამდე ვერ ვაღწევდი და პირველივე სართულის მეზობლის კარზე ვაბრახუნებდი გამალებით, კიდევ ერთი ჩვევა მაქვს, გიჟივით ავრბივარ სახლში, ფაცხაფუცხით ვარგებ კარს გასაღებს, ვაღებ, შიგნიდან კარგად ვკეტავ და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქავ. მახსოვს მეტრო, ავტობუსი, უნივერსიტეტის ეზო, მზიურის პარკი, განსაკუთრებით ეს ბოლო, წესით რომ მწვანე  ოაზისი უნდა ყოფილიყო ბავშვებისთვის, სინამდვილეში, იყო ადგილი, სადაც გავლა საშიში იყო.

დღემდე ვფიქრობ, რატომ ვიყავი სამიზნე მე – ხუთოსანი, არაფრითგამორჩეული, ნაცრისფერი თაგვი ორი ზომით დიდი ჯინსებითა და უფროსი ძმის ჯემპრით, სანამ არ მივხვდი, რომ ყველა სამიზნეა. მიზეზი თუ საბაბი მოუფიქრო მოძალადის ქცევას, ოდნავ მაინც დაადანაშაულო მსხვერპლი, დააბრალო  სამოსს, საუბარს, თმას, ტატუს, საყურეს, ღამეს, ქუჩაში მარტო სიარულს და ა.შ და ა.შ. ერთი, დიდი ნაბიჯია მოძალადის გასამართლებლად. არ არსებობს ასეთი მიზეზი, ამ ყველაფერს არ აქვს ლოგიკა!

ასე, რომ ძვირფასო მასწავლებლებო,

დროა, უფრო მეტის დანახვა მოსთხოვოთ  თვალებს, უფრო მეტის გაგონება -სმენას, უფრო მეტი იგრძნოთ და არაფერი გამოგეპაროთ.

მოძალადეს და მსხვერპლს გარეგნობით თუ სამოსით ვერ ამოიცნობთ, სამაგიეროდ, ამოიცნობთ შეშინებული თვალებით, კოორდინაციის პრობლემებით, დაბნეულობით, გულმავიწყობით ან სასტიკი მზერით, დაცინვით…

თუ ასეც ვერ იპოვეთ, ხშირად ისაუბრეთ ამ თემაზე.

არაფერია, მოვაკლოთ რამდენიმე წუთი ქართულ ენასა და ლიტერატურას, ნესტანის წერილის კითხვას თუ შუშანიკის პერსონაჟის ამოცნობას, სამაგიეროდ, ვასწავლოთ ჩვენს გოგონებს, რომ მათი ბრალი არაა, თუ ძალადობისა და დაცინვის მსხვერპლები გახდნენ, ვასწავლოთ გოგონებს, რომ დუმილი ოქროდ მხოლოდ ლიტერატურაში იქცევა და ისიც ზოგან, სიუჟეტს უფრო საინტერესოს ხდის. ცხოვრებაში – პირიქითაა,

ვასწავლოთ, რომ ილაპარაკონ და მოუსმინონ, რომ სწავლა და კითხვა შესანიშნავი იარაღია,  რომ  სპორტიც მშვენიერი საშუალებაა იმისთვის, რომ გაძლიერდე. რომ არ არის აუცილებელი ისეთი იყო, როგორიც სხვების წარმოსახვის ოქროსფერ ჩარჩოს მოუხდები, ისეთი უნდა იყო, როგორც ხარ, რომ ძალიან დიდი ძალაა მათში, რომ ისინი მართავენ თავიანთ ცხოვრებას, რომ თანასწორობის გარეშე ნებისმიერი ურთიერთობა, მეგობრობა თუ ოჯახი თავის მთავარ აზრს კარგავს.

ასწავლეთ პოლიციის, ცხელი ხაზის, ფსიქოლოგის ნომერი, უთხარით, რომ მათ გვერდით ხართ, ეცადეთ გენდონ და  თავიანთი პრობლემები გაგიმხილონ.

ფრთიანი დიდაქტიკური ფრაზები, ანდაზები და აფორიზმები არაფერს გიშველით – შექმენით თანასწორი გარემო თქვენს კლასში, კონკრეტული მაგალითები მოიშველიეთ, ყოფითი, სასიცოცხლო ჩვევები ასწავლეთ.

სამწუხაროდ, პატარა გოგოებისთვის ჩვენი გარემო, ქუჩა, სკოლა ჯერ კიდევ ძალიან საშიშია – ასწავლეთ თქვენს მოსწავლეებს, როგორც გაუმკლავდნენ ყოველდღიურ პრობლემებს. სხვა ყველაფერი მოიცდის!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი