პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ ვითანამშრომლოთ მშობლებთან

ყველა იმ პრობლემას შორის, რომელმაც შეიძლება სკოლაში თავი იჩინოს, მშობელსა და პედაგოგს შორის გართულებული ურთიერთობა, სრულიად განსაკუთრებულია. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თითქმის ყველა პრობლემა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება ბავშვს, სწორედ ამ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ამდენად, მშობელთან ურთიერთობის გართულებისა და გამწვავების შემთხვევაში სხვა პრობლემებიც მოუგვარებელი რჩება და ხანდახან შეიძლება ის სხვა, ახალი პრობლემების აღმოცენების მიზეზიც კი გახდეს. ადვილი არ იქნება ისეთი პედაგოგის პოვნა, რომელსაც თუნდაც ერთი მოსწავლის მშობელთან მაინც არ ჰქონია გართულებული ურთიერთობა ბავშვის სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის გამო. არცთუ იშვიათად, პედაგოგისა და მშობლის გართულებულ ურთიერთობაზე დაკვირვების, მისი გაანალიზების, ასევე ცალკეულ მხარეებთან შეხვედრის, მათი მოსმენის და მათგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად წარმოდგენილი არგუმენტების გაცნობის შემდეგ ვხვდებით, რომ ორივე მხარე მართალია. 

მაინც რა იწვევს გაუგებრობას მასწავლებელსა და მშობელს შორის, რატომ რთულდება ხშირ შემთხვევაში მათი ურთიერთობა? ამის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ მათ განსხვავებულ სიტუაციებში უწევთ ბავშვთან ურთიერთობა. სახლში და სკოლაში ბავშვს განსხვავებული როლის შესრულება უწევს; სახლში ის შვილის, შვილიშვილის, დის ან ძმის როლშია. სკოლაში კი მოსწავლის, თანაკლასელის, მოზარდთა გარკვეული ჯგუფის გარკვეული წევრის როლშია. ადამიანის ქცევა მნიშვნელოვანწილად იმ სოციალური როლით არის განსაზღვრული, რომლის შესრულებაც მას კონკრეტულ სიტუაციაში უხდება.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი აღქმები სუბიექტურ ხასიათს ატარებს და ერთი და იგივე ბავშვის შესახებ მასთან ურთიერთობაში მყოფი სხვადასხვა ადამიანის შეხედულება შეიძლება სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ერთი და იგივე მოსწავლეზე საუბრისას მშობლისა და პედაგოგის პოზიციები იმდენად განსხვავებულია, უცხო ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ისინი ორ სხვადასხვა მოსწავლეზე საუბრობენ. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მშობელსა და მასწავლებელს შორის შეიძლება ურთიერთობა საკმაოდ გართულდეს. გართულების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ ოპონენტის პოზიციიდანაც შევხედოთ სიტუაციას.

ხანდახან, ჩვენ უნებურად აღმოვჩნდებით ხოლმე ისეთ მდგომარეობაში, რომ საწინააღმდეგო პოზიციის მქონე ადამიანის გაგება ადვილი ხდება. დღემდე დაუვიწყარია ჩემთვის წლების წინ ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი საყურადღებო ფაქტი. იმ პერიოდში სკოლებში მშობელთა მორიგეობის პრაქტიკა იყო დამკვიდრებული. ერთ-ერთი ასეთი მორიგეობის დროს მშობელს მისი შვილის საკლასო ოთახიდან ხმაური შემოესმა. იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა კლასში, ქალბატონმა ოთახის კარი შეაღო და საკუთარ ბიჭუნას ისეთი ქცევის მოწმე გახდა, რომ გაოგნებული დარჩა. ჩემი თვალით რომ არ მენახა და სხვას ეთქვა, ამას ნამდვილად ვერ დავიჯერებდიო, განაცხადა შვილის საქციელით გაოცებულმა დედამ. მოზარდის ქცევას ძალიან ხშირად იმ ჯგუფის ღირებულებები, ფასეულობები და შეხედულებები განსაზღვრავს, რომლის წევრადაც ის ითვლება. ჯგუფის გავლენა ბავშვზე განსაკუთრებით მაშინ ძლიერდება, თუ მისი სტატუსი თანატოლთა შორის არცთუ ისე დამაკმაყოფილებელია. ასეთ დროს ბავშვი ცდილობს ჯგუფში საკუთარი მდგომარეობა თანაკლასელებისთვის მოსაწონი და უფროსების გამომწვევი ქცევით გაიუმჯობესოს. როგორც ერთმა მე-7 კლასელმა ბიჭუნამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მას ხშირად თავადაც არ მოსწონს საკუთარი ქცევა, მაგრამ იძულებულია ასე მოიქცეს, რადგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანაკლასელები მას ჯგუფიდან გარიყავენ. სწორედ ამის გამოა, რომ სკოლის ან კლასის შეცვლის შემდეგ ცალკეული ბავშვების ქცევა სრულიად საწინააღმდეგოდ იცვლება. თანატოლთა ჯგუფის გავლენა მოზარდზე იმდენად ძლიერია, რომ პირადი და ჯგუფის ინტერესების დაპირისპირების შემთხვევაში, არჩევანს ის თითქმის ყოველთვის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ აკეთებს. სასურველია, რომ უფროსებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა ბავშვის ქცევის და მისი პიროვნების შეფასებისას აღნიშნულ გარემოებასაც გაუწიონ ანგარიში.

პედაგოგისა და მშობლის მშვიდობიანი და კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელოვან წინაპირობას კეთილგანწყობა და ურთიერთპატივისცემა წარმოადგენს. თუ მშობელი აუგად მოიხსენებს პედაგოგს, აკრიტიკებს მისი სწავლების მეთოდებს, უწუნებს მოსწავლესთან დამოკიდებულების მეთოდებს და ამას ბავშვის თანდასწრებით აკეთებს, დიდი ალბათობაა, რომ ეს ყველაფერი აღნიშნულ მასწავლებელთან ბავშვის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახოს. ის ვერც მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ასეთი თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად იქცევა ასევე პედაგოგის მხრიდან მოსწავლის მშობლის ცუდად მოხსენიება. ერთი ასეთი შემთხვევაც კი სრულიად საკმარისი აღმოჩნდება ხოლმე, რომ ბავშვი მასწავლებლის უბოროტეს მტრად იქცეს და მათ შორის ურთიერთობა უკიდურესობამდე გართულდეს. თუ ჩვენი დამოკიდებულება ბავშვისა და მშობლის მიმართ, ყველაფრის მიუხედავად, კეთილგანწყობით არ იქნება განმსჭვალული, ჩვენი ნებისმიერი სიტყვა და მოქმედება, როგორც ერთის, ისე მეორის მიერ, აღქმული იქნება შურისძიებად და მტრული დამოკიდებულების დემონსტრირებად.

მშობელთან ურთიერთობაში კეთილგანწყობილი ატმოსფეროს დასამკვიდრებლად სასურველია, რომ მასთან საუბარი მისი შვილის უარყოფით მხარეებზე საუბრით არ დავიწყოთ. ალბათ შეუძლებელია მოიძებნოს ისეთი დედა, რომელსაც არ სურს, რომ საკუთარი შვილებით ამაყობდეს. თუმცა, სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე, ყველა დედას არ ეძლევა საშუალება ისიამოვნოს და იამაყოს საკუთარი შვილების წარმატებებით. შვილებზე საყვედურების მოსმენა, მშობლის მიერ, ხშირ შემთხვევაში, პირად ლანძღვად აღიქმება, ვინაიდან მისთვის ეს მისი, როგორც მშობლის სერიოზული მარცხის დემონსტრირებაა. ერთ-ერთი მშობელი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ საკუთარ შვილზე იმდენი ცუდი ესმის პედაგოგებისგან, რომ მათთან მისვლის აღარანაირი სურვილი არ აქვს – „სკოლაში წესიერად ფეხი არ შემიდგამს და მოდის საყვედურების ნიაღვარი. ყველა, ვინც კი მხვდება, ერთსა და იმავეს მეუბნება – ჩემი შვილი ზარმაცი, უპასუხისმგებლო, უყურადღებო და არაფრის გამკეთებელია, თანატოლებთან სულ ჩხუბობს, საშინაო დავალებებს არ ასრულებს და გაკვეთილი არასოდეს იცის”. უარყოფითად დამუხტული, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი დედა შვილზე „იყრიდა ჯავრს” და მას გარკვეულ აკრძალვებს უწესებდა. მეორე დღეს, სკოლაში მოსული ბავშვი კი მასწავლებელზე „შურისძიებას” იმით ცდილობდა, რომ უფრო ცუდად იქცეოდა და გაკვეთილის ნორმალურად ჩატარების საშუალებას არ აძლევდა.

სრულიად სხვა სიტუაციაში ვხვდებით, როდესაც მშობელთან მისი შვილის დადებით მხარეებზე ვამახვილებთ ყურადღებას. ამის კარგად დემონსტრირების საშუალებას იძლევა ერთ სკოლაში მომხდარი კურიოზული შემთხვევა. ერთ-ერთი ბიჭუნას დედამ, რომელიც უკვე მიჩვეული იყო შვილზე უარყოფითი შეფასებებისა და სალანძღავი სიტყვების მოსმენას, მას შემდეგ, რაც ყველა მასწავლებელი მოინახულა, გადაწყვიტა ნანა მასწავლებელსაც შეხვედროდა, რომელმაც სულ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო ამ კლასთან მუშაობა, რის გამოც ბავშვებს და მათ მშობლებს ჯერ კიდევ კარგად არ იცნობდა. მასთან მისული მშობელი ნანა მასწავლებელმა სულ სხვა, კლასში ერთ-ერთი საუკეთესო ბავშვის მშობლად მიიღო და ისე უქო შვილი, რომ გაოცებულმა ქალბატონმა მოულოდნელობისაგან ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა. სახლში დაბრუნებულმა კი შვილთან გამოხატა თავისი კმაყოფილება – „როგორ ყვარებიხარ ნანა მასწავლებელს, მის მეტს შენზე კარგი არავის უთქვამს”. ბიჭუნა თავადაც გაოცებული, თუმცა ძალიან ნასიამოვნები დარჩა. მან მთელი საღამო ნანა მასწავლებლის გაკვეთილისთვის მომზადებას დაუთმო. მეორე დღეს ის გაბრწყინებული სახით შესცქეროდა მის „გადამრჩენელ” მასწავლებელს და ცდილობდა მისი ყოველი დავალება გულდასმით შეესრულებინა. ამ პატარა გაუგებრობამ საოცრად დაათბო ურთიერთობა მასწავლებელ-მოსწავლეს შორის, რამაც, თავის მხრივ, მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობასაც შეუწყო ხელი. ნებისმიერ ბავშვს შეიძლება მოვუძებნოთ რაიმე დადებითი და მშობელთან საუბარი სწორედ ამ დადებითზე ყურადღების გამახვილებით დავიწყოთ. როდესაც ჩვენ დადებითზე ვაკეთებთ აქცენტს, მშობელს სურვილი უჩნდება შვილის უარყოფით მხარეებზე გაამახვილოს ყურადღება და რჩევები მიღოს ჩვენგან ამ უარყოფითის გამოსასწორებლად. ეს კი ჩვენს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან ხელისშემწყობ ფაქტორად იქცევა.

მშობელსა და მასწავლებელს შორის ურთიერთობას ძალიან ხშირად ართულებს ინფორმაციის დეფიციტი. დღეს მშობლების უმრავლესობას, სამწუხაროდ, არა აქვს საკმარისი ინფორმაცია სწავლებისა და შეფასების ახალი მიდგომების შესახებ. ამის გამო, ბევრი მათგანი თვლის, რომ მისი შვილი ბევრად უკეთეს შეფასებებს იმსახურებს, რადგანაც დავალებებს ყოველთვის ასრულებს და გაკვეთილსაც შესანიშნავად ყვება. სასურველი იქნება მივაწოდოთ მათ საჭირო ინფორმაცია და ავუხსნათ, რომ შეფასების დღევანდელი სისტემის მიხედვით ტექსტის თხრობით კარგად გადმოცემა არ არის საკმარისი მაღალი შეფასების მისაღებად.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სიყვარული, კეთილგანწყობა, ნდობა, თანაგანცდა, დადებითზე ორიენტირება, სიახლეების შესახებ ინფორმირებულობა მნიშვნელოვანი წინაპირობებია მშობელსა და მასწავლებელს შორის კონსტრუქციული ურთიერთობის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი