ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ქართველი მწერალი და თანამედროვეობა

მწერლობა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე არასერიოზული ხელობაა. ვერავის დააჯერებ, რომ წერა საქმიანობაა და არა გართობა.

– რას საქმიანობ?

– ვწერ.

– ეგ ხო, მაგრამ სადმე არ მუშაობ?! – ეს ჩვეულებრივი, სტანდარტული კითხვებია, განსაკუთრებით – იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც შენი ნაწერები საერთოდ არ წაუკითხავთ და არც საამისო სურვილი აქვთ. მწერლობა გართობად, მეორად პროფესიად მიიჩნევა, სულ რომ გენიოსი იყოს მწერალი, მაინც.

ასეთი დამოკიდებულების მიზეზი სხვა რამაა და არა ის, რომ მწერალი ჩვენს ქვეყანაში მწერლობით თავს ვერ შეინახავს. არადა, მართლა ასეა, ყველა მწერალი სადღაც მუშაობს, არა იმიტომ, რომ ეხალისებათ, უბრალოდ, პური ხომ უნდა ჭამონ. აი, ის ადამიანები, რომლებიც ზემოთ მოყვანილ შეკითხვებს სვამენ, წიგნებს რომ ყიდულობდნენ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. სამმილიონნახევრიან ქვეყანაში კარგი წიგნის მყიდველთა რაოდენობა მინიმუმ ასი ათასს რომ არ აღწევს, საქმე არც ისე კარგადაა. შესაძლოა შემომედავოთ, ხალხს პურის ფული არ აქვს, რა დროს წიგნიაო, მაგრამ დამიჯერეთ, უმეტესობას ყველაფრის ფული აქვს, წიგნის საყიდელი ფულის გარდა. თანაც წიგნი არც ისე ძვირი ღირს.

ერთხელ სოფლიდან ძველი წიგნები ჩამოვიტანე, თარო ახალი წიგნებით მქონდა სავსე, ადგილი ვერ გამოვნახე და კედელთან მეწყო. მეზობელი, შუახნის ქალი შემოვიდა და დედაჩემს ეუბნება: ეს ძველი წიგნები რად გინდათ, გადაყარეთ, ახლები ხომ გიწყვიათ თაროებზეო. იმაზე არ დაფიქრებულა, რომ შეიძლებოდა, ისინი სრულიად სხვადასხვა წიგნები ყოფილიყო. კი, ასეთი კატეგორიაც არსებობს, ისინი ორ-სამ განყოფილებიან თაროს ოთახის დიზაინს მორგებული გარეკანის მიხედვით ნაყიდი წიგნებით აავსებენ და მორჩა, არც რამეს მიამატებენ და არც იმ წიგნებს გადმოიღებენ წასაკითხად. თუმცა ისიც კარგია, რომ სახლში წიგნების ქონა კარგ ტონად მიიჩნევა.

არ არსებობს ხელოვნების დარგი, რომლის წარმომადგენელთა მიმართ ისეთი აგდებული დამოკიდებულება ჰქონდეთ, როგორიც მწერლების მიმართ აქვთ. ვინმემ რომ მიმართვა ან წერილი დაიწყოს ასე: „მე, მხატვარი ესა და ეს, ვფიქრობ ამას და ამას“, ან: „მე, მუსიკოსი ესა და ეს…“, ან სულაც: „მე, იურისტი ესა და ეს…“ – და ეს მიმართვა ან წერილი ინტერნეტში გავრცელდეს, არავინ შეიტანს ეჭვს ავტორის მუსიკოსობაში, მხატვრობასა თუ იურისტობაში, მაგრამ მწერალმა იგივე რომ გააკეთოს, აბობოქრდება ხალხი: „გვაჩვენოს ერთი, რა დაწერა, თავს მწერალს რომ უწოდებს!“ – და ა. შ. შე კაი დედმამიშვილო, რატომ უნდა გაჩვენოს, თუ გაინტერესებს, წადი, იყიდე მისი წიგნი და ნახე. მაგრამ ზოგს წარმოდგენაც არ აქვს, რომ ამქვეყნად წიგნის მაღაზია არსებობს. სრულიად უნიკალური კითხვაა: „სად შემიძლია შევიძინო შენი წიგნი?“ ამაზე სულ ლაშა ბუღაძის ხუმრობა მახსენდება, ზუსტად ასეთი კითხვის პასუხად თქმული: „სადდა აფთიაქში!“

მწერლებისადმი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ თანამედროვე ქართველმა პროზაიკოსებმა თამასა საკმაოდ დაბლა დასწიეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი მწერლები გვყავს, უნდა ვაღიაროთ: ოთარ ჭილაძის, გურამ დოჩანაშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის, ჯემალ ქარჩხაძის რომანების დონისა თანამედროვე ქართულ პროზაში ჯერ არაფერი დაწერილა. პოეზიაში ამ მხრივ საქმე უკეთაა, ძველი თაობის პოეტებს რომ თავი დავანებოთ, საშუალო თაობაშიც შემიძლია რამდენიმე დიდი პოეტი დავასახელო, თუმცა პოეტური კრებულები კიდევ უფრო ნაკლებად იყიდება.

კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა გატელევიზორებული მწერლები იყვნენ, რომლებსაც ეკრანზე ლამის ყოველდღე ხედავენ, მაგრამ მათი არაფერი წაუკითხავთ. მე ასეთი მწერლების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ, ალბათ, მოსაბეზრებელია, როცა პერანგის საყელოში კუბოკრულკაშნეჩაფენილი პოეტი ყველა თოქშოუში ზის და ყველაფერზე გამოთქვამს აზრს, „ასტერ-30–ის“ ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემით დაწყებული, ქართული თხილისა და ციტრუსისთვის ევროკავშირის ბაზრის აუცილებლობით დამთავრებული.

დაბოლოს, როგორც აკა მორჩილაძე იტყოდა: „სულელი არ ვიყავი, თბილისში მწერლობა რომ გადავწყვიტე? მაინც მგონია, რომ უფრო გულუბრყვილო, ვიდრე სულელი“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი