ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მზის კაცი

 

მე და დედაჩემს შერიგების ჩვენი რიტუალი გვქონდა და ამ რიტუალის მთავარი საიდუმლო, აი, ეს ლექსი იყო:

„მსუბუქი ტანი გაქვს, სურვილს აყოლილი,

ნეტა შენ, არ ვგავართ ერთმანეთს მე და შენ,

ქარს გინდა რომ აჰყვე და სივრცეს სულ ევლო,

დედიკოს რომ მოწყდე, დაჭკნები, სულელო“.

ლექსი მირზა გელოვანს ეკუთვნის. დედამ გამომიწოდა ერთხელ, როცა სინდის-შეწუხებული, ისედაც ოთახის კუთხეში ვიხერხებოდი და, ამით ყველაფერი მითხრა. მერე მეც დამიბრუნებია ეს ლექსი მისთვის იმავე მუხტით, იმავე გულისფანცქალით.

თვითონ ლექსია ასეთი – გულის ფანცქალიანი, მზეზე მოცახცახე ნიავივით გამჭვირვალე, მსუბუქი და ნამდვილი…

და უფრო მეტიც – თავად მირზა გელოვანის პოეზიაა ასეთი – ყველაფრის თქმა შეგიძლია მისი ლექსებით, ყველა განცდის თანაზიარობა. ამ ერთი შეხედვით ნაივურ, თითქოს მრავალჯერ სადღაც წაკითხულ და ნაცნობ პოეზიას აქვს ფარული ჯადო, სამუდამო ხიბლში დაგტოვოს და სულაც არ გამძიმებდეს, პირიქით – გამშვენიერებდეს სამყაროს, ადამიანის, სიყვარულის ასეთი ხიბლი.

2 მარტს მირზა გელოვანი 101 წლისა გახდა. სააქაო კი მან, 27 წლისამ დატოვა, ისე, რომ სამშობლოს მიწაში დაკრძალვა არც ღირსებია.

თავდაპირველ ლექსებს გვარ-სახელის ნაცვლად ასე აწერდა თურმე – „მზის კაცი“. მზე მისი სიცოცხლის და შემოქმედების უშრეტი ენერგია იყო, მისი თილისმა. მზის კაცები კი, რჩეულები არიან და ლამაზადაც კვდებიან ხოლმე.

რამდენიმე წლის წინ, აწ განსვენებულმა ქალბატონმა მანანა ზარიძემ დამირეკა და ჩვეული კეთილშობილებით მთხოვა: მირზა გელოვანის სიყრმის დროინდელ მეგობრებს შორის ერთადერთიღა დარჩა ცოცხალი, 94 წლის ნათელა ბერძენიშვილი, დღემდე გაუბზარავი მეხსიერება აქვს და უზადოდ აზროვნებს, მირზაზე ახალი მოგონებები დაუწერია, უნდა, მოასწროს და ვიდრე ცოცხალია, ვინმესთან დააბინაოს. მე ჯანმრთელობის გამო მის მონახულებას ვერ ვახერხებ, ეგებ შეძლო და ესტუმროო. . .

ასე, სრულიად შემთხვევით გავიგე მშვენიერი, ულამაზესი, 94 წლის ქალბატონის არსებობა, რომლის ცხოვრების ამ გვიან და გადაცრეცილ შემოდგომაშიც ჩაუქრობლად, გაუნელებლად ანთია მზე, სახელად მირზა გელოვანი.

შინ ვესტუმრე. ავად იყო, მაგრამ ჩემი მისვლის მიზეზი რომ შეიტყო, მაშინვე მოწესრიგდა და ოთახიდან გამოვიდა. მაღალი, მწვანეთვალება, არისტოკრატულად კეთილშობილი ნათელა ბერძენიშვილი – მირზა გელოვანის სტუდენტობის მეგობარი და მასზე არაერთი მოგონების ავტორი.

მირზაზე საუბრისას თანდათან ძალაც მიეცა და ბოლოს გახალისდა კიდეც, ავად ყოფნა აღარც მახსოვსო, თქვა. ამბიდან ამბავმდე რემარკასავით ჩაურთავდა ხოლმე: „ჩემი მირზა”. . . და მოაყოლებდა: „იცი როგორი იყო? ლამაზი, ძალიან ლამაზი, ჭკვიანი. ბაირონს ვეძახდით. ისე მღეროდა! აი ასე იცოდა ტუჩის კუთხეებში თითების ჩამოსმა და მხოლოდ ამის მერე დაიწყებდა ლექსის წაკითხვას”. . .

ქალბატონ ნათელას ერთი მოგონება შესულია წიგნში „ივრისპირელი მზეჭაბუკი”, რომელიც მანანა ზარიძისა და ციცინო გაბიდაურის თაოსნობით გამოვიდა. მირზა გელოვანზე შექმნილი ამ ყველაზე სრული კრებულის შემდგენელ-რედაქტორი ემზარ კვიტაიშვილი გახლავთ.

თორმეტფურცლიანი ვარდისფერი რვეული ჩანაწერებით და მოგონებებითაა სავსე. ამ ყველაფრის თავმოყრა 2010 წელს დაასრულა. გარეკანზე მიუწერია: „1936-1939 წწ. თბილისში ცხოვრება და ჩვენი მეგობრობის წლები”. რვეული ამ წლების ხსოვნას ინახავს.

სწორედ ეს ჩანაწერები გამომატანა და მთხოვა, რომ თუკი სადმე მირზაზე ითქმებოდა, ამ მოგონებებითაც ხსენებულიყო პოეტის სახელი.

დღეს აღარც მანანა ზარიძეა ცოცხალი, აღარც ნათელა ბერძენიშვილი. როცა მირზაზე საუბრისას გაბრწყინებულ მის თვალებს ვუყურებდი, მომეჩვენა, რომ დღეგრძელობის წამალი მისთვის სწორედ ეს ხსოვნა იყო. ცოცხალი, გაუნელებელი სურათები, ერთგული სიყვარული და უკვდავებასთან წილნაყარი ავტობიოგრაფია. სიცოცხლე იმისთვის, რათა საკუთარი თავით გაახანგრძლივო ძვირფასი სახელი, რათა ამ სახელის შესახებ სხვებს მოუთხრო და ეს ხსოვნა გადასცე.

ამ წერილსაც, სწორედ მათ ხსოვნას ვუძღვნი – ადამიანებს, ვინც თავისი თავით სიყვარულს, პოეზიას და მშვენიერებას ახანგრძლივებს ამ სამყაროში.

ნათელა ბერძენიშვილთან ჩემი შეხვედრის დროინდელ მონათხრობს კი ოდნავი შემოკლებით გთავაზობთ:

„ვწერ ჩვენი მეგობრობის შესახებ, რაც  შემორჩა ჩემს მეხსიერებას 93 წლის ასაკში. 1937 წლიდან 1939 წლამდე.

1936-37 წლებში ჩავაბარეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტები თითქმის ყველა ვიცნობდით ერთმანეთს გამოცდების პერიოდიდან. ლექციაზე (ჰუმანიტარული საგნების) შევნიშნეთ უცხო ყმაწვილი – პირველად გარეგნობით მიიპყრო ჩვენი ყურადღება. შემდეგ გავიგეთ, რომ „ის ნუკრივით ბიჭი” (რაჟდენ გვეტაძის სიტყვებია – ნ.ბ.) მირზა გელოვანი იყო. მირზა ითვლებოდა თავისუფალ მსმენელად. განსაკუთრებით აქტიურად ესწრებოდა ვახტანგ კოტეტიშვილის ლექციებს. მწარე მოგონებად დამრჩა 1937 წელი უნივერსიტეტში. ვისხედით აუდიტორიაში სულგანაბულები. მირზაც ჩვენთან იყო. უჩვეულოდ დაიგვიანა ვახტანგმა. უცებ გაიღო კარი და ტირილით შემოვიდა ჩვენი კურსის სტუდენტი – ვახტანგ ძია არ მოვა, ის დააპატიმრეს, – თქვა. ეს გოგონა იყო მედეა მაკალათია, ვახტანგის დისშვილი, ცნობილი ეთნოგრაფის, ნიკო მაკალათიას ქალიშვილი. იმ შემზარავი სურათის გადმოცემა მიჭირს, თუმცა მახსოვს ყველაფერი.

მთლიანად აუდიტორიის მზერა იყო მიპყრობილი მირზასკენ. როგორ შეიცვალა ასე უცებ? გაფითრებული, გაოგნებული ჩუმად იდგა და ხმას ვერ იღებდა. მეორე დღიდან თითქმის ყოველდღე ვიგებდით ამა თუ იმ ლექტორის დაპატიმრების ამბავს. ესენი იყვნენ ბატონები – სიმონ ყაუხჩიშვილი, შალვა ნუცუბიძე, სოსო მრევლიშვილი. ბევრი უკან დაბრუნდა. ბატონი ვახტანგი კი დახვრიტეს. სხვებიც…

… ჩვენ ვხვდებოდით მწერალთა კავშირში მოწყობილ ღონისძიებებზე, მწერლების იუბილეებზე, წიგნების განხილვებზე. ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი, თინა მაქსიმელიშვილი ცხოვრობდა მაჩაბლის ქუჩაზე, ზუსტად მწერალთა სახლის პირდაპირ. თინა იყო ძალიან ლამაზი, მომხიბვლელი, მასზე წერდნენ ლექსებს. თინა მირზას ბოლო მუზაც იყო.

მერე, სხვა პოეტებს ჩვენც დავუახლოვდით. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ირაკლი აბაშიძე. მირზა ძალიან უყვარდა. მირზა გალაკტიონსაც უყვარდა, მოსწონდა, გამოარჩევდა დამწყებ პოეტებს შორის.

… მირზა უნივერსიტეტში მისთვის საინტერესო ლექციებს ესწრებოდა. წლის მიწურულში, ე.ი. ნოემბრის თვიდან ვიწყებდით საგნების მომზადებას მე, თინა და ნონა. ჩვენ უკვე ვატყობდით, რომ მირზას ნონა ლასხიშვილისადმი გაუჩნდა სიმპატია. ნონა იყო ძალიან განათლებული. მირზამ გვთხოვა, მეც ვიმეცადინებ თქვენთანო. ჩვენ სიამოვნებით დავთანხმდით. ვმეცადინეობდით უფრო მეტად ჩემს ოჯახში. ენათმეცნიერებაში მირზას ნიშანი “5” ჩვენ დავუწერეთ, ჩვენ კი პროფესორმა არნოლდ ჩიქობავამ მატრიკულში ჩაგვიწერა ხუთები.

… 1937 წლის 31 დეკემბერს, ნონას ოჯახში, საახალწლო სუფრაზე შევიკრიბეთ. სტუმრად მოვიდნენ ახლო მეგობრები – ნელი ამაშუკელი, ელენე გოგოლაშვილი, ნინო ლაშხია, შოთა რევიშვილი, გივი ჟვანია, ვახტანგ ჭელიძე. კარგად მოვილხინეთ. მირზა კარგად მღეროდა. მე და მირზამ, ელენემ და ნელიმ ხმები შევუწყვეთ და კარგი კონცერტი გამოგვივიდა. შემდეგ გადავედით ლექსების კითხვაზე – ვინ უფრო მეტ ლექსს იტყოდა. მირზამ გვაჯობა ყველას. ჯერ საკუთარი ლექსების კითხვით, მერე სხვადასხვა ქართული და რუსული ლექსებით. ნათლად მახსოვს მანერა მისი კითხვისა, ოდნავ მხრებში მოიხრებოდა, სამ თითს მოისვამდა ტუჩებზე და ჭერში ცქერით დაიწყებდა. წუთითაც არ შეჩერდებოდა. ხმაც, ტემბრიც ძალიან სასიამოვნო ჰქონდა. 12 საათზე, მხიარულები კარგი განწყობით შევხვდით, თურმე უბედურ 1937 წელს.

საბედისწერო აღმოჩნდა ეს წელი ნონას ოჯახისთვის. დააპატიმრეს მამა – ივლიანე ლასხიშვილი, ცნობილი იურისტი. სხვათა შორის, ნონას ძმა ოთარ ლასხიშვილიც შემდეგ ცნობილი იურისტი გახდა, ჯერ ექიმი იყო და შემდეგში მიიღო იურიდიული განათლება.

ჩვენი თავშეყრა ნონას ოჯახში ხდებოდა. ურთიერთობა ნონასა და მირზას შორის უფრო გაღრმავდა. ჩვენგან დამოუკიდებლად ხვდებოდნენ ერთმანეთს. 18 თებერვალი ნონას დაბადების დღეა. მეორედ შევხვდით მირზას სუფრასთან. კარგი მომლხენი იყო, უფრო გათამამებული სიმღერითა და ლექსების თქმით.

ერთ-ერთი მეცადინეობის დროს, ნონას ოჯახში მე და თინა მივედით სამეცადინოდ. სესიები იწყებოდა და უნდა მოგვემზადებინა ბატონი კორნელი კეკელიძის საგანი  – ძველი ქართული ლიტერატურა. მოგეხსენებათ, წიგნები, იმ დროს არ იყო გამოცემული. გვქონდა ჩვენ-ჩვენი ჩანაწერები, ე.წ. კონსპექტები. ყველაზე კარგი კონსპექტი კურსზე ჰქონდა თინა ყაუხჩიშვილს. მარტო მე მენდობოდა და ვსარგებლობდი მისი კონსპექტებით, ის გამოჩენილი მეცნიერი გახდა. მუყაითი, ნიჭიერი სტუდენტი იყო და არა მარტო სვიმონ ყაუხჩიშვილის შვილი.

…ერთ-ერთი მეცადინეობის დროს გაიღო კარი და შემოვიდა მირზა ტორტით ხელში. გავოგნდით, რის აღსანიშნავად მოგვართვა ეს ტორტი? თვითონ აგვიხსნა: ტორტი ჩემი შრომის შედეგად აღებული ფულით ვიყიდეო. აი, თურმე რაში ყოფილა საქმე:

მირზა ცხოვრობდა მელიქიშვილის ქუჩაზე, დარაბაში. მასთან ახლოს იყო პატარა, კოხტა „ვერის ბაზარი” – მხოლოდ ვერელებისთვის. სხვათა შორის, ამ ბაზარში ხშირად შეხვდებოდით ვერის ლამაზმანებს: თამარ ციციშვილს, თამარ ბოლქვაძეს, მირანდა ფალავანდიშვილს და კიდევ მრავალს. მეც ამ ბაზრის მყიდველი ვიყავი. მირანდა შესასვლელში მეყვავილეებისგან მაშინვე იყიდიდა ხოლმე მიხაკებს და მთელ ბაზარს მოივლიდა ასე. მირზას დაუნახავს, მოხუცი დგას და კნავის: „მწვანილი, მწვანილი”, და ვერ ყიდის. შესცოდებია მოხუცი, მისულა, დამდგარა დახლთან და ღიღინით დაუწყია: „იყიდეთ თიანური, სურნელოვანი მწვანილი, ქორფა მწვანილი”… ნახევარი საათი არც დასჭირვებია, დახლი დაცარიელდა. მირზამ ნავაჭრი თანხა გადასცა მოხუცს და მოემზადა გამოსამშვიდობებლად. მოხუცს ჯიბეში ჩუმად ჩაუდია მცირედი – ეს შენი დამსახურებული თანხაა და აიღეო. დიდი ჭიდაობის შემდეგ მირზას უფიქრია, გოგოებს ამ ფულით ტორტს მივართმევო და, თანხა გამოურთმევია. იქვე იყო საკონდიტრო მაღაზია, ჩვენკენ წამოვიდა და მართლაც გვასიამოვნა. მივირთვით ჩაი და ტორტი. ნონამ სხვა რაღაცეებიც დაუმატა და კარგი სუფრა გამოგვივიდა. მე და მირზამ ცოტა წავიღიღინეთ და გავაგრძელეთ მეცადინეობა.

მახსენდება – მირზა ხშირად იყო გაღიზიანებული, ცუდ გუნებაზე მყოფი სამსახურის გამო. არ უბეჭდავდნენ ლექსებს. მხოლოდ ერთხელ გამოექომაგა ირაკლი აბაშიძე და „ლიტერატურულ საქართველოში” დაუბეჭდა ლექსი. ეს უსიამოვნება მირზამ გამოთქვა მწერალთა ყრილობაზე და მკაცრად გააკრიტიკა პროლეტარული მწერლები. მირზამ ყრილობაზე გამოსვლით კონსტანტინე გამსახურდიას დიდი მოწონება დაიმსახურა. კონსტანტინემ მირზა გააჩერა, ხელი ჩამოართვა და უთხრა: „მეამა, ჭაბუკო, თქვენი გამოსვლა. მე თქვენი პოეზიით კმაყოფილი ვარ. მოხარული ვიქნები თუ ასეთ უკომპრომისო ბრძოლას გააგრძელებთ”.

მირზამ მიიღო სამხედრო ბარათი და გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. მას წინ უსწრებს მისი გაუჩინარება. შოთა რევიშვილმა ვლადიკავკასიდან მიიღო წერილი. თურმე მირზას მეგობარ ნინო ლაშხიასთვის უთქვამს – ჩემო ნინო, საქართველოში ჩემი  ფეხის დასადგმელი ადგილი არ დარჩა და უნდა სადმე წავიდეო.

და მართლაც, მირზა გაუჩინარდა.

დიდი დრო არ გასულა, მოულოდნელად მესტუმრა შეიარაღებული მირზა ვლადიკავკასიდან. კმაყოფილი იყო – კარგი ხალხია, კარგად მიმიღეს, მაგრამ დიდხანს ვერ დავრჩებიო. მაგიდაზე დამიდო გახვეული პაკეტი, საკაბე გიყიდეთ შენ და რუსუდანსო, შეიკერე და ატარე ჩემს მოსაგონებლადო. მე ალბათ მალე მომიწევს ჯარში წასვლაო. ეს ამბავი მეგობრებს გავაგებინე. ამის შემდეგ მირზა და ნონა გაიბუტნენ, მიზეზი ვერავინ გაიგო.

… ჩვენს ბოლო შეხვედრაზე მირზა უკვე თმაგადახოტრილი მოვიდა და გვითხრა – გოგოებო, მივდივარ ჯარში. თუ ომმა არ მომისწრო მალე ჩამოვალო. ემოციების დაცხრომის შემდეგ გადავწყვიტეთ, გადაგვეღო კაბინეტური სურათი. გადავურეკეთ ნონას. ძმაც სახლში ყოფილა. ნინო ლაშხიაც ჩემთან იყო და თინაც. ფოტოატელიე იქვე იყო – პლეხანოვისა და მარჯანიშვილის ქუჩების კუთხეში. კარგი სურათი გამოვიდა. რამდენიმე დღის შემდეგ მირზამ შეგვატყობინა _ დღეს მივდივარო.

ეს იყო ელდა. 1939 წლის ნოემბრის ერთი სუსხიანი დღე. გავედით სადგურზე. აუარებელი ხალხი იყო, ყველას ნაღველი ედო სახეზე. ყველანი ვიცნობდით ერთმანეთს. ვცდილობდით მირზა გაგვემხნევებინა. მირზაც ცდილობდა დაეფარა მღელვარება. მოწყდა და ავარდა მატარებლისკენ, აირბინა კიბე და უცებ ფანჯრიდან თავზე წამოგვადგა. ყვიროდა ნაწყვეტებს ლექსებიდან. დაიძრა მატარებელი. შეძახილები, ტაში, ხელების ქნევა… ბოლოს ისევ დავიშალეთ და გავუდექით ჩვენს გზას.

…მირზას ჯარიდან მხოლოდ თინასთან ჰქონდა კავშირი. სწერდა წერილებს. მირზას თხოვნით თინამ და რუსუდანმა გადაიღეს ფოტო და გაუგზავნეს მას. ერთ-ერთი წერილის პასუხად თინამ იებიც გაგზავნა. ამ იებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მირზაზე. ომი რომ დაიწყო, უბეში ჰქონდა იები და მე იების სუნთქვას ვგრძნობო, თინას იები სანგარშიც მაქვს გულის ჯიბეშიო, ამბობდა. რატომღაც ჩემთვის მირზას წერილი არ მოუწერია, ნონასაც ერთხელ მისწერა მხოლოდ.

ომის დაწყების შემდეგ, ერთხანს, შეწყდა წერილები. ჩვენ ვუკავშირდებოდით ოჯახს და ასე ვიგებდით მირზას ამბავს. ერთხელ ნონამ მისწერა, მათი ურთიერთობის შეცვლის შემდეგ, ცოტა მკაცრი წერილი და ბოლოში მიაწერა: „თუ ძმა ხარ, ნათელა ნუ დაგვიჩაგრე, წერილს რატომ აღარ უგზავნიო”…

იყო პერიოდი, როცა საერთოდ შეწყდა წერილები.

ამან დიდად დაგვადარდიანა. სამჯერ მომიწია თაიენთში წასვლა – ერთხელ მივლინებით. ბოლოს მოვიდა საზარელი ცნობა მირზას დაღუპვის შესახებ. 1944 წლის ივლისის თვეში, ბელორუსიაში დასავლეთ დვინის გადაცურვის დროს დაიღუპა შესანიშნავი პოეტი, ახალგაზრდა კაცი, მირზა გელოვანი.

…ბოლოს თიანეთში, მირზას სახლ-მუზეუმში 2001 წელს ვიყავი. მირზას მიერ ჩემთვის ნაჩუქარი სურათებიდან და წიგნებიდან, რომლებიც ადრე მუზეუმს გადავეცი, არაფერი აღარ დამხვდა.

მირზას და მისი მეგობრების უფროსი მეგობარი, ნიკა აგიაშვილი დიდ დახმარებას უწევდა ახალგაზრდა პოეტებს, „ახალთაობელებს”, ლექსების ბეჭდვაში. პოეტები მას უფროს ძმას უწოდებდნენ. ნიკა აგიაშვილის მოგონებაში ვკითხულობთ: „გაბო ჯაბუშანურის თხოვნას ვასრულებ – მინდა, ვინმემ დაწეროს ჩვენი ახალგაზრდული თავგადასავალი. რა კარგი საქმე იქნებოდა. ჯერჯერობით მე ვერ ვახერხებ ამასო!..” ეს თხოვნა შეასრულა დიდებულმა ადამიანმა ნიკა აგიაშვილმა და დაწერა წიგნი „ჭაბუკები დარჩნენ მარად”. ეს წიგნი ბევრისთვის დღემდე სამაგიდო წიგნად რჩება.

…მირზას ხსოვნის უკვდავებისთვის იღწვის ქალბატონი ლულუ ქავთარაძე. მან მოაწყო შეხვედრა მირზას ორ მეგობართან – ჩემთან და თინა ოჩიაურთან. ვილაპარაკეთ მირზასთან ჩვენს ურთიერთობაზე. თინამ მირზას ბევრი ლექსი ზეპირად წაიკითხა. ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა თინა ოჩიაური, ნინო ლაშხია. მირზას მეგობრებიდან დავრჩი მარტო მე. თუ არის ვინმე ცოცხალი, გამომეხმაუროს. დავეძებ ლულუ ქავთარაძეს… “.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი