პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ფრობელის კვალდაკვალ

გერმანელი განმანათლებლის ფრიდრიხ ფრობელის სახელი შესაძლოა, ხშირად არ გვხვდება, მაგრამ მისი მემკვიდრეობა დღესაც აქტუალურია, ალბათ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. ფრობელის იდეები ბავშვების განათლების შესახებ თითქმის 200 წლის შემდეგ სკოლამდელი განათლების ელემენტარულ და განუყოფელ ნაწილად განიხილება. 

ფრობელმა მასწავლებლობა პირველად ფრანკფურტში, პესტალოცის პრინციპებით მოქმედ სკოლაში დაიწყო. შემდეგ შვეიცარიაში გაემგზავრა და ივერდონში პესტალოცის სკოლაში 1808-1810 წლებში ეცნობოდა პესტალოცის ფილოსოფიასა და მეთოდებს, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მისი, როგორც განმანათლებლის ხედვის ჩამოყალიბებაზე. ფრობელმა საკუთარი სკოლა პირველად 1817 წელს დააარსა, სადაც საშუალება მიეცა განათლების მისეული ხედვა პრაქტიკაში განეხორციელებინა. რამდენიმე წელიწადში სკოლამ პოპულარობა მოიპოვა, თუმცა სკოლის ლიბერალურ პრინციპებს მთავრობა სიფრთხილით ეკიდებოდა, მის მკაცრ კონტროლს ახორციელებდა და საჯარო დისკრედიტაციას ახდენდა, რის შედეგადაც სკოლამ ნელ-ნელა დაკარგა მოსწავლეები. ახალი სკოლების შექმნის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ფრობელი 1831 წელს შვეიცარიაში კერძო სკოლას ჩაუდგა სათავეში, თუმცა აქაც წინააღმდეგობას წააწყდა. ფრობელის იდეები ერთიანი ინსტიტუციის (გაერთიანებული სკოლა და მასწავლებელთა მოსამზადებელი დაწესებულება) შესახებ განუხორცილებელი დარჩა.

მისი გეგმის მიხედვით, ერთიან ინსტიტუციაში 3 წლის ასაკიდან ბავშვებს შემეცნების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, სოციალური და მორალური განვითარების საშუალება მიეცემოდათ, ხოლო მომავალი მასწავლებლები შეძლებდნენ პედაგოგიური განათლების მიღებას. 1835 წლიდან ფრობელმა აქტიურად დაიწყო ფიქრი 6 წლამდე ასაკის ბავშვების განათლებაზე და ნელ-ნელა შეიმუშავა სპეციალური რესურსები („საჩუქრები” და „საქმიანობები”), რომლებიც ბავშვს შემეცნების პროცესში შეუწყობდა ხელს. ფრობელი თვლიდა, რომ ადრეულ ასაკში, ისევე როგორც მოგვიანებით, ბავშვს აქტიური როლი ჰქონდა სწავლის პროცესის წარმართვაში. მისი განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენდა თამაში, როგორც ადრეულ ასაკში სამყაროს შეცნობის ძირითადი მექანიზმი. ფრობელის ხედვა განსხვავდებოდა იმ პერიოდში უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი დაწესებულებების საქმიანობებისგან, რომელთა მთავარი მიზანი ბავშვების მოვლა და მათზე ზრუნვა იყო. მას მიაჩნდა, რომ ადრეულ ასაკში ბავშვების თამაშის სათანადო ხელშეწყობით, შესაძლებელი იყო მათი მათემატიკური წარმოდგენების, ლოგიკური აზროვნების, ენობრივი კომპეტენციის, შემოქმედებითობის, ბუნების კანონზომიერებების შესახებ ცოდნის განვითარება, ფიზიკური სიჯანსაღის მიღწევა და ცხოვრებისეული, პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლება.

თავდაპირველად ფრობელი ბავშვის ადრეულ განათლებას ოჯახის კონტექსტში განიხილავდა, თუმცა შემდეგ ყურადღება სკოლამდელ დაწესებულებებზე გადაიტანა. ფრობელის „საბავშვო ბაღი” (kindergarten) იყო სივრცე, სადაც ბავშვები მზრუნველ გარემოში, თამაშისა და დამოუკიდებელი ძიების გზით, სპეციალურად მომზადებული მასწავლებლების დახმარებით ვითარდებოდნენ და შეიმეცნებდნენ სამყაროსა და საკუთარ თავს. სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ფრობელის მიერ შერქმეული რომანტიკული სახელი „საბავშვო ბაღი” და დაწესებულების ზემოაღნიშნული მოდელი დღესაც აქტუალურია ადრეული განათლების დასავლური მოდელისთვის.

ფრობელი ოჯახსა და საგანმანათლებლო დაწესებულებას ერთი საზოგადოების ნაწილებად, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფ ორგანიზმებად განიხილავდა. ის თვლიდა, რომ სკოლასა და ბაღში ოჯახის თანაბრად მზრუნველი გარემო უნდა ყოფილიყო, როგორც ასაკით უმცროსი, ისე უფროსი ბავშვებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მასწავლებელსა და ბავშვებს შორის ნდობის დამყარებას. მასწავლებელი უზრუნველყოფდა მზრუნველ სწავლებას და მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ფოკუსი შემეცნებით განვითარებაზე იყო, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

ფრობელი, პესტალოცის მსგავსად, მნიშვნელობას ანიჭებდა მრავალმხრივ განათლებას, რაც გულისხმობდა ადამიანის ინტელექტუალურ, ფიზიკურ, სოციალურ და სულიერ მხარეს. სწორედ ამიტომ, მის მიერ დაარსებულ სკოლასა და ბაღში ბავშვები მონაცვლეობით მონაწილეობდნენ მშვიდ, შემეცნებით აქტივობებში, აქტიურ ფიზიკურ თამაშებსა და ბუნებისა და ბაღის მოვლაში. ბავშვთა თამაშის ბუნებრივი მოთხოვნილებისა და შემეცნების ბუნებრივი მოტივაციის გათვალისწინებით ფრობელმა დაამზადა სპეციალური მასალა, ე.წ. „საჩუქრები” რომელთა მიზანი ბავშვებისთვის მათემატიკური კანონზომიერებებისა და საგანთა თვისებების ეტაპობრივი გაცნობა, აგრეთვე ანალიზისა და სინთეზის უნარების განვითარება იყო. ფრობელმა შექმნა 10 „საჩუქარი”, რომლებიც საბავშვო ბაღებში ადრეული ასაკისთვის განკუთვნილ დიდაქტიკურ მასალად დღესაც გამოიყენება. პირველი საჩუქარი – ფერადი ნაქსოვი ექვსი ბურთი – ყველაზე მარტივი „საჩუქარია”, რომელთა საშუალებით ბავშვები ეცნობიან ფერებს, მოძრაობის პრინციპებსა და ფორმას. მე-10 საჩუქარი კი პატარა ზომის ბურთებისა (წერტილი) და ჯოხების (მონაკვეთი) კომპლექტია, რომლის საშუალებითაც ბავშვებს სამგანზომილებიანი გეომეტრიული კონსტრუქციების აგება შეუძლიათ.

ფრობელს მიაჩნდა, რომ „საჩუქრებს” ბავშვები თავდაპირველად უნდა გაცნობოდნენ როგორც ერთ მთლიანობას და შემდეგ უნდა შეესწავლათ მისი ნაწილები. ფრობელის პედაგოგიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო „საქმიანობებიც”, რომელიც ბავშვის მიერ ინიცირებული თამაშის პარალელურად საბავშვო ბაღში მიმდინარე აქტივობების ნაწილი იყო. ძირითადი „საქმიანობები” იყო: თიხით ძერწვა, ხატვა, ქარგვა, კუბურებით აშენება და სხვა. ფრობელის საბავშვო ბაღში „საჩუქრებით” თამაშსა და „საქმიანობებს” მოძრავი თამაშები ენაცვლებოდა, მოძრავ თამაშებს კი – მებაღეობა და მცენარეებზე ზრუნვა. ფრობელს მიაჩნდა, რომ ბავშვებისთვის ბუნებასთან სიახლოვე მეტად მნიშვნელოვანი იყო და საბავშვო ბაღი სწორედ ის სივრცე უნდა ყოფილიყო, სადაც ბავშვები, ერთი მხრივ, ბუნებაში, მეორე მხრივ კი, პოზიტიურ სოციალურ გარემოში ისწავლიდნენ და განვითარდებოდნენ. ფრობელის საბავშვო ბაღში ბავშვებსა და მასწავლებლებს ერთად მოჰყავდათ მათთვის საჭირო საკვები მცენარეები.
 
ფრობელი თვლიდა, რომ საბავშვო ბაღის მასწავლებლები სპეციალურად უნდა მომზადებულიყვნენ პედაგოგიური საქმიანობისთვის, რათა მათ შეძლებოდათ ბავშვებისთვის სათანადო გარემოსა და პირობების უზრუნველყოფა სწავლისა და განვითარებისთვის. ფრობელი მასწავლებელს დედის ფიგურად მოიაზრებდა, რაც იმ დროისთვის რადიკალური იდეა იყო, რადგან ქალის ფუნქციად ითვლებოდა ბავშვზე ზრუნვა და არა განათლება. ფრობელი თავად ასწავლიდა საბავშვო ბაღების პირველ ქალ მასწავლებლებს. მას მიაჩნდა, რომ კარგად მომზადებულ მასწავლებელს უნდა შეძლებოდა სწავლება თამაშის გამოყენებით. დროთა განმავლობაში ბავშვის მიერ ინიცირებული და მართული თამაში ფრობელის მთავარ ფოკუსად იქცა. შესაბამისად, ის ნაკლებ ყურადღებას უთმობდა წინასწარ განსაზღვრულ კურიკულუმსა და მის მიერ უწინ შემუშავებულ დამხმარე მასალებს (მაგ, „საჩქურებს”). ფრობელი მიიჩნევდა, რომ ბავშვის თავისუფალი თამაში განვითარებისთვის უნიკალურ შესაძლებლობებს იძლეოდა, ვინაიდან ბავშვი ყველაზე მეტად მოტივირებული სწორედ ამ დროსაა. თავისუფალ თამაშზე დაკვირვება, საჭიროებისამებრ მასში ჩართვა და მისი განვითარება მასწავლებლისგან უფრო მეტ ოსტატობასა და ცოდნას მოითხოვდა. უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალ თამაშს დღის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სკოლამდელი განათლების ხანგრძლივი ტრადიციების მქონე ქვეყნების დღევანდელ საბავშვო ბაღებშიც. თავისუფალი თამაში ქმნის შესაძლებლობას ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის საერთო, შემოქმედებითი და განმავითარებელი სივრცის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც საინტერესო და სახალისო პროცესია, როგორც მათი მთავარი ავტორებისთვის – ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვისაც.

ფრობელის საგანმანათლებლო ფილოსოფიაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობოდა ბავშვთა მრავალფეროვანი ჯგუფების განათლების მნიშვნელობას. მის საბავშვო ბაღში გვერდიგვერდ სწავლობდნენ და ვითარდებოდნენ გოგონები და ბიჭები, ბავშვები შეძლებული და ღარიბი ოჯახებიდან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველი საბავშვო ბაღიც ფრიდრიხ ფრობელის სახელს უკავშირდება. ფრობელის პრინციპებზე დაფუძნებული პირველი საბავშვო ბაღი თბილისში 1870 წელს ადელაიდა სიმონოვიჩმა დააარსა.
ფოტოს წყარო (ფრობელის საბავშვო ბაღი) : https://www.ku.com.au/about/history.aspx
ფოტოების წყარო (ფრობელის „საჩუქრები”) : https://www.froebelgifts.com/gifts.htm

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი