შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ ვმართოთ ემოციები

ვფიქრობ, ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია ემოციების გარეშე. მათ გარეშე ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა, რადგანაც ისინი ჩვენს ყოფას ბევრად უფრო საინტერესოს და შინაარსიანს ხდიან. თუმცა, ამავდროულად ემოციებს შეუძლიათ გაანადგურონ კიდეც ჩვენი ფსიქიკა, ჯანმრთელობა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ  ჩვენ ემოციური აფეთქების ზღვართან მივალთ და მისი მართვის სადავეებს ხელიდან გავუშვებთ. ალბათ, ძნელია მოიძებნოს ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ მდგარა აღნიშნული საფრთხის წინაშე. არის პროფესიები, რომლებიც, ამ მხრივ, განსაკუთრებული საფრთხის შემცველია. პედაგოგის პროფესია სწორედ ასეთ პროფესიათა რიცხვს მიეკუთვნება. თუ გავითვალისწინებთ პედაგოგთა დღევანდელ ყოფას და იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც ისინი დგანან, ვფიქრობ, ზემოაღნიშნული საფრთხე საკმაოდ რეალურია.

შესაძლებელია თუ არა ემოციების კონტროლი, მათი მართვა და ემოციური აფეთქების საფრთხის თავიდან აცილება, თუ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ემოციები ჩვენზე ძლიერია, დომინირებს ჩვენს ქცევაზე და არაფრის გაკეთება შეგვიძლია. მიუხედავად იმისა, რომ ემოციების მართვა ბევრად არის დამოკიდებული ადამიანის ტიპოლოგიურ თავისებურებებზე, მაინც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს უნარი გამომუშავებადი და აღზრდადია. ერთ-ერთი ნიშანი, რაც გამოარჩევს კარგად აღზრდილ ადამიანს, სწორედ ის არის, რომ მას შეუძლია საკუთარი ემოციების კონტროლი და მართვა, მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება საკმაოდ რთულია. განვითარებულ პიროვნებას აქვს საკუთარი  თავის ფლობის უნარი.

რატომ არის საჭირო ემოციების კონტროლი და მართვა, რა ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ემოციების უმართაობა? რა ხდება, თუ ჩვენ არ შეგვიძლია, ან არ გვსურს გავიგოთ და ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები:

  • გვიფუჭდება ურთიერთობა გარშემომყოფ ადამიანებთან. ემოციებით შეპყრობილ ადამიანს უქვეითდება მგრძნობელობა ყველას, მათ შორის ახლობლების მიმართაც კი. ამიტომ, ემოციური აფეთქების ზღვართან მისული ასეთი ადამიანები არ იშურებენ ერთმანეთისათვის არასასიამოვნო და მტკივნეული სიტყვების თქმას, მწვავედ რეაგირებენ უმნიშვნელო შენიშვნებზე, ადვილად შედიან კონფლიქტში გარშემომყოფებთან, შემდეგ კი თავს უბედურად და დათრგუნულად გრძნობენ;
  • ქვეითდება ჩვენი შრომისუნარიანობა. საკუთარ ენერგეტიკულ რესურსებსუსასრულოდ ვხარჯავთ მომქანცველ, გამომფიტავ, დამაუძლურებელ  განცდებზე. შედეგად ჩვენ შეიძლება აღარ გვეყოს ძალები საკუთარი თავის რეალიზებისა და წარმატების მისაღწევად;
  • გვიფუჭდება დამოკიდებულება საკუთარ თავთან. უარყოფითი ემოციების სიჭარბე გვაფიქრებინებს, რომ „ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის“ ან „ყველა ჩემს წინააღმდეგაა მომართული“. შედეგად შეიძლება დაგვიქვეითდეს თვითშეფასება, დავადანაშაულოთ საკუთარი თავი და დეპრესიაშიც კი ჩავვარდეთ;
  • ნადგურდება ჩვენი ჯანმრთელობა. შემთხვევითი არ არის, რომ საზოგადოებაში ემოციურად ფეთქებადი სიტუაციების ზრდა პირდაპირპროპორციულ  დამოკიდებულებაშია ფსიქოსომატური დაავადებების ზრდასთან. არაკონტროლირებადი და უმართავი ემოციები დიდ როლს თამაშობს ძალიან ბევრი დაავადების აღმოცენებაში. დღეს უკვე აღარავის აკვირვებს გამოთქმა „დაავადება განვითარდა ნერვულ ნიადაგზე“. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა ადგილი აქვს მოჭარბებულ ემოციურ რეაგირებას, უარყოფით ემოციებზე ჩაციკვლას, მუდმივად მსხვერპლის როლში ყოფნას, საკუთარი ემოციების უარყოფას ან დათრგუნვას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ვისწავლოთ საკუთარი ემოციების გაგება, კონტროლი და მართვა.

რეკომენდაციები ემოციების გასაკონტროლებლად და სამართავად:

  • ვაღიაროთ იმ ემოციის არსებობა, რომელიც ჩვენ დაგვეუფლა და დავარქვათ მას სახელი. რა არის ეს – შიში, სიხარული, მრისხანება, აღშფოთება, თუ რაიმე სხვა. იმისათვის, რომ ვაკონტროლოთ და ვმართოთ ემოციები, საჭიროა ჯერ ვაღიაროთ მათი არსებობა და მოვახდინოთ მათი იდენტიფიცირება. თუ ჩვენ ბოლომდე ვერ გავაცნობიერებთ ჩვენს განცდებს, ვერ გავიგებთ, რა როლს თამაშობს ემოციები პირადად ჩვენს ცხოვრებაში;
  • ნუ გავუკეთებთ იგნორირებას ემოციას, რომელსაც განვიცდით, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ის ჩვენთვის. უკეთესი იქნება შევხედოთ სიმართლეს თვალებში, მივიღოთ ის, როგორც მომხდარი ფაქტი. გავაცნობიეროთ, გავაანალიზოთ, გავიგოთ რა დგას ამ ემოციის უკან; როდის, რის შემდეგ გაჩნდა ის, რაშია მისი არსი და ღირებულება, რისთვის გვჭირდება, რა  სიგნალს იძლევა, რისკენ მიმართავს ჩვენს ყურადღებას, რაზე ღირს დაფიქრება და რა ცვლილებების გატარებაა საჭირო. ვიყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან ამ კითხვებზე პასუხის დროს;
  • ემოციების გასაკონტროლებლად და სამართავად აუცილებელია ვმართოთ ჩვენი აზრები, ვინაიდან ემოციებს იწვევს არა ესა თუ ის მოვლენა, ფაქტი ან ადამიანი, არამედ ჩვენი აზრები და ფიქრები ამ მოვლენის, ფაქტისა და ადამიანის შესახებ. და, თუ ეს აზრები პოზიტიურია, ჩვენ დადებით ემოციებს განვიცდით, მაგრამ, თუ ისინი უარყოფითია, ჩვენ ნეგატიური და გამანადგურებელი ემოციები გვიპყრობს. ამასთან, მთელი სიბრძნე მდგომარეობს არა იმაში, რომ არ დავინახოთ ცხოვრების სირთულეები, არამედ იმაში, რომ ამ სირთულეებს კონსტრუქტივისტულად მივუდგეთ. იმ დროს, როცა ვიგრძნობთ, რომ მარცხის გამო საკუთარ ემოციებზე კონტროლს ვკარგავთ, გავიხსენოთ ჩვენი პირადი წარმატების მაგალითები წარსულიდან. მაგ. ნაცვლად იმისა, რომ ვინერვიულოთ წარუმატებლად ჩატარებულ დღევანდელ გაკვეთილზე, გავიხსენოთ კოლეგების როგორი მოწონება და აღიარება დაიმსახურა ერთი კვირის წინ ჩატარებულმა ჩვენმა გაკვეთილმა. დღევანდელი მარცხი კი შეიძლება აღვიქვათ, როგორც სასარგებლო გამოცდილება. ემოციური წონასწორობის მდგომარეობაში გადასვლა დაგვეხმარება, გავაანალიზოთ სიტუაცია და ვიზრუნოთ მდგომარეობის გამოსწორებაზე. გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ქცევას ჩვენივე ემოციები მართავს, ემოციებს კი – ჩვენი აზრები და ფიქრები. ამიტომ, თუ გვინდა ჩვენს ქცევაში რამე შევცვალოთ, აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ და ვმართოთ ემოციები. ემოციების სამართავად კი ჩვენი აზრებისა და ფიქრების მართვაა საჭირო;
  • მოვერიდოთ ემოციის დათრგუნვას, ჩახშობას, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ის ჩვენთვის. ემოციების დათრგუნვით, ჩახშობით ჩვენ კი არ ვთავისუფლდებით, არამედ უფრო ვაღრმავებთ პრობლემას და ნეგატიური ემოციების ტყვეობაში ვრჩებით. უკეთესი იქნება არ დავმალოთ, არ დავთრგუნოთ, არ ჩავახშოთ ჩვენი ემოცია და ვიფიქროთ იმაზე, რამაც ჩვენში ეს ემოცია გამოიწვია. არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე დრამატულ სიტუაციებშიც კი ინარჩუნებენ სიმშვიდეს და ამას იმით ახერხებენ, რომ ფიქრობენ იმ ცუდზე, რაც შეიძლებოდა ამ სიტუაციაში მომხდარიყო. იმაზე ფიქრი, რომ ამაზე ბევრად უარესი შეიძლებოდა მომხდარიყო, ნეიტრალიზებას უკეთებს არსებულ პრობლემას და კონტროლის შენარჩუნების შესაძლებლობას გვაძლევს.

დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ემოციური წონასწორობის აღსადგენად იმათი შენდობის, პატიების უნარია, ვინც გაგვანაწყენა. ემოციური წონასწორობა კი, თავის მხრივ, აუცილებელია რთული სიტუაციიდან გამოსასვლელად და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენ მიმდინარე მოვლენების საღად, გონივრულად შეფასებასა და ადეკვატურად მოქმედებას.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი