შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ ვასწავლოთ რევაზ ინანიშვილის ანტისაბჭოთა ქვეტექსტების მოთხრობები საბაზო საფეხურზე?

ქართველებს თუ რამით შეგვიძლია თავმოწონება ცივილიზებული სამყაროს წინაშე, უპირველესად – ქართული ლიტერატურით. მრავალი ისეთი ავტორი გვყავს, რომელთათვისაც მსოფლიო ასპარეზი ალალია. მათ შორის გამორჩეულია რევაზ ინანიშვილი. მისი ტექსტები ნამდვილი სულის მალამოა მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. ეს ავტორი ქმნის დაუვიწყარ მიკროკოსმოსს, რომელიც სამყაროს უდიდეს საიდუმლოებებს უმარტივეს, გენიალურ ნარატივებში ხდის ფარდას. არასდროს მავიწყდება ხოლმე გაკვეთილი და ბავშვების კომენტარები, როცა ინანიშვილის ტექსტზე ვმუშაობთ. საბედნიეროდ, მრავალი მათგანია შეტანილი სასკოლო პროგრამაში და უამრავსაც მასწავლებლები მოვიშველიებთ ხოლმე დამატებით რესურსებად.

მახსოვს, კერძო სკოლაში მუშაობისას რა ზეიმი იყო მეექვსე კლასში „ნეკერჩხლის წითელი ფოთლის“ სწავლება. პაწაწინა ტექსტმა საკლასო ოთახში სასწაულები მოახდინა. რამდენიმე წლის შემდეგ ამ კლასის მოსწავლემ ნეკერჩხლის ფოთლის ფოტოზე მომნიშნა სოციალურ ქსელში. გაოცებულმა კომენტარში კითხვა დავუსვი ბავშვებს: „გახსოვთ ეს მოთხრობა?“ არასდროს დამავიწყდება ლიკას კომენტარი: „მაკა მას, მაგ მოთხრობას რა დამავიწყებს? თქვენ ხომ ჩვენ ნეკერჩხლის წითელ ფოთლებად გვაქციეთო…“. სიხარულისგან დავმუნჯდი. „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების“… საამური განცდა იყო… ასეთი მაგიური ძალა აქვს ინანიშვილის ფსიქოლოგიზმს, გამომსახველობას, პერსონაჟის ხატვის მანერას, მისი ექსპრესიულობა ყველას იპყრობს და სულიერების გაუკვალავ შრეებში დაივანებს ხოლმე.

რევაზ ინანიშვილი საბჭოთა ეპოქის შვილია. მამამისი სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლა 1937 წელს, როცა მომავალი მწერალი 11 წლის იყო. ამ ტრაგედიამ ღრმა კვალი დაამჩნია მწერლის ცხოვრებას და მის შემოქმედებაშიც ანტისაბჭოური განწყობის ტექსტებს ხშირად ვხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს უწყინარი და კეთილშობილი ადამიანი არ ყოფილა პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი რკინის ფიგურა. ის მსოფლიო მასშტაბის ჰუმანისტია და მხოლოდ კალმით, მხოლოდ ალეგორიულად, მხოლოდ მეტაფორულად თუ ამხელს საბჭოთა რეჟიმს. მაგრამ რა ძალა აქვს კალამს? განა ორგანიზებულ პოლიტიკურ წინააღმდეგობას ჩამოუვარდება მხატვრული სიტყვით გავრცელებული იდეები? და რა სიმბოლურია, რომ 1991 წლის 26 დეკემბერს, როცა „ბოროტების იმპერიის“ დაშლა გამოცხადდა, ხოლო თბილისის ქუჩებში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, რევაზ ინანიშვილიც აღესრულა…

თანამედროვეობის უდიდესი ჩეხი მწერალი მილან კუნდერა, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა ნონ გრატად გამოაცხადა სამშობლოში და იძულებული გახდა საფრანგეთისთვის შეეფარებინა თავი, წერდა, რომ ის ის არ იქნებოდა, რომ არა საბჭოური რეპრესიები ჩეხეთში. საბჭოთა დიქტატურები საბჭოთა კავშირისა და ცენტრალური ევროპის გასაბჭოებულ ქვეყნებში, კუნდერას აზრით, მწერლებს აიძულებდა, ანტისაბჭოთა განწყობები შეფარვით, ალეგორიულად ისე მაღალმხატვრულად გადმოეცათ თავიანთ ტექსტებში, რომ აქედან მიგვეღო ბევრად უფრო ღრმა, სახეობრივი, ღირებული ლიტერატურა.

მაგრამ… როგორ ვასწავლოთ უახლოესი წარსული, გასული საუკუნის ანტისაბჭოთა, ალეგორიული ტექსტები თანამედროვე მოსწავლეს, რომელიც საბჭოეთს, საბედნიეროდ, არ მოსწრებია და ეს ეპოქა მისთვის სრულიად უცხო და შეუცნობელია? დაკვირვებული ვარ, რომ ისტორიიდან ჩვენს ბავშვებს ბევრად უფრო ნათელი წარმოდგენა აქვთ შორეული წარსულის ეპოქებზე, პოლიტიკურ სისტემებზე, მეფეებსა და ყოფა-ცხოვრებაზე, ვიდრე მეოცე საუკუნის 70-წლიან რეალობაზე. ეს მრავალი მიზეზით აიხსნება, მაგრამ, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ესეც არის: 30 წლის წინ, როცა საქართველომ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის პირველად ღიად დაიწყო ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა და პირველმავე მიიღო დამოუკიდებლობა, იმდენად დიდი იყო ეროვნული ცნობიერების იმპულსები, ანტისაბჭოთა და რუსოფობიური განწყობები, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ თითქოს ამ ეპოქას დავიწყების ნისლიანი ფარდა გადავაფარეთ. 1991 წლიდან კი უკვე დამოუკიდებელ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, სამოქალაქო ომებმა დედაქალაქსა და დასავლეთ საქართველოში, რუსული იმპერიის მიერ ინსპირირებულმა ორმა ეთნოკონფლიქტმა, ტერიტორიული მთლიანობის რღვევამ, ხელისუფლებების რევოლუციურმა ცვლილებებმა და სამოქალაქო მღელვარებებმა ისე ჩაგვიხვია შინაურ მორევში, რომ საბჭოეთის ფენომენის კვლევა და ანალიზი ვერც მოვასწარით. საძულველი ხანა დავივიწყეთ და ახლა ეს ამბები მხოლოდ ცნობილი „სოვლაბისთვის“ (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) გადაგვიბარებია (ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ინიციატივა. მიზანი – საქართველოს საბჭოთა წარსულის შესწავლა და გააზრება, რომლის ფარგლებშიც ფონდი 2009 წლიდან პარტნიორებთან ერთად იკვლევს  ტოტალიტარულ წარსულს).

მიზეზი რაც არ უნდა იყოს, რეალობა ასეთია: ინანიშვილის ალეგორიული ტექსტები თანამედროვე ბავშვისთვის სრულიად გაუგებარია და მასწავლებლის ოსტატობას აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს იმდენად ღირებული ტექსტებია, რომ გაუგებრად და უკვალოდ მათმა სწავლებამ არ უნდა ჩაიაროს! სპეციალისტებს ემახსოვრებათ, რომ 2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ერთ-ერთ ვარიანტში, უცნობი ტექსტის სახით მოხვდა რევაზ ინანიშვილის იშვიათი ექსპრესიულობით და დრამატიზმით, უღრმესი ფსიქოლოგიზმით გამორჩეული მოთხრობა „ლარა“. გამოცდების ცენტრის სტატისტიკით, აბიტურიენტთა 57%-მა, ვინც ეს მოთხრობა აირჩია გასაანალიზებლად, საერთოდ ვერ გაიგო მწერლის მიზანდასახულობა და მოთხრობის იდეები. სტალინური რეპრესიების შედეგად დემორალიზებული, მზრუნველი შვილისა და შვილიშვილის დამსმენი, ე.წ. სტოკჰოლმის სინდრომით დაავადებული კაცი აბიტურიენტებმა თავიანთ ნაშრომებში გმირად გამოაცხადეს.

მახსენდება ბავშვების რეაქცია, როცა ინანიშვილის „ჩიტების გამომზამთრებელს“ ვსწავლობთ მეშვიდე კლასში. ვკითხულობთ მოთხრობას, რომელსაც პიესის ფორმა აქვს. ბავშვები გულდასმით უსმენენ. ინანიშვილის ენა სხვა მოთხრობებიდან მათ ძალიან ემშობლიურებათ და მოსწონთ, მაგრამ „ჩიტების გამომზამთრებელი“…

– მას, ვერაფერი ვერ გავიგე! რა უნდოდააა? – გაოგნებული მეკითხება ნინო და სახეზე ვერგაგების ტანჯვა აწერია… ნინო აქ უკლებლივ მთელი კლასის განწყობის გამომხატველია…

და ჩვენ ვიწყებთ საუბარს საბჭოთა ეპოქის სურნელზე, რუხ ფერზე, შავ-თეთრ რეალობაზე, რომელიც ყველაფერს ფერადს და მიმზიდველს ანადგურებს, რეპრესიების პირსისხლიან ბუნებაზე, ტოტალიტარიზმის სასტიკ მარწუხებზე, რომელიც ისე უჭერს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს, რომ ჩვენში ქრისტეს ჯვარცმის ალუზია ბუნებრივად ჩნდება, ხოლო იქ, წარსულში, ადამიანები სისხლისგან იცლებიან, სული ეხუთებათ, არაერთგზის ტრანსფორმირებული დიქტატურის გისოსებში ჰომო სოვიეტიკუსებად გარდაქმნილთ… საბჭოთა იმპერია მსოფლიოს ცნობილ ტირანიებს შორის თავისი მრავალსახოვნობით ალბათ იშვიათი ფენომენია და მისი სახის გახსნა არ არის იოლი. მაგალითად, როცა ვსწავლობთ ინანიშვილის სულისშემძვრელ ავტობიოგრაფიულ მოთხრობას „პატარა ბიჭი გოლგოთაზე“, ბავშვებისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რანაირად შეიძლება, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანი ასე უცნაურად გაიმეტონ და დასაჯონ.

– რატომ? – კითხულობენ ბავშვები და ისეთი გაუგებრობის შეშფოთებული მზერა ახლავს ამ კითხვას, რომ მასწავლებელს დიდი ძალისხმევა სჭირდება, სანამ ყველა „რატომ“-ს გაეცემა პასუხი და სანამ ბავშვები არ დამშვიდდებიან, ხოლო მასწავლებელს ახსნილის, გადაცემულის, გაგებულის და გაზიარებულის განცდა გაახარებს.

და მაინც: როგორ ვასწავლოთ? ძნელია ერთი მომცრო ნოველის სწავლის დროს საბჭოთა ეპოქის უზარმაზარი ისტორიის ამოტრიალება და იმ ყველაფრის ახსნა, რასაც ის წარმოადგენდა. თუ ეს არ იქნება, არ აღიქმება ისტორიულ-ლიტერატურული კონტექსტები და ვერჩაწვდომისა და ვერგაგებისთვის განწირულია უნიკალური ტექსტი.

ორი რამ დამეხმარა ამ რთული ამოცანის გადაჭრაში: ჩემი საბჭოთა ბავშვობის ფერების (უფრო სწორად, უფერულობის)  და სურნელის (უფრო სწორად, უმეტესად ყროლის სუნის) გაზიარება და ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა ისტორიის მასწავლებელთან. პირველი ძალიან ეფექტური იყო. მათი ასაკის აწ უკვე „დიდი“ ადამიანის განცდების გულწრფელი გადმოცემა, მაშინდელი სკოლა, როგორც იდეოლოგიური სამჭედლო: პიონერია და კომკავშირი, ყოფის რუხი ფერები და ჩაკეტილი საზღვრები, მომაკვდინებელი ერთფეროვნება და იდეოლოგიზებული, კომპარტიული ფსევდორეალობა… ეს აქ მოკლედ… იქ, გაკვეთილზე, კი შორს მივდივართ ერთად, შორს, საბჭოთა სინამდვილის გატკეპნილ ბილიკებზე, საიდანაც სამყაროს ვერ დაინახავდი ფართოდ გახელილი თვალებით… სიბნელე, შიში… მხოლოდ მინიმალური სოცუზრუნველყოფა რკინის ფარდების უკიდეგანო გისოსებში…

ახლა კი აეხილებათ თვალები ბავშვებს და არ უკვირთ, რატომ არის ოროსანი სკოლაში განგია? რატომ მოთქვამს მისი დიასახლისი დედა და რატომ არის მათი ბინის რეალობა აუტანელი ბიჭისთვის? რატომ გარბის ის და უკანასკნელი ფულით ფერად ჩიტბატონებს ყიდულობს, რომ გამოაზამთრებინოს?.. რომ ეს გამოზამთრება ალეგორიაა საბჭოეთის სასტიკი ხანის გადაგორებისა… რომ ეს ფერადი ჩიტბატონები ამ აუტანელი ერთფეროვნების გაფერადების და გადარჩენის, თავისუფლების წყურვილის ალეგორიული სიმბოლოებია, ხოლო ჩიტბატონების მკვლელი დედა – საბჭოთა ეპოქის „სასოწარკვეთილი დიასახლისი“, რომლის მსგავსებიც მილიონები იყვნენ, ასე გატანჯული, გაწამებული, ენამწარე, უიმედო, ჭირვეული, მარად უბედური, ახალგაზრდობაწართმეული… რომ განგიას ოროსნობა მისი პროტესტია საბჭოთა სკოლისადმი, ხოლო განგიას მამის მოსაზრება, რომ არაა აუცილებელი ყველამ ისწავლოს, უბედურებაა, ყველას რომ კილობით ხორცისა და ლიტრობით ღვინის ჩანთქმა უნდა ყოველდღე, თეთრი სამსახურეობრივი ტელეფონები და ფაფუკი ხელები უნდათ და არავის – პროფსასწავლებელში გამოსადეგი პროფესიის დაუფლება, რეალობის ადეკვატურად აღქმაა (ნეტა განსხვავებული ვარიაციებით მსგავსი მენტალური პრობლემები ახლაც ხომ არ გვაქვს? – შევაპარებ კითხვას ბავშვებს და შემდეგი გაკვეთილისთვის სადისკუსიო თემად ესეც გვიჩნდება: მოსწავლის თვითმენეჯმენტი და კარიერის დაგეგმვა, მიმართება საკუთარი განათლებისადმი)… ვიწყებთ ჩვენს საყვარელ საქმიანობას – ალეგორიული სახე-სიმბოლოების დეკოდირებას. ვსაუბრობთ იმაზე, რომ მოთხრობის დასაწყისში მამის მიერ მოტანილი, გაზეთში გახვეული სპორტული „რეიტუზი“ საბჭოური მარკეტინგის უბადრუკობის სიმბოლოა, დედის მიერ ბიჭის თვალწინ დახოცილი ჩიტბატონები კი სიმბოლურ-ალეგორიულად გამოხატავს საბჭოთა ახალგაზრდის ჩაკლულ სულს. გულდაწყვეტილი, ცრემლმორეული, შეურაცხყოფილი განგიას უმწეო პასუხი დედის აგრესიაზე: „კარგით, კარგით“… სწორედ მის დიდბუნებოვნებასა და მიხვედრილობაზე მეტყველებს… ბიჭმა გაუგო დედას, ისეთი რამ გაუგო, რისი გაგება და მიტევებაც  ყველა ეპოქის ბავშვს გაუჭირდებოდა… ხოლო მამის სიტყვები ფინალში: „თუ არავინ გავალებს, არც ჩიტების გამოზამთრებაა საჭირო, თუ არავინ გავალებს“… იმხელა ქვეტექსტს იტევს: რომ საბჭოთა სინამდვილე გამორიცხავს შემოქმედებითობას და თავისუფალ არჩევანს.

ქართული ლიტერატურისა და ისტორიის ინტეგრირებულ გაკვეთილზე თუკი ისტორიის მასწავლებელი ისტორიის და წყაროების ენაზე აუხსნის ბავშვებს საბჭოთა იმპერიის რეალურ სახეს, რევაზ ინანიშვილის უცნაური ფორმით გამოთქმული ანტისაბჭოთა იდეები ნათელი გახდება ყველასთვის. და აი, ვამზადებთ პროექტ-გაკვეთილს და პრეზენტაციას საბჭოთა სინამდვილის კვლევასა და ლიტერატურაში მის ასახვაზე…

ახლა უკვე ნინოს აღარ აქვს გაოცებული სახე. ღიმილი აფენია და ბრიალა თვალები უბრწყინავს, შეცნობილი და გააზრებული საიდუმლოს ამოხსნით გაბედნიერებულს… ამ ემოციას მასში საბჭოთა ადამიანებისადმი თანაგრძნობის სევდა თუ ჩაანაცვლებს ამიერიდან.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი