ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

წაიკითხე ჩემი წიგნი

ცნობილია, რომ კითხვა ძალადობას ვერ იტანს. პატარა ადამიანების კითხვით დაინტერესებისთვის სიამოვნებასთან და სიხარულთან დაკავშირებული აქტივობების გამოგონება ბევრად გამართლებულია. ერთ ძალიან საინტერესო თამაშზე უნდა გიამბოთ, რომელიც ზამთრის არდადეგებზე მე და ჩემმა რვა წლის გოგომ გავაჩაღეთ.

უჩვეულო თავგადასავალი ზამთარში დაიწყო. სოფლის მონოტონური რიტმისა და გრძელი ღამეების გადასაგორებლად  „დონ კიხოტის“ კითხვა დავიწყე. ადგილ-ადგილ მინაწერებს ვუტოვებდი მარიამს, ჩემს მოსწავლეს, რომელსაც ჩემ შემდეგ სურდა მახვილგონიერი იდალგოს გაცნობა. არშიებზე მარიამმაც დაუტოვა თანაკლასელ თამარს მინაწერები, მერე თამარმა წაიკითხა და ფურცლებს მისი კომენტარებიც  დაემატა. ამგვარად შეიძინა განსაკუთრებული და ძვირფასი ამბები  წიგნმა, რომელიც ყოველთვის გამახსენებს ჩემს მესამე რაჭულ ზამთარს, მარიამს, თამარს, დონ კიხოტის ხიფათებზე სიცილს – ჩვენი ერთიანობის სიმბოლოდ ქცეულს.

არშიებზე დატოვებულმა მინაწერებმა ივლისის ცხელ დღემდე მოგვიყვანა. მესინჯერში წერილი მოწკაპუნდა, საჩუქარი მოგიმზადეთ და ჩვენს ჭიშკარს რომ  ჩამოივლით, გამოგაწოდებთო.  14 წლის მარიამს ელიფ შაფაქის „სიყვარულის ორმოცი წესი“ წარწერებიანი ბარათებით გადაევსო, წებოვანი ლენტით საგულდაგულოდ შეეფუთა, წიგნის წაკითხვამდე და წაკითხვის შემდეგ წასაკითხი წერილები ხელნაკეთ კონვერტში გამხმარ ყვავილებთან ერთად მოეთავსებინა და ამგვარი „იძულების“ წესით წამაკითხა სასურველი წიგნი, მხოლოდ იმიტომ, რომ მერე შთაბეჭდილებების გამზიარებელი ვყოლოდი, თან რაც შეიძლება მალე უნდა წამეკითხა მისი წიგნი.  მარიამის წამოწყებამ გაამართლა. თურქი მწერლის რომანი ორ-სამ დღეში შემომეკითხა, თან ინტერესით ველოდი ფურცელ-ფურცელ მიმობნეულ წარწერებს. კითხვის პროცესში თითქოს მარიამიც ჩემთან ერთად იყო და კვალდაკვალ მომყვებოდა განცდებსა და შთაბეჭდილებებში.  იმდენად მოვიხიბლეთ პროცესით, გადავწყვიტეთ, სხვისთვისაც გაგვეზიარებინა.

მერე შევიკრიბეთ, ჩამოვწერეთ მიზნები, მოვიგონეთ თამაშის წესები, პროექტის სახე მივეცით და სახელად „წაიკითხე ჩემი წიგნი“ ვუწოდეთ. გავიხსენეთ ადამიანები, რომლებსაც კითხვა უყვართ და ჩვენი წარმოდგენებით წიგნის ამგვარად წაკითხვა გაახალისებდათ, მერე ბავშვებმა რამდენიმე წიგნი მათთვის წაიკითხეს.  ჩანაფიქრი გაგვიმართლდა. შემოვიკრიბეთ უფროსი მეგობრები და ერთმანეთს ძალიან საინტერესო ურთიერთობები ვაჩუქეთ.

პროექტის მოკლე აღწერილობა ასეთია: მე ვკითხულობ წიგნს, არშიებზე ვტოვებ მინაწერებს, ადგილ-ადგილ წარწერებიან ბარათებს, ვწერ წიგნის წაკითხვამდე და წაკითხვის შემდეგ წასაკითხ წერილებს და ვუგზავნი სასურველ ადრესატს, რომელიც ერთი თვის განმავლობაში კითხულობს ჩემს წიგნს, მპასუხობს ან არ მპასუხობს შეკითხვებზე, სურვილისამებრ ეხმიანება გამოთქმულ მოსაზრებებს და მწერს წერილს, მთავარი არის ის, რომ წაიკითხოს და შთაბეჭდილებები უკუკავშირით გამოხატოს, შემდეგ ეტაპზე უკვე თვითონ არჩევს ჩემთვის ნაწარმოებს და ამავე ფორმით მაკითხებს თავის წიგნს.

შედეგად პოულობ ადამიანს, ვისაც უზიარებ კითხვისას დაგროვებულ ემოციებს,  ცდილობ წაკითხულის გააზრებას, დაწვრილებით ეცნობი ავტორს, სათაურს, პერსონაჟებს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ივითარებ მკითხველის უნარ-ჩვევებს. თამაში ერთმანეთში შეიძლება წამოიწყონ მეგობრებმა, მოსწავლე-მასწავლებლებმა, ოჯახის წევრებმა,  უცნობმა თუ ნაცნობმა ადამიანებმა. სწავლა-სწავლებისას ამგვარი აქტივობა განსაკუთრებით სასურველია უფროსსა და უმცროსს შორის, რადგან უფროსი ადამიანის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო მოზარდის სიხალისე და გულწრფელობა – გადამდები და ახალი ძალების მომცემი. ჩვენი პროექტი თავდაპირველად ორ მოსწავლეს და შვიდ უფროსს მოიაზრებდა, ახლა კი სხვებიც შემოგვიერთდნენ და მალე ბლოგზე გადავინაცვლებთ, სადაც შევეცდებით, ამგვარად რაც შეიძლება მეტ ადამიანს წავაკითხოთ წიგნები და ჩვენი გამოცდილება  გავუზიაროთ.

პროექტის მიზნებმა ასეთი სახე მიიღო:

  1. ჩემი წიგნი დროზე ადრე წავაკითხო ს
  2. ასურველ ადამიანს;
  3. გამოვხატო შთაბეჭდილებები და გავიგო მისი აზრიც;
  4. ერთად წაკითხულმა წიგნმა დაგვაახლოვოს;
  5. კომუნიკაცია სხვადასხვა ასაკის ადამიანს შორის;
  6. კითხვის სოციალურ მოვლენად გადაქცევა;
  7. წიგნებს ვაჩუქოთ ახალი სიცოცხლე;
  8. გავხდეთ დაკვირვებული მკითხველი;
  9. დრო საინტერესოდ გავატაროთ;
  10. ურთიერთობები გავხადოთ შინაარსიანი.

ამ ყველაფერთან ერთად განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტის კიდევ ერთი დადებითი მხარე – წიგნების გასულიერება, მისთვის ამბების გამოგონება. ადრესატთან  გაგზავნისას წიგნი მოგზაურობას იწყებს, მერე ისევ უკან ბრუნდება და განსაკუთრებულად ძვირფასი ხდება იმ თავგადასავლების გამო, რომლებსაც თან მოიყოლებს.

როგორც წერილის დასაწყისში ვახსენე, წამოწყებამ მე და ჩემი რვა წლის გოგოც მოგვხიბლა. გიამბობთ ერთად წაკითხული წიგნის შესახებ, ანუ დედა-შვილის მიერ წამოწყებულ თამაშზე, რომელმაც დამარწმუნა, რომ ბავშვის წიგნამდე მისაყვანად და  ინტერესის გასაღვივებლად არაჩვეულებრივი გზაა, წაიკითხო მისთვის, დაუტოვო მინაწერები, მინიშნებები და კითხვა დღესასწაულად უქციო. პირველად თეკლამ წაიკითხა ჩემთვის – ანე-კატერინე ვესტლის „ანტონის საჩუქრები“. სკოლაში დაატარებდა და დარდობდა, ბავშვები რომ მეკითხებიან, რატომ წერ წიგნში, ვერ ვუხსნი მიზეზს, ჰგონიათ, რომ ეს არ შეიძლებაო. არადა, ფანქართან ერთად კითხვა საუკეთესო მეთოდია გაგება-გააზრების, მკითხველის გემოვნების ჩამოყალიბებისა და რაც მთავარია, ინდივიდუალიზმის გასაღვივებლად. იმის მიხედვით, თუ რას გახაზავს, რაზე გააკეთებს აქცენტს, ხვდები, როგორია, რა უხარია, რა ამახსოვრდება და კიდევ უფრო უახლოვდები მის შინაგან სამყაროს.

შობას თეკლას მეგობრის – მარიამის – დაბადების დღეზე აღმოვჩნდით. ბავშვები გასართობ ცენტრში დავტოვე და საჩუქრისთვის წიგნის მაღაზიაში გავიქეცი. ვესტლის რამდენიმე წიგნი მარიამისთვის გამოვაქროლე, ცხელ-ცხელი, ახალგამოცემული მეშვიდე ნაწილი კი თეკლასთვის ვიყიდე. სანამ ბავშვები ერთობოდნენ, გადავშალე და კითხვა დავიწყე. რეალობამ წიგნის პირველივე გვერდზე გადაინაცვლა – იქაც შობა დამხვდა.

„მორტენი, დიდედა და ქარიშხალა“ დიდი ოჯახის ყოველდღიურობაა – უბრალო ამბებითა და ერთმანეთით ხარობენ. ყველაზე მეტად კი ბებიისა და შვილიშვილის მეგობრობა მოგხიბლავთ.

თამაშის წესები  გზადაგზა გამოიკვეთა. ყურადღებას ვამახვილებთ სხვადასხვა ჭრილით, მაგალითად:

  1. საერთო ამბები – სიუჟეტში აუცილებლად შემოგხვდებათ ერთი სიტყვა, წინადადება, ეპიზოდი ან პერსონაჟი, რომელიც საერთო ამბავს გაგახსენებთ. ამგვარ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით პატარა ადამიანებს ვასწავლით საკუთარი ცხოვრებით სიხარულს, შემოვუნახავთ დაუვიწყარ მოგონებებს, მაგალითად, ერთ-ერთ ილუსტრაციაზე მორტენი ნაძვის ხის ძირას დგას, მე კი შემდეგი წარწერა დავუტოვე:

 

„ეს ხის ფესვი იცი რას მახსენებს? ბეღლორის ხავსიან ხის ფესვებს, შენ რომ დაძვრებოდი ხოლმე“.

 

თეკლას კი ერთგან გაუხაზავს სიტყვა „ფოტოაპარატი“ და არშიაზე დაუწერია: „დე, შენ რომ გვიღებდი ფოტოაპარატით გახსოვს?“

 

„- ერთი წუთით… აქ დამიცადეთ, – უთხრა დედამ ბავშვებს, სამზარეულოში შეირბინა, ხუთი ფუნთუშა და თხის ყველის ნაჭრები გამოიტანა და შეშინებულ ბავშვებს ჩამოურიგა“. ანასტასიას ბებოს ჰყავდა თხა. ბებოს ოლია ერქვა. მე ის ძალიან მიყვარდა. ხშირად მახსენდება-მეთქი, ვუწერ  მეგობრის ბებიის შესახებ და მინდა, რომ თვითონაც წამოიყოლოს ბავშვობიდან ადამიანები.

 

  1. სიტყვების აღმოჩენა – ლამაზ სიტყვებზე ყურადღების გამახვილებით ბავშვებიც სიტყვის მაძიებლები ხდებიან. ადგილ-ადგილ ვხაზავ, ყოველი თავის ბოლოს კი სიტყვის სიას ვუწერ, ასე დავაგემოვნეთ უცნობი სიტყვები: ზღურბლი, შურდული, ქაშაყი, კასრი, ძელ-სკამი, მალაყი, ციმციმა, ეჟვანი, მარხილი… სანაცვლოდ თეკლაც მაყვარებდა თავის აღმოჩენილ სიტყვებს, ლურჯი ფანქრით გახაზული  „დაუცაცხანა“ დამახვედრა წარწერით – „კარგი სიტყვა“, ერთგან კი ისრით მანიშნებს სიტყვაზე „ბოროტი“ და ასეთ რამეს მწერს:  „ვერ ვიტან „ბოროტ“ სიტყვას!“

 

  1. ლიტერატურული პარალელები – შეიძლება, რომელიმე ადგილმა ცნობილი ზღაპარი, ლექსი ან საბავშვო წიგნი გაგახსენოთ. აუცილებლად გახადეთ შესამჩნევი, ამგვარად ტექსტიდან ტექსტში მოგზაურობას დაუდებთ სათავეს.

 

„უცებ ხის ქვედა ტოტები ოდნავ შეირხა და იქიდან კურდღელი გამოცუნცულდა. მორტენს მოეჩვენა, თითქოს პირდაპირ მისკენ მორბოდა…“ – კურდღლის უეცარმა გამოჩენამ რომელიმე წიგნი ხომ არ მოგაგონა-მეთქი, არშიაზე ვეკითხები თეკლას  ზამთრის არდადეგებზე წაკითხული ლუის კეროლის ელისის გასახსენებლად.

 

  1. ცნობიერების ამაღლება – ბავშვისთვის მორალური შეგონებები გარკვეულ ასაკამდე გაუგებარია. თუ გვსურს, ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწავლოთ განსხვავებული ადამიანების მიმღებლობა ან მასში გააღვივოთ თანაგანცდა, ლიტერატურული მაგალითები ამჯერადაც დაგვეხმარებიან.

 

„უცნაური თავი“ ერთ-ერთი თავის სათაურია. იქვე მინაწერი დავუტოვე: „მომწონს უცნაური ხალხი. ბავშვობიდან მომწონდნენ განსხვავებული ადამიანები“.

 

შემდეგი მონაკვეთი კი ლურჯად გავუხაზე: „ხომ იცით, სიმართლის თქმა ყოველთვის ძნელია, მაგრამ აუცილებელი. ადამიანი, რომელიც სიმართლეს არ გაურბის, ყველანაირ გაუგებრობას იცილებს თავიდან. ეს გახსოვდეთ!“

 

  1. მშვენიერების აღქმა – ალბათ, ხშირად დაფიქრებულხართ, ურბანული გარემო და რიტმი როგორ გვიხევებს შინაგან სამყაროს, დრო არ გვრჩება ცაში სამზერლად, სხვისი ღიმილის შესამჩნევად, უფრო და უფრო ვუღრმავდებით საკუთარ პრობლემებს. ვფიქრობ, ბავშვობიდან ყურადღების გამახვილება სამყაროს მშვენიერებაზე საიმედო საყრდენი იქნება პატარა ადამიანის ჰარმონიული განვითარებისთვის. ამგვარად გზას გავუკვალავთ საინტერესო ცხოვრებისკენ.

„- ცა ახლა მუქი ლურჯი უფროა, – შენიშნა მინამ, – მაგრამ ვარსკვლავები ლამაზად ციმციმებენ“.  – საგანგებოდ გავაფერადე ეს ფრაზა, თეკლამ კი ერთგან შემდეგი წინადადება გახაზა: „არყის ხე ყინულის ჭირხლით იფარება“.

„დიდედამ კიდევ ერთხელ შეიყნოსა ხის სურნელი“. – ყველა სურნელზე მეტად მიყვარს, სხვა გვერდზე ვუტოვებ მინაწერს.

 

  1. იუმორი –  „ხა, ხა, ხა, ხა“ – თეკლა ყველაზე ბევრს ამ  შორისდებულებს მახვედრებს და ძირითადად დიდედას თავქარიანობებზე ეცინება. ის კი არადა, მთხოვა, ძალიან მინდა, დიდედას დაემსგავსოო.

ალბათ, ვესტლის მიერ აღწერილი ოჯახის ძირითადი ნიშანი მხიარულებაა, რომელიც ყველა ასაკის მკითხველს  ხიბლავს. აბა როგორ არ გაგეცინება, ეზოში სტუმრად შესულს ხის ცხენზე შემოსკუპებულ დედას რომ აღმოაჩენ ან რომელიღაც თავში პატარა გოგოსავით გამოწყობილი დიდედა რომ გამოგეცხადება.

 

„- რა სასიამოვნო სუნი დგას აქ. მგონი, დურგალს სიამოვნებით გავყვებოდი ცოლად.

მორტენმა სასოწარკვეთილმა შეხედა. რას წარმოიდგენდა, რომ იმ მაღაზიაში დიდედა დაქორწინებაზე დაიწყებდა ლაპარაკს?!“  – ისევ გაფერადებული და ხაზგასმული ეპიზოდიდან. დაკვირვებული ვარ, ყველაზე მეტად მხიარული ამბავი ახალისებთ. წიგნში აღმოჩენილი სასაცილო თავგადასავლები დიდი თუ პატარა მკითხველის ემოციური სამყაროსთვის დადებითი ძალების მომცემია.

კიდევ ბევრ რამეზე შეიძლება ყურადღების გამახვილება, თუმცა ინსტრუქციის აღწერილობა და ჩამონათვალი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ამგვარად წაკითხული წიგნებით წინ დიდი სიამოვნება გელით. მოარგეთ მიზნები თქვენს ფანტაზიას, გემოვნებას და წაიკითხეთ  სასურველი ადამიანისთვის, შედეგად კი  ისიამოვნებთ, მოლოდინი შეგიპრობთ, დროს გაიმრავალფეროვნებთ, სხვაზე ფიქრს ისწავლით, წერით თუ შემოქმედებით უნარ-ჩვევებს გაიაქტიურებთ, საფუძვლიანად გაიცნობთ ავტორებსა და ნაწარმოებებს, სიხარული აგავსებთ და თქვენ წარმოიდგინეთ, დროისა და სივრცისთვის ფორმის შეცვლასაც კი შეძლებთ.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი