პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეები

მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებს მხოლოდ პოლონეთისა და გერმანიის ტერიტორიებზე არ აშენებდნენ – სასიკვდილო გეტოებით დაფარული იყო მთელი ევროპა.

ავსტრიაში, ლინცსა და ვენას შორის მდებარე გზატკეცილზე, ერთი ნაკლებად ცნობილი ქალაქი, მაუთჰაუზენი მდებარეობს. გასული საუკუნის 30-იან და 40-იან წლებში იქ ნაცისტური საპყრობილე ფუნქციონირებდა. რასისტები ბანაკში ათასობით ადამიანს უყრიდნენ თავს. უპირველეს ყოვლისა, ავსტრიულ საპატიმროში ხვდებოდნენ მმართველი პარტიის ოპოზიციაში მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საკონცენტრაციო სივრცეში ცალკე ადგილები ჰქონდათ გამოყოფილი ემიგრანტებს, ებრაელებს, იეჰოვას მოწმეებს, ჰომოსექსუალებს, საგანგებო რეჟიმის დამრღვევ პირებს. ომის პერიოდში ავსტრიის შუაგულში განაწესეს სამხედრო ტყვეების ნაწილიც, საბჭოთა კავშირთან შეტაკებების დროს მტრის ზურგში აღმოჩენილი მებრძოლები და საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის რამდენიმე გადარჩენილი პარტიზანიც. მაუთჰაუზენის ბანაკის ახლოს ქვის საბადო იყო. შედარებით ჯანმრთელი ტყვეები ავად გახდომამდე ან სიკვდილამდე სამტეხლოში მუშაობდნენ. ვისაც შრომა არ შეეძლო და გაუსაძლისი პირობების ატანას ვერ ახერხებდა, პირდაპირ ხოცავდნენ.

1945 წლის მაისში მაუთჰაუზენში ამერიკის სახმელეთო ჯარების კორპუსი შევიდა და ქალაქი გაათავისუფლა. ამერიკელმა ქვეითებმა საკონცენტრაციო ბანაკის დიდი ხნის წინ დაკეტილი ალაყაფის კარი გააღეს. საუბედუროდ, გადარჩენა ტყვეთა მხოლოდ უმცირესმა ნაწილმა მოახერხა. უსასტიკესი გამოცდილებისა და უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, გადარჩენილებმა საკუთარ მოვალეობად მიიჩნიეს ევროპაში ახალი მეხსიერების კულტურის ჩამოყალიბება. საკონცენტრაციო ბანაკებში ნატანჯმა ადამიანებმა თავიანთ ლოზუნგად გამოაცხადეს: „Nie wieder“ („აღარასოდეს“). მათ მთელი მსოფლიოსთვის უნდა მოეყოლათ თავს გადახდენილი უბედურების შესახებ, რათა აღარასდროს არავის მოსვლოდა აზრად ადამიანების გარკვეული ნიშნით ერთმანეთისგან გამოცალკევება და გარიყული, მტრად გამოცხადებული ჯგუფის წევრების დაუნდობლად ამოხოცვა. სისხლიანი მოვლენები ისე მყარად უნდა აღბეჭდილიყო ადამიანების მეხსიერებაში, რომ ფაშიზმის რესტავრაციის შესაძლებლობა სამუდამოდ მოესპოთ.

1949 წლის გაზაფხულზე მაუთჰაუზენის 14 000-მდე მსხვერპლის ხსოვნის პატივსაცემად პირველი მემორიალი აღიმართა. დროთა განმავლობაში ბანაკის ადგილას მასშტაბური სამუზეუმო კომპლექსი მოეწყო. ტყვეთა შთამომავლებმა და თანამემამულეებმა კომპლექსის ტერიტორიაზე ცალკეული დაფების დამონტაჟება დაიწყეს. ასე გაჩნდა მაუთჰაუზენის მემორიალის მიმდებარედ ერთგვარი ხეივანი, სადაც ებრაელებს, ლიტველ თუ უკრაინელ ჯარისკაცებს, საფრანგეთისა თუ იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს თავიანთი კუთხე აქვთ.

უკვე წლებია, შუაგულ ევროპაში ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაცია ფუნქციონირებს. მისი წევრები უცხოეთში შესანიშნავად წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას. ისინი ხშირად საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც ეხმაურებიან და თბილისში განათლების სისტემის რეფორმის მოთხოვნით გამართული დემონსტრაციების პარალელურ სოლიდარობის აქციებს უწევენ ორგანიზებას ვენაში.

ავსტრიაში მყოფმა სტუდენტებმა მარიკა ბექაურმა და სალომე სალაძემ უდიდესი პასუხისმგებლობა იკისრეს – ორი წლის წინ მაუთჰაუზენის ბანაკში ექსკურსიაზე მყოფმა გამბედავმა ქალებმა ქართველი ტყვეების შესახებ ინფორმაციის მოძიება დაისახეს მიზნად. მრავალთვიანი კვლევის შემდეგ მარიკამ და სალომემ სამუზეუმო არქივში 65 ჩვენი თანამემამულის გვარს მიაგნეს. გოგონებმა არც მაუთჰაუზენში დაღუპულთა შორეული ნათესავების მოძიება დაიზარეს. ზოგიერთმა ოჯახმა სამოცდათვრამეტი წლის შემდეგ გაიგო, რა ბედი ეწია მის უგზო–უკვლოდ დაკარგულ წინაპარს.

რაც მთავარია, მკვლევართა მონდომების წყალობით მაუთჰაუზენში უკვე ქართული მემორიალიც დგას. ავსტრიის უდიდესი საკონცენტრაციო ბანაკის ადგილას გახსნილი სამუზეუმო კომპლექსის ყველა სტუმარი აუცილებლად შეიტყობს, რომ უახლესი ისტორიის უდიდეს ბოროტებას ჩვენი თანამემამულეებიც ებრძოდნენ.

ევროპაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების გააქტიურების ფონზე ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელი უნდა იყოს ორი სტუდენტის საქმიანობა. ისინი თავდაუზოგავი შრომის ფასად ცდილობენ მასპინძელი ქვეყნისთვის საქართველოს საუკეთესო მხარის წარმოჩენას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი