სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

აღზრდის ანბანი მშობლებისათვის, უმცროსი და შუათანა შვილები

შუათანა შვილი

შუათანა შვილის ფსიქოლოგიური განვითარება განსაკუთრებული თავისებურებებით გამოირჩევა. საინტერესოა, რომ ის ყოველთვის განსაზღვრული სქემის მიხედვით არ მიმდინარეობს.

მეორე შვილს ჩვეულებრივ მშობლები განსხვავებულად ექცევიან. ამის შედეგია ის, რომ  შუათანა შვილი ან გაუბედავი, გულჩათხრობილი და გულჩვილია; ან – აგრესიული და მეტოქეობის ჟინით შეპყრობილი. ეს იმიტომ ხდება, რომ იგი ორ ძმას ან ორ დას შორის აღმოჩნდა. პირველ შემთხვევაში, იგი ჩვეულებრივ ემორჩილება მათ მოთხოვნებს თუ დაჟინებულ თხოვნას, თან იმედი აქვს, რომ კეთილი მამა ან ალერსიანი დედა მალე მოვლენ მის დასახმარებლად. მეორე შემთხვევაში, შუათანა შვილი არც ისე დამთმობია, იგი მუდამ თავდაცვით პოზიციას იკავებს და სწყურია შეტევაზე გადასვლა, გამარჯვების მიღწევა, რის წყალობითაც საკუთარ ძალებში დარწმუნებას ახერხებს. მშობლებს მოქმედების მეორე ვარიანტი აწყობთ, რაც ყოველთვის პირველზე უკეთესი როდია. უწყვეტ დაძაბულობას საშუალო იქამდე მიჰყავს, რომ მას მუდამ რჩება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა.

თავის მხრივ, მშობლებს ძალა არ შესწევთ, რაიმე გონივრული მოიმოქმედონ. აი, ჩვეულებრივ, როგორ ხდება ხოლმე: თავიდან მშობლები მთელ თავის ყურადღებას პირველ შვილს უთმობენ, როგორც ეს ხშირად ხდება. მეორე შვილის გაზრდა მათთვის ბევრად ადვილია, რადგან გამოცდილება უკვე აქვთ. ახლა ისინი უფრო მშვიდად გრძნობენ თავს და თავიდან მაინც, ყველაფერი საუკეთესოდ მიდის. მესამე შვილის გაჩენის შემდეგ მშობლები გრძნობენ, რომ დაიღალნენ ბავშვებზე ზრუნვით, მაგრამ აუცილებელ ზრუნვას არ აკლებენ ახალდაბადებულს; ეს გასაგებია – ჩვილი ხომ უმწეოა, შეუძლებელია მასზე არ ვიზრუნოთ. მშობლების გამოცდილების გათვალისწინებით ამის გაკეთება ძნელი არ არის. მეორე შვილისთვის კი ნაკლები დრო რჩებათ.

ამ სიტუაციაში პირველი შვილი თითქმის არ გრძნობს ყურადღების ნაკლებობას, იმიტომ, რომ იგი უკვე გადავიდა განვითარების სტადიაში – „მე თვითონ“. მეორე შვილი, პირიქით, ოთხ ფეხზე დარბის ან სიარულს იწყებს – მთლიანად დამოკიდებულია დედაზე და მის მზრუნველობას ითხოვს. დედისთვის, რა თქმა უნდა, დიდი შეღავათია, რომ პირველი შვილი თითქმის დამოუკიდებელია. მას ესმის, რომ აუცილებელია მესამე შვილის მოვლაც. შუათანა კი ყველაზე მეტად იჩაგრება.

ბავშვების გაზრდასთან ერთად პრობლემა კიდევ უფრო რთულდება: პირველი შვილი დამოუკიდებელია და სულ უფრო ნაკლებ პრობლემებს უქმნის მშობლებს, მესამე შვილი სულ უფრო მომხიბლავი ხდება, ხოლო შუათანას თუ არ აღმოაჩნდა რაიმე განსაკუთრებული ტალანტი, მისი ღირსებები ძნელად შესამჩნევი ხდება მშობლებისთვის, რაც ძალიან ცუდია, რადგან მას ისეთივე დამოკიდებულება უჩნდება საკუთარი თავის მიმართ, როგორსაც მშობლები იჩენენ მის მიმართ.

ოჯახური ცხოვრების რთულ პროცესში შუათანა შვილი აკეთებს არჩევანს ორ უკიდურესობას შორის. ბოლოს და ბოლოს, მის არჩევანს ჩვეულებრივ ორი ფაქტორი განსაზღვრავს – მშობლებისა და უფროსი შვილის  ხასიათი. თუ შუათანა შვილს არ აღმოაჩნდა ისეთი მიღწევები და ტალანტი, როგორიც უფროსს, მაშინ ის კარგავს საკუთარი თავის რწმენას და მალევე ხდება გულჩათხრობილი. თუ უფროსი შვილი წინდახედული, მშვიდი და ცოტათი გულჩათხრობილია, მოსალოდნელია, რომ შუათანა გახდეს აგრესიული და მასში მეტოქეობის ჟინმა იფეთქოს. ამ ფაქტორების გვერდით,  არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობლების განწყობა, თუ მშობლები უფროსი შვილის მიმართ არიან უფრო კეთილგანწყობილი, შუათანა შვილი უნებურად მისი მიმბაძველი ხდება, რაც ამ ასაკში ბავშვებს ხშირად თავხედობასა და აგრესიულობაში ეთვლებათ. ხოლო თუ მშობლები განსაკუთრებული ზრუნვით და ყურადღებით ეპყრობიან უმცროს შვილს, ამას შეუძლია შუათანა შვილში გამოიწვიოს სურვილი, მეტოქესავით მოიქცეს. ამ შემთხვევაში, უფროსების მხრიდან ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილით ის ეცდება, რომ ყველას ჩამოსცილდეს. ნათელია, რომ ამ ფაქტორების სხვადასხვაგვარ შეხამებას შემდგომში პრობლემის სხვადასხვაგვარი გართულების გამოწვევა შეუძლია.

შუათანა ბავშვის დასახმარებლად ორი ხერხი არსებობს:

პირველი – უნდა ვეცადოთ, მას საინტერესო საქმიანობა ვუპოვოთ, რომელიც დააკმაყოფილებს მის გაზრდილ აგზნებადობას და რომელშიც შეძლებს გამოავლინოს მეტოქეობის ჟინი.

აზრი არა აქვს არასასურველი ქცევის გამო გაჯავრებას. ამით უფრო გავართულებთ სიტუაციას.  ჩვეულებრივ, მშობლებს ნაკლებად უყვართ გულჩათხრობილი ბავშვები და პირიქით, წაახალისებენ შუათანა შვილში მეტოქეობის ჟინს. ეს უქმნის პრობლემას უფროსს, შუათანას კი აქეზებს უფრო აქტიურად და გაბედულად მოიქცეს, რაც ხშირად სცილდება გართობის საზღვრებს.

დავეხმაროთ შუათანა შვილს, დაიკავოს სწორი პოზიცია – ნიშნავს, გავამხნევოთ იგი და ვასწავლოთ, მოიქცეს ისე, რომ არავინ გაანაწყენოს. 5 წლის ბიჭუნას გაუბედაობა ინდივიდუალური სათამაშო კონსტრუქტორით დააძლევინეს. იგი ისე კარგად აწყობდა კონსტრუქციას და ისე მშვენივრად ხატავდა, რომ მალე მასთან თამაში სხვა ბავშვებსაც მოუნდათ. ის უკვე თავისუფლად გრძნობდა თავს სხვა ბავშვებთან. არც ისე ცოტა თამაშია, რომლითაც ბავშვი განმარტოებით ერთობა და არაფერი ცუდი არ არის, თუ ისინი ამას ბევრ დროს დაუთმობენ.

ხუთი წლის გოგონას აგრესიული ქცევების დაძლევა მისთვის თამაშის სწორად შეთავაზებით იქნა მიღწეული. მისთვის მიწოდებულ თამაშებს შეჯიბრის ხასიათი ჰქონდა, რამაც ბავშვი დააინტერესა. თამაშები იგებოდა ისე, რომ მასში ძირითადი ყოფილიყო არა შედეგი, არამედ მიმდინარეობა. გოგონამ თავისი იმპულსური რეაქციების შეკავება ისწავლა. როგორც დანარჩენმა ბავშვებმა, დაიწყო მშვიდად თამაში და აღარ უნდოდა მათგან გამორჩეული ყოფილიყო.

         მეორე, რაც უნდა გაკეთდეს, შეძლებისდაგვარად ვეცადოთ, ბავშვები დავაცალცალკევოთ.

ეს რჩევა უკან დახევას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ბავშვებს მაინც რჩებათ ბევრი საერთო ინტერესი, ისინი იწყებენ ხალისით შეხვედრებს, ერთად თამაშს, ჩხუბს. ასეთი მიდგომის მიზანია, ვაჩვენოთ მათ, რომ ჩვენ თითოეულ მათგანში ვაღიარებთ პიროვნებას. აი რატომ უნდა ჰქონდეთ მათ ცალ-ცალკე ოთახები, ჰყავდეთ სხვადასხვა მეგობრები და სასურველია დადიოდნენ სხვადასხვა სკოლაში. მართალია, ყველაფერი ეს შეუძლებელია ჩვეულებრივ ოჯახში, მაგრამ შესაძლებლობის ფარგლებში მაინც უნდა ვეცადოთ. მაგალითად, არ ღირს ერთნაირი ტანსაცმელი და სათამაშოები ვუყიდოთ ბავშვებს, თუმცა ისინი ხშირად ისეთივეს ითხოვენ, რაც მის და-ძმას აქვს. ეს მათთვის მშობლის სიყვარულში დარწმუნების ხერხია. მშობლებს დიდი მოქნილობა სჭირდებათ, რომ თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად მოეპყრონ. რაც უფრო მეტი ძალისხმევით ეცდება მშობელი შვილებისთვის ამის დემონსტრირებას, მით უფრო მეტად დარწმუნდებიან შვილები მშობლის სიყვარულში.

უმცროსი შვილი

 

იმ ოჯახებში, სადაც რამდენიმე ბავშვი იზრდება, მშობლები უმცროს შვილს გამორჩეულად ეპყრობიან. ალერსსა და სინაზეს მხოლოდ სიტყვით არ გამოხატავენ. ახლობლები გულწრფელად თვლიან მას პატარად და დიდი ხნის განმავლობაში ისე ეპყრობიან, როგორც უსუსურს, მაშინაც კი, როცა ის ამ ასაკიდან გამოდის.

მსგავსი დამოკიდებულება საკმაოდ ხშირია, როდესაც ნაბოლარა ბავშვი წინასგან რამდენიმე წლის შემდეგ იბადება. ხშირად ხდება, რომ მას არა მხოლოდ მშობლები ანებივრებენ, არამედ უფროსი და-ძმაც, რადგან ასაკის გამო მასში ვერ ხედავენ მეტოქეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს ასეთი სითბო და სიყვარული სიამოვნებს, ნებისმიერი უკიდურესი დამოკიდებულება მასში მუდმივად სხვებისგან დახმარების სურვილს აღძრავს. სანამ პატარაა, ის ბედნიერია ამ ყურადღებით, მაგრამ როცა გაიზრდება და ცხოვრების სიძნელეებს შეეჯახება, ეჭვიანი და მოუსვენარი ხდება. მისი შინაგანი პრობლემები სკოლის ასაკში ან უფრო მოგვიანებითაც ხდება შესამჩნევი. შესაძლოა, ასეთ ბავშვს კიდევ დიდხანს დასჭირდეს მუდმივი მხარდაჭერა. მსგავსი ინფანტილიზმის ნიშნები ხშირია ზრდასრულ ასაკშიც, როდესაც ადამიანი კარგად აფასებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, მაგრამ გაცილებით ლაღად გრძნობს თავს, როდესაც მის ნაცვლად სხვა ფიქრობს ან აკეთებს. ეს პრობლემა არცთუ ისე სერიოზულია, მაგრამ ამ მავნე შედეგების დასაძლევად გარკვეული ძალისხმევაა საჭირო. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ბავშვი შეძლებისდაგვარად ხშირად წავახალისოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეშფოთების მიზეზი აქვს, მაგალითად, როცა პირველად მიდის სკოლაში, უნდა ავუხსნათ, რომ მისი უფროსი და-ძმაც ასე მიდიოდნენ პირველ კლასში.

უმცროსი ბავშვის წინაშე ხშირად სხვა სახის ფსიქოლოგიური სიძნელეებიც დგება, როდესაც მასსა და უფროს და-ძმას შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. ამ დროს ის არა ორი (მშობლების), არამედ 4 ან 5 „ავტორიტეტის” წინაშე დგება, რაც არა მხოლოდ ახანგრძლივებს მის ბავშვობას, არამედ მტრობისა და სასოწარკვეთილების გრძნობასაც აღვივებს მასში. რასაკვირველია, მშობლებს მონდომების შემთხვევაში შეუძლიათ შეამცირონ სიძნელეები თავიანთი შვილების განვითარების გზაზე, გამოავლინონ გარკვეული მოქნილობა ამ პროცესში. ყველა ბავშვი განსხვავებულია და განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. მათ ქმედებებზე განსხვავებული მიდგომაა საჭირო. მაგალითად, როცა 4 წლის ბავშვი მოდის და ტირის იმის გამო, რომ არ დაუბრუნეს სათამაშო, რომელიც მან ამხანაგს ათხოვა, დედა უნდა მოეფეროს და დააწყნაროს, მაგრამ მის 12 წლის დასთან სხვაგვარად უნდა მოვიქცეთ.

ერთი სიტყვით, ჩვენი სიყვარული და ყურადღება ბავშვების მიმართ სხვადასხვაგვარად შეიძლება გამოვხატოთ. ერთ შემთხვევაში ალერსიანი ჟესტით ან კოცნით; მეორე შემთხვევაში, მოთმინებით ახსნით. ეს ერთი და იგივე პრობლემის გადაწყვეტის ორი სხვადასხვა გზაა. რა თქმა უნდა, უმცროსი შვილი მართლაც მოითხოვს დიდ ყურადღებას, მაგრამ ამის გამო უფროსებს ყურადღება არ უნდა მოაკლდეთ, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ მეტ დროს ატარებენ. ამასთანავე, არც უმცროსი შვილი იგრძნობს თავს დაჩაგრულად, რადგან უფროსი და-ძმის სახლში არყოფნის დროს მთელი ყურადღება ისედაც მასზეა გადატანილი. ასეთ შემთხვევაში ის ეცდება, ოჯახურ იერარქიაში თავისი ადგილი დაიჭიროს, რისკენაც მას არა მარტო მშობლები, არამედ უფროსი და-ძმაც უბიძგებენ.

 

გამოყენებული ლიტერატურა: ალან ფრომი, “აღზრდის ანბანი მშობლებისთვის”

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი