მოსწავლეების სასიკეთოდ და დროის შესაბამისად

ქართველებს გვჩვევია ყოველივე ახლისთვის ეჭვის თვალით ყურება. ტრადიციული, ნაცადი გზებითა და მეთოდებით გვირჩევნია სწავლა-სწავლებაც, ცხოვრებაც, ურთიერთობაც… ცხოვრება კი ერთ ადგილას არ დგას, ყველაფერი იცვლება, ყველაფერი ვითარდება, ყველაფერი სახეს იცვლის… იცვლება თაობაც, მოთხოვნებიც, მსოფლმხედველობაც, მისწრაფებაც, მიზნებიცა და ინტერესებიც. რა თქმა უნდა, აუცილებელია, ჩვენნაირმა პატარა ერი გაუფრთხილდეს საკუთარ ადათ-წესებს, მაგრამ გლობალურ ცვლილებებს ვერავინ აღუდგება წინ და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. ერთია ერისთვის დამღუპველი სიახლეების უარყოფა და მეორე – იმის უგულებელყოფა, რასაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩვენი მომავალი თაობის უკეთეს აღზრდა-განათლებას.

მასწავლებლის უპირველესი მიზანი მოსწავლისთვის ცოდნისა და ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების გადაცემაა. ასე იყო ყველა დროში და ასეა დღესაც. განსხვავებულია თაობა, რომელსაც 21-ე საუკუნეში უწევს სწავლა და ცხოვრება. დრო ყველას ერთნაირ მოთხოვნებს უყენებს: ქართველსაც, ინგლისელსაც, ჩინელსაც და ნებისმიერი სხვა ერის წარმომადგენელსაც.

დღეს ხშირად გაიგონებთ კამათს ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილების საჭიროებაზე, მათ დადებითსა და უარყოფით მხარეებზე. ვკამათობთ მასწავლებლები, კამათობენ მშობლები, მაგრამ არავინ ეკითხება აზრს იმათ, ვისაც სწავლა უწევს და ეს პროცესი უშუალოდ ეხება. ამ კამათში ჩართვის საშუალება დღემდე არ აქვთ მოსწავლეებს. ისინი კი სწორად ამ ტექნოლოგიების დახმარებით სწავლობენ უკეთესად, მეტი ხალისით. ამის თქმის უფლებას საკუთარი გამოცდილება მაძლევს. მეც მოქმედი მასწავლებელი ვარ და ამასთან ერთად – Microsoft ტრენერი და Microsoft ინოვატორ-ექსპერტ მასწავლებელი, უშუალოდ მიწევს გაკვეთილების ჩატარებაც და ტექნოლოგიების გამოყენებაც, კოლეგებთან ურთიერთობაც და გამოცდილებისა და ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებაც. ერთი სიტყვით, გარედან მაყურებელი არ გახლავართ და სხვის აზრებსა და დასკვნებზე დაყრდნობით არ ვლაპარაკობ. გამოცდილი მასწავლებელიც და ახალბედაც იმით ფასდება, რამდენად ეფექტურად გეგმავს გაკვეთილს და რას აღწევს, ტექნოლოგიები კი ყველაზე მეტად გვეხმარება მიზნის მიღწევაში. ყველა მასწავლებელს სურს თანამედროვე გაკვეთილის ჩატარება, მაგრამ ეშინია სიახლეებისა, მათ შორის – კომპიუტერისაც, რადგან სათანადოდ ვერ ფლობს მასთან მუშაობის უნარ-ჩვევებს. ყველაფრის დაძლევა შესაძლებელია, ყველაფრის სწავლა – კოლეგებისგანაც და მოსწავლეებისგანაც, რომლებიც ჩვენზე უკეთ ერკვევიან ამ ტექნოლოგიებში. გაკვეთილის მომზადებას გარკვეული ხანი სჭირდება, მაგრამ ჩვეულებრივი, ტრადიციული მეთოდით ჩატარების დროსაც ხომ წინასწარ ვემზადებით?

დღეს ტექნოლოგიები გამოყენება ძალიან მარტივია. Microsoft-ი უამრავ საგანმანათლებლო პროგრამას გვთავაზობს, რომელთა დაუფლება და ათვისება სულაც არ არის ძნელი. ამის ნათელი მაგალითია საპრეზენტაციო პროგრამა Sway, რომელიც მოკლევადიანი ტრენინგების შედეგად ძალიან პოპულარული გახდა ქართველ მასწავლებლებს შორის.
მინდა, სამოდელოდ შემოგთავაზოთ ჩემი ერთ-ერთი გაკვეთილი. იმედი მაქვს, ამ მოდელის მიხედვით უკეთესი გაკვეთილის ჩატარებას მოახერხებთ და უკეთეს შედეგსაც მიიღებთ.

ვერც მე ვიყენებ ყველა კლასთან ერთნაირი ინტენსივობით ამ ტექნოლოგიებს მისაღწევი შედეგებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, მაგრამ იმ კლასებში, სადაც უფრო ხშირად ვატარებ ასეთ გაკვეთილებს, უკეთეს შედეგს ვიღებ, ვიდრე ტრადიციული მეთოდებით ჩატარებული მეცადინეობისას. ყველა სკოლაში არის მეტ-ნაკლებად აღჭურვილი კომპიუტერული კლასი, მაგრამ, რა თქმა უნდა, საკლასო ოთახში მხოლოდ ტექნოლოგიების არსებობა სწავლებაში ვერაფერს შეცვლის; შედეგის მისაღწევად საჭიროა, მასწავლებელი აქტიურად იყენებდეს მათ, რათა შეძლოს მოწაფეებისთვის შემდეგი უნარების განვითარება:

oთანამშრომლობა;
oრეალურ ცხოვრებაში პრობლემების გადაჭრა;
oშემოქმედებითობა;
oთვითრეგულირება;
oკრიტიკული აზროვნება.

ახალი თემის შესწავლა ყოველთვის სირთულეებთანაა დაკავშირებული. ოდესღაც მიღებული ლექციის ფორმა დღეს ისეთი ეფექტური აღარ არის. თანამედროვე ბავშვები უპირატესად ვიზუალები არიან, მხედველობითი მეხსიერება აქვთ, ამიტომ მშვენივრად აღიქვამენ სპეცეფექტებს: მოძრავ სურათებს, მბრუნავ სფეროებს, – მაგრამ ეს ყველაფერი ინფორმაციულად თუ არ გავამდიდრეთ ილუსტრაციებითა და მუსიკით, სათანადო შედეგს ვერ მივიღებთ. 

ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენების შედეგად მოსწავლეებს:

შეუძლიათ, სკოლის გარეთაც ითანამშრომლონ ერთმანეთთან ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით და გაცვალონ იდეები და აზრები;
უფრო თავდაჯერებულები ხდებიან;
მოსწონთ ონლაინრესურსებით სწავლება;
შეუძლიათ, კლასში დისკუსია გამართონ მოძიებული მასალის შესახებ;
წიგნებთან ერთად სწავლობენ სხვა, დამატებითი რესურსების გამოყენებითაც;
ხდებიან უფრო განათლებულები და ცხოვრებისთვის მომზადებულები.

როგორც გითხარით, მსურს, შემოგთავაზოთ ტექნოლოგიურად გამდიდრებული გაკვეთილის გეგმა.

გაკვეთილის თემა: რომანტიზმი – ΧІΧ საუკუნის ძირითადი ლიტერატურული მიმართულება

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეთა ცოდნის ამაღლება რომანტიზმის როგორც ΧІΧ საუკუნის წამყვანი ლიტერატურული მიმდინარეობის შესახებ

გაკვეთილის ამოცანები: სახვითი და მუსიკალური ხელოვნების საშუალებით მშვენიერების შეგრძნების ფორმირება, სხვადასხვა ქვეყნის კულტურათა შედარება და ევროპაში რომანტიზმის განვითარებისთვის თვალის მიდევნება.
მოსალოდნელი შედეგები, საჭირო რესურსები:
·კითხვის, მოსმენის უნარების განვითარება; 
·სხვადასხვა წყაროზე: ლექსიკონებზე, ენციკლოპედიაზე, ინტერნეტში – მუშაობის გამოცდილება; 
·პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო გადაწყვეტილებების ძებნა და ინფორმაციის სისტემატიზება-მოწესრიგება. 

საჭირო რესურსები: ეკრანი, პროექტორი, კომპიუტერი (ნოუთბუქი), ხმის გამაძლიერებელი

 
გაკვეთილს ვიწყებ პრეზენტაციით. 

სატიტულო სლაიდი ემსახურება მოტივაციის შექმნას, რომელმაც უნდა გააძლიეროს მკითხველის (მოსწავლის) მოლოდინი. 

გაკვეთილის ამოცანების ფორმულირება კი ასეთია:

·როგორ ასოციაციებს იწვევს თქვენში გაკვეთილის თემის აღმნიშვნელი სიტყვას (რომანტიზმი)? 
·რა განწყობა შეგექმნათ ბარათაშვილის ლექსიდან ამონარიდის გაცნობის შემდეგ?
·რას ნიშნავს რომანტიზმი? (მოსწავლეები განმარტებას ეძებენ ლექსიკონებსა და ენციკლოპედიებში)
პრეზენტაციაზე მუშაობა.

სლაიდი №1. ბარათაშვილის მოცემული სტროფის ანალიზი და განხილვა

◦ რა განწყობა დაინახეთ?

◦ რა იცით რომანტიზმის შესახებ? 

◦ რა მხატვრული ელემენტებია გამოყენებული და როგორი რითმითაა დაწერილი სტროფი? 

 
. რომანტიზმის ჩასახვისა და აღმოცენების ისტორია

მცირე ლექცია რომანტიზმზე:

საუბარი გერმანელი მხატვრის სურათის რეპროდუქციის შესახებ. ტექსტის ანალიზი

კითხვებზე პასუხი:

·რატომ ახდენს სურათი ძლიერ შთაბეჭდილებას?

·რას გულისხმობს სურათის სახელწოდება? 

მომდევნო ეტაპია სლაიდშოუს ჰიპერბმულზე გადასვლა (სლაიდი №3), სადაც ვაგნერის მუსიკის ფონზე (ოპერა „ვალკირიადან”) ერთმანეთს ავტომატურად ენაცვლება ფრიდრიხის რეპროდუქციები. 
 
მივიღებთ მოსწავლეთა პასუხებს ეკრანზე გამოტანილ კითხვაზე: რომანტიზმის რომელ მახასიათებლებს შეიცავს ფრიდრიხის რეპროდუქცია და ვაგნერის მუსიკა? (სავარაუდო პასუხები: მღელვარების განცდა, იდუმალება, მარტოსულობა…)

შემდეგ ჰიპერბმულის დახმარებით ვხსნით დაფარულ სლაიდს (№9). მოსწავლეები რვეულში იწერენ რომატიზმის ძირითად მახასიათებლებს.
 
 

სლაიდი №4. სქემის ანალიზი რვეულებში

ამის შემდეგ გადავდივართ №№ 5, 6, 7, 8 სლაიდებზე, რომლებიც ემსახურება მოსწავლეთათვის სხვადასხვა ქვეყნის რომანტიკოსების გაცნობას. დემონსტრაცია მიმდინარეობს შუბერტის (კომპოზიტორი-რომანტიკოსი) (მუსიკალური ნაწილი №3 ფორტეპიანოსთვის) და შოპენის (ნოკტიურნი სი ბემოლ მინორი) მუსიკის ფონზე. მუსიკალური გაფორმება საჭიროა ემოციური დატვირთვისთვის და მოსწავლეებს მასალის აღქმაში ეხმარება. 
 
 
 
 

ამის შემდეგ მოსწავლეები წერენ მცირე ესეს, ახდენენ რეფლექსიას, იღებენ საშინაო დავალებას. 
 

შეფასება

რეფლექსია

საშინაო დავალება

მცირე ფორმის წერითი სამუშაო:
განწყობა და ადამიანი (პრეზენტაციის შემდეგ რვეულებში ან ზეპირად)

რა ვისწავლე ახალი? როგორ
დამეხმარა ტექნოლოგიები მასალის ათვისებაში? რაში გამომადგება ეს ინფორმაცია?

ინტერნეტრესურსების გამოყენებით
შევქმნათ ფონი პრეზენტაციისთვის, რომელიც გამოხატავს რომანტიზმის არსს

აქვე – მცირე რჩევა მასწავლებლებისთვის შემდეგ გაკვეთილზე ლოგიკურად გადასასვლელად:
შემდეგი თემა: „რომანტიკული ლირიკა მე-19 საუკუნის დასაწყისში”. ამ გაკვეთილზე განამტკიცებთ მოსწავლეთა წინარე ცოდნას რომანტიზმის შესახებ. გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეები წარმოადგენენ საშინაო დავალებას და თან შეამოწმებთ მასალის ათვისების ხარისხს. 

კომენტარები

comments