ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024
17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ნარაზენი გავიარეთ?

მესამე თუ მეოთხე კლასში ვიყავით, როცა დედაჩემმა მამიდამისთან – თამილა პაჭკორია-მაჭავარიანთან წაგვიყვანა ჭორვილაში. გზად ორი ავტობუსი უნდა გამოგვეცვალა – ერთს ზუგდიდიდან ქუთაისამდე ჩავყავდით, ქუთაისში კი საჩხერის „იკარუსზე“ გადავჯდებოდით და ეგ იყო. სათქმელად ადვილია, მაგრამ დიდ გზაზე, თან გადაჯდომით მგზავრობას მიუჩვეველ ბავშვებს ასეთი გამოცდა მანამდე არ გვქონდა ჩაბარებული.

მგზავრობის სირთულეებს – თვითმხილველები დამემოწმებიან – ყოველთვის ვუმკლავდებოდი, ჩემი ძმა კი ძნელად იტანდა ავტობუსის შუშებიდან დანახული ხეების, სახლებისა და კორპუსების აჩქარებულ წყებას და რაღა დასამალია, გულ-გვამიც ხშირად ამოუტრიალდებოდა ხოლმე. დედაჩემი ამისთვის მუდამ მზად იყო, რადგან თვითონაც უჩიოდა მგზავრობის უგუნებობას და მთელი დასტა საჭიროებები ჩანთაში, ხელთანახლო ეგულებოდა. მაშინაც, ქუთაისამდე არმისულებმა, ჩემი ძმის ტრადიციული სალმობა რომ მოვილიეთ და მძიმე, დამქანცველი სიჩუმე ჩამოწვა, ზუკამ იფიქრა, ჩემ გამო არსებული უხერხული მდგომარეობა ეგებ რაიმეთი განვმუხტოო და ცნობისმოყვარედ, მიკნავლებული ხმით იკითხა:

– დედა, ნარაზენი გავიარეთ?

ჯერ ქალბატონ თამილას წასკდა ხმამაღალი სიცილი. დედაჩემი თავს იკავებდა, მაგრამ ბოლოს ისიც დამორჩილდა საყოველთაო მხიარულებას.

ამოცანა გვეკითხება: რატომ მოუნდა ჩემს ძმას ქვეცნობიერიდან ამომსკდარი ამ შეკითხვის დასმა? ამის საპასუხოდ რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  1. ნარაზენი სოფელია ზუგდიდის რაიონში. ბავშვობაში მუდმივად კი გვესმოდა, მაგრამ იქამდე არასდროს ვიყავით ნამყოფი და ჩემს ძმასაც ალბათ მაკონდოსავით ჩარჩა გონებაში ეს ეგზოტიკური სახელი, თან ეტყობა სადმე გზისპირას ეგულებოდა და ძალიან უნდოდა მის შორიახლო მოხვედრილიყო, თვალი შეევლო როგორმე.
  2. მესამე-მეოთხე კლასში ვიყავით (1997-1998 წლებია) და მშობლიური ქვეყნის გეოგრაფიის უცოდინრობაში ვერავინ დაგვდებდა ბრალს – საქართველოს ფიზიკური რუკა გვქონდა ერთთავად კედელზე გაკრული, მაგრამ ზედ სოფლები არ იყო დატანილი, ზუგდიდის რაიონის ადმინისტრაციული რუკა კი პირველად მეცხრე კლასში ვნახე, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის თანამშრომელმა მაჩვენა. გუგლ მეფი და უახლესი ტექნოლოგიის სხვა ღირსებანი მაშინ, ცხადია, მიუწვდომელი იყო.
  3. ფეხბურთის თამაში მხოლოდ მეხუთე კლასში დავიწყეთ. თითქმის ყოველ მეორე კვირას გვიწევდა ქალაქგარეთ გასვლა. უამრავ ქალაქ-სოფელში ჩავედით, რამაც რუკიდან დაზუთხული გეოგრაფიული პუნქტები ჩვენთვის ხელშესახები გახადა.
  4. გასაგები მიზეზების გამო, ერთმანეთთან მიმოსვლა და ადამიანური ურთიერთობები მაშინ შეზღუდული იყო. თან ეგეცაა, ნარაზენში ახლობელ-ნათესავი არავინ გვყავდა.
  5. პირველ პუნქტში ნახსენებ მოსაზრებას დავუბრუნდეთ. ნარაზენის სახელი ბავშვობაში მუდმივად იმიტომ გვესმოდა, რომ ჩვენი სოფლის მარშრუტი ზუგდიდი-ცაიში-ურთა-ხეცერა იყო, ხეცერას კი აბასთუმანი და ნარაზენი მოსდევდა. როგორც ყველა ბავშვს, ჩვენც გაუმხელელად გვინდოდა მარშრუტის ბოლო წერტილში მოხვედრა და მერე იმის იქით, მისი შემდგომი სოფლებისთვის თვალის შევლება. დაახლოებით ის გრძნობაა, ახლა სოხუმის, გაგრისა და ცხინვალის ნახვა რომ გინდა და იქ ჩაუსვლელობას ათასი ლეგიტიმური თუ თითიდან გამოწოვილი მიზეზით რომ ამართლებ.

ნუ დასცინი სხვასაო, – ამბობს ქართული ანდაზა და საჩხერეში ჩასულს მეც დამემართა მსგავსი გეოგრაფიული ლაფსუსი. წერის ახირება მაშინაც მქონდა და სხვიტორში, ნუკრი მაჭავარიანის ოჯახში, დღიურებს ჩავუჯექი, თან შიგადაშიგ დედაჩემს ვაჩვენებდი. თავი რომ ჭკვიან ბიჭად მომქონდა, დედაჩემმა პირველივე სტრიქონში მიპოვა შეცდომა და გაცინებით უკვე აღარ გასცინებია, მკაცრად შემომხედა, შეცდომიან სიტყვას ხაზი გაუსვა და ოთახიდან გავიდა. თურმე ნუ იტყვით, ამ გაგანია იმერეთში სხვიტორი კახეთისთვის მიმიკუთვნებია.

…ჰოდა, ამდენი ხალხი იმისთვის შეგაწუხეთ, რომ ერთი რამე უნდა გთხოვოთ (ჩემს თავსაც ერთხელ კიდევ შევახსენო):

ჩვენი შვილების, ძმისშვილების, დისშვილების, ნათლულების აღზრდისას, რეალურ და ვირტუალურ საქართველოში ხეტიალისთვის დრო არ უნდა დავიშუროთ არასდროს, ჩვენც ხომ წაგვადგება დასამეგობრებლად, მაგრამ მათი გონებისა და უნიკალური ცოდნისთვისაც შეუფასებელი მასალა იქნება; დაწყებითი კლასის მასწავლებლები ხომ ისედაც ბევრ ახალ და აღმოუჩენელ სივრცეს ხსნიან ბავშვებისთვის და კარგი იქნება, ამ მიმართულებითაც თუ გაუღვივებენ ინტერესს, წააქეზებენ, წაახალისებენ მოსწავლეების უნარსა და წარმოსახვას, დაიმახსოვრონ ის, რაც თავიდან ეგზოტიკურია, შემდეგ კი ბუნებრივი და მშობლიური ხდება…

გმადლობთ ყურადღებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გმირი თუ დამნაშავე

ენა, რიტუალი, კერძი

 ესკიზები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი