უყურადღებობა ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

ვფიქრობ, ძნელად თუ მოიძებნება მშობელი, რომელიც სასწავლო პროცესში შვილის უყურადღებობით არ იყოს შეწუხებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხშირად პედაგოგებისგანაც გვესმის საყვედურები ამა თუ იმ ბავშვის მისამართით – „ჭკვიანი ბავშვია, შესაძლებლობები აქვს, მაგრამ იმდენად გაფანტულია, რომ უჭირს ყურადღების მობილიზება“; „ველაპარაკები, მიყურებს და თითქოს მისმენს კიდეც, მაგრამ ვგრძნობ, რომ გონებით სულ სხვაგან დაფრინავს“; „სულ მოძრაობაშია, გაუთავებლად წრიალებს. მე ერთს ველაპარაკები, ის კი სულ სხვა რამეზე ფიქრობს“. ეს ის ფრაზებია, რომლებსაც ხშირად ისმენენ მშობლები საკუთარი შვილის მასწავლებლებისგან. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ფსიქიკური პროცესები (აღქმა, აზროვნება, ყურადღება, მეხსიერება) ურთიერთდაკავშირებულია და მათი შეთანხმებული მუშაობის გარეშე სწავლაში წარმატების მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია, პედაგოგებისა და მშობლების წუხილი სრულიად გასაგები გახდება. თუ ბავშვი, უყურადღებობის გამო, ვერ ახერხებს მიწოდებული ინფორმაციის აღქმას, მას ძალიან გაუჭირდება მისი, როგორც გააზრება, ისე დამახსოვრება. ამიტომაც არის, რომ უყურადღებობის დაძლევა ბავშვში ბევრი მშობლის და პედაგოგისათვის უპირველესი ზრუნვის ობიექტად არის გადაქცეული. მაგრამ, იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება შევძლოთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, თუ რა არის კონკრეტული ბავშვის უყურადღებობის მიზეზი და რა მიმართულებით მოგვიწევს მასთან მუშაობა.

უყურადღებობის გამომწვევი მიზეზები ბავშვებში: 

  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი. ამ სინდრომის მქონე ბავშვი გამოირჩევა მოჭარბებული მოძრაობითი აქტივობით, იმპულსურობით, ყურადღების სუსტი კონცენრტაციის უნარით. ასეთი ბავშვის ყურადღების წარმართვა ერთი მიმართულებით, მცირე დროის განმავლობაშიც კი, საკმაოდ რთულია. ეს პრობლემები მასში ჯერ სკოლაში წასვლამდე დიდი ხნით ადრე იჩენს თავს. სკოლა და სასწავლო პროცესი კიდევ უფრო ამწვავებს სირთულეებს;
  • სომატური დაავადება, რომელიც მიმდინარეობს მწვავე ან ქრონიკული ფორმით. სუსტი ჯანმრთელობა შეიძლება წარმოადგენდეს დაბალი შრომისუნარიანობის, მომატებული დაღლილობის და ორგანიზმის დასუსტების ერთ-ერთ მიზეზს, რის შედეგადაც თავს იჩენს უყურადღებობა;
  • ნერვული სისტემის ინდივიდუალური თავისებურებები. გაფანტულობა და უყურადღებობა ჩვეულებრივ დამახასიათებელია ბავშვებისთვის, რომელთა ნერვული სისტემა სუსტი და ინერტულია. ძლიერი ნერვული სისტემის მქონე მოსწავლეები კი ყურადღების სიმტკიცის, კონცენტრაციის, გადართვის და განაწილების კარგი უნარით გამოირჩევიან;
  • გადატვირთვა და გადაღლა. დღევანდელი მოსწავლე იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას აკისრია, საკმაოდ გადატვირთულია, როგორც ფიზიკურად, ისე ინტელექტუალურად და ემოციურად. გაკვეთილების სიმრავლე სკოლაში, გადატვირთული სასწავლო პროგრამები, დავალებების სიჭარბე, დამატებითი გაკვეთილები რეპეტიტორებთან, ხელოვნების და სპორტის სხვადასხვა სექციაზე სიარული. არცთუ იშვიათად, მოსწავლის დღის განრიგი დილიდან საღამომდე ისეა გადატვირთული, რომ საშინაო დავალებების შესასრულებლად მას გვიან ღამემდე უწევს მუშაობა. სრულფასოვანი დასვენებისთვის ბავშვს დრო პრაქტიკულად აღარ რჩება, ვერ ასწრებს გამოძინებას. არასწორი დღის რეჟიმი, სრულფასოვანი დასვენების, რაციონალური კვებისა და ნორმალური ძილის გარეშე, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ინფორმაციული გადატვირთვა აუცილებლად გამოიწვევს შრომისუნარიანობის დაქვეითებას, უყურადღებობას და გაფანტულობას;
  • ხშირი სტრესები და კონფლიქტები ოჯახსა და სკოლაში შეიძლება ბავშვის უყურადღებობის და გაფანტულობის სერიოზული მიზეზი გახდეს;
  • ასაკობრივი შეზღუდვები ყურადღების განვითარებაში. საერთო ფსიქიკური განვითარების ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ბავშვის ყურადღება სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე განვითარების სხვადასხვა დონეზე იმყოფება. უმცროსკლასელის ყურადღების კონცენტრაციის უნარი ბევრად უფრო მწირია, ვიდრე უფროსკლასელის ან ზრდასრული ადამიანის; მიწოდებული სასწავლო მასალიდან ის მხოლოდ მცირე ნაწილს აღიქვამს, დანარჩენი მისი ყურადღების მიღმა რჩება, რაც ხშირად მშობლების და პედაგოგების სერიოზული უკმაყოფილების და საყვედურების მიზეზი ხდება. ამ ასაკში ბავშვს ასევე ჯერ კიდევ სათანადოდ არა აქვს განვითარებული ყურადღების გადანაცვლების (ერთი მიმართულებით წარმართული ყურადღების მეორე მიმართულებით გადატანა) და განაწილების (ერთდროულად ინტენსიური ყურადღებით რამდენიმე განსხვავებული მოქმედების შესრულება) უნარი. ბავშვის ყურადღება, ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, მოკლებულია ასევე სიმტკიცეს, რის გამოც მას უჭირს ყურადღების ერთი და იგივე მიმართულებით, ერთსა და იმავე ობიექტზე ხანგრძლივად წარმართვა. ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება ყურადღების კონცენტრაციის უნარი, იმატებს მისი სიმტკიცე, შედარებით უფრო ადვილი ხდება ყურადღების როგორც გადანაცვლება, ასევე განაწილება. ითვლება, რომ უმცროსი სასკოლო ასაკი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ბავშვის ყურადღების მიზანმიმართული განვითარებისათვის;
  • არასაკმარისი მოტივაცია ან მისი არარსებობა. თუ რაიმე საქმიანობა ბავშვისთვის საინტერესო არ არის, ის არანაირ ძალისხმევას არ გამოიჩენს მის შესასრულებლად. და პირიქით, მას შეუძლია გამოავლინოს შესაშური ყურადღება და გულისყურით შეასრულოს დავალება, თუ ის მისთვის საინტერესოა. ბავშვებს რომ შეეძლოთ აკეთონ ის, რაც მათ მოსწონთ, უფროსებს აღარ მოუწევდათ ნერვიულობა მათი უყურადღებობის და გაფანტულობის გამო. როგორც წესი, საუბარი ბავშვის უყურადღებობაზე იწყება მაშინ, როდესაც მისგან რაიმე, მისთვის ნაკლებად მიმზიდველ, არცთუ ისე საინტერესო და არასაკმარისად მნიშვნელოვანი დავალების შესრულებას ითხოვენ.

რეკომენდაციები ბავშვებში ყურადღების განვითარების ხელშესაწყობად:

  • ბავშვის ყურადღების განვითარებაზე ზრუნვისას, უფროსი თავად უნდა იყოს ყურადღებიანი, გამოავლინოს გულწრფელი ინტერესი მისი საქმიანობის, გატაცებების, ცხოვრების მიმართ;
  • იმისათვის, რომ ბავშვი იყოს მობილიზებული და ყურადღებით შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, მას აუცილებლად ესაჭიროება მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებული დღის რეჟიმი, რომელიც, სასურველია, რომ მასთან ერთად შემუშავდეს. ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ გაანაწილებს დღის განმავლობაში დროს სხვადასხვა საქმიანობებისათვის, როდის იმეცადინებს, როდის წაიკითხავს წიგნს, როდის დახატავს და როდის შეძლებს უბრალოდ თამაშს. მინიმუმ ორი საათი მას საკუთარი ინტერესებისა და გატაცებების დასაკმაყოფილებლად უნდა რჩებოდეს;
  • დაუშვებელია ბავშვის უზომო მეურვეობა. თუ მან იცის, რომ აუცილებლად დაეხმარებიან, უკარნახებენ და მის მაგივრადაც კი მოამზადებენ დავალებას, ის აღარ გამოიჩენს ძალისხმევას და ვერც იგრძნობს ყურადღების კონცენტრირების საჭიროებას. აქედან გამომდინარე, გაქრება მისი მისწრაფებაც ყურადღების განვითარებისა და სრულყოფისაკენ;
  • მივცეთ ბავშვს მეტი დამოუკიდებლობა. ეს მას ბევრად უფრო ყურადღებიანს გახდის და საკუთარი თავის გამოვლენაშიც დაეხმარება;
  • დამოუკიდებლობის ზრდასთან ერთად ნუ დავტოვებთ ბავშვს მარტო თავის პრობლემებთან. ის ყოველთვის უნდა გრძნობდეს ჩვენს მხარდაჭერას, ჰქონდეს ჩვენი დახმარების და რჩევების იმედი რთული, პრობლემური სიტუაციების გადაწყვეტისას;
  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს ბავშვთან დამოკიდებულებაში უსაზღვრო მოთმინება და თანმიმდევრულობა მოეთხოვებათ. მათ თავიანთი სააღმზრდელო პროგრამა უნდა განახორციელონ ექიმებთან, პედაგოგებთან და ფსიქოლოგთან მჭიდრო კონტაქტში, რამდენადაც ასეთი ბავშვები საჭიროებენ სპეციალურ კომპლექსურ საკორექციო-განმავითარებელ მუშაობას;
  • სუსტი ჯანმრთელობის მქონე და დაავადება გადატანილ ბავშვებს ესაჭიროებათ რეჟიმის მკაცრად დაცვა, დატვირთვის დოზირება, დასვენება, სრულფასოვანი კვება, სუფთა ჰაერზე სეირნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ყოველთვის ექნებათ ყურადღებასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ბავშვთან ურთიერთობისას გავითვალისწინოთ მისი, როგორც ასაკობრივი, ისე ინდივიდუალური შესაძლებლობები; ნუ მივცემთ მას ისეთ დავალებას, რომელსაც, წინასწარვე ვიცით, რომ ვერ შეასრულებს; ნუ მოვთხოვოთ იმას, რისი გაკეთებაც მას თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად ამოქმედებითაც კი არ შეუძლია. ჩვენი ასეთი მცდელობა არათუ ყურადღების განვითარებას არ შეუწყოს ხელს, არამედ შეთავაზებული საქმიანობის მიმართ ბავშვის ინტერესსაც დააქვეითებს.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ თუ ჩვენ, ზრდასრულებს გვიჭირს დაღლილობის შემთხვევაში ყურადღების მობილიზება და ამა თუ იმ  მოქმედების ეფექტიანად შესრულება, ეს გაცილებით უფრო რთულია ბავშვისთვის. ამიტომ, ნუ ვაიძულებთ დაღლილ პატარას აკეთოს ის, რაც არც ყურადღების განვითარების ხელშემწყობი გახდება და მის ფიზიკურ და ფსიქიკურ გამოფიტვასაც გამოიწვევს.

 

 

 

 

კომენტარები

comments