პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

აუტისტური სპექტრის დარღვევა

აუტიზმს (ბერძნ. აუტო=საკუთარი თავი) როგორც დამოუკიდებელ დიაგნოზს საკმაოდ ხანმოკლე ისტორია აქვს. კერძოდ, 1980 წლამდე მისი სიმპტომები შიზოფრენიის ნაწილად განიხილებოდა. წინამდებარე სტატიის მიზანი აუტისტური სპექტრის დარღვევათა ისტორიული განვითარების მოკლე მიმოხილვაა, რაც, ჩემი აზრით, აუტიზმის ფენომენის უკეთ გაცნობიერებაში დაგვეხმარება.
რა არის აუტიზმის სპექტრის დარღვევა (ასდ)?
აუტიზმი ნეიროგანვითარებითი დარღვევაა, რომელსაც ახასიათებს პრობლემები სოციალურ ინტერაქციასა და სოციალურ კომუნიკაციაში, ასევე ქცევებისა და ინტერესების შეზღუდული რეპერტუარი (დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო, DSM-5, American Psychiatric Association-APA, 2013). კომუნიკაცია თავისი არსით სოციალურია და, შესაბამისად, ტიპური განვითარების მქონე ინდივიდებთან მისი დაყოფა სოციალურ და არასოციალურ ასპექტებად, როგორც წესი, არ ხდება. აუტისტური სპექტრის შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ტერმინი „სოციალური კომუნიკაცია”, რადგან აუტიზმის მქონე პირებთან სწორედ კომუნიკაციის სოციალური ასპექტი, მაგალითად, სხვისთვის საკუთარი გრძნობებისა და აზრების გაზიარება წარმოადგენს სირთულეს და კომუნიკაციას იყენებენ არა სოციალური, არამედ ინსტრუმენტული მიზნებისთვის. 

კომორბიდული გონებრივი განვითარებისა და ენობრივი განვითარების შეფერხება ხშირია, თუმცა აუცილებელ კრიტერიუმებად არ მიიჩნევა აუტიზმის დიაგნოზის დასასმელად.

აუტიზმის სპექტრისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორც წესი, ბავშვის სიცოცხლის პირველსავე წლებში იჩენს თავს, მაგრამ დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება. კარგად ფუნქციონირებადი აუტიზმის მქონე ბავშვის ბევრი მშობელი ამბობს, რომ სკოლაში მიყვანამდე შვილისთვის არაფერი შეუმჩნევიათ. ადეკვატური მეტყველებისა და ნორმალური ინტელექტის მქონე ბავშვების განვითარებაში სკოლის მაღალ კლასებში გადასვლამდე ეჭვი იშვიათად შეაქვთ. ასაკის მატებასთან ერთად კი სოციალური მოთხოვნები იზრდება და ნიშნებიც, ბუნებრივია, უფრო მკაფიოდ იჩენს თავს. 

აუტიზმის კომპლექსურობა სპეციალისტთა შორის ხშირად იწვევდა აზრთა რადიკალურ სხვადასხვაობას. უთანხმოება ხშირად მწვავეც იყო. უნდა ითქვას ისიც, რომ აუტიზმის დიაგნოსტიკის კრიტერიუმები გამუდმებით იცვლება ახალი მტკიცებულებების საფუძველზე. უფრო მეტიც – არსებობს მრავალი მითი აუტიზმის შესახებ. თუმცა სწორედ სირთულე და ამოუცნობობაა იმის მიზეზიც, რომ მის მიმართ მეცნიერთა და მედიის ინტერესი უფრო და უფრო იზრდება.

აუტიზმს ხშირად შეცდომით მოიხსენიებენ დაავადებად, მაშინ როდესაც ის განვითარების შეფერხებაა და არა დაავადება. აქედან გამომდინარე, აუტიზმის დიაგნოსტირება შეუძლებელია სისხლის ანალიზის, სამედიცინო ტესტებისა თუ კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით. დიაგნოზი უმთავრესად ბავშვის ქცევაზე დაკვირვების შედეგად და მშობლებსა და საბავშვო ბაღის ან სკოლის პედაგოგებთან საუბრების საფუძველზე დაისმის.

უკანასკნელი მონაცემებით, დაახლოებით ყოველი 100 ბავშვიდან ერთს აუტიზმის დიაგნოზს უსვამენ (Baird et al., 2006). აუტიზმის შემთხვევების მატებას, ე.წ. ეპიდემიას, ხსნიან ცნობიერების გაზრდით, გაუმჯობესებული ადრეული სქრინინგით და დიაგნოსტიკური კრიტერიუმების ცვლილებებით. მაგალითად, საბავშვო ბაღების, სკოლისა და პოლიკლინიკების პერსონალმა დღეს უკეთესად იცის, რა ნიშნებს უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ ბავშვის განვითარების ესა თუ ის დარღვევა არ გამოეპაროთ. დიაგნოზის დასმა შედარებით ადრე რომ ხდება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, იმავდროულად, ყურადსაღებია, რომ თანდათან იზრდება ძვირად ღირებული და საეჭვო პროგრამების რიცხვი. მშობლებს ხშირად უჭირთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამსი არჩევა და სპეციალისტების პროფესიონალიზმზე არიან დამოკიდებულნი.


მოკლე ისტორია


  

ლეო კანერი (1896-1981)          


ჰანს ასპერგერი (1906-1980)

შეუძლებელია აუტიზმის შესახებ საუბარი ორი ადამიანის, ლეო კანერისა და ჰანს ასპერგერის ხსენების გარეშე.

1943 წელს ავსტრიელმა ფსიქიატრმა ლეო კანერმა (Leo Kanner) დღეს უკვე არარსებულ ჟურნალში „The Nervois Child” გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „Autistic disturbance of affectice contact”. სტატიაში მან აღწერა 11 ბავშვი, რომლებიც ისეთ სიმპტომებს ამჟღავნებდნენ, რომლებიც მანამდე არსად ყოფილა აღწერილი. კანერი იმედს გამოთქვამდა, რომ ეს განსაკუთრებული მდგომარეობა მალე სათანადო ყურადღებას მიიქცევდა.

ერთი წლის შემდეგ, 1944 წელს, ასევე ავსტრიელმა ჰანს ასპერგერმა (Hans Asperger) ჟურნალ „Autistic Psychopathy of Childhood”-ში გამოაქვეყნა სტატია „Die 'Autistischen Psychopathen' im Kindesalter”. ამრიგად, თავის მიერ აღწერილ მდგომარეობას მან „აუტისტური ფსიქოპათია” უწოდა. ასპერგერის სახელს უკავშირდება „ასპერგერის სინდრომი”, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვის (ICD-10) (WHO, 1992) მიხედვით, აუტისტური სპექტრის ყველაზე უკეთ მოფუნქციე კატეგორიაა, თუმცა DSM-5 ასპერგერის სინდრომს ცალკე დიაგნოზად აღარ გამოყოფს. 

კანერისა და ასპერგერის მიერ აღწერილი სიმპტომები ერთმანეთის მსგავსი, თუმცა არაიდენტური იყო. ასპერგერის მიერ აღწერილ პირებს ენობრივი უნარები უკეთესად ჰქონდათ განვითარებული. ასპერგერს მიაჩნდა, რომ მის მიერ აღწერილი სინდრომი და კანერის ინფანტილური აუტიზმი ორი სხვადასხვა მდგომარეობა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „აუტიზმი” ჯერ კიდევ 1911 წელს გამოიყენა ცნობილმა ფსიქიატრმა ეუგენ ბლეულერმა (Eugen Bleuler), კანერისა და ასპერგერის დამსახურებაა აუტიზმის შიზოფრენიისგან დამოუკიდებლად განხილვა და მისი თეორიული აღწერის პირველი მცდელობა. 


„მაცივარი დედების” თეორია

1949 წელს კანერმა კვლევის შედეგად დაასკვნა, რომ აუტიზმი ინტელექტუალურ ოჯახებში დაბადებულ ბავშვებთან გვხვდება. აუტიზმის მქონე ბავშვების დედებს ის ახასიათებდა როგორც ემოციურად „ცივებს”, თუმცა შემდეგ თავადვე ამტკიცებდა, რომ დედები არასოდეს დაუდანაშაულებია ბავშვების აუტიზმში.
„მაცივარი დედების” თეორიის გავრცელებას ხელი ბრუნო ბეთელჰეიმმა შეუწყო.

 

ბრუნო ბეთელჰეიმი (1903-1990), ზიგმუნდ ფროიდისა და ფსიქოანალიზის გავლენის ქვეშ მყოფი ამერიკელი ბავშვთა ფსიქოლოგი და მწერალი, აუტიზმს ემოციურ დარღვევად მიიჩნევდა და მშობლებს, განსაკუთრებით კი დედებს ასახელებდა მის მიზეზად. კერძოდ, მას მიაჩნდა, რომ ინფანტილური აუტიზმი გამოწვეულია მშობლების სურვილით, აუტიზმის მქონე ბავშვი საერთოდ არ არსებობდეს. ბეთელჰეიმმა 1967 წელს გამოსცა წიგნი „The empty fortress: Infantile Autism and the Birth of the Self”, რომელიც მალევე იქცა ბესთსელერად. ბეთელჰეიმის თეორია იმდენად პოპულარული იყო, რომ მას დღესაც ჰყავს მიმდევრები, თუმცა ამჟამად, საზოგადოდ, ეჭვქვეშ არ დგას, რომ აუტიზმი თანდაყოლილი დარღვევაა და არავითარი კავშირი ბავშვების მიმართ მშობლების დამოკიდებულებასთან არ აქვს. რა თქმა უნდა, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა სხვა გარეგან ფაქტორებთან ერთად დიდ როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში, მაგრამ ეს ეხება როგორც აუტიზმის მქონე, ასევე ტიპური განვითარების მქონე ბავშვებს.
1964 წელს ფსიქოლოგმა ბერნარდ რიმლანდმა, რომელსაც აუტიზმის მქონე ვაჟი ჰყავდა, გამოაქვეყნა წიგნი „Infantile Autism: The Syndrome and its Implications for a Neural Theory of Behavior”, რომლითაც „მაცივარი დედების” ჰიპოთეზას დაუპირისპირდა. რიმლანდმა წარმოადგინა ალტერნატიული, სოლიდური ჰიპოთეზა აუტიზმის გამომწვევ მიზეზებში ბიოლოგიური ფაქტორის როლის შესახებ.

 

აუტიზმის შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერიკ სქოფლერმაც (Eric Schopler, 1927-2006). პირველმა სწორედ მან აღიარა მშობლების გადამწყვეტი როლი აუტიზმის მქონე ბავშვთა განათლებაში. მან აგრეთვე სათანადოდ შეაფასა სანდო კვლევებზე დაყრდნობით მიღებული ცოდნის პრაქტიკაში ინტეგრირების მნიშვნელობა. სქოფლერი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აუტიზმი უნდა მივიღოთ როგორც ბავშვის ნაწილი და უნდა ვიმუშაოთ ბავშვთან ერთად და არა ბავშვის წინააღმდეგ. მან განავითარა პროგრამა „TEAACH-Treatment and Education of Autistic and Related Communication Handicapped Children” (Schopler, 1971), რომელსაც დღეს მთელ მსოფლიოში წარმატებით იყენებენ აუტიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობისას.

 

წარმოშობით ნორვეგიელი ივარ ლოვოსი (Ivar Lovaas, 1927-2010) გამოყენებითი ქცევითი ანალიზის (Applied Behavioral Analysis-ABA) ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. მისი ადრეული მეთოდები, რომლებიც, სხვათა შორის, ელექტროშოკსაც შეიცავდა, სისასტიკის გამო მკაცრი კრიტიკის საგნად იქცა. გარდა ამისა, მისი მტკიცებულება, რომ 1987 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, თითქოს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა 49% აუტიზმისგან „განიკურნა”, ფუჭ იმედებს აღძრავდა. თუმცა ლოვოსის ზოგადი გზავნილი მაინც დადებითი იყო. მაშინ როდესაც მრავალი პროფესიონალი მშობლებს სდებდა ბრალს და შვილების ინსტიტუტებში მოთავსებას ურჩევდა, ლოვასმა განაცხადა, რომ ამ ბავშვების მკურნალობას აზრი აქვს. ქცევის გამოყენებითი ანალიზის ერთ-ერთი ძირითადი ცნება, განმტკიცება (reinforcement), თავისი არსით ასევე დადებითია.
აუტიზმში გენეტიკური ფაქტორის როლის თვალსაზრისით გარდამტეხი მნიშვნელობა აღმოაჩნდა 1977 წელს მაიკლ რუთერისა და სუსან ფოლსტეინის მიერჩატარებულ კვლევას. კვლევაში მონაწილეობდა 21 ბრიტანელი ტყუპი. აღმოჩნდა, რომ იდენტური (მონოზიგოტური) 11 წყვილიდან ოთხს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა გენეტიკური ფაქტორის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი.
აუტიზმის ერთ-ერთი პიონერი მკვლევარი, უთა ფრითი (Uta Frith), მიიჩნევს, რომ აუტიზმის ამოცანა დღემდე ამოუხსნელია. მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ბევრი რამაა ცნობილი, ჯერ კიდევ უამრავი კვლევაა საჭირო აუტიზმის ფენომენის უკეთ შესასწავლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი