ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ამ საქმეს გოგოს თითები სჭირდება

 

  • ამ საქმეს გოგოს თითები სჭირდება – თქვა ჰამიდმა და ამაყად დაკეცა ხალიჩა.
  • ქალის თითები? – ვკითხე.
  • გოგოს! გოგოს თითები. ასეთი ხალიჩის მოქსოვას თხელი, პატარა თითები უნდა. ქალი ამას ვერ იზამს. მისი თითები უკვე მოუქნელი და უხეშია. ჩემი ოჯახის წევრები ამ ხალიჩას 2 წლის განმავლობაში ქსოვდნენ. ერთი ერთი მხრიდან, მეორე – მეორე მხრიდან. ხედავთ, როგორ ემთხვევა ერთმანეთს გამოსახულებები? სამაგიეროდ, მქსოველ გოგოებს საჭმლის მომზადება და სახლის დალაგება აღარ ევალებოდათ. ამას ქალები აკეთებდნენ.

ამბავს ჰამიდი ჰყვებოდა, ისპაჰანის მთავარ მოედანზე ხალიჩებით მოვაჭრე დიდად მხიარული და ალალი კაცი. ხალიჩა 10 000 აშშ დოლარი ღირდა და მაშინვე წარმოვიდგინე, ამ დიდი კუშიდან რამდენი ერგებოდათ იმ გოგოებს, ორი წლის განმავლობაში რომ თითები იმტვრიეს ხალიჩის ქსოვისას. რა თქმა უნდა – არაფერი.

ცოტა ხნის წინ ერთი ხუმრობა მოვისმინე, დედამიწაზე სამ რამეს ვერ ირჩევ: მშობლებს, სამშობლოს და რუსეთის პრეზიდენტსო. მსგავსი ისტორია მეც გადამხდენია: ბავშვობაში, მე-12 კორპუსის მე-6 სართულის საშრობში, ოთხი მეზობელი ოჯახის მურაბებით, კომპოტებით, ტყემლის საწებლითა და ზამთრისთვის დამზადებული სხვა სიკეთეებით სავსე კარადების გარემოცვაში შტაბს ვაწყობდით ხოლმე. ამ შტაბში ხან საავადმყოფო გვქონდა გახსნილი, ხან სასტუმროს ადმინისტრაცია, ხან სამაშველო პუნქტი, ზოგჯერ კი უშიშროების მთავარი განყოფილება. ამ შტაბის მუდმივი წევრები გიო, თორნიკე, თამუნა, ქეთია, სოფუნა და მე ვიყავით. ისე ხდებოდა, რომ ამ დაწესებულებების უფროსი ყოველთვის მე გახლდით. უფრო სწორად, რადგანაც ყველა დანარჩენს უფროსობას თამაში ერჩივნა, უფროსად მე ვინიშნავდი ხოლმე საკუთარ თავს. ჩემი ჰეგემონია მხოლოდ ერთხელ დადგა ეჭვქვეშ, როცა ქეთიამ მკითხა:

  • სულ შენ რატო ხარ უფროსი?
  • იმიტომ, რომ ბიჭი ვარ – ვუპასუხე.
  • მერე რა? – შემომიბრუნა კითხვა.

რა უნდა მეპასუხა.

ამ ფაქტის აბსურდულობა წლების შემდეგ გავიაზრე, როცა „დარდუბალას” ერთ სერიაში ვნახე, როგორ აყალბებდა არჩევნებს უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩენილი ედუარდ შევარდნაძე და როგორ მიიღო მან კუნძულზე მასთან ერთად მყოფების რაოდენობაზე მეტი ხმა. ჩვენ ასეთ გარემოში ვიზრდებოდით – ირგვლივ ყველაფრის უფროსი კაცი იყო – რა თქმა უნდა, ოჯახისაც. ერთხელ ერთმა მეზობელმა მითხრა, თუ ქვეყნის პრეზიდენტი ვერ იქნები, შენი ოჯახის პრეზიდენტობაში ხომ ვერავინ შეგეცილებაო. იმ პერიოდში მხოლოდ ერთ ჩინოვნიკ ქალზე მსმენოდა – ვენერა ჩიფჩიურზე, რომელიც განათლების სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და მისი სახელი ისნის რაიონის სკოლებს აზანზარებდა. მახსოვს, მისი ვიზიტის წინ ტყეში ფრინველების გადაძახილივით მოედებოდა ხოლმე ხმა მთელ სკოლას: „ჩიფჩიური მოდის, ჩიფჩიური, ჩიფჩიური, ჩიფჩიური…” და ყველა სტარტზე დგებოდა.

მაშინ ის იყო ერთადერთი ძლიერი ქალი ჩემს წარმოსახვაში. მერე აღმოვაჩინე, რომ ირგვლივ უამრავი ძლიერი ქალია – ისინი ახერხებენ ბავშვების აღზრდას, სახლის დალაგებას, სამზარეულოს ამბების მოკვარახჭინებას, შვილების მეცადინეობას და საღამოს ყველა ამ საქმის ხელახლა მოთავებას, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ, რადგანაც ეს საქმე არ ჯდება წარმატების არასამართლიან, უსუსურ, დოგმატურ დეფინიციაში. ამ საქმით დიასახლისები ფულს ვერ შოულობენ, შესაბამისად, წარმატებულებად ვერ ითვლებიან. თავი ფემინისტად მიმაჩნია, მაგრამ არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ოჯახის შექმნა ქალზე ძალადობაა; რომ დროა კაცები დასხდნენ სახლებში და ქალები გავიდნენ სამუშაოდ… ღმერთო კი მომკალი, რა სისულელეა. მე მწამს, რომ ოჯახში ყველა გადაწყვეტილება ურთიერთპატივისცემისა და შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს. მინდა, რომ როცა კარს ქალი გააღებს, არ უთხრან ოჯახის უფროსს დაუძახეთო – ოჯახში ორმეფობის მომხრე ვარ. სიამოვნებით ვიცხოვრებ ისეთ ქვეყანაში, სადაც მამაკაცს არ შერცხვება სარეცხის გაფენა და არაფრად ჩააგდებს ზოგიერთის ქილიკს. მწამს, რომ უნდა დაინგრეს ფესვგადგმული მითი, რომ მამა მკაცრია, მას შვილმა საიდუმლოები არ უნდა გაუმხილო, რადგანაც დაგსჯის და მხოლოდ დედაა შვილის ნამდვილი მეგობარი. მინდა, რომ მამები მთელი გულით ჩაერთონ შვილის აღზრდაში და საკუთარი შვილები ახლოს გაიცნონ. იქნებ ვინმე ღვთისნიერმა ქალაქში გამოაკრას აბრები, სადაც ეწერება, რომ სახლი უფრო სწრაფად ლაგდება, როცა მას ორი ადამიანი ერთდროულად ალაგებს და ვახშამი ბევრად უფრო გემრიელია, როცა მაგიდასთან მჯდომი წყვილი თანაბრადაა დაღლილი. რა მაგარი იქნებოდა, მამები მიხვდნენ, რომ თავისი პირმშოსთვის პამპერსის გამოცვლით მხოლოდ შვილის სხეულს კი არა, საკუთარ თავსაც ასუფთავებენ კომპლექსებისგან. მინდა ქართველ მოქეიფე ქმრებამდე დავიდეს, რომ სამზარეულოში ტრიალი ქალის საქმე კი არა, ნებისმიერი სქესის ადამიანის შანსია, შენი ოჯახის წევრებსა და სხვა საყვარელ ადამიანებს გემოს დღესასწაული მოუწყო. კარგი იქნება მამები მიხვდნენ, რომ მცირეწლოვან ბავშვებში ერთი შეხედვით უხერხულ თემებზე საუბარი ის ინვესტიციაა, რომლის დახმარებითაც სამომავლოდ მძიმე თემებზე აღარ მოუწევთ საუბარი. ბიჭებმა უნდა გაიგონ, რომ მოტაცებისა და გოგოს დაჯავშნის დრო წავიდა. მშობლებმა ლექსიკონიდან უნდა ამოიღონ სიტყვა „გათხოვება”, რადგანაც ქალის მიერ ქორწინებაში ნებაყოფლობით შესვლა მის ნივთად ქცევას არ გულისხმობს. ვოცნებობ იმ დროზე, როცა ქალი საქართველოში ხელის გულზე სატარებლად კი არ აღიქმება, არამედ კაცის გვერდით მდგომად და მის თანასწორად ყველა საქმეში.

იმ დღეს ისპაჰანში იანვრისთვის უჩვეულოდ მზიანი დღე იყო. ხალხი ქუჩებში ირეოდა. ოჯახები სკვერებში, მწვანე ბალახზე გაშლილ ლამაზ ნაჭრებზე ჩამომსხდარიყვნენ და ისვენებდნენ. მაღაზიების ვიტრაჟებზე გამოფენილ ჭადრაკის დაფებზე ერთმანეთის პირისპირ ულამაზესი, ხელნაკეთი ფიგურები იდგნენ. თუმცა ამის მიუხედავად ყველაფერი ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.

 

პოსტი დაწერილია სპეციალურად კამპანიისათვის „კაცები ზრუნავენ“ გენდერული კვირეულის აღსანიშნავად. კამპანია ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

 

პოსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის და შვედეთის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას.

#კაცებიზრუნავენ #Genderweek #UNFPA

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი