სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

რას ვეტყოდი საკუთარ თავს სკოლის ასაკში

ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუსვამს საკუთარი თავისთვის კითხვა, რას შეცვლიდა, წარსულში დაბრუნება რომ შეეძლოს. ერთხელ მაინც უფიქრია, რას გამოასწორებდა, რა შეცდომებს აღარ დაუშვებდა, რა მიმართულებით წაიყვანდა ცხოვრებას, რომელ უნივერსიტეტში ჩააბარებდა, რომელ ენებს ისწავლიდა, რას წაიკითხავდა, რას არ წაიკითხავდა, ვის რჩევებს მოუსმენდა, ვის არ მოუსმენდა და ასე დაუსრულებლად, ჩამონათვალი გრძელია.  ბევრი ადამიანისგან მომისმენია, რომ სინამდვილეში არაფერს შეცვლიდა, ყველა გადადგმული ნაბიჯით ამაყია. ამბობენ, რომ წარსული შეცდომები გვეხმარება გავხდეთ ის, რაც ვართ და როგორიც ვართ. ბევრჯერ გამიგია, რომ წარსულში ქექვას აზრი აღარა აქვს, რომ ყველაფერი ზუსტად ისე ხდება ცხოვრებაში, როგორც საჭიროა.

მეც ბევრჯერ მითქვამს იგივე მეგობრებთან საუბარში, რომ ამაყი ვარ ყველა ჩემი შეცდომით, ყველა ჩემი იმედგაცრუებით, მაგრამ როგორც კი ღამე ლოგინში ჩავწვები და საბანს შემოვიკეცავ, მაშინვე თავს მახსენებს წარსულში დაშვებული უამრავი შეცდომა, არ მასვენებენ და მაჩვენებენ, სადამდე მიმიყვანა ამ დაშვებულმა შეცდომებმა, რა შედეგები გამოიღო და ვფიქრობ, ბევრ კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს წარსულში და ამ დროს სულ ერთი და იგივე მზერას ვიღებ დაბნეული სკოლის მოსწავლე საკუთარი თავისგან, რომელიც მერხთან შემომჯდარა და წარმოდგენა არა აქვს, ადამიანი, რომელიც მომავლიდან კითხვებს უსვამს, ნამდვილად თვითონ არის თუ რაღაცები ეჩვენება. ვერ ხვდება, ღირს თუ არა ჩემი მოსმენა.

მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვაგრძელებ ლაპარაკს და როცა დიდი ჩხუბი და კამათი მორჩება, ვხვდები, რომ ასეთი სიტყვები ჩემგან არ დაუმსახურებია და შექებაზე გადავდივარ. ხანდახან თავს ვირთობ და წარმოვიდგენ, რომ სამყაროში ერთი რეალობა არ არსებობს და ბევრი რეალობაა, ზოგ რეალობაში ძალიან პატარა ვარ, ზოგში 8-10 წლის, ზოგ რეალობაში 40 წლის ვარ, 80-ის, ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის რეალობაა, სადაც 15-16 წლის ვარ,  საშინლად აგრესიული, დაბნეული და უკმაყოფილო ყველაფრით, რეალობა, სადაც არ ვიცი, როგორი იქნება მომავალი, ვერც კი წარმოვიდგენ, სად შეიძლება აღმოვჩნდე 2-3 წელში, რა შეიძლება გავაკეთო ცხოვრებაში, რა შეიძლება შევიძინო, რა შეიძლება დავკარგო.

და აი, ზუსტად ამ რეალობაში გადასვლა, სკოლის კარების შეღება, დერეფნის გავლა, მეთერთმეტე კლასის საკლასო ოთახში შესვლა და უკანა მერხზე მჯდომი ზურას დანახვა რომ შემეძლოს, პირველ რიგში აუცილებლად მივიდოდი და ვეტყოდი, რომ ყველაფერი უკეთ იქნება.

ჩამოვუთვლიდი, რომელი მასწავლებლის ნდობა შეიძლება, რომელ მასწავლებელს უნდა დაუჯეროს, მოუსმინოს და რომელ მასწავლებელს არ უნდა ენდოს, რომელი მასწავლებლის რჩევა არ უნდა გაითვალისწინოს და საერთოდ, ვეტყოდი, რომ ამ მასწავლებლებზე ამდენი ნერვიულობა არ ღირს, რომ სამ-ოთხ წელში სახელებიც კი აღარ ემახსოვრება მათი. ვეტყოდი, რომ არ არსებობს ავტორიტეტები, რომ ყველაზე კარგი მასწავლებელი ის არის, ვინც ცდილობს მეგობარი გახდეს მოსწავლის და არა ავტორიტეტი. ვეტყოდი, რომ ცხოვრებაში ბევრი ცუდი ადამიანი შეხვდება და უნდა ისწავლოს მათთან ბრძოლა და მასწავლებელთან კონფლიქტი შესანიშნავ შანსს აძლევს, კარგად მოემზადოს მომავალი ბრძოლებისთვის.

მიმოვიხედავდი საკლასო ოთახში, თითს გავიშვერდი მესამე მერხზე მჯდომი აბეზარი ბიჭისკენ და ვეტყოდი საკუთარ თავს, რომ 2 წელიწადში ის ბიჭი, რომელიც ამდენი ხანი დაგცინის ცოლს მოიყვანს, უნივერსიტეტსაც არ დაამთავრებს და ერთ დღესაც, ბედნიერს და გახარებულს რომ დაგინახავს, ძალიან ინანებს, ასე ცუდად რომ გექცეოდა. იმ გოგოსკენაც გავიშვერ თითს, ცუდ ჭორებს რომ გივრცელებს სკოლაში, გეტყოდი, რომ ერთ წელში ამ ცუდი ჭორების მსხვერპლი თვითონვე გახდება და შენ, 16 წლის ზურა იქნები ის ერთადერთი, ვინც დაიცავს ამ ბინძური ხმებისგან. ბევრ რამეს გეტყოდი შენს კლასელებზე, ზოგი გაგახარებდა, ზოგი არც ისე, მაგრამ მთავარი ერთია, რომ გგონია, ყველაფერი ასე ცუდად იქნება და სამყარო ასე გააგრძელებს არსებობას, რომ ყველა ადამიანი ისეთია, როგორც შენი საკლასო ოთახი, ვეცდებოდი მეთქვა, რომ სამყარო ბევრნაირია, მთავარია, შენ როგორ სამყაროში გინდა იცხოვრო და მალე მაგ არჩევანის მიღების შანსი გექნება.

სახლისკენ გაუყვებოდა ალბათ სკოლის მერე 16 წლის ზურა, ბათუმის ქუჩები, მაღაზიები, ადამიანები, მოქუფრული ცა, გუბეები, საცობები, გაჭიმული თოკები კორპუსებს შორის და ამ თოკებზე ბათუმურად დაკიდებული სველი ზეწრები. აღარ შეგიძლია ამ ყველაფრის ყურება და გგონია, რომ სულ ეს იქნება შენი ყოველდღიურობა, გეტყვი, რომ ასე არ არის, მალე სხვა ქალაქში იცხოვრებ, სხვანაირი სურათებით იქნება სავსე შენი ყოველდღიურობა, უამრავი ახალი უბანი, ახალი ქუჩა, ახალი კორპუსები, ახალი სამყარო, რომელიც წარმოუდგენლად ლამაზია, გეტყვი იმასაც, რომ საღამოობით, უნივერსიტეტიდან სახლში დაბრუნებულს ბათუმის ქუჩები მოგენატრება, გეტყვი, რომ ერთ დღეს მეტროში ჩახვალ, შენს გვერდით ქალს დაინახავ, რომელიც აჭარული კილოთი ლაპარაკობს ტელეფონზე და საშინლად მოგინდება მიხვიდე და ჩაეხუტო, მერე რა რომ შორს არ არის შენი ქალაქი, მაინც ვერ მოახერხებ წინ და უკან სირბილს, მაგრამ ყოველთვის, როცა დაბრუნდები ახალ და მივიწყებულ ქუჩებს იპოვი და ახლიდან შეგიყვარდება ყველა კორპუსი, გუბე თუ ადამიანი.

მანდ სადმე, შენს სახლთან სანამ მიხვალ, ბიჭსაც დაინახავ, რომელიც დიდი ხანია მთელი გულით გიყვარს და ვერაფრით ეუბნები, ვერ ხვდები, რა ხდება შენს თავს, რატომ გიყვარს, რა სახელი დაარქვა, როგორ იფიქრო მასზე, როგორ იოცნებო. გეტყვი, რომ მალე ყველაფერი გაირკვევა, წინ დიდი სიყვარული გელის, დიდი იმედგაცრუებაც და მერე მიხვდები, რომ ცხოვრება სავსეა სიყვარულით, რომ უამრავი ადამიანი ზრუნავს შენზე და უამრავი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია შენი კეთილდღეობა. ვეტყვი, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ ღრიალი მოგინდება ბედნიერებისგან, ძალიან ბევრჯერ იფიქრებ, რომ ეს ყველაზე დიდი სიხარულია და ამაზე დიდი შეუძლებელია, მაგრამ მერე უფრო დიდი სიხარული მოვა და ღირს ამ სიხარულების გამო მოთმენა.

სახლში ასულს დედა დაგხვდება მისაღებში, მამა დაგხვდება სამზარეულოში, საშინლად გაბრაზებენ ორივე, მაგრამ მანდაც გეტყვი, რომ გავა 1-2 წელი და ისინი შენი მეგობრები გახდებიან და მიხვდები, რომ სინამდვილეში არც ისეთი ცუდები არიან, როგორიც ახლა გეჩვენება. ჩამოვჯდები შენს საძინებელ ოთახში და მოგიყვები, რა უნდათ შენთვის, რა უნდა გაითვალისწინო და სად უნდა მოუსმინო მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს. გეტყვი იმასაც, რომ ხანდახან ისინიც უშვებენ შეცდომებს, ძალიან გავხართ ერთმანეთს, მაგრამ ცდილობენ და ფიქრობენ იმაზე, რომ უკეთესი მომავალი შეგიქმნან.

ვეტყოდი იმასაც, რომ არ არის საჭირო იფიქრო გარეგნობაზე, იმაზე თუ რა გაცვია, არ არის საჭირო ინერვიულო, რას ფიქრობენ სხვები შენზე, არ იფიქრო, რომ ეგ არის მხოლოდ მთავარი. ვეტყოდი, რომ მის ასაკში ყველა ადამიანი ლამაზია და ამ სილამაზეს ბევრი დაინახავს, ბევრი ადამიანი აღფრთოვანდება და სინამდვილეში, უფრო სხვა რამეებია, რის გაუმჯობესებაზეც უნდა იფიქროს და ინერვიულოს.

და რაც ყველაზე მთავარია, ვეტყოდი, რომ მისდიოს იმ ხმას, რომელიც წლებთან ერთად გაძლიერდება, ხმა, რომელიც ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ სამყარო ზრუნავს მასზე, რომ შეუძლებელი არაფერია და ყველა ადამიანს აქვს ამოუწურავი ძალები. ვეტყოდი, რომ იმ დიდ და კეთილ ხმას დაუგდოს ყური, რომელიც ეუბნება, რომ მარტო არ დატოვებს არასდროს. სხვა ყველაფერი მოგვარებადი და გამოსწორებადია.

კიდევ ბევრი პატარ-პატარა შენიშვნები და თხოვნები მექნებოდა ალბათ, მაგრამ არ მოვაცდენდი, მივცემდი უფლებას, რომ ეგ პატარა შეცდომები დაეშვა, ყოფილიყო სულელი, გაბრაზებული, ნაწყენი, მოტყუებული, მატყუარა და კიდევ ათასი რამე, ეოცნება დაუსრულებლად, მთავარია ახსოვდეს, რომ დრო ყველაფრისთვის აქვს, დღეს იქნება თუ ხვალ, აუცილებლად იქნება ბედნიერი. თვალებს ფართოდ გავახელინებდი და ვაჩვენებდი, ვინ ზრუნავს მასზე, ვის უყვარს, ვეტყოდი, რომ ამ რეალობაშიც კი ბევრი ადამიანი ზრუნავს მასზე, ვაჩვენებდი ყველა კარგ მასწავლებელს, ყველა კარგ მეგობარს, ყველა სითბოს და ვთხოვდი, რომ ეზრუნა მათზე და არ დაევიწყებინა, რომ ესეც არის მის ცხოვრებაში.

და რახან მე არ შემიძლია ის პატარა საკუთარი თავი ვიპოვო სკოლის ბოლო მერხზე, მათ ვეტყვი ამ სიტყვებს, ვინც დღეს არის პატარა, სკოლაში მერხებთან სხედან და არ იციან, რა იქნება მერე. მე კი ისღა დამრჩენია, მომავლიდან მოსულ ზურას დაველოდო, თავში რომ ჩამიკაკუნებს ხელებს და ბევრ რამეს მისაყვედურებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი