პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მოსწავლეთა ქცევის და დისციპლინის საკითხები

მოსწავლეთა დისციპლინის საკითხი ყოველთვის იყო და არის სკოლის მასწავლებლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა. დღეს ყველა მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია შეკითხვა: როგორ უნდა მოხდეს  მოსწავლეების მოტივირება და მართვა იმგვარად, რომ საკლასო ოთახი წამახალისებელ, საინტერესო სასწავლო გარემოდ იქცეს?

ამ  თემასთან დაკავშირებით ექსპერტები გვთავაზობენ შემდეგ რეკომენდაციებს: 

1.მასწავლებელმა უნდა მოახერხოს მოსწავლის ქცევის მოდიფიკაციის ძირითადი პრინციპების გააზრება და დაინახოს მისი  როლი ამ პროცესში;

2.მნიშვნელოვანია მოტივაციისა და იმ ცვლადი სიდიდეების გააზრება, რომელთა მანიპულირებით შესაძლებელია მოსწავლეთა მოტივაციის დონის ამაღლება;

3.მასწავლებელმა უნდა გააანალიზოს, რამდენად მნიშვნელოვანია, ჰქონდეს მაღალი მოლოდინი მოსწავლეთა ქცევის ნორმებისა და აკადემიური მოსწრების მიმართ;

4.მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბება;

5.მასწავლებელმა წარმატების მისაღწევად უნდა გამოიყენოს შესაბამისი სტრატეგიები;

6.მასწავლებელმა უნდა მოარგოს  მართვის გეგმის სტრუქტურა მოსწავლეთა საჭიროებებს.

ქცევის მოდიფიკაციისა და ამ პროცესში მასწავლებლის როლის ძირითადი პრინციპების გაგება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. იმისათვის, რომ მასწავლებელმა მართოს მოსწავლეთა ქცევა, საჭიროა საფუძვლიანად იცოდეს, თუ  როგორ შეიძლება მოსწავლეთა ქცევაზე ზეგავლენის მოხდენა. ეს ცოდნა საშუალებას აძლევს მასწავლებელს, დაეხმაროს მოსწავლეებს, რათა მათ აუმაღლდეთ პასუხისმგებლობის განცდა.  

ქცევა შეძენილია. ჩვენ გამუდმებით დაკავებული ვართ სწავლით, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს მომავალ ქცევაზე. 

მაგალითად, თუ  მოსწავლე ნახავს ფილმს, რომელიც მეგობარმა ურჩია და აღმოაჩენს, რომ ეს დროისა და ფულის ფუჭი კარგვა იყო, მომავალში ამ მეგობრის რჩევებს ფილმების შესახებ ნაკლებად ენდობა. ასეთი სცენარი ხშირად ვითარდება უამრავი კომბინაციის სახით, რომლებიც ცოდნისა და გამოცდილების მდიდარ მარაგს ქმნიან. მარტივად რომ ვთქვათ, საქციელზე ზემოქმედებას ახდენს გამოცდილება, რომელიც ამა თუ იმ მოვლენებისა და გარემოებების შედეგად არის მიღებული. ზოგიერთი მოვლენა გვაქეზებს ამა თუ იმ ქცევისაკენ, ზოგი კი, პირიქით, გარკვეული ქცევისაგან თავშეკავებას იწვევს. 

პედაგოგიური ფსიქოლოგიის სპეციალისტები გვთავაზობენ ქცევის ანალიზზე დაფუძნებულ მეცნიერულ მოდელს, როგორც ქცევის თეორიის მარტივ მაგალითს. 

ამ მოდელის მიხედვით, ცვალებადი ქცევისას ყურადღების ცენტრში უნდა იყოს შემდეგი საკითხები:
1. რა იწვევს ამა თუ იმ ქცევას? 
2. რა უწყობს ხელს ამ ქცევის განხორციელებას?
3. რა არის ამ ქცევის მომავალში გამოვლენის ხელისშემშლელი ფაქტორი?
ნებისმიერ ქცევას, რომელიც მეორდება, ამ ქცევის ჩამდენი ადამიანისათვის რაღაც ფუნქცია აკისრია. როდესაც მასწავლებელი ცდილობს დაეხმაროს მოსწავლეებს, აუცილებლად უნდა ახსოვდეს, რომ განმეორებად ქცევას ყოველთვის აქვს რაღაც ფუნქცია. მოსწავლემ, რომელიც ყოველთვის პასუხისმგებლობით იქცევა, “ისწავლა”, რომ ამას მოაქვს: მშობლების მიერ აღიარება, კარგი ნიშნები, მასწავლებელთა ყურადღება, წარმატებისა და სიამაყის შეგრძნება, ახალი შესაძლებლობები და ა.შ. ანუ მისი ეს ქცევა სპეციფიკურ ფუნქციას ემსახურება. ეს დებულება ერთნაირად ეხება როგორც უარყოფით ან მავნე, ასევე დადებით და პროდუქტიულ ქცევებს, რაც საბოლოოდ იმის ახსნაში გვეხმარება, თუ რატომ იქცევა ესა თუ ის მოსწავლე ცუდად, როდესაც მისი ქცევა ესოდენ უსიამოვნო შედეგებს იწვევს. 

მნიშვნელოვანია მოტივაცია და ის ცვლადები, რომელთა მანიპულაციით შესაძლებელია მოტივაციის გაზრდა.
“მოტივაცია” შეიძლება იყოს განსაზღვრული, როგორც “წამახალისებელი მიზეზის უზრუნველყოფა, მოქმედებაზე გადასვლა, წინსვლა”. მოტივაციის გააზრება ხელს უწყობს მასწავლებლის მცდელობას, მოსწავლეებთან ერთად ეფექტიანი მოტივაციური მეთოდები განახორციელოს. განვიხილოთ ამ საკითხთან დაკავშირებული  დებულებები:
პირველი დებულება: ქცევა, რომელიც მეორდება, არის მოტივირებული; ქცევა არ განმეორდება, თუ არ არსებობს მოტივაცია. 

დებულება ყოველთვის სარწმუნოა, მიუხედავად იმისა, თუ რას იფიქრებს ან იტყვის ადამიანი საკუთარი ქცევის შესახებ. მაგალითად, სპორტსმენი მოსწავლე შეიძლება უკმაყოფილო იყოს სპორტის გაკვეთილებით და განუწყვეტლივ წუწუნებდეს, შესაძლოა ისიც თქვას, რომ არ არის მოტივირებული, იაროს სპორტზე, მაგრამ თუ იგი რეგულარულად დადის, ეს აჩვენებს, რომ ფაქტობრივად მას საამისოდ გარკვეული მოტივაცია აქვს. ანალოგიურად, გოგონამ შეიძლება თქვას, რომ მისი ჰობია ხატვა და მოტივირებულია ხატოს, მაგრამ თუ იგი არასოდეს გამოიყენებს თავის ფუნჯებს, ე.ი. შესაბამისი მოტივაციაც არ გააჩნია. ეს არ გულისხმობს იმას, რომ სპორტსმენი მოსწავლე არასოდეს დაკარგავს სპორტზე სიარულის მოტივაციას, ან გოგონას აღარასოდეს ექნება ხატვის მოტივაცია, თუმცა მათი ამჟამინდელი მდგომარეობა სხვა ვითარებაზე მეტყველებს.

ამ დებულების მიხედვით, მასწავლებლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მოსწავლე, რომელიც განმეორებით იქცევა ცუდად, ამ პერიოდში ცუდი საქციელისთვის უფრო მეტად არის მოტივირებული, ვიდრე კარგისთვის. მოსწავლე, რომელიც არაფერს აკეთებს, უსაქმურობისთვის მეტად მოტივირებულია, ვიდრე სწავლისთვის. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებლებმა საჭიროა გაზარდონ ამ მოსწავლეების მოტივაცია.   

მეორე მნიშვნელოვანი დებულება: მოსწავლე მოტივირებულია გამოავლინოს ქცევა, რომელიც კომპლექსური, შიდა და გარე ფაქტორებით არის განპირობებული. 

მოსწავლე შინაგანად მოტივირებულია, როდესაც ქცევის სასიამოვნო შედეგები ამ ქცევის ბუნებრივ გამოვლენასთან არის დაკავშირებული. ამგვარად, თუ ის შინაგანად მოტივირებულია, რომ წაიკითხოს, კითხულობს, იმიტომ რომ მოსწონს, თუ რაიმე ახალს გაიგებს, კარგი მოთხრობა სიამოვნებას ანიჭებს და წიგნის კითხვის დროს ისვენებს. გარე მოტივაცია ვლინდება, როდესაც ადამიანი ისეთი სასიამოვნო შედეგის მისაღებად მოქმედებს, რომელიც ქცევის ბუნებრივ გამოვლენასთან უშუალოდ არ არის დაკავშირებული. მაგალითად, პატარა ბავშვები “მამას” და “დედას” სხვა სიტყვებზე უფრო ხშირად წარმოთქვამენ. ეს იმ სასურველი რეაქციების გამო ხდება, რომლებსაც ისინი მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს აღუძრავენ. მოსწავლე ესწრება გაკვეთილებს და განაგრძობს იმ დავალებების შესრულებას, რომლებიც არ მოსწონს, თუმცა სჭირდება მაღალი ნიშნები და კარგი მუშაობის შედეგად წინ მიიწევს საკუთარი მიზნის მისაღწევად. 

ქცევათა უმრავლესობისთვის მოტივაცია, ჩვეულებრივ, შერეული ტიპისაა, ე.ი. როგორც შინაგანი, ასევე გარე ფაქტორებით არის განპირობებული. 

მესამე მნიშვნელოვან დებულება გულისხმობს ადამიანის შინაგანი მოტივაციისა და პროფესიონალიზმის ურთიერთკავშირის ჩართვას კონკრეტულ საქმეში.  

  

მოსწავლე, რომელიც სწავლაში წარმატებულია, უფრო ადვილად მიიღებს რთული კურსის შესწავლის გამოწვევას, ვიდრე მოსწავლე, რომელმაც წარსულში აკადემიური წარუმატებლობა განიცადა. ამ დებულების ძირითადი აზრი ის არის, რომ რაიმე ახლის შესწავლის საწყის ეტაპზე, ან როდესაც შესასწავლი საგანი რთულია, ზოგიერთი მოსწავლე სწავლისათვის აუცილებელი ქცევების მიმართ შინაგანად არ არის მოტივირებული. ამ კონცეფციის შემდგომ დეტალს წარმოადგენს “მოლოდინისა და  ღირებულების მოტივაციის თეორია”. ეს თეორია პირველად ფიზერმა გამოიყენა (1982) და ადამიანის მოტივაცია წარმოაჩინა ამ ფორმულის  სახით: 

მოლოდინი X ღირებულება = მოტივაცია

ამ ფორმულაში მოლოდინი განსაზღვრულია, როგორც “მოლოდინის ხარისხი, რომელიც ადამიანს წარმატებული საქმის შემთხვევაში აქვს, ხოლო ღირებულება არის “ღირებულების ხარისხი”, რომლის მიხედვითაც ადამიანი წარმატების თანმდევ ჯილდოს ზომავს. ამ თეორიის სიძლიერე მდგომარეობს იმის გაცნობიერებაში, რომ  მოტივაციის დონე ნებისმიერ საქმეში არის ფუნქცია, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად სურს პიროვნებას/მოსწავლეს მიიღოს წარმატების თანამდევი ჯილდო და რამდენად აქვს მას ამ საქმის წარმატების მოლოდინი. 
ამ ფორმულის მიხედვით, მთავარი ასპექტი ისაა, რომ მოლოდინისა და ღირებულების განმსაზღვრელია მოსწავლის რწმენა და არა მასწავლებლის რწმენა. 

მნიშვნელოვანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის მიმართ მაღალი მოლოდინის მნიშვნელობის გააზრება.

იმისათვის, რომ ყველა მოსწავლე აკადემიური მოსწრების მხრივ წარმატებული იყოს, საჭიროა, მასწავლებელს ჰქონდეს მაღალი და დადებითი მოლოდინი. კვლევების შედეგები აჩვენებს იმას, რასაც საღი აზრი გვკარნახობს: დაბალი მოლოდინი განაპირობებს მოსწრების დაბალ დონეს. მოსწავლეებზე განუზომელ გავლენას ახდენს დამოკიდებულება მათი მოსწრებისა და ყოფაქცევის მიმართ. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გამოხატოს მაღალი მოლოდინი  ყველა მოსწავლის მიმართ როგორც აკადემიური, ისე ყოფაქცევის კუთხით. ეს  მოსწავლეთა პრობლემებისა და სიძნელეების უგულებელყოფას არ გულისხმობს, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც უნდა შენარჩუნდეს მაღალი, თუმცა რეალისტური მოლოდინი მოსწავლეთა მიმართ.

ყოველთვის აქტუალური იყო და არის მოსწავლეებთან პირადი ურთიერთობის დამყარების  მნიშვნელობის გააზრება.

მრავალ ადამიანს მუდამ ახსოვს უსაყვარლესი მასწავლებლის სახელი. ძნელია, თითოეული მოსწავლისათვის უსაყვარლესი მასწავლებელი იყო. თუმცა, თუ მოსწავლეებთან პირადი ურთიერთობის დამყარებას შეეცდება მასწავლებელი, ის  დადებით გავლენას მოახდენთ მათ ცხოვრებაზე.

მოსწავლეთა წარმატებისათვის მეტად მნიშვნელოვანია როგორც დადებითი განწყობა, ასევე პირადი ურთიერთობა. თუკი ბავშვები იგრძნობენ, რომ მასწავლებელს სინამდვილეში არ აღელვებს, როგორი მოსწრება ექნებათ, შეიძლება არც გადადგან ნაბიჯები წარმატების მისაღწევად. თუკი იგრძნობენ, რომ მასწავლებელი დაინტერესებულია მათი წარმატებით, მაგრამ სათანადოდ არ ზრუნავს მასზე, შეიძლება არ გაუჩნდეთ წარმატების მიღწევის სურვილი. დადებითი განწყობა და პირადი ურთიერთობა წარმოადგენს კლასის მართვის ორ ფუნდამენტურ ნაწილს. რომელიმე მათგანის არარსებობის შემთხვევაში, მთლიანი სტრუქტურა სრულყოფილი არ იქნება.

მასწავლებლის მხრიდან აუცილებელია წარმატების მიღწევის სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება და განხორციელება. 

საჭიროა, რომ მასწავლებლებმა მოსწავლეები დამოკიდებულების, ხასიათის თავისებურებებისა და ქცევების შესახებ სპეციფიკური ინფორმაციით უზრუნველყონ, რაც დაეხმარება მათ, წარმატებებს მიაღწიონ სკოლაში და ცხოვრებაში. სამწუხაროდ, არსებობენ მოსწავლეები, რომელთაც სჯერათ, რომ სკოლაში წარმატება შეუძლებელია მათთვის, ვინც განსაკუთრებული ოჯახიდან არ არის. არსებობენ ისეთებიც, ვისაც ჰგონიათ, რომ სკოლაში წარმატება დამატებით ფაქტორებზეა დამოკიდებული. მასწავლებლის პასუხისმგებლობის ნაწილია, გააგებინოს მოსწავლეებს, რომ ყველას ერთნაირად შეუძლია წარმატების მიღწევა. მათ უნდა მისცეთ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამის მოხერხება.

წარმატების მიღწევის სახელმძღვანელო რეკომენდაციებში უნდა აირეკლებოდეს მაღალი და კეთილშობილური იდეალები. მათ უნდა წარმოაჩინონ მასწავლებლის  იმედი, რომ მოსწავლეები არა მხოლოდ შესასწავლი მასალის შინაარსს, არამედ იმ დამოკიდებულებას ან მოქმედებებსაც ისწავლიან, რომლებიც დაეხმარებათ, წარმატებას მიაღწიონ  კლასში ან სხვა კლასებში, სადაც მომავალში მოხვდებიან და, ზოგადად, ცხოვრებაში.

მიუხედავად სტრუქტურის დონისა, წარმატების მიღწევის სახელმძღვანელო რეკომენდაციები ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა ამან მოსწავლეებს დიდი სარგებლობა მოუტანოს. ეს განსაკუთრებით აუცილებელია მაშინ, როცა  კლასში ან სკოლაში ბევრი პრობლემური მოსწავლე სწავლობს. პრობლემურ მოსწავლეებს ხშირად აკლიათ ცოდნა ან მოტივაცია, რათა ხასიათის ის თვისებები გამოამჟღავნონ, რომლებიც აღმზრდელებს უნდათ, სჭირდებათ ან მოელიან.

მასწავლებელმა შეიძლება ასეთი წარმატების მიღწევის სახელმძღვანელო შეიმუშაოს: 

1. გქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა;
2. ყოველთვის სცადეთ;
3. გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ;
4. ითანამშრომლეთ სხვებთან;
5. ყველას პატივისცემით მოეპყარით (საკუთარი თავის ჩათვლით).

წარმატების მიღწევის სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება მხოლოდ პირველი ეტაპია. მასწავლებელმა უნდა გადააქციოს ისინი კლასის ცხოვრების მუდმივ შემადგენელ ნაწილად.

მოსწავლეთა ქცევისა და დისციპლინის საკითხების გაანალიზების შემდეგ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა მართვის გეგმის სტრუქტურა უნდა მიუსადაგოს მოსწავლეების საჭიროებებს. კლასის მართვის გეგმის სტრუქტურირების დონე განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ბევრი საქმის გაკეთება მოუწევს  მასწავლებელს საკლასო აქტივობების დროს მოსწავლეების წარმატების მისაღწევად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი