ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ტიპური შეცდომების ტყვეობაში

( ფელეტონივით)

პატარებს უამრავი მავნე ჩვევა აქვთ, მაგალითად: კალმის ღეჭვა ( ამიტომ შუა გაკვეთილზე უცებ ამოევსებათ ხოლმე პირი მელნით და წყალზე გაშვებას ზმუილით ითხოვენ), საშლელების ღრღნა, მოწონების ნიშნად გოგონებისთვის თმების დაწიწკნა, საკლასო სამუშაოს შესრულების მაგიერ ქაღალდის თვითმფრინავების კეთება და ა.შ. და ა.შ. მაგრამ ყველაზე მავნე ჩვევა მაინც შეცდომის ფრჩხილებში ჩასმა მგონია!

მთელი ჩემი ორატორული ნიჭის გამოყენება მჭირდება, რომ ავუხსნა, რატომ არ შეიძლება შეცდომის ფრჩხილებში ჩასმა.ვარწმუნებ, რომ ფრჩხილებში ჩასმული ინფორმაცია ჩვეულებრივ იკითხება და პირიქით, დამატებითია და გვეხმარება კიდეც ტექსტის უკეთესად გაგებაში. ამაში რომ დავარწმუნებ, ახალი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში: ფრჩხილებში ჩასმულ შეცდომას საგულდაგულოდ აფერადებენ კალმით, რომ მე ვერ ამოვიკითხო! მერე მე ვიწყებ ახალ ახსნით ეტაპს – შეცდომა არ გააფერადონ, არც ღრუბლები დახატონ და არც მზეები, უბრალოდ ხაზი გადაუსვან და წერა განაგრძონ. რატომღაც ვერ იჯერებენ, რომ ასე მარტივად შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და კორექტორებს მოიმარჯვებენ ხოლმე. იმას რომ აღმოაჩენენ, თურმე კორექტორებსაც ვებრძვი,რადგან დროის კარგვა მგონია (უსასრულოდ ეხვეწებიან ერთმანეთს, რომ ათხოვონ; მერე კორექტორის პატრონები უსასრულოდ იქექებიან ან ჩანთაში, ან პენალში; ძლივს რომ იპოვიან, გამოყენებაზე გრძელ რჩევა-დარიგებას მოაყოლებენ ხოლმე), სასოწარკვეთილები საწყალობელი თვალებით შემომხედავენ, ჩემი ახირებულობის გადამკიდე, ლამის საერთოდ უარი თქვან შეცდომის დაშვებაზე. საბოლოოდ, დიდხნიანი თანამეგობრობისა და ურთიერთგაგების ფონზე ვარღვევთ ანდაზას, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და შეცდომას ფრჩხილებში  აღარ სვამენ! ვაშა! ამოცანა N1 შესრულებულია.

ამოცანა N2 – თითქმის ყოველთვის, როცა მე -5 კლასში ვსვამ კითხვას, როდის ვწერთ ორწერტილს, პასუხი მუდამ ურყევია: ჩამოთვლისას. და მეც დაუყოვნებლივ ვეპასუხები: როგორ გეკადრებათ?! ეს ისეთივე შეცდომაა, როგორც ის, რომ სპილოს 3 ფეხი აქვს! აქ ჩუმდებიან,ძირითადად, პირები ღია რჩებათ და თვალები უფართოვდებათ. თუ რომელიმე ძალიან ყოჩაღი და თამამი აღმოჩნდა მათ შორის, პირველი ელდის მერე დაფაცურდება: როგორ არა, მას, აი, მაგალითად: თაკომ ჩანთაში ნივთები ჩაალაგა: წიგნი, რვეული, კალამი… მეც დავფაცურდები და უკან ვუბრუნებ იმავე წინადადებას ერთის გამოკლებით ( ნივთები)-  თაკომ ჩანთაში ჩაალაგა წიგნი, რვეული, კალამი… ჩამონათვალი დარჩა, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, ორწერტილი ქრება! ღმერთი, რჯული, მე არ მომიპარავს! მე მხოლოდ ,,ნივთები“ ჩავიჯიბე. ეს თამაში მანამდე გრძელდება, სანამ არ აღმოაჩენენ, რომ თავი და თავი გამაერთიანებელი/ განმაზოგადებელი სიტყვაა და არა ჩამონათვალი. თავიდან გულდამშვიდებით მივდიოდი ხოლმე სახლში ამ ფოკუსის ჩატარების შემდეგ, მაგრამ მერე გამოცდილებამ მიჩვენა, რომ როგორ მეკადრება?! კიდევ ბევრჯერ მომიწევს მსგავსი ფოკუსების ჩატარება, სანამ ამ მარტივ წესს დაიმახსოვრებენ. იმიტომ, რომ რასაც ჩემამდე სწავლობდნენ, სწავლობდნენ ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპით – ,,აქედან ვერ ამოშლი! “ (მახსოვს, ბებიაჩემი მეუბნებოდა, გამრავლების ტაბულა ისე უნდა იცოდე, ღამე რომ გაგაღვიძონ და გკითხონ, უნდა უპასუხოო. არადა, ახალგაღვიძებულს კი არა, სრულიად ფხიზელსაც მიჭირდა ყოველგვარი ცხრილის, ტაბულის, წესის დაზეპირება, მაშინ, როცა მოთხრობის დაზეპირებაც კი თავისუფლად შემეძლო. ჰოდა, რამდენჯერ ძილი გამტყდომია გამრავლების ტაბულის დარდით)

ჩემი შვილი მესამე კლასში რომ გადავიდა, ერთ- ერთი ,,დამნაშავე“ მაშინ აღმოვაჩინე. მის სახელმძღვანელოში ერთი სახალისო ლექსი შედის, ავთანდილ არაბიძის ,,სასვენი ნიშნები“ (ბავშვებისა და სიტყვის კაცის გაბაასება) ჰოდა, გამალებით რომ იზეპირებდა ამ ლექსს, ერთი სტროფი მომხვდა ყურში:

,,_ იქ კი, სადაც ჩამწკრივდება

სიტყვის ჩამონათვალი,

ორწერტილი ბებოსავით

დარაჯად დგას სათვალით – აჰა, წარმოიდგენენ, დაიზეპირებენ  და მიდი, უმტკიცე მერე, რომ ჩამონათვალი  არ შველის ორწერტილის ბებიობას!

სხვა წესმაც მიიქცია ყურადღება:

,, – ეს ვის შვენის ბრძანებები

ხმამაღალი, მახვილი?-

ასე რომ ჰგავს მწყემსის კომბალს,

ნიშანია ძახილის.“ – მორიგი ამოცანაც არ ამოვხსენი?! – რამდენიმე დღის წინ, ჯგუფურად ასეთი დავალება ჰქონდათ: მოეფიქრებინათ 6 წინადადება, რომლებშიც ძახილის ნიშანს სწორად გამოიყენებდნენ. იმუშავა ჯგუფმა გულდასმით, ფუსფუსით, თავაუღებლად და ცოტა ხნის მერე დაფაზე ეწერა 6 წინადადება, ექვსივე ბრძანებას გამოხატავდა – ესეც მეორე ტიპური შეცდომა, რომლის აღმოფხვრაზეც არანაკლები ოფლთა ღვრა დამჭირდება და ნაირ-ნაირი ფოკუსების ჩატარება იმის დასარწმუნებლად, რომ ძახილის ნიშანს მაინცდამაინც გენერლები არ იყენებენ, ის ნებისმიერ ემოციას იტევს და ძალიან საჭირო რამეა.

სამაგიეროდ, სხვა სასვენ ნიშანს სწავლობენ ,,ორმაგი სტანდარტით“:

„ – ვთქვათ და სიტყვა დაგვეკარგა,

შველის საქმეს სატირელს

რომელიმე ძმათაგანი

ან დეფისი, ან ტირე.“  – რას გულისხმობს ამ ძმობაში პოეტი? იმას, რომ დეფისი და ტირე „ძმები თუ არიან, რამ გაყო“ ანუ სინონიმებია? თუ ძმები არიან და ბავშვს რომელიც უფრო მოეწონება, ის გამოიყენოს? საერთოდაც ამ ტირე-დეფისის განსხვავების ამბავი მე თავის ტყუილა ატკიება, თითიდან გამოწოვილი პრობლემა და უფრო მეტიც, ბავშვებზე „ძალადობა“ მგონია. არა, მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ მართლწერისათვის აბსოლუტურად არაფრის მომცემია და ფაქტობრივად, არც განსხვავდება. უბრალოდ, რაღაცას ვიგონებთ და კიდევ უფრო ვირთულებთ საქმესაც და ცხოვრებასაც ჩვენ, ფილოლოგები. ამის კარიკატურად ინტერნეტში ნაპოვნი ეს ფოტოც გამოდგება, რომელშიც დეფისი სასვენი ნიშანია, ხოლო ტირე – პუნქტუაციური.

 

არ იფიქროთ, ყველა ცოდვა ამ სახალისო ლექსს ავკიდე. უბრალოდ, მაგალითად მომყავს და იმის თქმა მინდა, რომ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ზოგადად სწავლების ამ კუთხით ასეთი ტენდენციაა  დაწყებით საფეხურზე, რომელსაც არასწორ ცოდნამდე მიჰყავს მოსწავლე.

არც ის დამაბრალოთ, აბუქებსო – უკვე მესამე კლასის სტანდარტში გარკვევით წერია: „სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილს, მძიმეს, ორწერტილს, მრავალწერტილს, ბრჭყალებს, კითხვისა და ძახილის ნიშნებს)“. ტირე-დეფისი გამორჩენიათ.

ამ შეცდომებს მაინც ასე თუ ისე ადვილად მოევლება ხოლმე. უფრო რთულია იმის ახსნა, რომ მძიმე და-სთანაც შეიძლება, დავწეროთ, ხოლო რომ-ის წინ ყოველთვის არ იწერება. მძიმის წერა ხომ ისედაც მძიმე მისია და ტვირთია. ამ შემთხვევაში, ნამდვილად რთულია, აუხსნა მოსწავლეს, რომელმაც ჯერ არც ჩართული იცის, არც რთული ქვეწყობილი წინადადება, რატომ შეიძლება, დაიწეროს პირველ შემთხვევაში მძიმე და არ დაიწეროს მეორე შემთხვევაში. თუმცა თავში წესის არასწორად ჩაბეჭდვას, ვფიქრობ, სჯობს, უბრალოდ, ვუთხრათ, რომ ამ შემთხვევებს მოგვიანებით უფრო დაწვრილებით ისწავლიან და სამომავლოდ გადავდოთ საქმე. ასეთ დათმობებზე წასვლა ხშირად უწევს მასწავლებელს, მით უმეტეს მაშინ, თუ გრამატიკის თანმიმდევრული სწავლება სრულფასოვნად ვერ ხერხდება.

ჰო, უფრო ადრე მინდოდა, აღმენიშნა, რომ ზემოთ მოყვანილი ლექსი ერთ ძალიან მნიშვნელოვან წესს ასწავლის ბავშვებს: რომ „მრავალწერტილი“, 3 წერტილს გულისხმობს აუცილებლად და არამც და არამც წერტილთა ლეგიონს! ცოდვა გამხელილი სჯობს, ამ უცნაურობას პატარები უკეთესად იჯერებენ, ვიდრე დიდები. განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში გამოირჩევიან ამ სასვენი ნიშნის სიყვარულით, სათქმელის ბოლოს უსასრულოდ ჩაამწკრივებენ წერტილებს, რომელთა რიცხვი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მრავალმნიშვნელოვანია სათქმელი, ან კიდევ რამდენ რამეს ინახავენ გულში და თავს იკავებენ გამომზეურებისაგან. თუმცა ზოგჯერ მგონია, ამ წერტილების უკან დგას ,,ზოოტოპიას“  პერსონაჟ ზარმაცასავით ზანტი და ნელი ადამიანი, რომელსაც, უბრალოდ,  წერტილის ღილაკიდან ხელის აღება გვიან ახსენდება………

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი