პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ჯგუფური მუშაობის როლი სასწავლო ქმედებების ფორმირებაში

ჯგუფი, ანუ როგორც ფილოსოფოსები მიუთითებენ, დიადა – ესაა ადამიანის, როგორც სოციალური არსების, განვითარების ელემენტარული და ამავე დროს უნივერსალური ფორმა, რადგან ჯგუფებში ყველა შესაძლებლობაა პიროვნული, შემეცნებითი და სოციალური განვითარებისთვის. მოზარდის მიერ აქ შეძენილი ინტელექტუალური, სოციალური და პიროვნული გამოცდილება მიმართულია როგორც საკუთარი თავისკენ, ასევე შემდეგში – დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ. ამიტომ ჯგუფში მუშაობის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ რის საფუძველზე ითვისებს ბავშვი ჯგუფში მუშაობის წესებს, როდესაც ის სკოლაში მოდის? რამდენად გამოცდილია ის ამ კუთხით? 

სკოლაში მისვლისას მოზარდს მცირე გამოცდილება უკვე აქვს. აქედან გამომდინარე, მას შეუძლია:

·უსიტყვოდ, კრიტიკის გარეშე ენდოს უფროსს (ეს გამოცდილება მიღებული აქვს უშუალო ემოციური ურთიერთობით);

·იმიტირება (ესაა გამოცდილება საგნობრივი მანიპულაციის საფუძველზე);

· და სხვადასხვა როლის შესრულება (თამაშიდან მიღებული გამოცდილება).

ეს გამოცდილება იძლევა საშუალებას, ვასწავლოთ ბავშვს ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმა – თანამშრომლობა სასწავლო პროცესში, ანუ ჯგუფური მუშაობა.

მკვლევარები მიუთითებენ, რომ პირველი სუბიექტი, რომელთანაც სწავლის დასაწყისში მასწავლებელს აქვს ურთიერთობა, არის არა ცალკეული მოსწავლე, ინდივიდი, არამედ ერთად მომუშავე ბავშვების ჯგუფი. მოსწავლეებში ასეთი თანამშრომლობის აუცილებლობას წარმოშობს დაუკმაყოფილებლობა, არასრული ინფორმაციის შევსების ან ქმედების სურვილი. ამ მოთხოვნას, თავის მხრივ, რეფლექსიური ბუნებაც აქვს: იმისთვის, რომ ეს მოთხოვნილება გაუჩნდეს, მოსწავლემ სწორად უნდა შეაფასოს თავისი შესაძლებლობები და სუსტი მხარეები. სწორედ ჯგუფში, თანაბარ პირობებში მყოფი მოსწავლეების გარმოცვაში გამოიკვეთება სასწავლო-თანამშრომლობითი ღონისძიებების პერსპექტივები, რომელთა საფუძველზეც მოხდება:

·სხვადასხვა დამოკიდებულების ჩამოყალიბება შემეცნებითი პროცესების მიმართ, განსხვავებული შეხედულებების, პოზიციების და კონფლიქტური სიტუაციების გამოკვეთა;

·სასწავლო და სხვა მთელი რიგი ამოცანების გადაწყვეტა;
·პრობლემების გადაწყვეტის, რეალიზების გეგმების დასახვა;
·შედეგების შეფასება.

შესაბამისად, ჯგუფში მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყველა სახის უნივერსალური სასწავლო ქმედებისთვის:

oპიროვნული განვითარებისთვის;
oთანამშრომლობითი (მარეგულირებელი) თვისებების ჩამოყალიბება-განვითარებისთვის;
o შემეცნებითი უნარების გაუმჯობესებისთვის;
oკომუნიკაციური უნარების განვითარებისთვის.

ჯგუფური მუშაობის უპირატესობა ისაა, რომ იგი თითოეულ მოსწავლეს აძლევს აზროვნების, საუბრის და მოქმედების საშუალებას, რადგან სხვა ადამიანის მიერ დასმული თუნდაც მარტივი შეკითხვა უკვე წარმოადგენს ძლიერ სტიმულატორს შემეცნებითი და აზროვნებითი პროცესების გააქტიურებისთვის.

აქედან გამომდინარე, ჯგუფი წარმოადგენს იმ მინიმალურ ერთეულს, რომელზეც აიგება მომავალი სასწავლო თანამშრომლობა. მაგრამ ამ ურთიერთობებს თავისებური სირთულეებიც ახლავს, თავისი განსაკუთრებული მხარეები:

„მოსწავლე-მასწავლებელი” – მუშაობის თავისებურებები

სასწავლო პროცესში თამანშრომლობის სწავლას, ანუ ჯგუფურ მუშაობას მოსწავლე მასწავლებელთან ურთიერთობით („მასწავლებელი-მოსწავლე”) იწყებს. ამიტომ მასწავლებელმა წინასწარ უნდა შეიმუშაოს:

·გარკვეული ნორმები, ჩარჩოები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლე შეძლებს დავალებების შეასრულებას;

·ისეთი სავარჯიშოები, რაც აიძულებს მოსწავლეს, იპოვოს თანამშრომელი, პარტნიორი, მეწყვილე, ჯგუფელი; დაინახოს საჭირო მონაცემების შეგროვების, მოპოვების აუცილებლობა და საამისოდ შეძლოს სივრცესა და დროში ორიენტაცია და გადაადგილება.

იმ მიდგომებიდან, რომლებსაც ასეთ დროს ეფექტურად იყენებს მასწავლებელი, გამოიკვეთება:

·ისეთი დავალებები, რომლებიც მოსწავლის ყურადღებას, ორიენტაციას წარმართავს რამდენიმე მიმართულებით: მიცემული დავალების შესრულებისკენ და მასწავლებლის ქმედებისკენ;

·დავალებები, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტის გზა; რომლებიც შეუძლებელს ხდიან მასწავლებლის დავალების შესრულებას;

·დავალებები, რომლებიც არასაკმარის მონაცემებს შეიცავენ და ამის გამო მოსწავლემ არა მარტო უარი უნდა თქვას მათ შესრულებაზე, არამედ უნდა მოსთხოვოს მასწავლებელს არასაკმარისი მონაცემების მიზეზების ახსნა;

·დავალებები, რომლებითაც განისაზღვრება, შეძლებს თუ არა მოსწავლე ორიენტაციას ობიექტურად შესაძლებლისკენ (ან თუნდაც შეუძლებელისკენ); შეძლებს თუ არა შესაფერისი მოქმედების განხორციელებას (ამ დროს მასწავლებელი „კულტურულ ნორმებში” მოქმედებს: აზუსტებს მოსწავლის მიერ გამოთქმულ აზრს, გამოხატავს პატივისცემას მისი აზრის მიმართ, მოჰყავს არგუმენტები, მადლობას უხდის მუშაობისთვის).

მასწავლებლის მიერ ყველა ამ ნორმის მუდმივად გამოყენება მოსწავლეებს დაეხმარება ერთმანეთთან ურთიერთობაში, რის საფუძველზეც ისინი მიაღწევენ სრულ სასწავლო დამოუკიდებლობას. მასწავლებლი ვალდებულია დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი თავის, თავიანთი საქმის ორგანიზებაში.
ამის მიხედვით, მასწავლებელს, როგორც ჯგუფური მუშაობის ორგანიზატორს, მოუწევს შემდეგი როლების შესრულება:

§ჯგუფებისთვის სამუშაო მიმართულების განსაზღვრა;
§სამუშაოს პროცედურული კონტროლი;
§ოპონირება;
§რეფლექსია.

ყველაზე მარტივად ამის წარმოსახვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც მასწავლებელი, ჯგუფური მუშაობის დაგეგმვისას, პასუხობს რამდენიმე შეკითხვას:

§რისთვის მჭირდება ეს სამუშაო?
§რა ადგილს იკავებს იგი მოცემული თემისა თუ გაკვეთილის შესწავლაში?
§რა შედეგი მინდა მივიღო?

მოცემულ კითხვებზე პასუხის შემდეგ მასწავლებელი უკვე აირჩევს ჯგუფური მუშაობის შესაფერის ფორმას
 
ფორმის განსაზღვრის შემდეგ დგება პრაქტიკული მოქმედების დრო – იწყება ჯგუფებში მუშაობა. ჯგუფური მუშაობა მოიცავს გარკვეულ ტექნოლოგიურ თავისებურებებს: მასწავლებლის/სწავლების მხრივ – განხილვას, ერთობლივ და ინდივიდუალურ სწავლას, ვარჯიშს/ავტომატიზებას და შემოწმებას. მოსწავლეთა მხრივ , მასში შედის მოსწავლის პოზიციის განსაზღვრა – დიალოგში მონაწილე მოსწავლეებისთვის და, ზოგადად, ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეთათვის თანაბარუფლებიანი პოზიციების უზრუნველყოფა, მუშაობისას მასწავლებლისა და მოსწავლის პოზიციების რიგრიგობითი ცვლა.

ჯგუფური მუშაობის პროცესის აუცილებელი ნაწილია რეფლექსია. იგი თავისი არსით აუცილებლად გულისხმობს საკუთარი ქმდებების გააზრებას, მათ რეგულაციას. შესაბამისად, რეფლექსიის ამოცანაა, რომ ჯგუფი და თითოეული მოსწავლე აყალიბებდნენ თავიანთ წარმოდგენებს მომხდარი მოვლენების შესახებ. რეფლექსია განსაკუთრებით აუცილებელია დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის, რათა ის სასწავლო პროცესის სუბიექტი გახდეს. ამ გზაზე პირველ ნაბიჯს წარმოადგენს შემდეგის გააზრება: „მე მცოდნე ადამიანი ვარ – ის, ვინც რაღაც იცის” და „მე უცოდინარი ვარ, არაფერი ვიცი”. როდესაც დგება „მასწავლებელი-მოსწავლე” პოზიცია, „მცოდნე”, ცხადია, უფროსის მხარესაა. როცა თანატოლების ჯგუფია, პოზიცია „მცოდნე-უცოდინარი” გაურკვეველია, პროცესს თან ახლავს კამათი, აზრთა ურთიერთგაცვლა. ამავე დროს რეალური ვითარებაც გამოიკვეთება.

მაგრამ როგორ გამოვიწვიოთ რეფლექსია? მისი დაბადება ნამდვილ სასწაულს შეგვიძლია შევადაროთ, მისი სწავლა შეუძლებელია: უფროს ადამიანს არ შეუძლია გიპასუხოთ, აგიხსნათ, როგორ ახდენს რეფლექსირებას. შეიძლება მხოლოდ პირობების შექმნა, რომლის დროსაც რეფლექსიის ნაპერწკალი მეტ-ნაკლები სიზუსტით გაანათებს ბავშვის შემეცნებას. იმ პერიოდში, როდესაც ბავშვის ქმედება ჯერ კიდევ არაა გააზრებული, არაა დამოუკიდებელი, გაცილებით მომგებიანია, რეფლექსიისას პარტნიორი იყოს ასევე არასრულწლოვანი, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებლი ადამიანი, ვიდრე ზრდასრული პიროვნება. აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჯგუფურ მუშაობას, რომლის დროსაც მასწავლებლის ჩარევა მინიმალურია (სქემა 3).

რეფლექსიამ, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები შეიტანოს ჯგუფური მუშაობის მომზადების და ორგანიზების ფორმატში. ცხადია, არ იგულისხმება, რომ შესაძლებელია მოსწავლეთა ჯგუფის ერთხელ და სამუდამოდ ორგანიზება: ცვლილებებს იწვევს არა მარტო სამუშაოს ხასიათი, რომლის მიხედვითაც ხდება ჯგუფის ფორმირება, არამედ ასაკის ზრდასთან ერთად, მოსწავლეთა განსხვავებული აზროვნება და ქცევაც, რომელიც ჯგუფების ფორმირებისთვის და პროდუქტიულობის მიღწევისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელია.

ჯგუფურ სამუშაოს მაშინაც შეიძლება მიმართოს მასწავლებელმა, როდესაც ბავშვები გარკვეული სიძნელეების წინაშე აღმოჩნდებიან: რეფლექსიის ფაზაში ხშირად სწორედ ჯგუფური სამუშაოა სასკოლო თანამშრომლობის, საქმიანი და პირადი ურთიერთობების გამოხატვის ყველაზე ეფექტური საშუალება.

ცხადია, დაწყებით საფეხურზე რეფლექსიის სწავლებისას მასწავლებელი ერთბაშად ყველა საშუალებას ვერ გამოიყენებს, ისევე როგორც ერთბაშად არავინ ასწავლის გაყოფას და გამრავლებას. მთავარია, მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ის გარემოება, რომ ზუსტად რეფლექსია უზრუნველყოფს მოსწავლის პიროვნულ, კომუნიკაციურ და ინტელექტუალურ განვითარებას.

მაგალითები დაწყებით საფეხურზე რეფლექსიის განვითარებისთვის:

·ზეპირი განხილვა;
·გაკვეთილის განმავლობაში მომხდარი მოვლენების, ანუ გაკვეთილის ვიზუალური – სახვითი ანდა გრაფიკული გამოხატვა (თუნდაც ერთი დღის, ან ერთი კვირის, ან ერთი თვის);
·სხვადასხვა საგანმანათლებლო სიტუაციაში განცდილი გრძნობების და შეგრძნებების ვერბალური აღწერა;
·ანკეტის წერილობით შევსება;
·თამაში-მეტაფორების გამოყენება, სადაც მოსწავლე მესამე პირში მოგვითხრობს თავის თავზე და თავის ჯგუფზე, უსმენს სხვა მოსწავლეების მონათხრობსაც.
შეკითხვები განხილვისთვის:
·რა ისწავლე ახალი?
·რომელი წინარე ცოდნა დაგეხმარა დავალების შესრულებაში?
·რისი ცოდნა გამოგადგება მომავალში?
·კონკრეტულად რა დაგეხმარა პრობლემის გადაწყვეტაში?
·რომელი საშუალებები გამოიყენე გაკვეთილზე (შეადგინე ცხრილი, დახაზე სქემა და ა.შ.)?
·კმაყოფილი თუ ხარ ჯგუფელების მუშაობით?
·როგორ ფიქრობ, ისინი თუ არიან შენით კმაყოფილები?
·რა გზით მიხვედით შეთანხმებულ მუშაობამდე?
·რაში შეაქებდი შენს თავს?
·რას შეცვლიდი შენს მოქმედებაში?
·რა მოგეწონა ყველაზე მეტად?
·და ა.შ.

რეფლექსიისას ბავშვებმა არა მარტო სირთულეები უნდა გამოყონ, არამედ ამ სირთულეების გადაწყვეტის გზებიც უნდა წარმოიდგინონ, რადგან სწორედ ასეთი ტიპის რეფლექსიაა კონსტრუქციული. ამ შემთხვევაში, სწავლის სირთულეების (როგორც ცხოვრებისეული სირთულეების მოდელის) დაძლევა საინტერესო იქნება მოსწავლეებისათვის. ეს დაეხმარება მათ, უკეთესი გახადონ გარემომცველი სამყაროც და საკუთარი თავიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი