ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

 სიყვარულის ახსნის სახელმძღვანელოები

გრძნობებით სავსე წიგნებზე უნდა გესაუბროთ – იმ გრძნობებით, დედასა და შვილს შორის სიყვარულს რომ გულისხმობს. ერთად დავაკვირდეთ, როგორ ითავისებენ, რწყავენ და ისიგრძეგანებენ ამ გრძნობას ზღაპრის გმირები, რეალური თუ გამოგონილი პერსონაჟები. შესაძლოა, სკეპტიკოსებს ზედმეტად მიაჩნიათ წიგნებში სიყვარულის ახსნა-განმარტება, ხატვა-გაფერადება – თვლიან, რომ ყველაფერი ისედაც ცხადზე ცხადია და დაკონკრეტება სულაც არა არის საჭირო. სიყვარულის კოდი მართლაც ნებისმიერ ადამიანში იმალება, თუმცა… სანამ კოდს საიდუმლოდ შევინახავდეთ, ამოხსნა, ზუსტი ციფრების დასახელება და დამახსოვრება მაინც სჭირდება.

ჩვენც ამოხსნით დავიწყოთ და წიგნების დამახსოვრებით დავასრულოთ.

„დე, ვერ გხედავ მაგრამ ძალიან მიყვარხარ! “

თბილისში ერთი პატარა ბიჭი ცხოვრობს, ეგზიუპერის პატარა პრინცივით ყველაფერს აკვირდება, იკვლევს, ბევრს ფიქრობს და ძალიან საინტერესო შეკითხვებს სვამს. სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, თავის დედიკოს ნახატებით ესაუბრებოდა. დედა ფერად გზავნილებს ყურადღებით აკვირდებოდა, იკვლევდა, ფიქრობდა და როდესაც დაასკვნა, „რასაც ბავშვები ხატავენ, ყველაფერი ნამდვილიაო,“ ზღაპრების დაწერის ხასიათზე დადაგა. ამბავი ნახატს, ნახატი ამბავს გადააბა და წიგნად შეკრა. წიგნი კი მსოფლიოს ყველა დედა-შვილს მიუძღვნა („განსაკუთრებით კი მათ, ვინც ყოველდღიურ, ძალიან რთულ პრობლემებს არ ეგუება, ებრძვის და ამარცხებს“).

დიანა დედიკოს და გიორგის ყველა ზღაპარის დასაწყისი „იყო და არა იყო რა“ არ გახლავთ და დასასრულიც „სხვანაირი“ აქვს ხოლმე. თუმცა თითოეული გვერდი სიყვარულით გაჯერებულია და კოსმოსს ფერადოვანი გზავნილებით ავსებს.

პირველი ნახატის მშვენება „დიდი ხელმწიფეა“ – ისეთი დიდი, საკუთარ ოქროსფერგუმბათიან სასახლეში რომ ვერ ეტევა და კანონებს მწვანე მოლზე წამოწოლილი იგონებს (საიდუმლოდ თუ შეინახავთ, იმასაც გაგიმხელთ, რომ მის ხავერდოვან ტახტზე წრუწუნები საუზმობენ); მეორე ნახატზე ფერადი შენობების გვერდით თეთრი სახლი აღმართულა – ერთი შეხედვით უცნაური არაფერია, მაგრამ დიანა დედიკოს მახვილი თვალი აფიქსირებს და ჩვენც გვანახვებს, დილაობით ეს შენობები როგორ სვამენ „გამონაბოლქვის მწარე ყავასა“ და სუფთა ჰაერს, მიირთმევენ ვარსკვლავების ორცხობილებს და… ჭორაობაც არ ავიწყდებათ; როგორ გამოვარჩიოთ ნახატზე ან ცხოვრებაში ხემ თუ ზურგი გვაქცია? დააკვირდით, ხეს შესეული ჩიტები ერთიანად ხომ არ აფრინდნენ ხის ტოტებიდან და მეორე მხარეს დაიმალნენ; ილუსტრაციებიდან ისიც ირკვევა, რომ ყველასათვის ნაცნობი შვიდი ნოტის გარდა ნოტი ნიტაც არსებობს, მაგრამ თავისთვის ყოფნასა და ერთბგერიანი მელოდიის მღერას არაფერი ურჩევნია; ცალრქა ცხენის უმეგობრო და სევდიან ყოფას გულმოწყალე მხატვარი ერთი ხელის მოსმით უმკლავდება, ანარეკლში უხატავს თანამგზავრს და, „აი, ორნი არიან!“

ამ ორიგინალური ზღაპრების მკითხველ-დამთვარიელებლები თანდათან ვრწმუნდებით, რომ გიორგის ერთი შეხედვით ბავშვური ნახატები ჩვენგან განსაკუთრებულ გულისყურსა და დაკვირვებას იმსახურებს, მისი გამონათქვამები კი გვაიძულებს საკუთარ თავში პატიების ნიჭი გავზომოთ, გაბრაზება კი პატარა გემივით, რაც შეიძლება სწრაფად, წყალს გავაყოლოთ.

ზოგჯერ პირიქითაც ხდება და გიორგი დიანას მოყოლილ ამბებს ხატავს. ხატავს მაშინაც, თუ დედ-მამა მის ნაამბობს ბლომდე ვერ იგებს. მშობლები ხომ დიდი ხანია ბავშვობას დავემშვიდობეთ და ყოველდღიური საფიქრალით თავგზაარეულები ვეღარ ვიაზრებთ მარსზე ექსპედიციებისა თუ მეცადინეობის დაზარების თავისებურებებს, კეთილი შუქნიშნების ჩანაფიქრსა თუ „გაქცევის“ მიზეზებს. გიორგი კი ხატავს და ხატავს, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ვინ იცის, რამდენი უთქმელი მიზეზის გამო. რამდენიმე ილუსტრაცია თანატოლებისთვისაც დახატა, – იქნებ, ისინიც ზღაპრების გამოგონების ხასიათზე დადგნენ და წიგნი თავისებურად დაასრულონო.

წერილი სიყვარულზე საუბრით დავიწყეთ, ამიტომ არ შემიძლია კიდევ ერთ ზღაპარზე არ მიგანიშნოთ. ამ ნახატ-ამბავში  გარეუნბნების კორპუსები ღამღამობით ვარსკვლავებით იმუხტებიან, რათა ზამთრის ყინვებში ბავშვების საძინებლები გაათბონ. „სიყვარული სწორედ ესაა,“ – ვკითხულობთ და დასტურის ნიშნად თავს ვაქნევთ. მთელი გულით ვეთანხმებით მწვანე კვადრატის ქვეშ წარწერასაც: „ზუსტი შეიძლება მხოლოდ რომელიმე გეომეტრიული ფიგურა იყოს, ანდა სიყვარული!“

და ბოლოს ერთი დიალოგიც მოისმინეთ:

დიანა დედიკო: – ადამიანებს ისეთებს ვხედავთ, როგორებიც გვიყვარს.

გიორგი: – თუ აღარ გეყვარები, შევიცვლები?

(ძილის წინ დიანა დედიკო შეუქს აქრობს)

გიორგი: – დე, ვერ გხედავ, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხარ!

დაიმახსოვრეთ, წიგნს „სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები “ ჰქვია. ტექსტი დედას, დიანა ანფიმიადს, ილუსტრაციები კი შვილს, გიორგი ბარბაქაძეს ეკუთვნის.

„ისეთი კარგები არიან დედები, ჩვენ მათი გულისთვის მთვარესაც შევწვდებით“

კიდევ ერთი, ზღაპრული დედა-შვილი მინდა გაგაცნოთ: ალის ბრიერ-აკეს გამოგონილი და სელია შოფრეს დახატული პიერი და მისი ლამაზი, ელეგენტური, ჭკვიანი და თავაზიანი დედიკო.

ტექსტი და ილუსტრაცია ამ ულამაზეს წიგნში საოცარი ჰარმონიულობით ერწყმის ერთმანეთს. უზარმაზარი სახლები, ნარინჯისფერი ცა, წითლად მოელვარე გული, ფერადი ბალიშები, ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელში გამოწყობილი ნათესავები, მეგობრები, მეზობლები თუ გამვლელ-გამომვლელი უზარმაზარ ფურცლებზე ერთმანეთს ენაცვლება და ციცქნა პიერის კვალდაკვალ, დედამიწის გარშემო გვამოგზაურებს… მთვარემდე ხელს მიგვაწვდენინებს, ნებისმიერ სკეპტიკოსს გააღიმებს და ათქმევინებს, რომ  დედას გულივით ფართო და ღია, დედასავით ლამაზი და ელვარე მხოლოდ მთვარეა ცაზე! მთვარის საჩუქრად მირთმევა კი ყველაზე საინტერესო, გულისწყვეტითა თუ იმედებით აღსავსე მოგზაურობას გულისხმობს.

პიერისა და მისი მშობლების ამბავი არა მხოლოდ სიყვარულის ახნა-გააზრებაში დაეხმარება თქვენს პატარებს, გამბედაობაითა და იმედით აავსებს, მიახვედრებს რა მნიშვნელოვანია დახმარება, დაპირების შესრულება, თანადგომა და სიხარულის გაზიარება.

დაიმახსოვრეთ, წიგნს „პიერი და მთვარე“ ჰქვია,“  ავტორებს კი ალის ბრიერ-აკე და სელია შოფრე.

აქედან მთვარემდეც მიყვარხარ და მთვარიდან აქამდეც!

პატარა წაბლისფერი ყურცქვიტა თავის დედიკოს, დიდ წაბლისფერ ყურცქვიტას უგრძეს ყურებში ხელებს წაავლებს, რათა დარწმუნდეს, რომ მართლა უსმენენ. მან ხომ ძალზე მნიშვნელოვანი შეკითხვა უნდა დასვას: აბა გამოიცანი, როგორ მიყვარხარ?

მაგრამ შეკითხვა არ კმარა და პატარა წაბლისფერი ყურცქვიტა ცდილობს რაც შეიძლება დიდი განმკლავი, შემდეგ ზემლავი გაჭიმოს (თან ამბობს: „აი ასე მიყვარხარო!“). დედას კი უფრო გრძელი ხელები აღმოაჩნდება და არა მხოლოდ აჯობებს, გულსაც დასწყვეტს შვილს: „როგორ ვყვარებივარო!“

ნახატებიან წიგნში, ისევე, როგორც რეალობაში დედა-შვილის სიყვარული დაუძლეველ კონკურენციას გულისხმობს. დედა ყოველთვის უპირატესია, თუმცა მარტივად არც შვილი ნებდება. დღის ბოლოს ქანცგამოცლილი ბაჭია ცას ახედავს, იმის იქით აღარაფერი ეგულება, „აქედან მთვარემდე მიყვარხარო,“ – იტყვის და მხოლოდ მერე ჩაიძინებს მშვიდად (მშობელთან პაექრობა მოგებული ჰგონია). დედას კი სიყვარულის ულევი მარაგი მაინც აღმოაჩნდება და „დამარცხებას“ არ აღიარებს.

მართალია, სულ რამდენიმე წინადადებაშია გადმოცემული წაბლისფერი ყურცქვიტების ამბავი, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი სიტყვებია თავმოყრილი, რომელთა გარეშე სიყვარულის ახსნის ანა-ბანას ნამდვილად ვერ ავითვისებთ.

დაიახსოვრეთ, წიგნს „აბა გამოიცანი, როგორ მიყვარხარ“ ჰქვია, ავტორებს კი სემ მაკბრეტნი და ანიტა ჯერემი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი