პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

გრინიარის ინსტრუმენტი – „კვნესის ვოლტორნი…“

მუსიკალური სმენა ისეთივე თანდაყოლილი ნიჭია, როგორიც ლექსის წერის ან ხატვის უნარი. მე ეს ნიჭი არ დამყვა. დიდად არც ვდარდობ. რასაც არ ეშველება, იმაზე დარდს რა აზრი აქვს. ვუსმენ მუსიკას, ვაფასებ, თუმცა ისევე აღვიქვამ, როგორც დალტონიკი – ფერებს. ვერც ისინი ხედავენ ჩვენსავით შვიდ სხივს, მაგრამ ხომ აქვთ ფერადი სამყაროს თავისეული აღქმა? ჰოდა, მეც ასე ვარ მუსიკაში, მისი „გაგების“ ჩემი „წესები“ გამოვიგონე…

პირველი ჰანგი, რომელიც მახსენდება, დედის „იავნანაა“, ჩემს უმცროს ძმას რომ უმღეროდა ხოლმე. მაგრამ არც „იავნანას“ აღქმას სჭირდება დიდი მუსიკალური სმენა და არც სიმღერას – დიდი ვოკალური მონაცემები. მას სხვა დატვირთვა აქვს, ყმაწვილობაში – რულს, ხოლო დიდობაში ჟრუანტელს რომ გგვრის…

პირველი ინსტრუმენტი კი, რომელმაც მუსიკალურ სამყაროს მაზიარა, VEF-12 იყო – საბჭოთა ლატვიის ერთ-ერთი პირველი თაობის ტრანზისტორული რადიო, რომელსაც რადიოტრანზისტორს ან პირდაპირ ტრანზისტორს ეძახდნენ.

 

მაშინ FM ტალღური სიხშირე არ ფუნქციონირებდა, რადიოტალღებს ძირითადად ე.წ. გრძელ, საშუალო და მოკლე დიაპაზონში ვიღებდით. გრძელ ტალღებზე საინტერესოს ვერაფერს მოისმენდი, სულ ორ თუ სამ სამთავრობო სადგურს იჭერდა. აი, საშუალო და მოკლე ტალღები კი საკმაოდ ფართო არჩევანს იძლეოდა – ტაბლოზე ერთი მილიმეტრით მარჯვნივ ან მარცხნივ გადაადგილება საკმარისი იყო ახალი რადიოგადაცემის მოსასმენად. თუმცა, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ძირითადად თურქულ, ირანულ და არაბულ მუსიკაში გვქონდა ეს არჩევანი. კიდევ იყო ერთი რადიო – „მონტე კარლო“, მაგრამ მისი რეპერტუარი მშობლების გემოვნებას ვერ აკმაყოფილებდა და ამიტომ უფრო ხშირად აზიური ჰანგებით ვტკბებოდი.

მერე უნივერსიტეტში გოგი ჭირაქაძეს შევხვდი. მისი თითოეული ლექცია ერთი დიდი სპექტაკლი იყო. ქიმიას მუსიკა და ხელოვნება ენაცვლებოდა და პირიქით. კლასიკური მუსიკის ლაზათსაც მაშინ ვეზიარე. მეორეკურსელი სტუდენტი ლექციის შემდეგ თავისთან მიხმო და ოპერის ორი ბილეთი მაჩუქა… მანამდე კი ლექციაზე ვიურცის რეაქცია აგვიხსნა. გრინიარის რეაგენტი ვიოლინოს მსგავსი ინსტრუმენტიაო – როგორც ვიოლინოზე შეიძლება ყოველგვარი მუსიკის შესრულება, გრინიარის რეაგენტისგანაც ნებისმიერი კლასის ნაერთის მიღებააო შესაძლებელი. ცხადია, ლექციაზე ამ შედარების არსი სრულად ვერ გავიგე, მაგრამ მას შემდეგ გრინიარის რეაგენტთან შეხებისას ყოველთვის მახსენდება და ვხვდები, რა გენიალური ინსტრუმენტია ვიოლინო.

უფრო მეტიც – სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც დავაკვირდი და მივხვდი, რომ საყვირი და საქსოფონი გესაუბრება, დოლი და დაფდაფი შენი გულის რიტმს გადმოსცემს, ფლეიტასა და სალამურს ბგერების სურნელება მოაქვს შენამდე, ჭიანური და ზურნა სევდიან ამბავს გიყვება, ვიოლინოსა და ჩელოს ხემი ინსტრუმენტის სიმებთან ერთად შენი სულის სიმებსაც ეხება…

ამიტომ დღესაც დიდი სიამოვნებით შემიძლია ვუსმინო როგორც კლასიკურ, ისე ირანულ, არაბულ, ებრაულ, ბერძნულ მუსიკას. ოღონდ, ჩემი სტანდარტებით, მშვიდი და სევდიანი მელოდია უნდა იყოს გარემოს სიჩუმისა თუ ხმაურის ჩასახშობად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი