პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბავშვების ესთეტიკური კულტურა და უფლებრივი გაძლიერება

ბავშვების კულტურის კვლევა სოციოლოგების, ანთროპოლოგებისა და განათლების სპეციალისტებისთვის, უკვე რამდენიმე ათწლეულია, ინტერესის სფეროს წარმოადგენს. მკვლევარები ბავშვების კულტურის სხვადასხვა ასპექტს შეისწავლიან: ბავშვობის ისტორიულ და კულტურულ კონსტრუქციებს (რას წარმოადგენს ბავშვობა სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში), თამაშს, თანამედროვე მედიისა და ტექნოლოგიების გამოყენებას, მეგობრობას და ა.შ. აღნიშნულ საკითხებს, ტრადიციულად, განვითარების ფსიქოლოგიის დარგი იკვლევდა, რაც საკითხის მხოლოდ ლიმიტირებული პერსპექტივიდან დანახვის საშუალებას იძლეოდა. უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე გამოკვეთილმა ტენდენციებმა, როგორიცაა ბავშვის უფლებების დისკურსის გაძლიერება, ბავშვობის ახალი სოციოლოგია და ფსიქოლოგია, განათლების კვლევების ტრადიციული მეთოდებისადმი კრიტიკული თეორიების წინ წამოწევა, ხელი შეუწყო მრავალფეროვანი მეთოდების საშუალებით ბავშვობის კულტურის მულტიდისციპლინურ კვლევას. ბავშვობის კულტურის კვლევები ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს 21-ე საუკუნის განათლებისთვის. ის საშუალებას გვაძლევს, ჰოლისტურად დავინახოთ ბავშვისა და მოზარდის სწავლისა და განვითარების პროცესი; ქმნის შესაძლებლობებს განათლებაში ისეთი ცვლილებების განხორციელებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვების, როგორც ჯგუფის, ინტერესებსა და დამოკიდებულებებს სწავლა-სწავლების პროცესში. სტატია მიმოიხილავს ესთეტიკური გამოცდილების როლს ბავშვის უფლებრივ გაძლიერებასთან მიმართებაში (empowerment) და საკითხის რელევანტურობას ზრდასრულთა კულტურისათვის. გაძლიერება მოიაზრებს ბავშვის მიერ საკუთარი დამოკიდებულებებისა და მოსაზრებების გამოხატვისა და გათვალისწინების შესაძლებლობებს, საკუთარ ცხოვრებაზე ძალაუფლების ზრდას. 
უილიამ კორსარო ბავშვების კულტურის ერთი-ერთი წამყვანი მკვლევარია, რომელიც მრავალწლიან ეთნოგრაფიულ კვლევებს ახორციელებს სკოლამდელი და დაწყებითი განათლების დაწესებულებებში. ბავშვების ყოველდღიურობის შესწავლისას კორსარო საგანმანათლებლო სივრცეში ითავსებს ე.წ. „არაკომპეტენტური ზრდასრულის” როლს, რაც მეტად აახლოებს მას ბავშვებთან. ეს განსაკუთრებული სტატუსი მკვლევარს საშუალებას აძლევს, თავი დააღწიოს ზრდასრულის ავტორიტეტს (მაგალითად, ბავშვები მას არ მიმართავენ კონფლიქტების მოგვარებისთვის), მოიპოვოს ბავშვების ნდობა და უნიკალური პოზიციიდან შეისწავლოს მათი კულტურა, ურთიერთობის ძალაუფლებრივი ასპექტები.

კორსაროსა და სხვა მკვლევართა მიერ განხორციელებული კვლევები წარმოაჩენენ ბავშვების მიერ ესთეტიკური ფორმების გამოყენების მრავალ მაგალითს, რომლებიც ხელს უწყობს მათ გაძლიერებას ზრდასრულთა მიერ დომინირებულ სამყაროში. ესთეტიკური გამოცდილება ბავშვების ყოველდღიური კულტურის ნაწილია. მეტიც, ზოგიერთი ავტორი ამტკიცებს, რომ ბავშვებს საკმაოდ კარგად შეუძლიათ ხელოვნების აღქმა და კრიტიკა. ქვემოთ განვიხილავთ ბავშვების დრამატულ თამაშს, იმპროვიზებულ ვოკალიზაციებს და ზრდასრულთა ხელოვნების სამყაროში მონაწილეობას, როგორც ესთეტიკური გზებით ბავშვების გაძლიერების ნიმუშებს.

ბავშვების ძალაუფლება ზრდასრულთა მიერ დომინირებულ სამყაროში

მრავალწლიანი კვლევების საფუძველზე, კორსარომ ბავშვების კულტურის თეორიული საფუძვლების გადახედვისას შემოიტანა ახალი ცნება: ინტერპრეტაციული რეპროდუქცია. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ბავშვები ზრდასრულთა კულტურის პირდაპირ გადაღების ნაცვლად, თავიანთი კულტურის კონტექსტში „გაიაზრებენ” და „თარგმნიან” მას და ამით ზეგავლენას ახდენენ ზრდასრულთა კულტურაზე. შესაბამისად, აღნიშნული შეიძლება განხილული იყოს, როგორც ძალაუფლებრივი ურთიერთობა, სადაც ინტერპრეტაციული რეპროდუქციის საშუალებით ბავშვების კულტურა გარკვეულწილად განაპირობებს ზრდასრულთა კულტურის შეცვლას. ამის მიუხედავად, კულტურათა უმრავლესობა ბავშვებს ნაკლებ კომპეტენტურ არსებებად წარმოაჩენს, რომლებსაც სჭირდებათ სწავლება და გარკვეული კონტროლი, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. უსაფრთხოების დაცვისა და აღზრდის მიზნით, ბავშვებს მუდმივად ახსენებენ წესებს, დასაშვებ და მიუღებელ ქცევას და ა.შ. მათ იშვიათად ეკითხებიან აზრს და კიდევ უფრო იშვიათად ითვალისწინებენ მათ მოსაზრებებს სერიოზული საკითხების გადაწყვეტისას. ამავდროულად, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია, რომელიც აშშ-ის გარდა მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიერ არის რატიფიცირებული, აყალიბებს ბავშვის უფლებას, გამოთქვას აზრი ნებისმიერ საკითხზე, რომელიც უკავშირდება მას. მათ მოსაზრებებს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად (მუხლი 12). კონვენციის 31-ე მუხლი კი აღიარებს ბავშვის უფლებას, „თავისუფლად მონაწილეობდეს კულტურულ ცხოვრებაში, ეზიაროს ხელოვნებას”. კონვენციის პრინციპების შესაბამისად, ზოგიერთ კულტურაში მზარდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვთა მოსაზრებებს და მათ ხმას. მაგალითად, ნორვეგიის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში გადაწყვეტილების მიღების, პოლიტიკის განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვების ჩართვას, მათი მოსაზრებებისა და დამოკიდებულებების გაცნობასა და გათვალისწინებას. სკანდინავიის სხვა ქვეყნებშიც აქტუალურია დებატები საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსწავლეების ეფექტური და რეგულარული ჩართვის შესახებ.

ესთეტიკა და ძალაუფლება

ფრანგი ფილოსოფოსი ჟაკ რანსიერი ესთეტიკასა და ძალაუფლებას შორის კავშირს შეისწავლის. რანსიერის მიხედვით, ესთეტიკური რევოლუცია სათავეს მე-19 საუკუნის რომანტიზმიდან იღებს. ავტორი თვლის, რომ სწორედ ამ პერიოდში დასრულდა ესთეტიკური პროდუქტის აღქმისა და დაფასებისთვის განსაზღვრული წესების ეპოქა.

„…ესთეტიკური რევოლუცია გულისხმობს იდეას, რომ ნებისმიერი რამ წარმოადგენს მასალას ხელოვნებისთვის, ისე რომ ხელოვნება აღარ არის მართული მისი თემით, იმით, რის შესახებაც ის საუბრობს: ხელოვნებას შეუძლია ერთნაირად ისაუბროს ყველაფრის შესახებ” (გვ. 205).

ამდენად, რანსიერის ესთეტიკური რევოლუციის კონცეფცია გულისხმობს, ერთი მხრივ, ესთეტიკური დისკურსის, მეორე მხრივ კი, ესთეტიკური პროდუქტის შემქმნელის/მომხმარებლის “ემანსიპაციას”. მაგალითად, პირველი შემთხვევის ილუსტრირებისთვის რანსიერი განიხილავს მხატვრულ ლიტერატურას, რომელშიც თანაბარი ყურადღება ეთმობა, ერთი შეხედვით, პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან საკითხებსა და გმირებს. მეორე შემთხვევაში კი ის განმარტავს, რომ ესთეტიკური წესებისა და სტანდარტების გაქრობის ფონზე ნებისმიერს შეუძლია იყოს ხელოვნების აღმქმელი და შემქმნელი.

„ამის მტკიცებულებაა, რომ ირგვლივ ყველგან ლექსებია, ყველგან ნახატებია. ეს აგრეთვე უკავშირდება მთელი რიგი აღქმის ფორმების ჩამოყალიბებას, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ყველგან შევამჩნიოთ მშვენიერება. ეს გულისხმობს სილამაზის სრულ ანონიმიზაციას (მალარმეს „ორდინალური” მშვენიერება). მე ვფქირობ, ეს არის ყველაზე ძირეული – თანასწორობისა და ანონიმურობის იდეა” 5(გვ. 205).

ესთეტიკური გათანაბრების და ანონიმურობის კონცეფციები შეგვიძლია ბავშვობის კულტურასაც მივუსადაგოთ. აღნიშნული საკითხები რელევანტურია ბავშვებისთვის, სოციალური ჯგუფისთვის, რომელსაც, როგორც წესი, მცირე ძალაუფლება გააჩნია საკუთარ ცხოვრებაზე. მაშინ, როდესაც ბავშვებს ბევრ სხვა სფეროში შესაძლოა „ხმა” წართმეული ჰქონდეთ, ესთეტიკური გამოცდილება, თუ ის ზრდასრულთა ესთეტიკური გამოცდილების ღირებულებას გაუთანაბრდება, შესაძლოა მნიშვნელოვან გამაძლიერებელ ინსტრუმენტად იქცეს ბავშვების თვითრწმენის, თვითშეფასებისა და შემოქმედებითი განვითარებისთვის.

ნაშრომში „ემანსიპირებული მაყურებელი” რანსიერი განიხილავს ძალაუფლების საკითხს თეატრის მაგალითზე. ის აკრიტიკებს მაყურებლის ტრადიციულ როლს, როგორც დრამატული ნამუშევრის პასიური აღმქმელის, და ასკვნის, რომ ძალაუფლებრივი თანასწორობის მიღწევა მსახიობებსა და მაყურებლებს შორის შესაძლებელი ხდება მაყურებლის ემანსიპაციით, რომელიც აქტიურად გაიაზრებს, თარგმნის და განაახლებს მის მიერ აღქმულ სათქმელს. პროცესში ამგვარი თანამონაწილეობა, ძალაუფლებრივი გათანასწორება, ანუ გაძლიერება რელევანტურია ბავშვების კულტურაშიც. ხშირად ხელოვნებისა და, ზოგადად, ესთეტიკური პროდუქტის მიმართ ბავშვთა დამოკიდებულებები და მოსაზრებები უმნიშვნელოდ მიიჩნევა. ბავშვებისთვის დამოუკიდებელი და შემოქმედებითი ინტერპრეტირების შესაძლებლობების შექმნა აძლიერებს მათ და ხელს უწყობს ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

ბავშვების ესთეტიკური გამოცდილება, როგორც გზა გაძლიერებისკენ

ბავშვების დრამატული თამაში ბევრი მახასიათებლით ჰგავს ზრდასრულთა თეატრს. ის უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის ხშირი და საყვარელი საქმიანობაა. დრამატული თამაშის დროს ბავშვები გაწაფული მსახიობები არიან და ამავდროულად საჭიროებისამებრ იცვლიან თამაშის მონაწილის პერსპექტივას: რეჟისორს ანაცვლებს მსახიობი, დრამატურგი, კოსტუმების დიზაინერი და სხვა. კორსაროს მიერ სხვადასხვა გარემოში განხორციელებული დაკვირვებები ცხადყოფს, რომ ბავშვების დრამატული თამაშები, როგორც წესი, ძალაუფლებისა და კონტროლის საკითხებს უკავშირდება. ბავშვები ირგებენ ზრდასრულთა როლებს და ამ გზით ძალაუფლებას იღებენ თამაშში გამოგონებულ სიტუაციებზე. დრამატულ თამაშებში ძალაუფლება გამოიხატება როგორც ძლიერი ზრდასრულების როლების გათამაშებით, ასევე ძალაუფლებრივი თვალსაზრისით სუსტი პერსონაჟების დაუმორჩილებელი ქცევის თამაშით. კორსარო აღნიშნავს, რომ ბავშვებს „სურთ, თავად შექმნან და ემოციურად გაიზიარონ ის ძალაუფლება და კონტროლი, რომელსაც ზრდასრულები ფლობენ”1 (გვ. 115). დრამატულ თამაშში ძალაუფლების თემის დომინანტურობა მიუთითებს მის მნიშვნელობაზე ბავშვების კულტურაში. ამ როლების გათამაშება მათ რეალური ძალაუფლების განცდას უმყარებს.

ნორვეგიელი მკვლევარის, იან სვერ კნუდსენის კვლევები იმპროვიზებულ ვოკალიზაციებს გამოყოფს, როგორც გაძლიერებისთვის ბავშვების მიერ გამოყენებულ ერთ-ერთ ესთეტიკურ სტრატეგიას. იმპროვიზებული ვოკალიზაციები ხშირია ბავშვების კულტურაში. ასეთებია, მაგალითად, თამაშ-თამაშით სპონტანური ღიღინი, მელოდიური ფრაზების დაუსრულებელი გამეორება ან ნაცნობი სიმღერების ახლებური, შემოქმედებითი ვერსიების შექმნა. გარდა იმისა, რომ იმპროვიზებული ვოკალიზაცია საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობების შესწავლის საშუალებას იძლევა და ხელს უწყობს განწყობის შექმნას, ის კომუნიკაციურ როლსაც ასრულებს. საუბრისას იმპროვიზებული ვოკალიზაციების დამატება ბავშვების სათქმელს მეტ ძალას, ინტენსიურობასა და შინაარსს სძენს. მეტიც, იმპროვიზებული ვოკალიზაციები ზოგჯერ შეიძლება გავიაზროთ, როგორც „ძალაუფლების, სტატუსის, შეჯიბრის ან სუფთა სიხარულის კომუნიკაცია”. ამრიგად, როგორც ზემოთ განხილული დრამატული თამაშების შემთხვევაში, იმპროვიზებული ვოკალიზაციების საშუალებით ბავშვები ხელს უწყობენ და აძლიერებენ თავიანთ კულტურას.

ხელოვნების მუზეუმები ის სივრცეა, რომელიც ესთეტიკური გზებით ბავშვების გაძლიერების საშუალებას იძლევა.2 კვლევები ცხადყოფს, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდანვე წარმატებით და კომპეტენეტურად ართმევენ თავს ხელოვნების მუზეუმის გიდობას. გამოცდილების სიმწირისა და მხოლოდ მინიმალური ინსტრუქციების ფონზე ბავშვებით წარმატებით ითვისებენ მუზეუმის გიდის როლს და პროცესს საკუთარი უნიკალური გამოცდილებითა და შეხედულებებით ამდიდრებენ. ასეთი გამოცდილება სასარგებლო არა მხოლოდ ბავშვებისთვისაა, არამედ ზრდასრულებისთვისაც, რომლებსაც შესაძლებლობა ეძლევათ, ბავშვების საინტერესო პერპსპექტივის გაზიარებით გაიფართოვონ თვალსაწიერი.

ზემოთ მოყვანილი პირველი ორი მაგალითი განიხილავს ბავშვების მიერ გაძლიერების მცდელობას ესთეტიკური ფორმების საშუალებით. მესამე მაგალითი კი აღწერს ბავშვების გაძლიერების შესაძლებლობებს სპეციალურად შექმნილ სიტუაციასა და გარემოში, სადაც ბავშვებს ესთეტიკური გამოცდილების მიღების საშუალება ეძლევათ ძალაუფლებრივი, ზრდასრულების მიერ დომინირებული როლის განხორციელების გზით. ასეთი სიტუაციები ქმნიან გარემოს, სადაც ბავშვებს უსმენენ და მათი მოსაზრებები ღირებულია. აღნიშნული საკითხები წინ სწევს ხელოვნების სფეროში ბავშვების მონაწილეობის უფლების საკითხს, რომელიც უფრო და უფრო აქტუალური ხდება. თუკი ხელოვნება იძლევა გაძლიერების საშუალებას, მაშასადამე, მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროში ბავშვების ხმა მოსმენილ იქნას. ესთეტიკის ანონიმურობისა (ესთეტიკური განცდის გამომწვევი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ობიექტი) და ესთეტიკური თანასწორობის ცნებები (ესთეტიკური განცდები შესაძლოა განიცადოს ნებისმიერმა) გვთავაზობს პერსპექტივას, რომელიც ბავშვების ხელოვნებასა და კულტურულ პროდუქტს ზრდასრულთა პროდუქტის თანასწორად წარმოაჩენს. მნიშვნელოვანია კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეების გამოყენება, რათა ბავშვებს მიეცეთ გამოცდილების მიღების, საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვის, გაძლიერებისა და შემოქმედებითი განვითარების შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში (მუსიკა, სახვითი ხელოვნება, თეატრი). მაშინ, როდესაც რიგ ქვეყნებში (მაგალითად, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები) ასეთმა პრაქტიკამ წარმატებით მოიკიდა ფეხი, ბევრ ქვეყანაში ხელოვნების სფერო, სამწუხაროდ, ბავშვთა „ემანსიპირებისთვის” არ გამოიყენება. აქ ყურადღება ექცევა, ტრადიციულად, ხელოვნების ამა თუ იმ სფეროში გარკვეული უნარ-ჩვევების და პრინციპების დაუფლებას. ასეთი დამოკიდებულება საქართველოშიც ხშირია: ბავშვებისგან მოვითხოვთ „სწორად” ხატვას, სიმღერასა და ცეკვას, მათი იმპროვიზებული და არანაკლებ ღირებული შემოქმედება კი ყურადღების მიღმა გვრჩება.

 
ფოტოს წყარო: https://www.metrokids.com/MetroKids/March-2011/Tour-amp-Explore-Art-Museums/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი